2013 წლის მილიარდერების რეიტინგის საბოლოო შედეგები
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, 2013 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 524 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ. ბოლო ცნობებს „ბლუმბერგ მილიარდერი” აქვეყნებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად აკვირდება ბიზნესმენების აქტივებს.
მსოფლიო მილიარდერების პირველი 300 წარმომადგენლის საერთო აქტივმა 3,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე დიდი შემოსავალი გასულ წელს მაღალტექნოლოგიური კომპანიების მფლობელ მილიარდერებს ჰქონდათ – მათმა კაპიტალმა საშუალოდ 28-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი აჩვენა. 2013 წლის რეიტინგში მოხვედრილი 300 მილიარდერიდან 70-მა იზარალა. სულ კი, წლის ბოლოსთვის, პლანეტაზე 1 426 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო კაპიტალია 5,4 ტრილიონი დოლარია და მათგან 200 მილიარდერი რეიტინგში 2013 წელს პირველად მოხვდა.
„მაიკროსოფტის” მფლობელმა ბილ გეითსმა 2013 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა – მაისში „ბლუმბერგის” მონაცემებით, მან გადაასწრო პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს, მექსიკელ ტელემაგნატ კარლოს სლიმ ელუს. გეითსის კაპიტალი 15,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და წლის ბოლოს რეკორდული თანხა – 78,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მსოფლიო მილიარდერების რუს ოლიგარქებს შორის პოზიცია გაიმყარა ალიშერ უსმანოვმა, რომლის კაპიტალი 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 20,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ყველაზე დიდი ნახტომი რუს მილიარდერებს შორის საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარისა” და საკვები პროდუქტებით მოვაჭრე სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის” მფლობელმა სერგეი გალიცკიმ გააკეთა, რომლის კაპიტალი 5,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 13,8 მილიარდი შეადგინა. აზიასა და ევროპაში 2013 წელს სტატუს-კვო ამანსიო ორტეგამ და ლი კაშინმა შეინარჩუნეს და თავიანთი რეგიონის უმდიდრესი ადამიანების რანგში შეხვდნენ 2014 წელს. ყველაზე დიდი ზარალი კი 2013 წელს მილიარდერებს შორის ბრაზილიელმა ეიკე ბატისტამ განიცადა, რომელმაც წლის განმავლობაში 12 მილიარდი დოლარი დაკარგა. „ბლუმბერგის” მონაცემებით, მისი ვალების დათვლა ჯერაც არ დასრულებულა და 2014 წლის მილიარდერების რეიტინგის გამოქვეყნებამდე ბრაზილიელი მაგნატი გაკოტრებულად გამოაცხადეს.