როგორ იპოვეს ერთმანეთი ნათესავებმა და რით დასრულდა სამამულო ომის დროინდელი სასიყვარულო ისტორია
35 წლის ვიაჩესლავ ვიაჩესლავის ძე ბულდიგინი ეძებდა: დაახლოებით 65-68 წლის ვალერი ბულდიგინს.
ისტორია: ვეძებ ბიძაჩემს (მამის ძმას) ვალერი ბულდიგინს. მე და ჩემი ოჯახი რუსეთში, ვორონეჟის მხარის, ტერნოვის რაიონის სოფელ პოლიანაში ვცხოვრობთ. ბიძის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს – იქნებ, ჩვენც დაგვეხმაროთ ბიძის პოვნაში. მაქვს ბიძაჩემის პატარაობის ფოტო, რომელზეც დედამისიც არის. იქნებ ვინმემ იცნოს ისინი და გამოგვეხმაურონ. პირადად მე, ბიძა არასდროს მინახავს, მაგრამ ძალიან მინდა მისი ნახვა და გაცნობა. სამწუხაროდ, არც ქართული ვიცი და საქართველოშიც არავის ვიცნობ. ამიტომ, ვალერი ბულდიგინის პოვნაში მხოლოდ თქვენ თუ დაგვეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩემმა მკითხველმა 30 დეკემბრის ნომრიდან შეიტყო. სასიხარულოა, რომ დაკარგული ვალერი ბულდიგინი ნაპოვნია. ის ამჟამად თელავში ცხოვრობს და აღმოჩნდა, რომ ისიც ეძებდა თავის ნახევარძმას და მის ოჯახს. დანარჩენს კი მკითხველი თავად ინტერვიუდან შეიტყობს.
ინტერვიუ ვიაჩესლავ ვიაჩესლავის ძე ბულდიგინთან:
– ფიქრობდი თუ არა, რომ ბიძას ასეთ მოკლე დროში იპოვიდი?
– ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ ბიძაჩემი და მისი ოჯახი ასეთ მოკლე დროში მაპოვნინეთ. მამაჩემს ისე უხარია, რომ მეშინია, არაფერი დაემართოს. სასწაულია, რომ ამდენი წლის უნახავი ბიძა და მისი ოჯახი ვიპოვეთ. მით უმეტეს, სასიხარულოა, რომ თურმე ისინიც გვეძებდნენ. რომ არა თქვენ, ჩვენ ერთმანეთს კიდევ დიდხანს ვერ ვიპოვიდით. თავიდან, როცა „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განაცხადის განთავსება გადავწყიტე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შედეგს ასე უმოკლეს დროში მივიღებდი.
– აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, ანუ როგორ გეგმავთ შეხვედრას?
– მთელ ოჯახს გვინდა, რომ ბიძა მოვინახულოთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, ეს როგორ მოხერხდება – სად შედგება ჩვენი შეხვედრა. მთავარი კი ისაა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს და ამას აუცილებლად დავგეგმავთ. დღე არ გავა, ერთმანეთს არ შევეხმიანოთ – ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა.
– იმაზე თუ გიფიქრიათ, ბაბუას თავის დროზე ეს ისტორია რომ დაემალა, არ გაემხილა საქართველოში შვილი რომ ჰყავს, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და ალბათ, არც ასეთი გახარებულები იქნებოდით ახლა.
– ნამდვილად ასეა, სამამულო ომის დროს მომხდარმა ამბავმა ჩვენს დრომდე მოაღწია. ყველაფერი შემთხვევითობაა, მაგრამ, სასწაულიც ურევია ამაში. ბაბუა 1942-1945 წლებში ჰოსპიტალში რომ არ მოხვედრილიყო და იქ ქართველი ქალი არ გაეცნო, არც ბიძაჩემი იქნებოდა და არც ეს ისტორია. მაგრამ, ყველაფერი კარგად დასრულდა. არც ბაბუას დაუმალავს თავისი ოჯახისთვის ეს ამბავი და როგორც ჩანს, არც იმ ქალს. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ, ერთი ოჯახივით ვართ და ყველას ეს ისტორია გვაერთიანებს.
ინტერვიუ ნაპოვნ ვალერი ბულდიგინთან:
– რა რეაქცია გქონდათ, როცას გაიგეთ, რომ გეძებდნენ.
– ძალიან გამიხარდა, რადგან ჩვენც ვეძებდით მათ. თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ვერც კი წარმოიდგენთ, ამ ახალ წელს რამხელა სიხარული მომანიჭეთ (ინტერვიუ ჩაწერილია 3 იანვარს – ავტორი). ის, რასაც თქვენ აკეთებთ, დიდი სასწაულია. წლების განმავლობაში გვინდოდა მათი მოძებნა, მაგრამ ვერ ვახერხებდით – არც მათი მისამართი ვიცოდით და არც სხვა რამ კოორდინატები გვქონდა. დღესდღეობით, ჩვენ თქვენი მეოხებით, მათთან ურთიერთობა გვაქვს. შევიძინე ნახევარძმა და მისი ოჯახი წევრებიც გავიცანი.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.