რა მოუწყო სპეცეფექტების ქართველმა ოსტატმა სოსო გვასალიამ ინდოელ ბელადს და რატომ წვავს ის ადამიანებს ცოცხლად
თანამედროვე კინო სპეცეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის გარეშე წარმოუდგენელია. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა რეჟისორები კონკრეტული მიზანსცენების გადასაღებად ძალიან მარტივ ილეთებს მიმართავდნენ. დღეს ნიუ-იორკის ქუჩებში 20-მეტრიანი ტალღის „გაჩენაც” შეიძლება და ზაფხულის თაკარა მზეში თავსხმა წვიმის „მოყვანაც”. მოკლედ, პიროტექნიკოსებს, რომლებიც სპეცეფექტების ოსტატებად ითვლებიან, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების წყალობით, ასეთი სასწაულების მოხდენა აღარ უჭირთ. სოსო გვასალიას, სპეცეფექტების ქართველ ოსტატს, საკუთარ სახელოსნოში ჯადოსნური სამყარო აქვს: წვიმის, ქარის, ნისლის მანქანები; აპარატი, რომელსაც ადამიანის გასროლა შეუძლია... მოკლედ, იმ ყველაფერზე, რაც ქართულ პიროტექნიკაში ხდება, თავად სოსო გვასალიასგან შეიტყობთ.
სოსო გვასალია: პროფესიით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემიის ხისა და ლითონის გამოყენებითი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათ შორის, ვისი დისერტაციის თემაც მინანქარი იყო. წლების განმავლობაში ვმუშაობდი მინანქარზე, ბევრი რამ დავხვეწეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ამ მიმართულებაში. კარგა ხანს „ვუბერავდი” მინანქარში, მაგრამ, მერე დადგა სხვა დრო. როცა პროფესიულ განათლებას ვიღებდი, საქართველოში პიროტექნიკა და სპეცეფექტები უცხო ხილი იყო. ჩვენთან სერიალების ბუმი დაიწყო თუ არა, მივატოვე მინანქარი. ქართველი კაცი, ხომ იცით, ათას რამეს მიედ-მოედება და მეც აღმოვჩნდი „ტელე-იმედში“, რომელიც ახალი გახსნილი იყო. ახალი დაქორწინებული ვიყავი, ოჯახს რჩენა უნდოდა. პირველი სერიალი, რომელშიც მოვხვდი, იყო „ყავა და ლუდი”, სადაც ხმის რეჟისორად ვიმუშავე. როცა სპეცეფექტების გადაღება დაგვჭირდა, მოიყვანეს დილეტანტი პიროტექნიკოსი, რომელმაც კასკადიორ დათო ხუბუას ისეთი აფეთქება გაუკეთა, ლამის ყელი გამოუწვა და თავი გაუგლიჯა. სწორედ იმ დროს დავინტერესდი სპეცეფექტებით. კომუნისტების დროს, ფილმების გადაღებებზე ისე აქტიურად არ სჭირდებოდათ სპეცეფექტები, როგორც ახლა, თანამედროვე კინოშია საჭირო, მაგრამ, დათა თუთაშხიას, ბაში-აჩუკის და სხვა ასეთი ფილმების გადაღებებზე ბათქა-ბუთქი იყო გადასაღები.
– დღეს, ალბათ, ბევრად წინ ვართ სპეცეფექტებში, ვიდრე ბაში-აჩუკის „ბათქა-ბუთქს” სჭირდებოდა.
– რა თქმა უნდა, შეიცვალა მასალები, წესები. მე თვითნასწავლი პიროტექნიკოსი ვარ, ინტერნეტით ვისწავლე ბევრი რამ. თავიდან ტანზე ტყვიის მოხვედრის ეფექტების გაკეთება ვისწავლე, ეს საკმაოდ იოლი იმიტაციაა: თუ იცი, რა დოზით უნდა დააყენო ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც კაპსულის სახით და დაცვით მაგრდება ტანსაცმელზე, – ბახ! – კაპსულა სკდება და სისხლის გასხმის ეფექტიც სახეზეა. ამაზე ცოტა არ მიწვალია, რა აღარ მოვძებნე მასალად, მათ შორის ისიც კი, ბავშვები რომ აფეთქებენ ახალ წელს. რას ვიზამდი, ყველაფერი საიდანღაც უნდა დაიწყო. მერე ნელ-ნელა ტექნიკის გაკეთება დავიწყე – გავაკეთე ქარის მანქანა, ქარის იმიტაციის შესაქმნელად. დაკვეთით ქარი არ ქრის და, გადაღებებზე ხომ გვჭირდებოდა ქარის შრიალი?! მანამდე უკვე მქონდა გაკეთებული წვიმის მანქანა, რომლისთვისაც ჩვეულებრივი პომპა გამოვიყენე, მერე ეს მანქანა გადავაკეთე და გადავაწყვე ქარის მანქანად. როცა ნისლი დამჭირდა, ნისლის მანქანაც „გამოვჭედე”. მანქანები ბლომად მაქვს, ასე რომ, ქარი, წვიმა და ნისლი პრობლემა არაა (იცინის). სპეცეფექტების ყველაზე დიდი გამოცდილება რენი ჰარლენის ფილმის გადაღების დროს მივიღე.
– ისეთ ბატალურ სცენებს, როგორიც ამ ფილმშია, თქვენი თვითნასწავლი სპეცეფექტები „ეყო”?
– მათ ჰყავდათ ჩამოყვანილი რუსი პიროტექნიკოსები, მაგრამ, აქაურებიც დასჭირდათ და მეც ამიყვანეს. ძალიან ბევრი სამუშაო იყო, დაახლოებით 12 ტონამდე ცემენტი ავაფეთქეთ წალკაში, ვაზიანში და გორში. ძალიან დიდი მასშტაბის სპეცეფექტები იყო საჭირო საომარი სცენებისთვის. ცემენტი აფეთქების დროს დიდ მტვერს წარმოქმნის და მიწის აფეთქების განსაკუთრებული ეფექტი იქმნება. ამ დროს ვერტმფრენების გადაფრენა და – ბუბუბუ! – უკვე მაგარი კადრია. ერთი დუბლის გადაღებას ერთი ტონა ცემენტის აფეთქება მოჰყვა, მეორე დუბლს მეორე ტონა და ასე „ვაგროვეთ“ ტონები, დანარჩენი კი უკვე მონტაჟის საქმეა (იცინის). აფეთქებებზე ჩვენთან, ძირითადად, კასკადიორები მუშაობენ, მსახიობს, შეიძლება, არ ჰქონდეს საჭირო ფიზიკური მომზადება. როლი ითამაშოს თუ იმაზე იფიქროს, როგორ გადავარდეს, რომ არაფერი დაიზიანოს და გადაღებების მიტოვება არ დასჭირდეს?!
– „ჩეპე“ არ გქონიათ?
– არა. ჩვენს საქმეში ყველაზე ცუდი ისაა, როცა დააწვები ღილაკს და „ბახ!“ არ არის (იცინის)
– ვაიდა, ძალიან აფეთქდა?!
– „ძალიან“ არ არსებობს. იმით განვსხვავდებით ჩვენ ჯარისკაცებისგან, რომ ისინი ძალიან აფეთქებენ. „აგვისტოს ხუთი დღის” გადაღებაზე ვერ მოვახერხეთ გორში ჩასვლა და ჯარისკაცებს ჩვენი დახმარების გარეშე მოუწიათ ავტობუსის აფეთქება. დოზა ვერ განსაზღვრეს და, ისე ავარდა ავტობუსი ჰაერში, ნახევარი საათი ცვიოდა ძირს ნაწილები (იცინის). ბოლივუდის ფილმის გადაღებაზეც ბევრი ვიმუშავეთ. ვიღაც ძალიან ცნობილი მსახიობი იყო ჩამოსული ინდოეთიდან, ჩინჩხაჩხუ ჰქონდა გვარი. ეს გვარი ინდოეთში ყოფილა როგორც ბელადთა გვარი. მერე იქ არჩილ მენაღარიშვილი იყო ჩასული და მაჩვენა კადრები, რა ხდებოდა ფილმის პრემიერაზე. ამ ჩინჩხაჩხუს ვეებერთელა სურათი ჰქონდათ ბილბორდზე, გვირგვინებით ადიოდა თურმე ხალხი და, როგორც ბელადს, ისე ეფერებოდნენ იმ ბილბორდს. აქ, თბილისში, შემთხვევით გადაგვეყარნენ ინდოელები და სულ ფეხები უკოცნეს თავის „ბელადს.”
– არ თქვა, რომ ინდოელების ბელადი ააფეთქე.
– მთლად მასე არ იყო, მაგრამ, მის ზურგს უკან ხოშიანი გრგვინვა გავაკეთე, თავისი მძაფრი ჩაცხრილვებითა და აფეთქებებით. ამ ფილმში კონტაქტური აფეთქებაც იყო, როცა მსახიობს ცეცხლი წაეკიდა.
– ნამდვილი ცეცხლი?
– კი, ცეცხლი ნამდვილია, მაგრამ შიგნით დამცავი სამოსი აცვია მსახიობს, ზედაპირზე კი სპეციალური ნაზავი უსვია, რომელსაც ცეცხლი არ „შეჰყავს” შიგნით, ოღონდ, ცეცხლი სწრაფად თუ არ ჩააქრე, შეიძლება დამწვრობაც კი მიიღოს. ასეთ დროს კასკადიორს ხელებსა და სახეზე სპეციალურ ჟელეებს ვუსვამთ, რომ ნაკლებად დაეწვას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა კასკადიორს ცეცხლი მართლაც მოჰკიდებია, ოღონდ, რა თქმა უნდა, მსუბუქად. საინტერესო სამუშაოა, მაგრამ, რისკიანი. სამუშაო არის, უამრავი რეკლამა კეთდება. ხან კინოში მეძახიან, ხან - კლიპებზე... ჩემს სახელოსნოში „ჯადოსნობები” ხდება, მაქვს მანქანა, რომლითაც კაცის გასროლა შეიძლება. ეს მექანიზმიც საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული – პლატფორმაზე დააყენებ კასკადიორს და – ფიუუ, – გაისვრის. მაქვს ელვის აპარატიც – ესეც საჭიროა. მთელი ჩემი ჰონორარები ამაში მიდის. მე რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობდე და ისეთი შეკვეთები მქონდეს, იმათ რომ აქვთ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ძალიან მაგარ სახელოსნოს გავაკეთებდი, ქარი და წვიმა სულ დონეების მიხედვით მექნებოდა. გადაღების დროს მაგარი წვიმა თუ არ მოიყვანე, შხაპუნა წვიმა კადრში არ ჩანს.
– შენ, როგორც მივხვდი, გამომგონებელიც ხარ. შენს საქმეში კაცმა ფიზიკა, ქიმია და მთელი რიგი მეცნიერებები უნდა იცოდეს.
– კი, ტექნიკური ცოდნა აუცილებელია კონსტრუქციების გასაკეთებლად. ამ წლებში ფიზიკაც კარგად ვისწავლე და ქიმიაც. ამდენი მანქანის გაკეთებას ბევრი დეტალის გათვლა უნდა. ჩემი მანქანები ვამუშავე ინგლისურ ფილმშიც, რომელიც დამოუკიდებელი სტუდიის დაკვეთით გადაიღეს.
– ჰოლივუდელმა და ევროპელმა პიროტექნიკოსებმა შენს სახელოსნოში რომ შემოიხედონ, ალბათ, ბევრს იცინებენ.
– ჩემი სახელოსნო, შეიძლება, ჰოლივუდურს არ ჰგავს, მაგრამ, არც ისე პრიმიტიულია. ახლა ფრანგები რომ არიან ჩამოსულები, ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ჩვენც ასე დავიწყეთო. მაგარი კაცი იყო ეს ჟორჟი. ჰაზანავიჩუსის ფილმზე იყო ჩამოსული, რომელსაც საქართველოში იღებენ. ფრანგებს ძალიან მოსწონდათ ჩემი სახელოსნო. აქ იმდენი დალიეს, რომ წასვლისას მომიტანეს მინიატურული სასწრაფო მანქანა, რომელზეც სიმბოლურად ლიმონათით სავსე შპრიცი იყო მიმაგრებული.
– თანამედროვე კინოში კომპიუტერული გრაფიკა არ ანაცვლებს პიროტექნიკოსის საქმეს?
– კომპიუტერული სპეცეფექტები ფილმისთვის აუცილებელია, მაგრამ, არის ნატურალური სპეცეფექტები, რომლებაც ჩვენ ვაკეთებთ – ისეთს, რომელთა ჩანაცვლებაც შეუძლებელია. კარგ გრაფიკას რა ჯობია, მაგრამ, ეს ძალიან რთულია და ძვირად ღირებული. წლების განმავლობაში მუშაობს ათასობით სპეციალისტი ამ გრაფიკის შესაქმნელად, მაგრამ, სახლს ნატურალური სპეცეფექტით ხომ ვერ „დაანგრევ”? ჩვენც დავანგრიეთ ახლა ფრანგულ ფილმში სახლი ვაზიანში – ავარიული სახლი იყო და, რა პრობლემაა... მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას აკეთებ. ნიუ-იორკის სცენებს, 20-მეტრიანი ტალღა რომ მოდის, გრაფიკის გარეშე ვერ გააკეთებ. მე, მაგალითად, უცხოურ ფილმებს ვეღარ ვუყურებ – უკვე მოსაწყენია, როცა იცი, რომელი სპეცეფექტი როგორი გაკეთებულია, შინაარსზე ვეღარ აკეთებ აქცენტს – მაინც სპეცეფექტებისკენ გაგირბის ყურადღება... ასეთია ჩვენი საქმე, რომელსაც დიდი ქვეყნების კინოინდუსტრიაში „ელიტურ დეპარტამენტს” უწოდებენ.