რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა, რატომ იყო ინფლაცია აუცილებელი ბიუჯეტის შესავსებად და როგორ უწყობს ხელს მოსახლეობა ფასების ხელოვნურ მატებასა და ინფლაციას
რაკი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე კარგა ხანია, ეცემა, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა მოქალაქეების ყურადღებაც მიიპყრო და, ფასების სამომავლო მატების შიშით, საფუძვლიანადაც შეაშფოთა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჯერჯერობით ფასებს საგრძნობლად არ მოუმატია, ყოველ შემთხვევაში, ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად. რა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები უდევს საფუძვლად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, რა ნიშნულამდეა სავარაუდო მისი დაცემა, რა კავშირი აქვს ამ ფაქტს ბიუჯეტის შევსებასთან და რა რესურსი აქვს სახელმწიფოს ლარის დოლართან მიმართებაში ძველ ნიშნულამდე დასაბრუნებლად? – კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე უპასუხებს.
– ჩვენი თვალი შეეჩვია ლარის კურსის სიმყარეს. რეალური იყო თუ არა, თვალს მაინც უხაროდა ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლები სიმყარე. ვალუტის კურსის გაუფასურებას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ჩვენს შემთხვევაში, რამ გამოიწვია ის?
– ვალუტის სიმყარე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კარგადაა საქმე. მაგალითად, საბჭოთა კავშირში მანეთის კურსი არ შეცვლილა გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან, როდესაც ფულადი რეფორმა განხორციელდა, 80-ანი წლების ბოლომდე, როდესაც პირველად დაიშვა უცხოური ვალუტის შედინება საბჭოთა კავშირში. თუმცა, იმ ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვნად ჩამორჩა ბევრ ქვეყანას. ხატოვანი გამონათქვამია – სრული სტაბილურობა სასაფლაოზეაო. ამიტომაც, როდესაც ვალუტის კურსი უცვლელია, იბადება კითხვები: ხომ არ არის სტაგნაცია და ხომ არ ხდება რისკების გადავადება პრობლემების გადაჭრის ნაცვლად?! აი, ასე კრიტიკულად უნდა მივუდგთ ვალუტის ნებისმიერი ტიპის სტაბილურობას, მაგრამ, ჩვენ იმდენად მძიმე 90-ანი წლები გამოვიარეთ, ფასების ცვლილების ჩათვლით და ფულის გაუფასურებით დამთავრებული...
– რომ, ძალიან მგრძნობიარეები გავხდით?
– მტკივნეულად აღვიქვამთ კურსის ცვლილებას და, ვშიშობთ, ხომ არ იქნება რეციდივები. ამ შიშის დაძლევას გარკვეული დრო სჭირდება. არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ყოფილა ფასთა ისეთი ცვლილება და ინფლაცია, როგორც საქართველოში იყო. მაგალითად, საქართველოში 1995 წლის ფასების დონე, 1980-იან წლებთან შედარებით, არც მეტი, არც ნაკლები, 356 000-ჯერ გაიზარდა. ამდენად, კურსის ნებისმიერი ცვლილება თითქმის ავადმყოფურ რეაქციას იწვევს. თუმცა, აქ მეორე მომენტიც არის: არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ინფლაცია ისეთი კატეგორიაა, რომელზეც გავლენას ახდენს ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივი მდგომარეობა, არამედ – საზოგადოების განწყობა, მისი დამოკიდებულება, ნდობა არა მხოლოდ ეკონომიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმიც კი. ამიტომ, ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ამოცანაა, არა მარტო ისეთი ეკონომიკური, საკრედიტო, საბანკო თუ მონეტარული პოლიტიკა გაატაროს, რომ ეს შიში მინიმუმამდე დაიყვანოს, არამედ, მას ევალება გარკვეული ახსნაგანმარტებითი მუშაობის ჩატარება; თავისი საქმიანობის რეკლამა, მეტი გამჭვირვალობა, რომ სიმშვიდე შეიტანოს საზოგადოებაში და მას შიში და ეკონომიკური ნევროზი მოუხსნას.
– თითქოს არ ცდილობს მთავრობა ამ ტიპის ნევროზის მოხსნას თუ მეჩვენება?
– რასაც ვაკვირდები ბოლო პერიოდში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი აქცენტი გადადის მთავრობაზე, ფინანსთა სამინისტროზე და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლი ჩრდილშია – თითქოს, ის პროცესები, რაც ხდება, მას ნაკლებად ეხება. ეს მაგონებს ანეკდოტს: როდესაც სომხურ რადიოს ჰკითხეს, რომელი სახელმწიფოა ყველაზე დამოუკიდებელიო, უპასუხა: ის, რომელზეც არაფერი არ არის დამოკიდებულიო. რეალურად, ეროვნულ ბანკს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, იმიტომ რომ, ჩვენთანაც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ფასებზე პასუხისმგებლობა, ეგრეთ წოდებული ინფლაციის თარგეთირება, მიზნობრიობა არის ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა. თუ ინფლაციის თარგეთირება და ვალუტის კურსი დაიდება სასწორის პინებზე, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია და არა ვალუტის კურსის რაღაც დონეზე შეჩერება. ამ შემთხვევაში, ინფლაციიის პასუხისმგებლობის სიმძიმის მხოლოდ ფინანსთა სამინისტროზე გადატანა არ იქნებოდა სწორი. თავისი პოზიცია უფრო ხშირად უნდა გამოხატოს და აიღოს პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა და ეს პასუხისმგებლობა უნდა ჩანდეს მის ყოველდღიურ ქმედებებსა და შესაბამის განცხადებებში. მით უმეტეს, გვახსოვს ეროვნული ბანკის ორი წლის წინანდელი ჰიპერაქტივობა ბანკ „ქართუსთან“ მიმართებაში, რომელსაც სუფთა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ასევე, ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ეკონომიკური მოვლენებისადმი აშკარად მიანიშნებს, რომ ამასაც გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
– არავისთვისაა სიახლე მოსაზრება, რომ სწორედ ეროვნული ბანკის მანიპულაციების შედეგი იყო ლარის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის პასიურობაა ლარის კურსის რყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?
– ზოგჯერ პასიურობა. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიმოქცევიდან ამოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულადი მასა და ფულის იმ მასას, რაც არჩევნების პერიოდში იყო, ქვეყანა დაუბრუნდა 2013 წლის მაის-ივნისისთვის. ამ დროის განმავლობაში მიმოქცევაში არ იყო საკმარისი ფულადი მასა. მეორე მხრივ, ინფლაციის დროს საზოგადოებას უჩნდება მოტივაცია, შეიძინოს ცოტა მეტი პროდუქტი, იმის შიშით, რომ ხვალ ის, შეიძლება, გაძვირდეს. მაგალითად, ბოლო კვირებში თბილისში კარტოფილი სწორედ ამის გამო გაძვირდა. იმის შიშით, რომ კარტოფილი, შესაძლოა, კიდევ გაძვირებულიყო, მოსახლეობამ დიდი მარაგი გაიკეთა და ამით კიდევ უფრო გააძვირა ეს პროდუქტი. ყველა ცდილობდა თავის გადარჩენას, მაგრამ, საბოლოოდ, ირაციონალური შედეგი მივიღეთ. თავის მხრივ, დეფლაციის დროს ჩნდება სტიმული, ნაკლები შეიძინო და მოიხმარო, იმ იმედით, იქნებ უფრო გაიაფდეს. მაგალითად, მომხმარებლის ნაწილი გაზაფხულზე მარწყვის შეძენას აგვიანებს სწორედ იმ იმედით, რომ მალე უფრო გაიაფდება. საზოგადოების ასეთი ფისქოლოგიური ქცევა ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა დეფლაციურ პროცესში ყოფნა. თუმცა ფასების საერთო დონის შემცირება ყოველთვის არ არის ცუდი, მაგალითად, თუ ის უკავშირდება ტექნიკურ პროგრესს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამის მაგალითია იაპონია: ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 7 წელიწადს ჰქონდა ინფლაციის მაჩვენებელი 0-დან 1 პროცენტს შორის და მხოლოდ ერთხელ აღემატებოდა 1-პროცენტიან ნიშნულს, ოღონდ, საკმაოდ ჩამორჩებოდა 2-პროცენტიან მაჩვენებელს. ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტაცია იაპონიას საშუალებას აძლევს, შედარებით იაფად აწარმოოს და მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზაცია. ეს მართლაც პროგრესული მოვლენაა და, ამ მხრივ, იქ წარმოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, გაიაფება იაპონიას საშუალებას აძლევს, დაიპყროს მსოფლიო ბაზრები. მაგალითად, იაპონიის მიერ ამერიკის ტერიტორიაზე წარმოებული ავტომანქანების რაოდენობა აღემატება თვით ამერიკული საწარმოების მიერ წარმოებული ავტომობილების რაოდენობას. ასე რომ, დეფლაციასაც გააჩნია: ის სუფთა მონეტარული პოლიტიკის შედეგია თუ ეკონომიკური წინსვლის.
– იაპონიამდე ჯერ შორს ვართ. ისევ ჩვენს ბაზარს დავუბრუნდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ლარის რყევა მცირე არ არის, ფასები მაინცდამაინც არ გაზრდილა.
– როდესაც ასეთი აჟიოტაჟია კურსთან მიმართებაში, ის ავტომატურად წარმოშობს წინმსწრებ ნაბიჯებს და, ამიტომ, ფასებში გათვალისწინებულია ის საფრთხე, რაც, შეიძლება, მოჰყვეს ინფლაციის შემდგომ გაგრძელებას.
– ანუ, ამ გაცვლითი კურსისთვის ჩვენი ფასები მზად იყო?
– როდესაც ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, „უსაფრთხოების ბალიშის” შექმნის სურვილი შედარებით მინიმალურია, მაგრამ, როდესაც გაცვლითი კურსი ერთ დღეს არის 1,65, მეორე დღეს – 1,68 ან 1,7 და ასე შემდეგ, რადგან ბევრი რეალიზატორი, მწარმოებელი, დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, ცდილობს, ფასში ჩადოს გარკვეული მარაგი, რომ შემდგომ ვალუტის გადახურდავებისას ზარალი არ განიცადოს. თუ გვინდა, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად არ წავიდეს, მომხმარებელს უნდა გაუჩნდეს იმის განცდა, რომ არ არის საჭირო უსაფრთხოების ძალიან დიდი ბალიში. როდესაც ასეთი პირობები იქმნება, ბუნებრივია, ფასში თავის დაზღვევის კომპონენტის არსებობა ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას, შემდეგ ეს უკვე ავტომატურად გადადის საბანკო სექტორზე – ბანკი ისეთი პროცენტით გასცემს სესხს, რომ მისი მოგების რეალური პროცენტი მაღალი იყოს. თუ ინფლაცია 10 პროცენტია, ბანკი 10 პროცენტზე ნაკლები პროცენტით არ გასცემს სესხს. ინფლაციის მაჩვენებელი ბუნებრივად იწვევს საბანკო მომსახურების ფასის გაზრდას.
– კრედიტების გაძვირებას?
– დიახ, „უსაფრთხოების ბალიში” გადადის საბანკო სფეროში და ის კვლავ წარმოების ყველა სფეროსა და ასპექტში ვლინდება.
– და, ანაბრებიც უფასურდება.
– რა თქმა უნდა და, საბოლოოდ, ეს მომხმარებლის გადასახდელია, უპირველესად კი, ზარალდებიან ფიქსირებულშემოსავლიანი ადამიანები. ამას კიდევ ერთი შედეგი აქვს, რომელზეც ჯერჯერობით საუბარი არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ კურსის დაცემა გაგრძელდა, შემოსავლების მიხედვით, სოციალური დიფერენციაცია კიდევ უფრო გაიზრდება. შემცირდება მათი კეთილდღეობა, ვინც ეროვნულ ვალუტაში იღებს ფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო, იმ პირების მდგომარეობა, რომელთა საქმიანობა საგარეო ეკონომიკას უკავშირდება და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, შედარებით უკეთესი იქნება.
– ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან, მდიდრები კი კიდევ უფრო გამდიდრდებიან?
– სამწუხაროდ. მაგრამ, მე ექსტრაპოლირება გავაკეთე. იმ სიჩქარით რომ გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის კურსის შემცირება, რაც 2014 წლის პირველი სამი კვირის განმავლობაში ხდებოდა, კურსი წლის ბოლომდე, შეიძლება, მაქსიმუმ, 1,85-მდე დაეცეს. მაგრამ, ასეთი მცირე პერიოდით ექსტრაპოლირება მიუღებელია. ჩემი გათვლებით, მე ვერ მივიღე 1,85-ზე მეტი.
– რეალურია, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,85-მდე დაეცემა წლის განმავლობაში?
– არა, იმიტომ რომ, მოსალოდნელია ინვესტიციების შემოსვლა, რაც, თავისთავად, გულისხმობს უცხოურ ვალუტაში ფულადი მასის შემოსვლას და, შედარებით დაბალანსდება კურსი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტებს შორის.
– იზიარებთ მოსაზრებას, რომ ინფლაცია ჰაერივით სჭირდებოდა 2013 წლის ბიუჯეტის შევსებას?
– საერთოდ, დეფლაციის გამო ბიუჯეტი ვერ ივსება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც დაბალი იყო. არადა, ბიუჯეტის შევსების სულ სამი წყარო არსებობს: პირველი – გადასახადების ამოღება. სწორედ ამ კოეფიციენტის მიხედვით შეგვიძლია, ვისაუბროთ საგადასახადო სამსახურების ეფექტიანობაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი 100 დოლარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, სახელმწიფო ახერხებს 95-ის ამოღებას. 100-პროცენტიანი მაჩვენებელი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენთან, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალი იყოს.
– აქვე ვიტყვი, რომ ქვითრებს მასობრივად არ არტყამენ, მათ შორის, არც ბენზინგასამართ სადგურებზე. გაუგებარია, რატომ პასიურობს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც აქვს ადმინისტრირების მექანიზმი?
– მეორე მაჩვვენებელია, თუ რამდენად იზრდება ეკონომიკა და, მესამე – „მარადონას ხელის“ ეფექტი.
– ეს რას ნიშნავს?
– 1986 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში ჩატარდა. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ არგენტინა და ინგლისი. ორი წლით ადრე, მოგეხსენებათ, მათ სამხედრო კონფლიქტი ჰქონდათ ფოლკლენდის კუნძულების გამო, ინგლისმა არგენტინას წაართვა ის კუნძულები და ახლაც ბრიტანეთის საკუთრებაა. ამდენად, ფეხბურთის იმ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არგენტინამ ორით ერთი გაიმარჯვა. მეორე გოლი მარადონამ გაიტანა. ჩანდა, რომ ხელიც წააშველა, მაგრამ, მსაჯმა, რატომღაც, ვერ შეამჩნია და გოლი ჩათვალა. საბოლოოდ, არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატის შემდეგ მარადონას ჰკითხეს, გამოიყენა თუ არა ხელი გოლის გატანისას. მარადონამ დიპლომატიურად უპასუხა: თუ ეს ხელი იყო, ეს მხოლოდ ღვთის ხელი თუ იქნებოდაო.
იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც სახელმწიფოს უჭირს და პრობლემა აქვს ბიუჯეტის შევსებასთან, ეკონომიკა ვერ იზრდება, ადმინისტრირება უჭირს, „მარადონას ხელი“, ამ შემთხვევაში, არის ინფლაციის ფაქტორი, როდესაც ინფლაცია მუშაობს ბიუჯეტის შევსებაზე. ამდენად, საბოლოოდ, სახელმწიფოა მოგებული ინფლაციით. არ არის მთლად კორექტული საქციელი, მაგრამ, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ნუ დავადანაშაულებთ, ეს არის ზოგადი კლასიკური მოდელი. აი, ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა: საზოგადოების შიში, ნდობის დაბალი დონე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ეროვნული ბანკის გაუგებარი პოზიცია, თუმცა, ჩემთვის გასაგებია და, საბოლოოდ, ეს ფაქტორები ემსახურება ბიუჯეტის შევსებას.