კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსაწყენი ღამე

პოლიციის უბანზე სიწყნარე იყო. არაფერი ხდებოდა და კლაივ ბრადლიმ, „კრიმინალური ამბების“ ჟურნალისტმა ძალიან მოიწყინა. მას ხმაური და ხუმრობა უყვარდა. ახალი ამბების ორი ჟურნალისტი კარტს თამაშობდა. კლაივი აწრიალდა.

– ბიჭებო, მოდი, ცოტა გავერთოთ. მაგარი იდეა მაქვს. ქვემოთ, განყოფილების მორგში ჩავიდეთ და ბუჩი გავამასხროთ.

– მოეშვი მაგ ბუჩს. საწყალი სამოცდაათი წლისაა და ღამის დარაჯად იმიტომ დატოვეს, რომ ინვალიდი ცოლი ჰყავს სარჩენი. საწყალს გონებაც აღარ უმუშავებს წესიერად. შენ ისეთი ხუმრობა იცი, შეიძლება, კაცს გულიც გაუხეთქო. ორ საათში საერთოდ წავალთ.

– აუ, „ლაითად“ ვიხუმრებ, გპირდებით. წამოდით, რა... – ბრადლი მთელი ათი წუთი აღარ გაჩერებულა და ბიჭებიც დანებდნენ. 

პოლიციის მორგი სარდაფში იყო. პირქუში ორი ოთახი, ვიწრო, ნახევრად ბნელი დერეფნით. ერთი ოთახის მთელ კედელზე განთავსებული უჯრები მაცივართან იყო მიერთებული და მათში გვამებს ინახავდნენ. მეორე ოთახში პროზექტურა იყო მოწყობილი. 

ბუჩი დერეფანში იჯდა, არც კითხულობდა, არც რადიოს უსმენდა... უბრალოდ, იჯდა და მოთმინებით ელოდა გათენებას, რომ სახლში წასულიყო. კლაივისა და ჟურნალისტების დანახვაზე წამოდგა.

– ბუჩ, ჩემო კარგო. იმ გვამის ნახვა მინდა, მეთერთმეტე კაბინაში რომ არის მოთავსებული. მგონი, ის ბიზნესმენი უნდა იყოს, გასულ კვირას რომ დაიკარგა. მინდა დავხედო. ინფორმაცია უნდა გადავამოწმო.

– თერთმეტი ნომერი? ახლავე, მისტერ კლაივ, – ბუჩმა გასაღებების აცმა აიღო და უჯრებისკენ წაჩანჩალდა. გვამს თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. კლაივმა გადახადა და ვითომ ყურადღებით დააშტერდა. მეორე ჟურნალისტმა, როგორც გაფრთხილებული იყო, ბუჩი გვერდზე გაიხმო.

– გაკვეთის ოქმიც მოგვიტანე, რა... ვნახავთ სიკვდილის მიზეზს. ბუჩმა ამოიოხრა და დავალების შესასრულებლად წავიდა... ორ წუთსაც არ გაევლო, რომ ჟურნალისტებმა ხმამაღლა გასძახეს.

– აღარ მინდა, ბუჩ... კლაივმა თქვა, რომ ეს ის ტიპი არ არის. ჩვენ მივდივართ და შეგიძლია, გვამი თავის ადგილას დააბრუნო.

ჟურნალისტები იქვე, კუთხეში მიიმალნენ და ჩუმი ხითხითით დაელოდნენ, რა მოხდებოდა. ბუჩი ყუთს მიუახლოვდა. უცებ თეთრი ზეწარი დაცურდა და გვამი – იგივე კლაივი ნელ-ნელა წამოჯდა. ცუდი განათება და ცუდი მხედველობა ბუჩს ხელს უშლიდა, მიცვალებულის სახე გაერჩია... თან, შიშისგან ლამის ენა ჩაუვარდა. გაქვავებულივით იდგა და პირდაღებული მძიმედ სუნთქავდა. კლაივმა ესეც არ იკმარა... არაამქვეყნიური ხმით დაიწყო:

– სად ვარ?.. რა... რა გამიკეთეთ... მე ხომ ცოცხალი ვარ, რატომ მკლავთ...

ბუჩისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა. არაადამიანური ხმით იბღავლა, გადარეულივით გაიქცა კიბეებისკენ, თან მორიგე ოფიცერს ეძახდა. კლაივი სიცილით წამოხტა. ზეწარი გვამზე მიაგდო და სათადარიგო კიბით სამივე სამორიგეოში დაბრუნდა... ათ წუთსაც არ გაევლო, რომ ცარცივით გათეთრებული ბუჩი მათთან შევიდა.

– ძალიან ცუდად მოიქეცით, მისტერ ბრადლი. შიშით კინაღამ მოვკვდი, – ნაწყენი, თუმცა შედარებით მშვიდი ხმით წარმოთქვა მან, – ოფიცერი მაშინვე მიხვდა, რომ ეს თქვენ მოიმოქმედეთ და ძალიან გაბრაზდა. თქვა, თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, უფროსობას ვაცნობებ და მაგათი ფეხი აქ აღარ იქნებაო... ავადმყოფი ცოლი მყავს. პენსია ძალიან ცოტაა... ასე რომ, ნუღარ გამეხუმრებით, ძალიან გთხოვთ...

კლაივ ბრადლი განყოფილებიდან ღამის ორ საათზე გავიდა... ისევ ცელქობის განწყობაზე იყო.. იქვე ახლოს, პატარა ბარში შევიდა და ვისკი შეუკვეთა. ბარში თითქმის არავინ იყო. მხოლოდ ოდნავ მოშორებით იჯდა ვიღაც გასაცოდავებული ტიპი. დაბალი და თავმოტვლეპილი. ღია სანდლები ეცვა და რაღაცაზე ფიქრობდა. კლაივმა, ვითომ შემთხვევით, იატაკზე სანთებელა დააგდო და მის ასაღებად დაიხარა. ჯიბიდან შეუმჩნევლად ამოიღო ასანთი, ორი ღერი ტიპს შიშველი ფეხის თითებს შორის  ჩაურჭო და მოუკიდა... მერე სწრაფად წამოდგა, ეფექტი წარმოუდგენელი იყო. საწყალი დამდუღრულივით წამოხტა და ადგილზე დაიწყო ხტუნვა, ცეცხლი რომ ჩაექრო. ისეთი განწირული, შეშინებული სახე ჰქონდა, ბრადლი ჩაბჟირდა სიცილისგან... მაგრამ ხუმრობა ძალიან ძვირად დაუჯდა. ასანთი ჩაქრა და გაცოფებული უცნობი, ჩასისხლიანებული თვალებით მისკენ შემობრუნდა.

– ნაბიჭვარო! – დაიყვირა და ყბაში ისეთი ძალით ამოარტყა მუშტი, კლაივი იატაკს მოსწყდა, ჰაერში ავარდა და ბარის სკამს ზურგით დაენარცხა. გაიგონა, როგორ გაიღრჭიალა ძვლებმა ხერხემალში და გონება დაკარგა...

– მგონი, მოკალი ნაბიჭვარი, – ბარმენი შიშით  დააშტერდა ჟურნალისტის უსულო სხეულს.

– მოვკალი? შეუძლებელია. მხოლოდ ერთხელ დავარტყი.

– ჰო, მაგრამ, როგორი ძალით. შენი მუშტი რკინასავითაა. რა ვქნათ ახლა? პოლიციასთან პრობლემები არ მჭირდება.

– მისი ბრალია. რა უნდოდა ჩემგან? თანაც, ეს უბედური შემთხვევა იყო. მისი მოკვლა აზრადაც არ მქონია.

– იცი, რა ვქნათ? სანამ ვინმეს უნახავს, გარეთ გავათრიოთ და თხრილში ჩავაგდოთ. მოიცა, ჯიბეები ამოუსუფთავე... ვითომ ვიღაცამ გაძარცვის მიზნით მოკლა...

კლაივი გონს ქუჩაში მოვიდა... სიცივემ გამოაფხიზლა. მაგრამ არც ხმის ამოღება შეეძლო, არც ხელ-ფეხის განძრევა. თვალებსაც ვერ ახელდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა.

– საცოდავი, მოუკლავთ... ალბათ, მძარცველები დაესხნენ თავს... სასწრაფოს გამოვუძახოთ, თუ განყოფილების მორგში მივიტანოთ?

– სასწრაფო რად უნდა, ვერ ხედავ, რომ პულსი არ ესინჯება? საბუთებიც არაფერი აქვს, რომ გავიგოთ, ვინ არის... მორგში მიხედავენ...

ხმები მიჩუმდა. ბრადლიმ იგრძნო, რომ ასწიეს და სადღაც წაიღეს. მოძრაობას უნარი ისევ არ ჰქონდა, მაგრამ ყველანაირად შეეცადა, ტუჩები მაინც აეცმაცუნებინა და რაღაც ხმა ამოუშვა. იმედი ჰქონდა, რომ მორგში ბუჩს მაინც მიახვედრებდა, რომ ცოცხალი იყო... თვალები რომ გაახილა, დაინახა ნაცნობი, პატარა ოთახი და ბუჩი, რომელიც შიშველ ფეხზე ნომრიან ჟეტონს აბამდა. მოხუცს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იწვა მის წინ.

რეპორტიორმა მთელი სხეული დაძაბა, უკანასკნელი ღონე მოიკრიბა და დაიძახა: „ბუჩ... ბუჩ... მე ცოცხალი ვარც... ცოცხალი... გამოიძახე ექიმი და ოფიცერსაც დაუძახე...“

ბუჩი შეკრთა, თითქოს რაღაც მოესმა... ყუთთან უფრო ახლოს მივიდა და უსულო სხეულს დააშტერდა...

„...ბუჩ... მე ცოცხალი ვარ... ცოცხალი...“ – ოდნავ გასაგონი ხმით ჩიფჩიფებდა რეპორტიორი... დარაჯმა თავი გადააქნია.

– ეჰ, მისტერ ბრადლი... ხომ გთხოვეთ, ასე სულელურად ნუღარ იხუმრებთ-მეთქი... ასე როგორ შეიძლება? სამი საათიც არ გასულა და იგივეს აკეთებთ. მაგრამ ამჯერად აღარ გაგივათ. აღარ ავყვები თქვენს სისულელეებს, მორჩა. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე. ამ სიტყვებით ბუჩმა ბრადლის ზეწარი გადააფარა, ყუთი მაცივარში შეაგორა, კარიც დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო... მერე მშვიდად ჩამოჯდა სკამზე და გათენებას დაელოდა...

 

 

скачать dle 11.3