როგორ მოაწონეს თავადის ქალ კლეოპატრას სასიძოდ ავთო კუტუბიძე
გოჩა მხეიძეს და ავთო კუტუბიძეს პირველი სემესტრისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. ბიჭები დამეგობრდნენ და უმეტეს დროს ერთად ატარებდნენ.
ასეთი ამბავი არცთუ იშვიათია და... ავთოს გოჩას და – ტასო მოეწონა „ნამეტნავად“. ტასოს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და მის ასაკში, რა გასაკვირია, მასაც მოსწონებოდა მართლაც მოსაწონი ავთოია.
იქით-აქეთ, ოჯახის უფროსებმაც გაიგეს ეს ამბავი და საერთო დასკვნა გააკეთეს: „ქალიც – კაი, ვაჟიც – კაი, აღარ უნდა ლაი-ლაი“.
კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა.
გოჩას და ტასიკოს დიდი ბებიას თანხმობა იყო საჭირო. დიდი ქალბატონი – კლეოპატრა ჯაფარიძე თავად მხეიძეზე გახლდათ გათხოვილი რაჭიდან ქუთაისში. მუდამ მოწესრიგებული კლეოპატრა არისტოკრატიის განსახიერება გახლდათ. „შამპოს“ და „კონოს“ დრო გარდასული იყო, თუმცა ყავას კი ერთგულად მეგობრობდა, თან მანქანასაც დარდიმანდულად დააგელვებდა. იტალიური ესტრადის მოტრფიალე, ჩელენტანოზე, კუტუნიოზე და ალბანოზე „ეცემოდა“.
თბილისიდან ქუთაისში აფრინეს საცოლისძმო გოჩა, რათა ეს ამბავი ქალბატონ კლეოპატრა სოლომონოვნასთან შეეთანხმებინათ.
– რა დროს მაგ ღლაპის გათხოვებაა, ჯერ ფაფა არ შეშრობია ტუჩზე?! – პენსნეს ზემოდან გადმოხედა გოჩას შეშფოთებული თვალებით.
– უყვართ, ბებო, ერთმანეთი და რა ვქნათ ახლა? – არ დაიხია შვილიშვილმა უკან.
კლეოპატრამ დინჯად გააბოლა „კენტი“ და ძირძველი ქუთაისური აქცენტით დაინტერესდა:
– რა მოხელე ჩიქვანია ბიჭი?
– ჩემი კურსელია, ბებო... ეკონომისტი.
– ოჯახი?
– გადასარევი ოჯახიშვილია... დედა – ექიმი, მამა – ვექილი. დედისერთა ბიჭია, ბებო.
– რა გვარისაა?
– დედ-მამა?
– არა... ბიჭი... ბიჭი რა გვარია? – „ჭამა“ გოჩას წაღადავება ქალმა.
– კუტუბიძე...
– მე მომეყურა... კუტუბიძე გევიგონე...
– მართლა კუტუბიძეა... არ მოგყურებია, ბებია.
კლეოპატრამ მოულოდნელად იფეთქა:
– რაო? – ჩააჭყლიტა სიგარეტი საფერფლეში – კუტუბიძეებიზა და შავყვერაშვილებიზა გავზარდეთ ბროლივით გოგო არისტოკრატულ ოჯახში! – წაუკივლა და რა წაუკივლა!
– კაი, ბებო, დაწყნარდი! – გასაქცევად მოემზადა გოჩა და გაიქცა კიდევაც მოგვიანებით.
– რაო? – შეეკითხნენ გულის ფანცქალით თბილისში.
– არაო... მშრალად ამოილუღლუღა საცოლისძმომ. სიტუაცია ჩიხშია. ტელევიზორში დააანონსეს, სამ დღეში ტოტო კუტუნიო ჩამოდის საგასტროლოდ თბილისშიო.
დაზაფრულ გოჩას ტვინში ბჟღვრიალა „ლამპოჩკა“ აელვარდა. მობილური მოიმარჯვა და ქუთაისში რეკავს.
– კლეოპატრა ბებო, სამ დღეში შენი საყვარელი კუტუნიო ჩამოდის. აქამდე ჩამოაღწიე, სადგურში დაგხვდებით და ცოცხალი კუტუნიოს კონცერტზე წაგიყვანთ.
კლეოპატრას ყველაფერი გადაავიწყდა.
– ჩემი ოცნება! ჩემი კუტუნიე... ნამდვილია თუ მატყუებ, ბიჭო?
– კი, ბებო, ნამდვილად ასეა, ტყუილი რა საკადრისია.
ბილეთები მესამე რიგში აიღეს.
საგანგებოდ (ჩუმად) კონცერტს მთელი აქეთ-იქეთა ოჯახი ესწრებოდა. ბებოსთვის ჯერ უცნობი სასიძო სულ განაპირა სკამზე იჯდა. ტოტო მთელი მონდომებით მღეროდა. დარბაზი სკანდირებდა: „ტოტო! ტოტო!“
კლეპოატრას ახალგაზრდობა გაახსენდა და დასაბმელი გახდა, აცმუკდა, ამსუბუქდა, ეშხში შევიდა და ტაშისკვრით ხელისგულები დაილურჯა.
– კუტუნიაა! ჩემი კუტუნიეე!!! შენ გენაცვალე, კუტუუუტოო!!! – ჩაახშო ყველას ხმა.
სახლში მივიდნენ და კმაყოფილებისგან გადაბარდღანებულს გოჩა ეუბნება:
– ბებო, შენ იცი, რომ ჩვენი სასიძო იტალიელია წარმოშობით?
– რაო? – წარბები აზიდა ქალმა.
– კი, აბა?! – კუტუნიოები ყოფილან იტალიაში, თურმე, მის წინაპარს ბატონი მოუკლავს, გადმოხვეწილან საქართველოში და კუტუბიძეებად გადაუკეთებიათ გვარი.
ქალი აშკარად გაიბადრა:
– არ მატყუებ?
– რას ამბობ, ბებია... ტყუილი რა საკადრისია.
– ოო, მაშინ, თანახმა ვარ... ვენაცვალე ჩემს მომავალ სიძეს, იტალიელ კუტუნიოს და ქართველ კუტუნია კუტუბიძეს! გამაცანით.
... ამბობენ, ქორწილი დაგეგმილიაო. ამ ამბის მომყოლიც გახლავართ დაპაიჯებული. აპა არაა?!
ყველაფერი წინაა... ვნახოთ...