"ასოცირების" ასოციაცია
"ჭრელი პეპლის სცენარით"
რაკი აშკარაა, რძალო გეუბნები, მულო გაიგონეო (გამეორება ცოდნის დედაა, თორემ, 2008 წელიც საკმარისი იყო რფ-ს რეაქციის სანახავად პოსტსაბჭოთა სივრცეში „ნატოსა“ და ევროკავშირის გამოჩენაზე), გასულ კვირას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ განიხილავს ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობას (ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, მათ შორის, აზერბაიჯანს – მთიანი ყარაბაღის სახით, მით უფრო, რომ ყირიმელმა პარლამენტარებმა უკვე განაცხადეს, რომ, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, უკრაინას ჩამოსცილდებიან).
მეორე მხრივ, ბ-ნ ალიევს ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის წყალი მთლად არ გადაუწურავს: ბრძანა, რომ მზადაა სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, ოღონდ ისე, რომ კავშირი არ გაწყვიტოს საბაჟო კავშირთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს თითქოს დავოსის ფორუმის კულუარებში უბრძანებია, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის „ასოცირებული ფორმა“ არ მოსწონს, რადგან, აზერბაიჯანი „თვითკმარი ქვეყანაა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად“.
მეტიც, თითქოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროკავშირთანაც აპირებს თანამშრომლობას და საბაჟო კავშირთანაც. სავსებით ბუნებრივია, რომ „ჭრელი პეპლის“ ეს სცენარი არ გამოდგება (ბუნებრივია, როცა საქმე საქმეზე მიდგება) და ბაქოს ერთ-ერთი პარტნიორის არჩევა მაინც მოუწევს.