ყველა კაცი ერთნაირია
სახიფათო თამაშები
ნინი უხერხულობას გრძნობდა, როცა უნებლიეთ თომას მზერას იჭერდა და თავისდაუნებურად წითლდებოდა. ინანა კიდეც, ბრმად და მიამიტურად რომ ჩაერთო ლიზის წამოწყებულ თამაშში, მაგრამ, ახლა უკვე გვიან იყო თითზე კბენანი. ბორბალი დაიძრა და მიგორავდა. მოვლენები თავისით უნდა განვითარებულიყო – ინერციით და ავტომატურად. ჯერჯერობით საშიში არაფერი ჩანდა, მაგრამ, სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აფეთქებულიყო... ნინი გრძნობდა ამას და თავი დამნაშავედ მიაჩნდა ბიჭის წინაშე, რომელიც არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა ნინის თხოვნას.
– იცი, როგორ ვნერვიულობ? – გადაულაპარაკა ლიზას ნინიმ, – აი, ძალიან, რა... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. დღეს თომა კაფეში პატიჟებს ქეთის... იცოდე, რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, ვერ გადამირჩები.
– ნუ კანკალებ და ნუ მემუქრები. არაფერი მოხდება, შეგიძლია, მშვიდად იძინო. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად მიდის – თომამ იმედები გაამართლა. მართალი გითხრა, არ ველოდი.
– შენ ამ თამაშით ერთობი, მე კი ღამეები არ მძინავს. არ უნდა დაგთანხმდებოდი. ვნანობ. ჩემს „ნატურაში“ არ ზის ასეთი სახიფათო თამაშები.
– ვაიმე, პანიკაში ნუ ჩავარდები, რა... რა გჭირს? მოეშვი და სიამოვნება მიიღე. რა გინდა, თომას ჰყვარებიხარ – ამაში უკვე დავრწმუნდით.
– სულაც არ მჭირდებოდა ამაში ასეთი ფორმით დარწმუნება. თუ თომას ქეთის ქმარი პრობლემებს შეუქმნის, მერე ნახე... – ტუჩები გაბუსხა ნინიმ, – არადა, გული მიგრძნობს, რომ ასეც მოხდება.
– გოგო, რას ყრანტალებ ყვავივით, რამე კარგი თქვი!
– მაგალითად?
– მაგალითად, როგორ წაიყვანს კაფეში დღეს ქეთის თომა და, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდება.
ნინიმ ამოიოხრა:
– უჰ, სწორედ ამ „რა მოხდებას“ წარმოდგენა არ მინდა.
– სამაგიეროდ, თომა გრძნობს თავს რაინდივით. შეხედე, სულაც არ გამოიყურება დაჩაგრულივით ან შეშინებულივით.
– ჰმ, ხომ არ შეიმჩნევს?
– რა იყო, გითხრა რამე?
– რა სისულელეა, რას მეტყოდა?! მაგიტომაც უფრო ვგრძნობ უხერხულად თავს.
– ოო... გეყოფა. უკვე დამღალე. ხომ იცი, ჩემთვის უარყოფითი ემოციები კატეგორიულად აკრძალულია.
– შენი ბრალია, თამაში შენი დაწყებულია. კეთილი ინებე და პასუხისმგებლობაც თანაბრად გაიზიარე.
– პროკურორივით ნუ მელაპარაკები. რა პასუხისმგებლობა, რის პასუხისმგებლობა! კეთილ საქმეს ვაკეთებთ. მადლობის მეტი რა ეთქმით?!
– ვისგან ელოდები მადლობას?
– როგორ თუ ვისგან... თომაც მადლიერი უნდა იყოს, ქეთიზე რომ არაფერი ვთქვა.
– ჯერ დაუბრუნდეს ქმარი, – სარკასტულად ჩაიცინა ნინიმ. ლიზამ წარბის აწევით გადახედა:
– ჰმ, შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?! ესე იგი, ცუდად მიცნობ.
– შენ რა შუაში ხარ, მე ქეთის ქმარში მეპარება ეჭვი.
– სულ ტყუილად, სულ ტყუილად, – გადაიკისკისა ლიზამ, – ნახავ, როგორ მოცუნცულდება.
– რაღაც ჯერ არ ჩანს.
– მერე რა? მოვა დრო და მოცუნცულდება.
თომამ რამდენჯერმე გახედა მოსაუბრეებს.
– გოგო, შენს რაინდს რაღაც უნდა... ისე გიყურებს, როგორც კატა ხორცის მსუქან ნაჭერს.
– რა უცნაური ლაპარაკი იცი, – ეწყინა ნინის, – რა შედარებაა ახლა ეს? რამე უფრო ნორმალურს ვერ შემადარე?
– ნინი, რა დღეში გაქვს ნერვები? – შეიცხადა ლიზამ, – ასე არ შეიძლება. ყველაფერი კარგად არის, დამიჯერე.
– ჰო, არა?! საინტერესოა, საღამოს რაღას იტყვი, ქეთის ქმარი რომ მოგვივარდება კაფეში.
– არავინ არავის არ მიუვარდება – ეს ერთი, მეორეც, – კაფეში აპირებ წამოსვლას?
– რატომაც არა? შენც წამოდი. სადმე მოშორებით დავსხდეთ და ვნახოთ, რა იქნება.
ლიზა შეყოყმანდა.
– იცოდე, უარს არ მივიღებ, – გააპროტესტა ნინიმ, – თომას მარტო ვერ გავუშვებ. ხომ გესმის?
– რა იყო, არ ენდობი? ნუ გეშინია, ქეთი არ მოგტაცებს მაგ შენს შეყვარებულს.
– ეგ რა შუაშია? ვინ გითხრა, რომ მაგის მეშინია, უბრალოდ, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მინდა, იქ ვიყო.
– აუ, მე ვერ წამოვალ... – შეიცხადა ლიზამ.
– რატომ?
– ლევანს რა ვუთხრა? გადაირევა.
– მერე, შენ ქმრის ჭკუაზე მოყვანა გაგიჭირდა? – დასცინა ნინიმ, – არ ვიცი მე, მოგიწევს წამოსვლა. რაც გინდა, ის უთხარი ლევანს და წამოდი.
ლიზა დაფიქრდა... ნინის ისეთი გაავებული სახე ჰქონდა, რომ მასთან კამათი ცოტა ხნით გადადო, უფრო შესაფერისი მომენტისთვის. თომამ კლიენტი გაუშვა, ადგა და ნინის მაგიდასთან მივიდა:
– შესვენება მაქვს. გავიდეთ, ყავა დავლიოთ.
ნინიმ ლიზას შეუბღვირა და წამოდგა:
– მინდოდა ყავა, დავლიოთ.
თომამ აპარატიდან ორი ჭიქა ყავა ჩამოასხა და ნინისთან მივიდა.
– დაგღალა, ხომ, ლაპარაკით? ლიზაზე გეუბნები... ვუყურებდი, ენა არ გაუჩერებია... რა უნდა შენგან?
– რა უნდა უნდოდეს... ვმეგობრობთ, – მხრები აიჩეჩა ნინიმ.
– მეეჭვება, ლიზას საერთოდ ჰქონდეს წარმოდგენა მეგობრობაზე, – გაეცინა თომას.
– რატომ? ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, შენ არ იცნობ ლიზას.
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა:
– ძალიან კარგად ვიცნობ. იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია, რაო, რას გეუბნება, თომა შენი შესაფერისი არ არისო?
ნინი გაწითლდა.
– რას ამბობ, საიდან მოიტანე...
– ნუ გგონია, სულელი ვარ და ვერაფერს ვხვდები. ლიზას მამაკაცების შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვს, რომელთა მიხედვითაც მე რეიტინგების ყველაზე დაბალ საფეხურსაც კი ვერ გავქაჩავ.
– შენთვის ამას მნიშვნელობა აქვს? უცნაურია... მეგონა, ლიზა არ მოგწონდა. ესე იგი, ვცდებოდი.
ნინის სიტყვებმა ბიჭი ააფორიაქა:
– ეგ როგორ მითხარი?! ლიზა არც მაინტერესებდა და არც მაინტერესებს. მის აზრს მნიშვნელობა მარტო იმიტომ აქვს, რომ შენზე ახდენს გავლენას თავისი სულელური თეორიებით.
– მე ჩემი აზრი მაქვს ყველაფერზე, ასე რომ...
– ჰო, მაგრამ, მაინც გაგაკეთებინა ის, რაც თავად უნდოდა, ხომ ასეა?
ნინი შეცბა:
– რას გულისხმობ?
– იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ლიზას იდეა იყო ჩემი იმ ქალთან დაკავშირება.
ნინის ლამის ყავა გადასცდა და დაახველა.
– მომისმინე, თომა... ქეთი ჩემი მეგობარიც არის. ძალიან მინდოდა, დავხმარებოდი. ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი, შენ რომ გაგრიე ამ ამბავში, მაგრამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია, უარი თქვა. ნუ წახვალ დღეს კაფეში მასთან ერთად. ყველაფერს გეფიცები, არ მეწყინება, – ნინიმ ჭიქა დადო და ოთახში დააპირა შესვლა. თომამ მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეაჩერა.
– აი, მაინც გეწყინა...
– არა... უბრალოდ, ვფიქრობ, ქეთის რა ვუთხრა.
– არაფერი. მე წავალ კაფეში. ამიტომ არ დამიწყია ეს საუბარი. მეშინია, ლიზამ უარყოფითად არ იმოქმედოს შენს გადაწყვეტილებაზე.
– რომელ გადაწყვეტილებაზე? – ნინი რაღაცას მიხვდა და შემცბარმა ბიჭს მზერა მოარიდა. თომამ გამბედაობა მოიკრიბა, გოგოს ორივე ხელი თავის ფართო მუჭში მოაქცია და მკერდზე მიიდო.
– რომ მიყვარხარ, შენ ეს უკვე იცი...
– თომა, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის...
ბიჭმა ამოიოხრა და ხელი გაუშვა. ნინიმ გაიღიმა:
– როგორი თბილი ხელისგული გაქვს...
– საუბრის თემას ცვლი? გასაგებია... ესე იგი, სერიოზულად არ აღმიქვამ. ტყუილად არ ვეჭვობდი.
– რას ეჭვობდი? შენ გგონია, მე გიყენებ? აუ, როგორ ვნანობ, რომ ამ ავანტიურაში გაგრიე. თურმე, რას ფიქრობ ჩემზე და ამ ყველაფერზე. ახლა უკვე მე თავად არ დავუშვებ, რომ ქეთისთან ერთად კაფეში წახვიდე. არ მინდა, ჩემზე ასეთი საშინელი წარმოდგენა გქონდეს.
– ნინი, ნუ ამბობ ასე. გეხვეწები... მართლა მიყვარხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ჩემთვის შენზე უკეთესი არავინ არსებობს... ერთადერთი, ის არ მომწონს, ლიზას ასეთი გავლენა რომ აქვს შენზე. ამ ქალზე ნამდვილად არ ვარ დიდი წარმოდგენის.
– ნახე, როგორ მსჯელობ? გინდა, შენ გადაწყვიტო, ვინ მეყოლება მეგობრად, მარტო იმიტომ, რომ ვიღაც არ მოგწონს? მგონი, ლიზა მართალია და ყველანი ერთნაირები ხართ, – გამწარდა ნინი, – შენც თუ აღმოჩნდებოდი ასეთი კაცების რიცხვში, ვერაფრით წარმოვიდგენდი!
– ნინი, გეხვეწები, დამშვიდდი, – თომა ძალიან შეწუხდა, – შენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია.
– ჰო, მაგრამ, მაწყენინე. ძალიან მაწყენინე... ვიცოდი, ვიცოდი, რომ სამაგიეროს გადახდას შეეცდებოდი...
– ვაიმე, ნინი... გავგიჟდები, იცოდე, რა სამაგიერო, რას ამბობ! თუ გინდა, გეტყვი, რატომ დაგთანხმდი ეგრევე, ისე, რომ არაფერი მიკითხავს... გინდა?
– რატომ დამთანხმდი? – ნინიმ საყვედურით შეხედა ბიჭს.
– იმიტომ, რომ, მეც მინდა, იმ ქალს ქმარი დაუბრუნდეს.
გოგომ ეჭვით შეიჭმუხნა წარბები.
– არ გჯერა? მართლა. ეტყობა, უყვარს თავისი ქმარი. სულ მასზე მელაპარაკება. თან, პატარა შვილიც ჰყოლიათ. თუ რამით დავეხმარები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– იმისთვის მზად ხარ, მისმა ქმარმა გაიგოს და საქმე გაგირჩიოს?
თომას გაეცინა. გულიდან ლოდი მოშორდა. გოგოს ირონიულმა ტონმა მიახვედრა, რომ ქარიშხალმა გადაიარა.
– ოჰო! საქმე აქამდე მივა? პრინციპში, მე არ მეშინია.
– სამაგიეროდ, მე მეშინია. არ მინდა, სიტუაცია გართულდეს და გამწვავდეს.
– ჩემზე ნერვიულობ? – გაიბადრა ბიჭი.
– ჰო. არ უნდა ვინერვიულო?
– რომ ინერვიულო, სწორედ ეგ არ მინდა. თუმცა, ვაღიარებ, მესიამოვნა. მაშინ, მე თვითონ წაგიყვან კაფეში.
– არა, ეგ არ გამოვა. ქეთისთან ერთად უნდა იყო. მე და ლიზა ცოტა ადრე მივალთ და იქ დაგხვდებით... და, კიდევ, ძალიან გთხოვ, ასე ნუ იჯღანები ლიზას ხსენებაზე. მისი აზრი ჩემზე ვერასდროს ვერ მოახდენს გავლენას, მით უმეტეს – ჩვენს ურთიერთობაზე.
– კარგი, ვეცდები, ლიზასაც გავუგო. კიდევ რას მიბრძანებს ჩემი ყველაზე ჭკვიანი და სასურველი ქალი?!
– ასე ნუ ლაპარაკობ, თორემ, გავბრაზდები. იცი, რა მინდა? შენ არ იყო ისეთი კაცი, რომელიც სხვებისგან არაფრით გამოირჩევა. არ მინდა, შენზე თქვან, ეგეც ყველასავით არისო.
თომა ჩაფიქრდა:
– მგონი, ვხვდები, რაც იგულისხმე და გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი სიყვარული დავიმსახურო...
***
ნატომ სიგარეტს მოუკიდა და სარკესთან მდგარ ქეთის ეჭვიანად გახედა:
– დღეს რამე ხდება? სადმე მიდიხარ?
– მე? რატომ მეკითხები?
– იმიტომ, რომ რაღაც სხვანაირად გამოიყურები. შესვენებაზე სალონში შეირბინე და თმა დაივარცხნე, ის კაბა გაცვია, განსაკუთრებით რომ გიხდება... თვალებიც სხვანაირად გიბრწყინავს... ერთი სიტყვით...
– ერთი სიტყვით, ცნობისმოყვარეობა გკლავს, – წინადადება აღარ დაასრულებინა ქეთიმ და ღიმილით განაგრძო, – ერთი სული გაქვს, გაიგო, ვინ არის ის კაცი, ვინც საღამოობით მაკითხავს და მას ხომ არა აქვს კავშირი ჩემს „გასხვანაირებასთან“.
– თუნდაც! – გულხელი დაიკრიფა ნატომ და გამომწვევად დაუდგა წინ, – ვინ არის ეგ კაცი?
– კაცი კი არა, ბიჭია, თანაც, საკმაოდ სიმპათიური და წესიერი.
– აჰა... მაგრამ, წესიერი ბიჭები გათხოვილ ქალებს არ ურევენ თავგზას. ქეთი, გონს მოდი, რამე სისულელე არ ჩაიდინო.
– გააჩნია, შენ რას ეძახი სისულელეს. ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, თუკი კარგი ნაცნობი საღამოს სახლში გამაცილებს.
– რად გინდა გაცილება, მანქანით დადიხარ! – აღშფოთდა ნატო, – პირდაპირ თქვი, რომ ეგ ვიღაც სიმპათიური ბიჭი მოგწონს.
– ჰო, მომწონს, მერე რა?! – ქეთის ლიზას დარიგება გაახსენდა და ბოლომდე გადაწყვიტა თამაში.
– დაგავიწყდა, ქმარი რომ გყავს?
– პირიქით, ძალიან კარგად მახსოვს და კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ, ცოტა გულს თუ არ გადავაყოლებ, ძალიან ცუდად ვიქნები. ვახოს თუ არ ვჭირდები, ამის გამო ტრაგედიას არ შევქმნი, არ ღირს. ახლა კი, მაპატიე, უნდა წავიდე, მელოდებიან, – ქეთიმ ჩანთა აიღო და დემონსტრაციულად გავიდა კლინიკიდან. ნატომ აღშფოთებით შემოჰკრა ხელს ხელი.
– ერთი უყურე ამას, რა დღეშია! არა, რაღაც უნდა ვიღონო, თორემ, ისეა აცუნცრუკებული, ლოგინშიც ჩაუწვება იმ ბიჭს...
– ჰო... რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა და ლაპარაკობს, – დაეთანხმა ლელაც და ამოიოხრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში