ვინ აქცია ნუკი კოშკელიშვილი „ემოდ“ და რატომ არ ამხელს ის ექიმი შეყვარებულის ვინაობას
როგორც მსახიობი, პირველად სერიალ „კლინიკაში“ გამოჩნდა. პროექტი დროზე ადრე დასრულდა ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, მაგრამ, ნუკი კოშკელიშვილის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდებოდა და იზრდება. გარდა აქტიური სატელევიზიო კარიერისა, ის თოქ-შოუების, სხვადასხვა ტიპის გადაცემებისა და გლამურული ჟურნალების ხშირი სტუმარია, რაც მის პოზიტიურ ხასიათსა და გულწრფელობას უკავშირდება. ამ ზამთარს მან ორ სრულმეტრაჟიან ფილმში მოსინჯა საკუთარი ძალები, ესენია: „კომედი გრუპის“ – „მისტერ ძიძა“ და დუტა სხირტლაძის „გივი“.
– ახალი გადაცემა, ორი ფილმი, თითქმის ყველა საახალწლო გადაცემა... ერთი სიტყვით, ტელევიზიები ვერ გელევიან.
– მადლობა ღმერთს, რომ ვერ მელევიან, ძალიან მიხარია. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ყველაფერი წინ მაქვს, – ბებიაჩემივით, ასე ვიწყნარებ თავს. მუშაობა დავიწყე „კომედი არხზე“ და ძალიან მიხარია მათთან მოხვედრა. პირველად ცხოვრებაში, სამუშაო რეჟიმის პარალელურად განტვირთვაც არის. ფანტასტიკურია, როდესაც შეხება გაქვს კომედიურ ჟანრთან. ეს ძალიან რთულიც აღმოჩნდა. სულ ვამბობ, რომ გაცილებით მარტივი ყოფილა სოციალური თემების გაკეთება, ადამიანის ცრემლებამდე მიყვანა საინტერესო ფაქტის, ამბის გამო, მაგრამ, გააცინო ადამიანი, თან, ხარისხიანად და გემოვნებიანად გააცინო – ეს ურთულესია. არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ, ყოველღიურად ვცდილობ გავიზარდო და ამაში ყველა ძალიან მეხმარება. ერთი ისაა, რომ მთელ არხზე მხოლოდ მე ვარ გოგო – თუ არ ჩავთვლით სერიალს, ერთადერთი გოგო ვარ. ამიტომ, ზეპირად ვიცი, როდის რომელი საფეხბურთო გუნდი თამაშობს, ვისი ცოლი რამდენი თვის ორსულია, რისი ჭამა უნდება ხშირად... უკვე მათი ჩვეულებრივი ძმაკაცი ვარ, ერთად ვერთობით და ყველას ძალიან გვიხარია. ახლა ვიწყებთ ახალ სეზონს, ფორმატიც მცირეოდენით შეიცვლება, მაგრამ, ეს მაყურებლისთვის მტკივნეულად შესამჩნევი არ იქნება. ვცდილობთ, უკეთესები და უკეთესები გავხდეთ. ეს ფორმატი ჩვენი მოგონილია, არ გვაქვს აღებული არც ერთი უცხოური არხიდან და ნელ-ნელა იხვეწება.
– როგორ შეაფასებ გასულ წელს – რა მოგცა მან და ხომ არ არის რაიმე ისეთი, რასაც ნანობ?
– ნებისმიერი განვლილი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგ გამოცდილებად მიმაჩნია, ცუდია თუ კარგი, როგორც ცხოვრებისეული ეტაპი, მაინც ძალიან კარგია, ისევე, როგორც გასული წელი. ბევრი რამ შეიცვალა ამ წელს: ერთი არხიდან მეორეზე გადავედი, ახალი გადაცემა გავაკეთე... ძალიან, ძალიან დახუნძლული იყო ეს წელი სიახლეებით.
– და, რაც მთავარია – ფილმები.
– კინო სულ სხვა სამყარო ყოფილა და, თან, ძალიან საინტერესო სამყარო. ერთი იყო „მისტერ ძიძა“ და მეორე – „გივი“. ცოტა შევიფერე ეს თემა და ხმამაღლა ვამბობ, მონაწილეობა მივიღე-მეთქი, სინამდვილეში, ერთწუთიანი როლი მქონდა, მაგრამ, ძალიან სახასიათო და საინტერესო. გოთ გოგოს ვთამაშობ, შავებში ვარ ჩაცმული, კატებსა და ძაღლებს რომ ერჩიან. თავიდან, რომ მითხრეს, მონაწილეობა უნდა მიიღოო, მეგონა, მოკლე და დეკოლტირებულ კაბას ჩამაცმევდნენ, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. თურმე, „ემო” ვარ. რაც შეეხება დუტა სხირტლაძის ფილმს, იქ ვთამაშობ უკრაინელ დიასახლისს, უფრო სწორად, დიასახლის-დამლაგებელ-საყვარელს. ძალიან სასაცილო პერსონაჟია. სოფლელ უკრაინელს ვთამაშობ, „ხახოლკას“ (იცინის), თან, რუსულად ვითამაშე და ეს ძალიან საინტერესო იყო.
– დუტა როგორი რეჟისორია, მკაცრი?
– არა, პირიქით. ის, პირველ ყოვლისა, მსახიობია და ძალიან მარტივად უდგებოდა ყველა მსახიობს. სიმართლე გითხრა, დუტას ფილმი რომ ვნახე, მართლა ძალიან მომეწონა. ჩემს თავზე არ მაქვს ახლა ლაპარაკი, ერთიანობაში გამოვიდა კარგი ფილმი. გადარეული ვარ გიორგი კალანდარიშვილზე. ზოგადად, ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე მაგრამ, ამ ფილმზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. დუტამ მოახერხა და, ფილმში ჩადებული ეგრეთ წოდებული „პროდაქტ პლეისმენტები,“ ანუ, რეკლამები, ისე სასაცილოდ არის გაკეთებული, შეიძლება, გაგიჟდე. ვიცი, რომ ეს მისი პირველი ექსპერიმენტია, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მან კი იცის, როგორც კი მეორე ფილმზე მუშაობას დაიწყებს, მასთან მივრბივარ. მომწონს ეს საქმე, მინდა გამოცდილება დავაგროვო და ყველას ვეუბნები: თუ რამე შემოთავაზება იქნება, ექსპერიმენტის დონეზე, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო-მეთქი, თუმცა, როგორი მსახიობი ვარ, რამდენად კარგად ვთამაშობ, ეს ნამდვილად არ ვიცი.
– ხომ არ აპირებ დაბრუნებას სერიოზულ არხზე ისეთი პროექტით, როგორსაც შენგან მიჩვეულები ვართ?
– ძალიან სერიოზული არხია „კომედი“ და იუმორი ძალიან რთული და სერიოზული საკეთებელი ყოფილა. ვიცი, შენ რასაც გულისხმობ, მაგრამ, ეს არ შედის ჩემს გეგმებში. კმაყოფილი ვარ „კომედი არხზე” მუშაობით და არ ვაპირებ სხვა არხზე გადასვლას, ვარ სრულ კომფორტში.
– თოქ-შოუების საყვარელ რესპონდენტად გადაიქეცი...
– მართლა? არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება...
– ლამაზი, ქერა გოგოები ჭირს?
– არა, რას ამბობ, უამრავი ქერა გოგოა, თან, ჩემზე ბევრად ლამაზი. მაგალითად, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი.
– კარგი, მაშინ, მითხარი, შენ როგორ გგონია, რა არის ამის მიზეზი?
– ჩემი ცხვირი – აი, ჩემნაირი ცხვირი ცოტაა.
– რუსკა მაყაშვილი?
– მერე, ვინ თქვა, რომ რუსკა მაყაშვილი ნაკლებად პოპულარულია? მე და რუსკა გადავქექავთ სამყაროს ჩვენი ცხვირებით.
– ბოლოს რა ჭორი გაიგე საკუთარ თავზე?
– ვაიმე, უამრავი. ბოლოს იყო როსტო, მანამდე კი დიდი ამბავი ატყდა ანდრო ბარნოვზე. როსტო ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ანდრო ბარნოვს კი მხოლოდ გამარჯობით ვიცნობ – „გამარჯობა, ბატონო ანდრო,” – აი, ასე ვიცნობ. (იცინის). თვითონ, არ ვიცი, მიცნობს თუ არა, ალბათ, უფრო ტელევიზორიდან. მაგრამ, ლამის ცოლად გამაყოლეს. ოღონდ, როგორი ინტერვალით, იცი?! ერთი კვირით ადრე ერთი იყო და, შვიდი-რვა დღის შემდეგ – უკვე მეორე.
– შენ ეს აღარ გაწუხებს?
– არა, რას ლაპარაკობ, ვგიჟდები ჭორებზე. როდესაც ჭორაობენ და წერენ შენზე, ესე იგი, აქტუალური და საინტერესო ხარ. ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ყვითელმა პრესამ გაიგოს რამე ჩემ შესახებ და, ვინც ეს უარყოს, აი, დავიფიცებ, რომ ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი.
– რეალურად რა ხდება ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში?
– რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. თუმცა, ის არც ერთი ზემოთ ნახსენები პიროვნება არ არის. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის და, ვფიქრობ, მისი სახელისა და გვარის თქმა ბევრსაც არავის არაფერს მისცემს.
– სახელი და გვარი იმდენად არა, რამდენადაც ვიზუალი.
– ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის. მგონი, ძალიან მოვწონვარ. ჯერჯერობით უფრო დეტალურად ამ ისტორიის შესახებ მოყოლა არ მინდა.
– შენი და ოთოს ამბავი ძალინ განვიცადე, მომწონდით როგორც წყვილი. როგორ არის ოთო?
– ძალიან კარგად. ვგიჟდები ოთოზე, ისე მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ბოლოს ვიღაც გოგო მოსწონდა, თუმცა, მის ცხოვრებაზე მედიასთან ლაპარაკის უფლება არ ამიღია, ასე რომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით (იცინის).