კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა ავთანდილისა და ოლეგ ტიმჩენკოს თოჯინა-ინფანტამ მოდა და რაზე ამბობს ავთანდილი ყოველთვის უარს

ყოველი წელი, სეზონი, თვე მისთვის ახალი გამოწვევა, ახალი მწვერვალების დაპრყობის შესაძლებლობაა. მიუხედავად ასეთი რუტინული, ყოველდღიური შრომისა, ავთანდილი მაინც ახერხებს, არ დაივიწყოს, რომ მოდა ხელოვნებაა, შემოქმედება, რომლის კეთებაც ქარხნულ სამუშაოს არ უნდა დაემსგავსოს. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ როგორც ევროპისთვის, ისე აზიისთვის, ის განსხვავებულის, ეგზოტიკურისა და საინტერესოს სტატუსს ატარებს. თანამედროვე ქართული კულტურა მოდაში – ეს ავთანდილისა და ოლეგ ტიმჩენკოს კოლაბორაციაა, რომელიც დიზაინერის სამოსში კიდევ რამდენიმე სეზონი გაგრძელდება.

 

 ავთანდილი: საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, რთულად გადასალახი სვლებით, მაგრამ ის უდიდესი შრომა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩავდეთ ნელ-ნელა რეალიზებისკენ მიდის, რაც საკმაოდ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს. გასულ სეზონზე დაახლოებით თორმეტი კონცეპტუალური მაღაზია შეგვემატა, რომელიც ჩვენს სამოსს ყიდის. ჩვენი მეორე ოფისი გაიხსნა მილანში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არა მხოლოდ ევროპიდან, ვიწვევთ ბაერებს და ვაჩვენებთ ჩვენს კაფსულა კოლექციებს. ბაერებისა და პრესის მხრიდან ჩვენმა კოლექციებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. 25 იანვარს მილანში მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის პრეზენტაციაა დაგეგმილი (ინტერვიუ ჩაწერილია 18 იანვარს – ავტორი), სადაც დაახლოებით 150 ბაერია მოწვეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონცეპტუალური მაღაზიებიდან. თუ კიდევ ათი ბაერი შეგვემატა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასახული გეგმა განხორციელდება. ასევე, მომავალი წლის იგივე კოლექციით გაზაფხულზე წარვდგები პარიზში, ტრენოიზე, მერე უკვე კიევში და ასე შემდეგ... გარდა ამისა, ვგეგმავ საქართველოში გავაკეთო დიდი შოუ-რუმი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის მარტის შუა რიცხვებში. ამით მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის თემებს მოვითავებთ. პრაქტიკულად, ყველა ქვეყნისთვის უკვე მზად არის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც სულ მალე გამოჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიაში. 

– მეორე ხაზმა რამდენად გაამართლა?

– საკმაოდ, ძალიან კარგად იმუშავა და მასზე სერიოზული ბუმი ატყდა. ამიტომ, ვაპირებთ, მის განვითარებას და რამდენიმე მაღაზიის დამატებას. ასევე, ერთ თვეში დამზადდება ჩვენი ონლაინ-გაყიდვების ვებ-გვერდი, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა უკვე მთელი მსოფლიოდან და ამისთვის კომპანიაც მზად არის. 

– რა ტიპის მაღაზიებიდან იღებ შეკვეთებს?

– მხოლოდ და მხოლოდ კონცეპტუალური მაღაზიებიდან, სადაც ყველაზე მაღალი დონის ბრენდები იყიდება, როგორიცაა მაგალითად: „ჟივანში“, „ბალენსიაგა“, „მაკქუინი“, „ელი სააბი“ და მისთანანი. არ ვთანხმდებით არანაირ საშუალო დონის შოუ-რუმებს, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს. ჩვენს კომპანიას აქვს იმიჯი, რომლის ნიშასაც არასდროს დაწევს. თუ მაღაზია იმ პრინციპებს არ აკმაყოფილებს, რაც ჩვენი კომპანიის განვითარების გეგმებთან თავსებადია, მაშინ იქ არანაირ ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგალითად, მოსკოვში იყიდება ჩვენი პროდუქცია „ვრემენა გოდაში“, სადაც ქართველებიდან მხოლოდ მე და დევიდ კომა ვართ წარმოდგენილი. სადღაც ერთ თვეში გაიგებთ ძალიან საინტერესო ამბავს, როცა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაღაზიაში, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შოუ-რუმს გავმართავთ და ჩვენი სამოსი ძალიან სერიოზულ კონცეპტუალურ მაღაზიაში გაიყიდება. განვითარების გზას ვადგავართ, მოკლედ და ძალიან დიდ წარმატებებს ველოდებით მილანში, საუდის არაბეთში, მოსკოვში, უკრაინაში, ყაზახეთში. უკრაინაში უკვე გვაქვს სახელობითი მაღაზია, რომლის პრეზენტაცია ხუთი თვის წინ იყო და სადაც შევიდა თბილისის ცირკში წარმოდგენილი კოლექცია. 

– ყოველთვის დიდი სტიმულის მომცემია შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, არასდროს გაშინებს დაიწყო რაღაც ნულიდან, სულ ისწავლო, შეიმეცნო...

– პროფესია მაქვს ასეთი. მოდაში ყოველთვის ყველაფერი იწყება და მთავრდება ექვს თვეში. ეს საკმაოდ რთული სპეციფიკის პროფესიაა. ეს თარგი გავაკეთე და მორჩა, ამას ვატრიალებ მთელი ცხოვრება – ასე არ არის. ის პეპელასავითაა, ექვს თვეში კვდება და მასთან ერთად იკარგება ის სილუეტი, ფერი თუ ფორმა, რომელზეც უამრავი იფიქრე, ღამეები ათენე და აბსოლუტურად არააქტუალური ხდება მინიმუმ ათი წელი. ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ, ის ვინტაჟის სახით შეიძლება დაბრუნდეს. ამას დაემატა პრეკოლექციები, პრეზენტაციები გარდამავალი სეზონის კოლექციებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია.

– ევროპული სტილის მუშაობაზე გადახვედი, როდესაც ყველაფერი მოსწრებაზეა და მუზების დალოდების დრო ნამდვილად არავის აქვს.

– რა თქმა უნდა, სულ ვადებია, რომელშიც უნდა ჩაჯდე და გარდა ამისა, მილიონი საორგანიზაციო საქმეა. ახლახან კონტრაქტი გავაფორმეთ ქსოვილების ფრანგულ, ძალიან სერიოზულ კომპანიასთან და პირველი ხაზის კოლექციებზე მხოლოდ მისი ქსოვილებით ვიმუშავებთ. ეს კომპანია სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ძირითადად, იტალიურ და მეორე ხაზში თურქული ბაზრით შემოვიფარგლებოდით.

– რამდენად გასცდა შენი საქმე შემოქმედების საზღვრებს და გადაიქცა ხელობად?

– ჩემს შემთხვევაში ასეთი რაღაც მოხდა: როდესაც შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პარიზსა და მილანში წარვადგინეთ, საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია სრულიად სხვა ხედვამ იმისა, რაც მსოფლიოს ბაზარზე ხდება და ეს იყო ჩემი და ოლეგ ტიმჩენკოს ერთობლივი ნამუშევარი. ფერწერა ტანსაცმელზე, რომელიც მსოფლიოსთვის სრულიად ახლებური პრინტი იყო სრულიად განსხვავებულ სილუეტზე. როდესაც ყველა პრინტი ჩონჩხსა და აგრესიაზეა აწყობილი, ჩვენ შევთავაზეთ ძალიან საყვარელი თოჯინა-ინფანტა, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ანგელოზების თემით გავაგრძელეთ. ასევე, ოლეგთან ერთად ვიმუშავე უკვე მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე. ეს თემაც სიურპრიზად დავტოვოთ მკითხველისთვის. ჯერჯერობით ოლეგთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ. ჩვენ უკვე განვიხილეთ მომავალი ზაფხულის თემებიც. რადგან ასე დამკვიდრდა, ვფიქრობ, რაღაც პერიოდი მასთან მუშაობა გავაგრძელო, სანამ ჩემს ფერწერას არ დავუბრუნდები. თუმცა, როდესაც შენს ნამუშევრებს სხვისი ხედვით აკეთებ, გაცილებით საინტერესო და შთამბეჭდავი გამოდის. ვვითარდებით. 

– ოჯახი, მოგზაურობა, ამ ყველაფერს მაინც ახერხებ და ისინი პრაქტიკულად სულ შენ გვერდით არიან.

– ერთადერთი, რაც მაკლია, ფიზიკური ვარჯიშია, რომელსაც აუცილებლად ძალიან მალე დავუბრუნდები და ჩავსვამ ჩემს გრაფიკში. ვცდილობ, არ გადავიქცე რობოტად. ძალიან რთულია შუალედის დაჭერა და მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ბოლომდე საქმეშია გადაშვებული. ძალიან სწრაფად გადის დრო, ბევრია საქმე და ბევრი ისე იკარგება ამ სივრცეში, სრულიად ამოვარდნილია ოჯახიდან, მეგობრებისგან, დასვენებისგან. ამის დაშვება არ მინდა. იმის გამო, რომ სხვა კომპანიას არ ვეკუთვნი, მე შემიძლია, ბევრი რამ ვარეგულირო. მე რომ რომელიმე სახლის დაქირავებული თანამშრომელი ვიყო, ვიქნებოდი ჩვეულებრივი მონა. სხვანაირად საქმეს ვერ გააკეთებ. ხშირად გენიოსი დიზაინერები თვითმკვლელობამდე მიდიან, იმდენად სტრესული და მძიმეა ჩვენი სამუშაო და ისე იზღუდება მათი სასიცოცხლო სივრცე. ამას არ ვუშვებ. ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ საქართველოში, ვანვითარებ ქართულ კომპანიას და ეს გარკვეული ეგზოტიკაცაა დანარჩენი სამყაროსთვის. გაცილებით საინტერესო ვარ მათთვის აქედან, ვიდრე ვიყო იქ და იმ სივრცის ნაწილი, რომელიც მათთვის უკვე ჩვეულებრივია. 

– ვარჯიში და თავის მოვლა – ეს არის ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენიხარ. ყოველთვის ქალებზე ვლაპარაკობთ, რადგან მათთვის მუშაობ, მაგრამ გვერდით გვრჩება მამაკაცები... 

– არ და ვერ ვხედავ საკუთარ თავს ღიპიანს და მოდუნებულს. არანაირი პრობლემა და პრეტენზია არავისთან არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან და საკუთარ თავს ვთხოვ,  ასეთად არ ვიქცე. ბოლო პერიოდში სახლიდან სამსახურში ფეხით სიარული დავიწყე, რაც ძალიან მსიამოვნებს და მთელი დღის განმავლობაში კარგად ვგრძნობ თავს. ძალიან მსიამოვნებს ცურვა, არაჩვეულებრივი განტვირთვაა იმისთვის, რომ, თან ფიზიკურად იყო ფორმაში და თან, მოიშორო ყველა ნეგატიური ფიქრი. 

– ნავარჯიშები სხეული ქალზე თუ მოგწონს?

– ძალიან. როდესაც კუნთი გამოკვეთილია და ქალს შეკრული სხეული აქვს – ულამაზესია. მომწონს, როცა ქალს აქვს მუცლის პრესი, ბარძაყისა და ხელის კუნთები განვითარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და არ უნდა დაემსგავსოს ის მამაკაცის სხეულს.

 

скачать dle 11.3