პრემიებში დაკარგულები
გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ თავმჯდომარემ, გიორგი ჭულუხაძემ გვაცნობა, რომ 2014 წლის განმავლობაში თბილისის მერია ახალი ამბების მომსახურებასა და სარეკლამო კლიპების განთავსებაში 600 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
მეტიც, ორგანიზაციას დაუდგენია, რომ ხსენებული თანხიდან ამ ჩვენი დედაქალაქის მესვეურებს 52 917 ლარი უკვე აუთვისებიათ (10 იანვრიდან დღემდეო). სახელდობრ, „რუსთავი 2-ს“ სარეკლამო მომსახურებისთვის უკვე მიუღია 24 735 ლარი, „იმედს“ – 21 969, ხოლო „მაესტროს“ – სულ რაღაც, 6 213 ლარი.
უფრო მეტიც, დედაქალაქის მერიას ტენდერიც გამოუცხადებია თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ ბენდისთვის“ აპარატურისა და აქსესუარების შესასყიდად (მუსიკის ქვეშ დასუფთავება მაინც სულ სხვაა!). ამ საქმისთვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, 194 270 ლარი გაუმეტებია.
ამის პარალელურად, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ფონდმა მეტად საინტერესო გაანგარიშება შემოგვთავაზა: კერძოდ, დღეის მდგომარეობით, მიუსაფარი მოქალაქეებისთვის დროებითი თავშესაფრის მოწყობაზე სულ 113 217 ლარი დახარჯულა. მეორე მხრივ, თუ დედაქალაქის საკრებულო გასულ წელს არ შეიძენდა მხოლოდ 5 ახალ ავტომანქანას ან 4 თვის განმავლობაში არ დაურიცხავდა პრემიებს თანამდებობის პირებს, დაზოგილი თანხა 210 მიუსაფარ მოქალაქეს წლის ყველაზე ცივ 4 თვეს უსაფრთხოდ გაატარებინებდა.
ზემოთქმული კი ბადებს რიტორიკულ კითხვას: ვერასდროს ისწავლიან იქ, ზემოთ, ამ მამასისხლად შეგროვებული ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას?!