ლეონიდი და კომპანია
"ფერი ფერსო..."
20 იანვარს, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარე ბ-ნი ლეფორი ცხინვალს ეწვია და ჩვენებურ სეპარატისტთა „პრეზიდენტს,“ თიბილოვსაც შეხვდა, სხვათა შორის, უკანასკნელად (უკანასკნელად ამ პოსტზე, თორემ, მათი შეყრის შემხედვარე, ჯვარი სწერიათ და, მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებთ).
ამ ორთა შეყრა იმდენად გულთბილი იყო, რომ პატივცემულ ლეფორს უბრძანებია: „იუჟნაია ოსეტიას“ სტატუსი ხალხის მიერაა განსაზღვრული კარგა ხანია და ამ პოზიციის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.“ ზედაც, ჩვენც მოგვიწოდა, რომ შევეგუოთ ამ რეალობას.
ამის შემდეგ ბ-ნმა ლეფორმა ბოლო ინტერვიუ (ამ სტატუსით ბოლო, რასაკვირველია) რადიო „თავისუფლებასაც“ უწილადა და ამცნო: „ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ძალადობისა და დაძაბულობის დონის მნიშვნელოვან შემცირებას მივაღწიეთ.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ მავთულხლართები ჯიუტად მოიწვევს საქართველოს სიღრმისკენ, ხოლო ჩვენს თანამემამულეებს არცთუ იშვიათად აკავებენ „იუჟნაია ოსეტიას” „საზღვრის“ „უკანონო კვეთის“ გამო, მე არ ვიცი, რას გულისხმობს ბ-ნი ლეფორი „ძალადობის შემცირებაში“.
უფრო მეტიც, ევროკავშირელი დიპლომატი ბრძანებს, რომ „დავამყარეთ საკომუნიკაციო პლატფორმა იმ ხალხებს შორის, რომლებიც მანამდე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.“ „ხალხებში“, ბუნებრივია, ქართველებსა და ოსებს გულისხმობს, თუმცა, ჩემთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უცნობია, საიდან ასკვნის ბ-ნი ლეფორი, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით.
თუმცა, თუ ამ ყოველივეს დავამატებთ, „პრ.“ თიბილოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრისას ბ-ნმა ლეფორმა შენიშნა, რომ, მართალია, სხვა თანამდებობაზე გადადის, მაგრამ, არ გაწყვეტს ურთიერთობას თავის „იუჟნაია ოსეტიელ“ კოლეგებთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ, „ფერი ფერსო, მადლი ღმერთსო“.