რატომ არ მიაჩნიათ პარლამენტარებს ვადაგასული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშად და რატომ არ მიიღეს ცვლილება, რომელიც ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის გამო ჯარიმას ითვალისწინებდა
მართალია, კანონს ფრიად ამაღლებული სახელწოდება აქვს: სურსათის უვნებლობის შესახებ, მაგრამ, რეალურად, მას უვნებელ სურსათთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. კარგა ხანია, ქართველი მომხმარებლები ვერ ეღირსნენ სურსათის ეტიკეტირებას სახელმწიფო ენაზე (სხვა ტიპის საქონლის ქართულად ეტიკეტირებას ვინღა ჩივის). 2012 წლის მაისიდან კი საერთოდაც გაუქმდა ჯარიმები სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაზე, რითაც მეწარმეები, ბუნებრივია, ფრიად წარმატებით სარგებლობდნენ. 2014 წლის 1 იანვრიდან, რაკი შესაბამის კანონში ცვლილება შევიდა, სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის ჯარიმებიც ამოქმედდა: პირველ ჯერზე ის 400 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ მომდევნოზე – 1 200-1 200 ლარს. რაც მთავარია, დადგინდა, რომ საკვებ პროდუქტებს, თუკი მათში გენმოდიფიცირების შემადგენელი 0,9 პროცენტზე მეტია, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა მიეთითოს. რა უნდა ვიცოდეთ სურსათის ეტიკეტირების შესახებ და ვის უნდა მივმართოთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. თემას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა განგვიმარტავს.
– გარდა სახელმწიფო ენაზე ეტიკეტირებისა, სხვა პრობლემა არ არის სურსათის უვნებლობის მხრივ, თუ რატომ მოხდა ფოკუსირება მხოლოდ ამ საკითხზე?
– მთელი 2013 წელი სურსათის უვნებლობის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობდნენ სურსათის უვნებლობის კანონის გაუმჯობესებაზე. რამდენჯერმე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მიგვიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონპროექტის ეს გაუმჯობესებული ვარიანტი გაიჭედა, რადგან ვერ შეთანხმდა მთავრობა, თუ ვინ უნდა გააკონტროლოს სურსათის იმპორტი. სურსათის იმპორტს ამჟამად ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს.
– განვუმარტოთ მკითხველს, ფინანსთა სამინისტრო, რადგან საბაჟო დეპარტამენტი არის ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყება.
– დიახ. რადგან არ არის კორდინირებული შიდა კონტროლთან, მოხდა ისე, რომ რამდენიმე დაავადება შემოვიდა, როგორც მცენარეების, ისე ცხოველების. ახალი დაავადებები გაჩნდა ქვეყანაში, იმიტომ რომ, კონტროლი არ იყო წესრიგში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარია, ნორმალური კოორდინირება იყოს უწყებებს შორის, თორემ მომხმარებლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს. ფაქტია, რომ ამის გამო შეფერხდა კანონის ახალი ვერსიის მიღება. ამის შემდეგ სააგენტომ პარლამენტში ორმუხლიანი ცვლილება შეიტანა, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმას ეტიკეტირების ნორმის დარღვევასა და პროდუქტის ვადაგასულობაზე. თუმცა პარლამენტმა არ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის გამო ჯარიმას გულისხმობდა.
– რა მიზეზით?
– იმიტომ რომ, ვადაგასული პროდუქტი ყოველთვის მავნე არ არისო.
– მე პარლამენტარებს სიამოვნებით დავპატიჟებდი ვადაგასული პროდუქტებით გაშლილ სუფრაზე და დავაკვირდებოდი, არის თუ არა მავნე.
– …ერთი სიტყვით, მხოლოდ ეტიკეტირების დარღვევისთვის დამტკიცდა ჯარიმები, მაგრამ, მაინცდამაინც დიდი არ არის. პირველ ჯერზე – 400 ლარი, მეორე და შემდეგ ჯერზე – 1 200 ლარი. გააჩნია, რა სიხშირით დააჯარიმებენ, თორემ შეიძლება, მართლაც, ეფექტიანი იყოს ამ ნორმის შემოღება. ვნახოთ, როგორ გატარდება ის რეალობაში. მომხმარებლებმა უკვე გვაცნობეს ბევრი პროდუქტის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წესრიგში ეტიკეტი. ვამზადებთ სააგენტოსთვის შეტყობინებებს და ვნახოთ, როგორი რეაგირება იქნება. წესით, შეტყობინების საფუძველზე უნდა შეამოწმონ ობიექტი.
– თვითონ მოქალაქეს, რომელიც აღმოაჩენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რა უფლებები აქვს, როგორ უნდა მოიქცეს? ვის უნდა მივმართოთ: ობიექტის მეპატრონეს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, თქვენ?
– ჯობია, სურსათის უვნებლობის სააგენტოს აცნობოთ. მეპატრონესაც შეგიძლიათ, უთხრათ, რომ კანონს არღვევს. თუ სააგენტომ რეაგირება არ მოახდინა თქვენს შეტყობინებაზე, მოგვწერეთ მისამართზე: www.momxmarebeli.ge.
– როგორ უნდა მოვიქცე: გადავუღო ფოტო პროდუქტს, სანამ სააგენტოს წარმომადგენელი მოვა? მანამდე რომ აიღოს დახლიდან მეპატრონემ ასეთი საქონელი?
– თქვენი, როგორც მომხმარებლის, მიზანი რა არის: აღარ იყოს არასწორად ეტიკეტირებული პროდუქტი თუ, რომ ვინმე დაჯარიმდეს?
– ორივე. იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებით, ჯარიმების შიში ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა ჯერჯერობით.
– მაშინ არ აცნობოთ მაღაზიას და აცნობეთ სააგენტოს. ან ჩვენთან უნდა დარეკოთ, მაშინვე მივალთ და შევიძენთ პროდუქტს. მაგრამ, თუნდაც, მოასწროს ობიექტის მეპატრონემ პროდუქტის ამოღება და ამის შემდეგ მივედით იქ ჩვენ ან სააგენტო, ესეც საკმარისი სიგნალია მეწარმისთვის, რომ აღარ გაიმეოროს იგივე და უფრო ყურადღებით იყოს.
– გასაგებია, რომ პროდუქტს მწარმოებლის ენაზე, როგორც წესი, აწერია სრული ინფორმაცია. ვინ ადგენს ამ ინფორმაციის შესაბამისობას ქართულ ეტიკეტთან?
– პროდუქტზე არასწორი წარწერა, არის ფალსიფიკაცია, თუ ასეთ რამეს აღმოაჩენენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი საქმეები გადავცეთ ფინანსურ პოლიციას, იმიტომ რომ, აკრძალულია არასწორი ინფორმაციის დატანება ეტიკეტზე. ადრე ამას უბრალოდ ვაქვეყნებდით, თუ როგორი განსხვავება იყო, მაგრამ მომავალში გადავცემთ ფინანსურ პოლიციას.
– ვუთხრათ მკითხველს, პირველი იანვრიდან რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საკვები პროდუქტის ეტიკეტი?
– დაფასოებული სურსათის ყოველ ერთეულს უნდა გააჩნდეს კარგად მიმაგრებული ეტიკეტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით: გამოსაჩენ ადგილას მითითებული უნდა იყოს სურსათის დასახელება, რომელიც ამ სურსათის ბუნებაზე მიანიშნებს. აგრეთვე, გამოსაჩენ ადგილას, დასახელებასთან ახლოს, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა, თუ რისგან არის დამზადებული. პირველი უნდა მიეთითოს ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია, შემდეგ კი – დანარჩენები, კლების მიხედვით. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული საკვებდანამატებიც. ამას გარდა, ისიც, თუ პროდუქტი შეიცავს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს.
გარკვეული ტიპის სურსათზე დამატებით უნდა მიეთითოს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა, ანუ ამ პროდუქტის კვებითი ღირებულება და, აგრეთვე, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა. ბუნებრივია, სურსათის წონა ან მოცულობა. თუ სურსათი წარმოდგენილია სითხეში მოთავსებული ხილის ან ბოსტნეულის სახით, მაშინ საერთო მასასთან ერთად უნდა მიეთითოს ამ ხილ-ბოსტნეულის მასა მარინადის, მარილწყლისა თუ წვენის გარეშე. აგრეთვე, სურსათის წარმოშობის ქვეყანა და დამამზადებლისა და იმპორტიორის საფირმო სახელწოდება. თავისთავად ცხადია, მითითებული უნდა იყოს: დამზადების თარიღი, ვარგისობის ან შენახვის ვადა, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა და ზოგ შემთხვევაში, აგრეთვე, შენახვისა და მოხმარების პირობები. თუ შენახვის ვადა მცირეა, მაშინ კონკრეტულად მითითებული უნდა იყოს თარიღი, რა თარიღამდეც ვარგისია პროდუქტი. იმისთვის, რომ პროდუქტის გამოშვებისა და ვარგისობის თარიღი მომხმარებელს ერთმანეთში არ აერიოს, ამ უკანასკნელზე მითითებული უნდა იყოს „ვარგისია ამა და ამ რიცხვამდე”. თუ სურსათი დასხივებულია მაიონიზებელი რადიაციით, მაგალითად, სტერილიზაციის მიზნით, მის დასახელებასთან ახლოს ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა.
– თუ შეფუთული სასურსათო პროდუქტი ძალიან მცირე ზომისაა?
– თუ შეფუთული სასურსათო პროდუქტი ძალიან პატარაა და მთელი ეს ინფორმაცია მასზე არ ეტევა, მაშინ დაიშვება, რომ შემცველობა, შენახვის ვადა და მოხმარების ინსტრუქცია ეტიკეტზე მითითებული არ იყოს. თუმცა სურსათის დასახელება, მწარმოებელი, სურსათის წონა ან მოცულობა, გამოშვების თარიღი და გმო-წარწერა ძალიან მცირე სასურსათო ნაწარმზეც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. კანონმდებლობა აგრეთვე ადგენს, თუ რა დამატებითი ინფორმაციის განთავსება შეიძლება ეტიკეტზე. კერძოდ: არ შეიძლება ეტიკეტი საეჭვოს ხდიდეს სხვა ანალოგიური პროდუქტის მოხმარებას. ამიტომ იკრძალება ეტიკეტზე აღმატებითი ხარისხის ან შედარებითი ტერმინების გამოყენება, თუმცა დაიშვება: რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის სურსათის გამოსადეგობის მითითება, რომ, მაგალითად, პროდუქტი სამარხვოა. ზოგადი ინფორმაციის განთავსება პროდუქტში შემავალი ამა თუ იმ ნივთიერების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ.
კანონი მკაცრად ადგენს, თუ რას ნიშნავს და როდის შეიძლება იქნეს გამოყენებული ისეთი წარწერები, როგორიცაა: „დაბალი ენერგეტიკული ღირებულება“, „ქოლესტერინის გარეშე“, „ცილების მაღალი შემცველობა“, „ვიტამინების წყარო“ და სხვა. ასეთი ინფორმაცია სურსათის დასახელებას წინ არ უნდა უსწრებდეს და ამ ინფორმაციის განთავსებისას პროდუქტს თან უნდა ახლდეს ამ ნივთიერების ან კომპონენტის შემცველობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
– და, რაც მთავარია, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს, თუ სურსათი გენმოდიფიცირებულია.
– თუ სურსათის წონის 0,9 პროცენტზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია, ეტიკეტზე მიეთითოს: „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“.
– მაგრამ დგება საკითხი: ვინ უნდა დაადგინოს ეს? თუ იგულისხმება, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც, ძირითადად, შემოაქვთ პროდუქცია იმპორტიორებს, სავალდებულოა გენმოდიფიცირების მაჩვენებლის მითითება, რასაც პირდაპირ თარგმნიან და ქართულენოვან ეტიკეტზე დააწერენ?
– თუ პროდუქტი გენმოდიცფიცირებულია, ეს უნდა იყოს დატანილი ეტიკეტზე, იმიტომ რომ, ამას გულისხმობს ეტიკეტირების წესები. შესაბამისად, ეტიკეტირების წესების დარღვევაა, თუ პროდუქტში ის არის და არ აწერია. საქმე ისაა, ვინ გაზომავს პროდუქტის გენმოდიფიცირებულობას. გაიხსნა ახალი ლაბორატორია, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ შეძლებენ, გაზომონ გენმოდიფიცირებული პროდუქცია, თუმცა თვის ბოლოს ელოდებიან აკრედიტაციას. ჩვენც გავზომავთ და რამდენადაც ვიცი, სურსათის უვნებლობის სააგენტოც გეგმავს, რომ დაიწყოს პროდუქციაში გენმოდიფიცირებული კომპონენტების აღმოჩენა.
– თუ პროდუქტი იმ ქვეყნიდანაა შემოტანილი, სადაც არ არის ვალდებულება, რომ ეტიკეტზე მიეთითოს გენმოდიფიცირებულობა, იმპორტიორის ვალდებულებაა, გაზომოს მასში გენმოდიფიცირებული შემადგენლის ოდენობა?
– ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში აქვთ ვალდებულება, რომ გენმოდიფიცირებულობის შესახებ ინფორმაცია დატანილი იყოს ეტიკეტზე. უფრო მეტიც, ჩვენს კანონში წერია, რომ პროდუქტს უნდა ეწეროს შემადგენლობა. თუ აღმოჩნდება, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია და არ აწერია, ეს იქნება ეტიკეტირების დარღვევა და მაინც შემოტანამდე მივა.
– ვადაგასულ პროდუქციაზე, რომელიც მრავლადაა ჩვენს სავაჭრო ობიექტებში, არასდროს დაწესდება ჯარიმები?
– ოდესმე ცვლილებების ის დიდი პაკეტი, რაც ჯერჯერობით ვერ შევიდა პარლამენტში და ისევ განხილვის საგანია, გავა განსახილველად. პარლამენტის მოსაზრებაა, რომ ვადებს შორის იყოს დიფერენცირებულობა: გამოყენების ვადა და ვარგისიანობა. ვადის გასვლა ნიშნავს, რომ მწარმოებლის პასუხისგმებლობა დამთავრდა პროდუქტზე, მაგრამ, თუ ადამიანი მოიწამლა ვადაგასული პროდუქტით, ვინ აგებს ამაზე პასუხს?
– არავინ.
– დიახ, ფაქტობრივად, დაუცველი გამოდის მომხმარებელი.
– გარდა ამისა, კიდევ რა ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა არ მიიღო განსახილველად?
– ძალიან სამწუხაროა, რომ არ ამოქმედებულა ბიოწარმოების შესახებ დადგენილება, რის მიხედვითაც „ბიო“ და „ეკო“ და: ასევე, „ეკოლოგიურად სუფთა“ წარწერები იკრძალებოდა ისეთ პროდუქციაზე, რომელიც, სინამდვილეში, არ არის ბიოწარმოების და ეკოლოგიურად სუფთა. ამით პრობლემა დაუდგათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც პროდუქტების სახელწოდებაში აქვთ „ბიო“ და „ეკო“, თქვეს, რომ ვერ ასწრებდნენ რებრენდინგს. ამიტომ 7-8 თვით ითხოვეს გადავადება. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია არ მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ის შეიძლება, ბუნებრივია, მაგრამ წარმოება არ იყოს „ბიო” ან „ეკო”, იმიტომ რომ, პროდუქტში იყენებს ქიმიკატებს, ჰორმონებს, პესტიციდებს და ეს უკვე აღარ გამოდის ბიო და ეკოწარმოება. შესაბამისად, არც ეს სიტყვები უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გვპირდებიან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და აღმოფხვრის მომხმარებლის მოტყუებას, რადგან, როდესაც მომხმარებელს ჰგონია, რომ, მაგალითად, მაწონს ყიდულობს, ეს, სინამდვილეში მცენარეული ცხიმებით დამზადებული რაღაც პროდუქტია. ეს ეხება მაწონსაც, ხაჭოსაც, არაჟანსაც. ამბობენ, რომ მუშაობენ ამ საკითხზე, მაგრამ არ ვიცით, რა სიჩქარით.