უკრაინული ცარცის წრე
რფ-მ ოლიმპიადის გამო საკუთარ რეგიონებთან სიმკაცრის განსაკუთრებული ზომები შემოიღო. ამ ორომტრიალში, ბუნებრივია, ჩვენი აფხაზეთიც მოხვდა. ფსოუზე მიმოსვლა შეიზღუდა, ხოლო გაგრისკენ საზღვარმა 11 კილომეტრით გადმოიწია (თითქოს მხოლოდ 21 მარტამდე). ზედაც, ერთ-ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ვოლგოგრადის ტერაქტები საკუთარ თავზე აიღო და ახლებითაც დაიმუქრა.
ამის პარალელურად, არც მაიდანს უჩანს განმუხტვისკენ პირი (თუმცა, უკრაინას უჩანს დაყოფისკენ საქმე), რაც, თავის მხრივ, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას კიდევ უფრო ართულებს (ართულებს, რადგან, რფ-ს სპეცსამსახურებს საქმე გაუორმაგდათ).
მართალია, უკრაინასთან მიმართებაში აშშ პასიურობს, მაგრამ, სამაგიეროდ, ოკეანისგაღმური სპცესამსახურები რუს კოლეგებს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას სთავაზობენ. თუმცა ჩივიან, რომ რფ-ს სპეცსამსახურები სრულ ინფორმაციას არ აწვდიან შესაძლო საფრთხეების, კერძოდ, რფ-ს ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების შესახებ.
თავის მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებენ, თანაც, გარანტიით, რაც, ვოლგოგრადის ტერაქტების ფონზე, ცოტა რთულად სარწმუნოა.
ასეა თუ ისე, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების დროული ევაკუაციის მიზნით, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები აპირებენ შემოსვლას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მათი მიზანი მხოლოდ ოლიმპიადა არ უნდა იყოს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენც ისეთსავე აქტუალობას შევიძენთ ჩრდილოელი მეზობლისთვის და, ზედაც, იმავე უკრაინისადმი ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორის პასიურობას დავამატებთ, ნეტავ ისეც მოხდეს, რომ აშშ-ის ხომალდები შემოვიდოდნენ და აღარასდროს გავიდოდნენ.