კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ნევროზი, სტრესი და დეპრესია არასწორი კვების შედეგი და რატომ ეკრძალება წნევიან ადამიანს მინერალური წყლის სმა

ის, რომ სწორი, ბალანსირებული და ჯანსაღი კვებით ნებისმიერი დაავადების მართვა და განკურნება შეიძლება, ექიმები არ დავობენ. თუმცა, ამ წესს, ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, და სანამ დაავადება თავს არ იჩენს, მანამდე საკუთარ ორგანიზმს ნებისმიერი საკვები პროდუქტით „ანებივრებენ”. როგორც დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, ადამიანმა თუ კვებას ადრეული ასაკიდან არ მიაქცია ყურადღება, დიდი შანსია,  მომავალ თაობებს მემკვიდრეობით შეძენილი დაავადება გაუზიაროს. თუ როგორ დავიკლოთ წონაში საკუთარი ძალისხმევით, რომელ დაავადებებს იწვევს სწრაფი კვება და რატომ უნდა მართოთ ჯანმრთელობა სწორად, ამაზე ქალბატონი ასმათი გვესაუბრება.

 

ასმათ კევლიშვილი: ყველას აინტერესებს თუ რომელი დაავადების დროს, რომელი დიეტა დაიცვას და ამ კითხვას ხშირად მისვამენ. მე კი ყველას განვუმარტავ, რომ დიეტა სწორი კვებაა, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სამკურნალო კვებას და ის დიეტის განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს დაავადება, რომლის დროსაც არ უნდა დავიცვათ დიეტა. მთავარია, ამ დროს ის სწორად იყოს შერჩეული სპეციალისტის მიერ და არა თვითნებურად დანიშნული. მან შესაძლოა, პირიქით, სიტუაცია უფრო გაართულოს. ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, თუ მას საფუძვლად არ უდევს შესაბამისი კვება, უშედეგოა. სხვათა შორის, ამას წინათ მომიყვანეს პაციენტი, რომელსაც უამრავი სამკურნალო პრეპარატი ჰქონდა გამოცდილი, თურქეთშიც კი იყო გამოკვლევებზე, თერთმეტი სახის მედიკამენტს იღებდა და ვერაფერმა უშველა. თერთმეტივე წამალი მოვუხსენი, დავუნიშნე შესაბამისი, სწორი კვება და დღეს გაგიჟებულია, იმდენად შედეგიანად იმოქმედა ამან. კვებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერც კი წარმოიდგენთ. ჩვენს ორგანიზმში ქიმიურ-ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს და როდესაც ქიმია დარღვეულია, ამან შესაძლოა, უამრავ დაავადებას დაუდოს საფუძველი. ამიტომ, საჭიროა, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების მოწესრიგება ორგანიზმში. ადამიანი დაავადებას კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ, მის გამომწვევს, თუ გვინდა შედეგი მივიღოთ. დავუშვათ, ადამიანს წნევა აწუხებს, ანუ ჰიპერტონიული დაავადება აქვს. ეს უცბათ არ ჩნდება, მას გარკვეული წინაპირობა აქვს. მაგალითად, თვეში ერთხელ შესაძლოა, წნევის ცვალებადობა იგრძნოთ, დისკომფორტი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუხვევა, პულსი აჩქარდეს, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ – ეს ნელ-ნელა ვითარდება და არ აქცევთ ყურადღებას. როცა დრო გავა, ის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და ხდება ადამიანი წნევის წამლების რეგულარული მიმღები.

– ანუ, ვისაც მსგავსი შეგრძნებები აქვს, დიდი შანსია, მომავალში ჰიპერტონიული დაავადების „მსხვერპლი” გახდეს? სხვათა შორის, ჩვენი წინაპრებისგან მსმენია, რომ დღეში ერთი მუჭა ნიგოზის ან თხილის ჭამით ჰიპერტონიულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ავიცილებთ თავიდან. ეს რეალურია?

– არც თხილი და არც ნიგოზი პანაცეა არ არის. კი ბატონო, კარგია ნიგოზი და თხილი ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ და ამას ნებისმიერი კარდიოლოგი დაგიდასტურებთ, მაგრამ, თუ დღეში ერთ მუჭა ნიგოზს მიირთმევთ და დღის განმავლობაში აყოლებთ ჩახრაკულ-ჩაშუშულ მსუყე ხორცეულს, შებოლილ ძეხვეულს,  ტკბილეულს და გაზიან სასმელს, ის ერთი მუჭა ნიგოზი უშველის თქვენს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას?! ასევე, სწრაფი კვების პროდუქტებიც იკრძალება. 

– ადამიანების უმრავლესობის დღის რეჟიმი, საკმაოდ დატვირთულია და ისინი ცდილობენ, სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი საკვებით დაიოკონ მადა. როგორც მივხვდი, ეს საშიშია?

– რასაკვირველია, საშიშია და დამერწმუნეთ, ეს ხვალ აუცილებლად იჩენს თავს რომელიმე დაავადების სახით. განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები ეტანებიან სწრაფი კვების ობიექტებს და ვამბობ ხოლმე, ისინი ხვალ ყველანი ჩემთან მოვლენ-მეთქი. ხშირად მოდიან დედები და მეუბნებიან, რომ მის სამი წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხშირად უჩივიან ჭარბ წონას, სიმსუქნეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ადინამიურობას, აღზნებადობას, უძილობას და ასე შემდეგ. გეკითხებით, სამი წლის ასაკში, ზემოჩამოთვლილი დაავადებები ნორმალურია? ეს მშობლის ბრალია, ანუ მშობლის არასწორი კვების შედეგი. ასეთ მშობლებთან შეხვედრისას, ჩემი პირველი კითხვაა: როგორ იკვებებოდით ორსულობის პერიოდში და მანამდე. სწორედ, აქედან ვხვდები, რა დაავადება გადასცა მან შვილს არასწორი კვებით. თუ დედას ორსულობის პერიოში აწუხებდა ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ასე შემდეგ, ჩვილიც იდენტური დაავადებებით გაჩნდება. 

– ანუ, კვების შედეგი გენეტიკურად გადადის დედიდან შვილზე?

– დიახ, ასეა. თუმცა, ეს ის გენეტიკური კოდი არ არის, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება. ეს ის გენეტიკური კოდია, რომლის გამოსწორება ორსულობის პერიოდშივე შეიძლება. ეს ძუძუთი კვების დროსაც გადადის დედიდან შვილზე და, როცა ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ ჩვილები, ღმერთმა უწყის, რას აჭმევენ. ეს არაადეკვატური კვებაა და იგივე საცდელი მეთოდი. მოვიდა ჩემთან მშობელი და მითხრა, ჩემს ორი წლის ბავშვს ქრონიკული ყაბზობა აწუხებსო. დავინტერესდი პატარას საკვებით და იცით რა პასუხი მივიღე? გიჟდება ჩემი შვილი შემწვარ კარტოფილზე და „ქინდერ” შოკოლადებზეო. ეს ნორმალურია? ოჯახში თუ კვების კულტურა არ არის და არ იციან როგორ იკვებონ, ამის შედეგია სწორედ ასე გახშირებული დაავადებები, მით უმეტეს, ბავშვობის ასაკში. ბავშვის აღზრდაში სწორი კვების სწავლაც უნდა იგულისხმებოდეს. თუ ორგანიზმის მართვა არ ვიცით, ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტია. ვისთანაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველა ექიმი გეტყვით, რომ არ უნდა იკვებოთ სწრაფი კვების ობიექტებში, არ უნდა ჭამოთ შებოლილი პროდუქტი, დიდი რაოდენობით მწნილეული, მარილი ზომიერად, მოერიდოთ ცხიმში შემწვარ ხორცეულს, მაგრამ დაიჯერებთ? 

– ვფიქრობ, საქართველოში, იმის კულტურა, რომ ადამიანი ექიმთან მივიდეს და კონსულტაცია გაიაროს, რომელი პროდუქტი მიირთვას, ძალიან შორსაა. 

– სწორედ საქმეც ესაა. ხშირად გაიგონებთ ალბათ, წონაში მოვიმატე, მინდა, დავიკლო ზედმეტი კილოგრამები და დიეტოლოგთან ვერ მივსულვარო. რად უნდა 2, 3 ან თუნდაც 5 კილოგრამის დაკლებას დიეტოლოგთან ვიზიტი? ამოიღეთ რაციონიდან ნამცხვრები, ცხიმეული, პურეული, შემწვარ-მოხრაკული და აბა, ნახეთ, როგორ ფორმაში ჩადგეთ, ერთ კვირაში. ჩემი აზრით, უხერხულიც კია, ადამიანი წუწუნებდე 3 – 4 კილოს ვერ ვიკლებო. ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ბრალი კი არა, ადამიანის ღორმუცელობისა და უნებისყოფობის ბრალია. 

– სადღესასწაულო დღეებში ადამიანების უმრავლესობას, სწორედ წონის პრობლემა აწუხებს. ბოლო დროს, მოდაში შემოვიდა ბრინჯის დიეტა და ამბობენ, კვირაში რამდენიმე დღე, ამ პროდუქტის მიღებით, ორგანიზმი გაიწმინდება და ზედმეტი კილოგრამებიც გაქრებაო. ამაზე რას იტყვით?

– გეტყვით რომ, ბრინჯი ჩვენი გენეტიკისთვის უცხო პროდუქტია და ჩვენი უჯრედები, მისი მონელება-გადამუშავებისთვის არ არის მოწყობილი. მისი დამშლელი და მომნელებელი ფერმენტები ჩვენ არ გვაქვს. ერთი სიტყვით, ბრინჯი, ჩვენი გენეტიკის პროდუქტი არ არის და შესაბამისად, მისი ჭამით, განტვირთვის დღეების მოწყობას არ გირჩევთ. 

– აბა, რომელი პროდუქტია ჩვენი გენეტიკისთვის მისაღები და სასარგებლო?

– ის, პროდუქტი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისთვის ნაცნობია და მოდის ჩვენს მიწაზე. ასე რომ, ბრინჯი, ბანანი, ანანასი და ასე შემდეგ, ჩვენი პროდუქტი არ არის და ის სასიკეთოდ ვერ წაადგება ჩვენს ჯანმრთელობას. ბევრი იმასაც მეუბნება, ანანასი ცხიმებს წვავს და კარგია მისი წვენის მიღებაო. ის ცხიმებს კი არ დაგიშლით, უარესს უზამს ორგანიზმს, რადგან მას ვერ ინელებს ჩვენი უჯრედები. ქართულ მიწაზე მოყვანილი, სეზონური ბოსტნეული და ხილი კი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ნევროზები, დეპრესია, აგრესია – ყველა ნევროლოგიური დაავადება, რაც ადამიანის ფსიქო-ემოციურ ფონთან არის დაკავშირებული, ყველაფერი კვებით ხდება. მაგრამ, საკმარისია, კვება შეცვალონ და მათი ხასიათიც, მომენტალურად უკეთესობისკენ იცლება. ანუ, კვების შეცვლის პარალელურად, იცვლება ადამიანის ქცევები, უნარები და ნერვული სისტემა სტაბილური ხდება. 

– ამ სეზონზე რომელი ხილ-ბოსტნეულია სასარგებლო?

– ამ სეზონზე მიირთვით ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხლის ფოთლის ფხალი, ისპანახი, პრასი, ციტრუსები და ასე შემდეგ. ეს თქვენს ორგანიზმს გამოაჯანმრთელებს, სასიცოცხლო ტონუსს აგიმაღლებთ და ნივთიერებათა ცვლას მოგიწესრიგებთ. აქვე გეტყვით, რომ მინერალური წყლით და ფორთოხლის წვენით განტვირთვის დღეებსაც ბევრი მიმართავს, მაგრამ თუ გასტრიტი გაწუხებთ, ეს უარეს დღეში ჩაგაგდებთ. ამიტომ, თუ არ იცით კუჭის წვენის ტუტე-მჟავა ბალანსი, თირკმლის მდგომარეობა, ჰიპერტონიული დაავადების ან დიაბეტის არსებობა, ფორთოხლის წვენისა და მინერალური წყლის დიეტა არაფრით არ შეიძლება, დაიცვათ. წნევიანებისთვის კი კატეგორიულად იკრძალება, თუნდაც გაზგასული მინერალური წყლის დიდი რაოდენობით დალევა. ასე რომ, თვითნებურად ორგანიზმის გაწმენდა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული კვება შეესაბამება. ამას კი გამოკვლევის გარეშე ვერ მიხვდებით. თუმცა, თავადაც ხვდებით, რომელ პროდუქტს უნდა მოერიდოთ, უნდა იმოძრაოთ მეტი, არ იყოთ ადინამიური და მოიწესრიგოთ ძილი. კვების კულტურა კი ოჯახიდან მოდის. უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმს ვაწვდით საკვებს და არა მხოლოდ საჭმელს. ეს კი არის საზრდო ჩვენი ნორმალური განვითარებისთვის – ჩვენი მამოძრავებელი, ენერგიის მომცემი, აზროვნების განსავითარებელი,  და ეს ყველა მოზარდს უნდა ვასწავლოთ, რომ მომავალში ჯანმრთელი იყოს. 

 

скачать dle 11.3