ინტიმური საუბრები
ბავშვობის მეგობარმა მოღალატედ გამომაცხადა
ჩემმა დაქალმა, უნივერსიტეტში მოწყობის შემდეგ, თავისი ახალი სამეგობრო გამაცნო, რომელმაც კარგად მიმიღო და მეც მათი წევრი გავხდი. მათ შორის იყო ლაშა, რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა, მაგრამ, თავიდან არ გამიმხელია არც მისთვის და არც თაკოსთვის. მერე თაკოს ვითომ სხვათა შორის ვკითხე, შენსა და ლაშას შორის რამე ხომ არ არის-მეთქი. მხოლოდ მეგობრები ვართ, ძალიან კარგი მეგობრებიო, – მითხრა და მეც დავწყნარდი, რადგან, არ მინდოდა, სიყვარულის გამო ბავშვობის მეგობარი დამეკარგა, მაგრამ, თაკოსთვის მაინც არ მითქვამს, ლაშა მიყვარს-მეთქი, რადგან, ლაშასგან ჯერჯერობით მხოლოდ სიმპათიებს ვგრძნობდი.
მერე კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ ლაშამ სიყვარული ამიხსნა და, ყველასგან ფარულად, ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ. დაახლოებით სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი ლაშამ ცოლობა მთხოვა და მეც თანხმობა ვუთხარი. ამის შემდეგ ლაშიკომ თავისთან დამპატიჟა და მშობლები და და-ძმა გამაცნო. მერე მე გავაცანი დედაჩემი (მამა არ მყავს). მერე დედაჩემი და ლაშას მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ და ნიშნობის დღე დანიშნეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი მეგობრებისთვის გვეთქვა ყველაფერი. ერთ დღესაც, როცა მთელი სამეგობრო შეიკრიბა, ლაშამ ხმამაღლა გამოაცხადა ჩვენი ნიშნობის შესახებ, რასაც დიდი ოვაციები, ტაში და მილოცვები მოჰყვა. ყველას ძალიან გაუხარდა ჩვენი ამბავი, თაკოს გარდა. გაუხარდა კი არა, ისე გაცოფდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და იქვე მეცა: შენ რა მეგობარი ყოფილხარ, ჩემს ზურგსუკან ეშმაკობდი, ჩემთვის არაფერი გითქვამს და, თანაც, ლაშას შენზე ადრე მე ვიცნობდი და მე მიყვარდა. შენ კი სიყვარული წამართვი და ცხოვრება დამინგრიე. ნამდვილი ჩუმჩუმელა, გაიძვერა და მოღალატე ხარო. ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა გაშრა, განსაკუთრებით კი მე და ლაშიკო დავრჩით გაოგნებულები. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა ან თავი რით მემართლებინა. მხოლოდ იმის თქმა მოვახარხე, მე რომ გკითხე, ლაშასა და შენ შორის რამე ხომ არ არის-მეთქი, შენ რატომ მიპასუხე, რომ მხოლოდ კარგი მეგობრები ვართო. ამაზე თაკომ ისტერიული კივილით მიპასუხა: აბა, რა გინდოდა, მეთქვა, რომ მიყვარს და ახლოს არ გაეკარო-მეთქი? რატომ უნდა გამემხილა შენთვის ჩემი საიდუმლო? რამდენიც არ უნდა იმართლო თავი, მაინც მოღალატე და გაიძვერა ხარო.
როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ნაწილი მეგობრებისა (ძირითადად, გოგოები) თაკოს მიემხრნენ, დაწყნარება დაუწყეს და მე ხმამაღლა გამამტყუნეს; ნაწილმა კი თქვა, მაცაცომ რა იცოდა, რომ შენ გიყვარდა, მოღალატეს რატომ ეძახიო. მოკლედ, სამეგობრო ორად გაიყო. იმ დღეს ბედნიერება ჩამშხამდა. ისე განვიცადე ეს ამბავი, ლაშას ვუთხარი, მართლა მე ხომ არ ჩავდექი თქვენ შორის, მე ხომ არ გათქმევინე უარი თაკოზე-მეთქი. კინაღამ გადაირია. მითხრა, პირველად ახლა გავიგე, რომ ვყავრებივარ, მანამდე ჩვეულებრივად ვმეგობროდით, ისე კი არ უგრძნობინებია, რომ მოვწონდიო. მერე კი დამშვიდება და დაწყნარება დამიწყო – ნუ გეშინია, მალე გაუვლის და სხვა შეუყვარდებაო. ეს ამბავი ჩვენმა მშობლებმაც გაიგეს და ძალიან შეწუხდნენ. დედაჩემმა ისიც კი მითხრა, ხომ არ ჩავშალოთ ეს საქმე. ეჭვი მაქვს, რომ თაკო არ მოგასვენებთ და ცხოვრებას გაგიმწარებთო. ლაშას მშობლები კი, პირიქით, ამბობენ, ნიშნობიდან ერთ კვირაში მოვაწყოთ ქორწილიო და ლაშიკოც მათ ეთანხმება.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზუსტად ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ, მაგრამ, მაინც უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. ნამდვილად გამიჭირდება ბავშვობის მეგობრის დაკარგვა, მაგრამ ლაშას კიდეც რომ დავშორდე, მათ შორის მაინც არაფერი იქნება.
მაცაცო, 20 წლის.
ჩემს შვილს მუხლმოყრილი ვთხოვ პატიებას
უკვე მოხუცი ვარ, 76 წლის. თან, უკურნებელი სენი მჭირს და დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია. ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი მიუტევებელი შეცდომის (ალბათ, უფრო – დანაშაულის) შესახებ, თუმცა, ვიცი, რომ ჩემი პატიება არ შეიძლება.
მთელი ცხოვრება სოფელში გავატარე. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩემს სოფელში დავბრუნდი და ჯერ მასწავლებლად ვმუშაობდი, შემდეგ კი სკოლის დირექტორად დამნიშნეს. მოგეხსენებათ, მასწავლებელი და, მით უმეტეს – დირექტორი, სოფელში პატივსაცემი პიროვნებაა. ამიტომ, ყველა ცდილობდა, ჩემს ოჯახს დაახლოებოდა, მით უფრო, რომ მართლაც კარგი ოჯახი მქონდა. მყავდა ერთადერთი ვაჟი, რომელიც, ტრაბახით არ ვიტყვი და, მთელი სოფლის თვალი იყო, თუ გარეგნობით, თუ წესიერებით. ასაკმა რომ მოუწია, მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, კარგი გოგონა შეერთო ცოლად, ღირსეული ოჯახის შვილი, ის კი ერთ გოგოს გადაეკიდა, ყველაზე, მაპატიეთ და, უსახური ოჯახიდან: მამამ ცოლ-შვილი მიატოვა და ვიღაც რუსის ქალს გაეკიდა და არც არასდროს მოუკითხავს თავისი მონაგარი, დედა და ბებია კი გადამყიდველობით (მაშინ „სპეკულიანტებს“ ეძახდნენ) არჩენდნენ სამ მცირეწლოვან ბავშვს.
ეს ამბავი რომ გავიგეთ, მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად ვეცადეთ, ჩემი შვილი და ის გოგო ერთმანეთისთვის დაგვეშორებინა, მაგრამ, არაფერი გამოგვივიდა. ერთ დღეს კი ჩემი ბიჭი მეუბნება, მანანა ფეხმძიმედ არის ჩემგან და ცოლად უნდა შევირთოო. რომ იტყვიან, მეხი დამეცა თავზე. არაფრით არ მინდოდა ის გოგო რძლად და, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ისე მოვახერხე, რომ ჩემი შვილი ჯარში გაიწვიეს. ანზორი (ჩემი ბიჭი) აზრზეც არ იყო, რომ ეს ყველაფერი მე მოვაწყვე. მისი ჯარში წასვლის შემდეგ, მანანას ფეხმძიმობის ამბავი დედამისმაც გაიგო და, სოფელში სახელი რომ არ გასტეხოდა, ჩუმად მოაშლევინა მუცელი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ვიღაც ასაკოვან კაცზე გაათხოვა სხვა სოფელში.
ეს ამბები ჩემმა შვილმა მაშინ გაიგო, როცა ჯარიდან შვებულებით ჩამოვიდა ერთი კვირით. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ამ ყველაფერში მე ვიყავი მთავარი დამნაშავე, უარი თქვა ჩვენს შვილობაზე და სახლიდან წავიდა. მხოლოდ ის გავიგე, რომ ისევ ჯარში დაბრუნდა, მერე კი რუსეთში გაემგზავრა და წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი გაგვიგია. მოგეხსენებათ, სოფელში ჭორი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. ყველამ გაიგო, რომ ანზორი იმიტომ გავუშვი ჯარში, მანანა რომ არ შეერთო ცოლად და მთელმა სოფელმა ზურგი აქცია ჩვენს ოჯახს. ჩემმა მეუღლემ ამდენს ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. დავრჩი მარტო, ჩემი ცოდვებისა და დარდის ამარა. სულ ვეძებდი ჩემს შვილს, მაგრამ, მის კვალსაც ვერ მივაგენი. ბოლოს მეც შემერყა ჯანმრთელობა და იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა.
ერთხელ ყური მოვკარი, რომ ჩემს შვილს თავის ერთ თანაკლასელთან, ნოდართან ჰქონდა მიმოწერა. მივადექი ნოდარს და შევევედრე, მისწერე ჩემს შვილს, მაპატიოს და დამიბრუნდეს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარმა თვითონ მომაკითხა და ჩემი შვილის სიტყვები გადმომცა: მამაჩემმა მე შვილი მომიკლა და ცხოვრება დამინგრია, რასაც არასოდეს არ ვაპატიებო. ისიც კი არ ვიცი, ჰყავს თუ არა ცოლ-შვილი იქ, სადაც ცხოვრობს.
ასე მივათრევ წუთისოფელს მარტოდმარტო, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს. ძალიან მიჭირს ასე ცხოვრება. ერთი სული მაქვს, როდის წავალ ამ ქვეყნიდან, თუმცა, ალბათ, იქაც ვერ ვიქნები მშვიდად, რადგან, როგორც წერილის დასაწყისში გითხარით, მიუტევებელი ცოდვა მაქვს ჩადენილი. მხოლოდ ის მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რომ მთელი ეს წლები ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს და, თუნდაც სიკვდილის წინ, ერთი წუთით მაინც რომ მანახა ჩემი ბიჭი, მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი პატიებას.
მიხეილი, 76 წლის.