კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება, გაექცეს კაცი ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს

მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ სუსტ სქესს. მათ ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს და საკმაოდ წარმატებითაც. ბევრ ქალბატონს სულაც აღარ სჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი, რათა თავი დაცულად, კომფორტულად იგრძნოს და მას გადააბაროს საკუთარი პრობლემები. ამბობენ, რომ კაცებს აშინებთ ძლიერი ქალის ფენომენი. ისინი უნებლიეთ უკანა პლანზე გადადიან, რაც საშინლად არ მოსწონთ. ბუნებრივია, დამოუკიდებელი, ფეხზე მყარად მდგარი ქალი ადვილი სამართავი არ არის. მას ადვილად ვერ დაჩაგრავ, ვერ მიუთითებ, საკუთარ ნება-სურვილზე ვერ ატარებ და ზოგიერთ კაცს ეს ისეთ დისკომფორტს უქმნის, იძულებული ხდება, გაიქცეს ასეთი ქალისგან, თუნდაც ოჯახის დანგრევის ხარჯზე...

 

ვახო (42 წლის): ექვსი წლის წინ დავანგრიე პირველი ოჯახი. ჩემი ყოფილი ცოლი დღემდე დარწმუნებულია, რომ მიზეზი სხვა ქალი იყო. მას ისე მტკიცედ სჯერა ამის, რომ კამათსაც კი აზრი არ აქვს და მეც არ ვაპირებ ამას. მით უმეტეს, რომ იმასაც აქვს ახლა ოჯახი და მეც. მეორე მეუღლე სამი წელია, რაც შევირთე. მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ამაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, მაგრამ ვხვდები, რომ ისევ ოჯახის დანგრევისკენ მივდივარ და ეს ამბავი სერიოზულად მაშფოთებს.

– დანგრევისკენ მიდიხართ, რას ნიშნავს? თქვენ გინდათ მეორე ოჯახიც დაანგრიოთ? თუ სწორად გავიგე, პირველ შემთხვევაში განქორწინების ინიციატორი თქვენ იყავით.

– სწორად გაიგეთ. პირველი ოჯახი ჩემი ინიციატივით დაინგრა. ერთ დღეს გავიღვიძე და ვუთხარი ჩემს ცოლს: ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, უნდა დავშორდეთ-მეთქი. იმდენად ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა, კარგი და ნორმალური – ერთი შეხედვით, რომ ჩემს მეუღლეს შოკი მოუვიდა. კინაღამ გაგიჟდა.

– ანუ, მოულოდნელი იყო მისთვის?

– აბსოლუტურად. სრულიად წარმოუდგენელი. ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ ისე არა, რომ ოჯახის დანგრევამდე მისულიყო საქმე. ჩემი ცოლი თავს ბედნიერად გრძნობდა, ვუყვარდი და მიყვარდა. ამიტომაც, ვერაფრით დავაჯერე, რომ არ ვღალატობდი და არავითარი სხვა ქალი არ მყავდა.

– უმიზეზოდ გაშორდით?

– უმიზეზოდ არაფერი ხდება. მით უმეტეს, ოჯახს უმიზეზოდ ნორმალური ადამიანი არ დაანგრევს. თან, ისეთი რომანი გვქონდა მე და ჩემს ცოლს... ჩვენი დაახლოება მისი ინიციატივით მოხდა. ერთ წვეულებაზე პირდაპირ მომადგა და მითხრა, ძალიან მომეწონეთ და მინდა, თქვენთან ვიცეკვოო. გულახდილად გეტყვით, გამაოგნა მისმა სითამამემ.

– რატომ? არ შეიძლება, ქალმა კაცი საცეკვაოდ გაიწვიოს?

– შეიძლება, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ ჩვენს რეალობაში ასე იშვიათად ხდება. ამ ტიპის თამამი ქალბატონები ცოტანი არიან. მიღებულია, რომ კაცი იჩენს ინიციატივას და გაცნობის პრიორიტეტი მამაკაცის უფლებაა.

– თქვენ ეს პროგრესულად და სამართლიანად მიგაჩნიათ?

– ეგ რა შუაშია. ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის ეს. ფაქტს ვამბობ, რომელიც თქვენთვისაც ცნობილია... პროგრესულად რომ არ მომჩვენებოდა, არც ვეცეკვებოდი და არც ცოლად შევირთავდი. არასოდეს მქონია კომპლექსი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალების მიმართ. პირიქით, სულ ვამტკიცებდი: ვერ ვიცხოვრებ სუსტი, დაუცველი, არშემდგარი ქალის გვერდით-მეთქი. მაგრამ, ცხოვრებამ საპირისპიროში დამარწმუნა. ძალიან შემიყვარდა ჩემი სუპერთამამი ქალბატონი და გაცნობიდან ერთ თვეში დავოჯახდით. იმან იჩქარა და მეც დავეთანხმე. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. სანანებელი კი გამიხდა.

– დაგაკომპლექსათ იმან, რომ თქვენ არ დაასწარით ხელის თხოვა?

– არა. პრობლემა ეს არ ყოფილა. ჩვენმა თანაცხოვრებამ მიიღო ისეთი ფორმა, რომ ბოლოს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. დავქორწინდით, დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ორივე ვმუშაობდით. ჩემი ცოლი სახლშიც ჰიპერდამოუკიდებელი იყო და გარეთაც. ჩემზე სამჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა და სახლშიც, ფაქტობრივად, ის იყო ყველაფრის გადამწყვეტი. რემონტი ისეთი გააკეთა, როგორიც თავად უნდოდა და აზრიც კი არ უკითხავს ჩემთვის. იყიდა ინვენტარი და ისე მოაწყო, როგორც თვითონ მიაჩნდა კომფორტულად. ერთხელ ვთქვი, ავეჯი მაინც აგვერჩია ერთად-მეთქი და ეს კაცის საქმე არ არის, მარტოც მშვენივრად გავართმევ თავსო. მის გვერდით თავს უფუნქციო არსებად ვგრძნობდი. თუმცა, ვაღიარებ, რომ არაფერი მაკლდა. არ უნდა მეკითხა, სად მიდიოდა და რატომ, სამუშაო საათებში ტელეფონსაც არ პასუხობდა. მესმის, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ კაცისთვის რთულია ასეთი ცოლის გვერდით ცხოვრება.

– რატომ, ეჭვიანობდით?

– ეჭვი არაფერ შუაშია. ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებდა და ნელ-ნელა წყობიდან გამოვყავდი. ძლიერი ქალის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და სულაც არ მინდოდა, ჩემს ცოლს მთელი დღე სამზარეულოში ეტრიალა და ჩემთვის კერძები ეკეთებინა. მაგრამ, ქალი რომ ყოველდღე გაგრძნობინებს, რომ მე ვარ ყველაფერი და კაცი არ მჭირდება, საქმეს თავი რომ მოვაბაო, ეს ძალიან დამამცირებელია. მანქანის ხელოსანთანაც კი არასოდეს გავუყოლებივარ, თუნდაც ფორმალურად – მე რა, ლაპარაკი არ ვიციო?!

– ბევრ კაცს ურჩევნია, მთელი პასუხისმგებლობა ცოლმა იტვირთოს და თვითონ არხეინად იცხოვროს.

– მე არ მივეკუთვნები ასეთი კაცების კატეგორიას. მინდა, ოჯახის თავად და უფროსად ვიგრძნო თავი, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მბრძანებლობა კი არ მინდა, სწორად გამიგეთ, უბრალოდ, მინდა ჩემს სიტყვას რომ წონა ჰქონდეს ოჯახში და ჩემს აზრსაც ანგარიშს უწევდნენ. განა ეს ბევრია და წარმოუდგენელი?

– დალაპარაკებოდით ცოლს და მისთვის გეთქვათ ეს ყველაფერი, პირდაპირ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?

– თქვენ გგონიათ, არ მქონდა მცდელობა, მისთვის ამეხსნა, რას მოვითხოვდი? – უშედეგოდ. კვდებოდა სიცილით და მეუბნებოდა, კაპრიზული ქალივით ხარ: თვითონ არ იცი, რა გინდაო. ამით კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას მაყენებდა. ანუ, არ ესმოდა ქალს, როგორ მანადგურებდა მორალურად და რა აზრი ჰქონდა მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას?!

– ამიტომ დაშორდით?

– ამიტომ. თქვენც კაპრიზად მიგაჩნიათ? მე კი ასე ვფიქრობ. ისე წამოვედი, ჩემი ნივთების მეტი არაფერი წამომიღია მისგან. შვილი არ გვყავდა. მე მინდოდა, მაგრამ ის უარზე იყო. შენც მეყოფი ბავშვი, ორი ბავშვის მოსავლელად კი არც დრო მაქვს ჯერ და არც ნერვებიო. ანუ, ბავშვი ხარო, რა! შემშალა ჭკუიდან და დამაკომპლექსა. სამსახურშიც არაფერი გამომდიოდა. არქიტექტორი ვარ პროფესიით და წინ ვერ წავიწიე მის გვერდით. ამაზე სულ ირონიულად „ღადაობდა“: გასართობად მუშაობ, შენს „ჭიას“ ახარებ, თორემ ფულს მე ვშოულობო.  შეიძლება, არსებობენ კაცები, რომლებსაც ასეთი ცოლები მოსწონთ, მაგრამ მე გავიქეცი მისგან, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობა ჯერ კიდევ მქონდა. ყველას უყვებოდა, რომ ვარ მოღალატე და აბსურდული მიზეზი მოვიგონე; რომ გამბედაობა  არ მეყო, მეთქვა, სხვა ქალი მყავსო და ღირსეულად წამოვსულიყავი. არაფრის მტკიცება არ დამიწყია. აზრი არ ჰქონდა.

– მეორე მეუღლე მერე გაიცანით?

– კი. პირველი ოჯახის დანგრევიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ. უკვე საკუთარი ფირმა მქონდა. ჩემი მანქანა გავყიდე და მეგობართან ერთად, რომელსაც სამშენებლო კომპანია ჰქონდა, სადიზაინერო საქმე წამოვიწყე. გაამართლა. ერთ-ერთ ჟურნალში რეკლამა შევუკვეთე. ჟურნალისტი გამომიგზავნეს და დანახვისთანავე მომეწონა. ისეთი ნაზი ჩანდა, მორიდებული, ბავშვურად საყვარელი... ჩემს მეგობარს ვუთხარი, ამასთან კიდევ ვცდიდი და შევქმნიდი ოჯახს-მეთქი. ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის მოყვარული ვარ. ბევრი შვილი მინდა, რომ მყავდეს, ვიყო ქმარი – ამ სიტყვის სრულფასოვანი გაგებით... მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა აეწყო, განვითარდა და შევირთე ცოლად. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო. ბავშვიც შეგვეძინა. ცოლი ყველაფერს მეკითხებოდა, მითანხმებდა... ცოტა ხანი სამსახურსაც დაანება თავი, მთლიანად ჩემზე და ბავშვზე გადმოერთო... ისე მიხაროდა... მაგრამ, თურმე, სულ ტყუილად. ამას წინათ გამომიცხადა, ჩემი ფული მინდა, რომ მქონდეს, ბავშვს ძიძას ავუყვანთ და მე ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები, ყველაფერს შენ რატომ უნდა გთხოვდე და გეკითხებოდეო... გამოაჩინა კლანჭები.

– რა მოხდა, თუ ქალს ისევ უნდა საყვარელი საქმე აკეთოს?

– არაფერი მოხდა, ხომ? მე ამ სურვილში საშიშ ტენდენციას ვხედავ, დამოუკიდებლობისკენ ლტოლვას და ძალიან მეშინია. არ მინდა, მეორე ოჯახიც დამენგრეს. რა მჭირს ასეთი, გავგიჟდი კაცი. ვხედავ, როგორ იკრეფს ძალას და ცდილობს, ჩემი გავლენის არედან გამოვიდეს. ისეთი მწარე გაკვეთილი მაქვს მიღებული პირველი ოჯახიდან, რომ...

– რომ რძით დამწვარი, მაწონსაც სულს უბერავთ?

– არ არის ასე, დამიჯერეთ, ამ ტიპის ქალებში უკვე გავერკვიე. დამოუკიდებლობა განა ცუდია. მე არ ვარ ისეთი ქმარი, ცოლი რამეში შევზღუდო, მაგრამ ჩემს ცოლებს მეტისმეტი დამოუკიდებლობა უნდათ. გვერდზე უნდათ გამწიონ და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღონ. მე ამას ვერ ვეგუები და ვერც შევეგუები. ერთადერთი, ის მანუგეშებს, რომ იქნებ, ამასთან მაინც გაჭრას დასაბუთებულმა, ლოგიკურმა საუბარმა. თუ არა და არ ვიცი, რა მეშველება.

 

скачать dle 11.3