სწრაფი დიეტა
როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, სწრაფ დიეტებს ერთი სერიოზული მინუსი აქვს: დიეტის დასრულების შემდეგ სწრაფად ხდება წონის აღდგენა. მაგრამ, ხანდახან საჭიროება მოითხოვს, რამდენიმე დღეში მოვიშოროთ ზედმეტი ორიოდე კილოგრამი. თუ გაქვთ ნებისყოფა, ამ სამდღიანი დიეტის შემდეგაც შეიკავოთ თავი მძიმე კერძებისა და, საერთოდ, დანაყრებისგან, დაკლებული 2 კილოგრამი აღარ აღდგება. თუკი ერთკვირიანი შუალედის შემდეგ კვლავ გაიმეორებთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დიეტას, თქვენი წონა ისევ კლებაში წავა. ერთი სიტყვით, მთავარია მონდომება და ნებისყოფა.
დიეტის დროს აუცილებელია:
დილის სტარტი – იზრუნეთ თქვენს ბინაზე, სადაც ცხოვრობთ: გამოაღეთ ფანჯრები, რომ ოთახი დღის სინათლით იყოს სავსე. ნათელ ოთახში ორგანიზმიც იღვიძებს, ფხიზლდება და ადვილად განეწყობა სამუშაოდ.
ფიტნესი და მოძრაობა – ცხიმების „დასადნობად“ აუცილებელია დილას და საღამოს 10-10-წუთიანი ვარჯიში.
ვიტამინები – მიიღეთ დღეში 1 გრამი C ვიტამინი – ის ხელს უწყობს ცხიმების წვას (შეგიძლიათ, დრაჟე გამოიყენოთ, მაგრამ, უმჯობესია, თუ გრეიპფრუტსა და ანანასს მიირთმევთ).
წყალი – ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად აუცილებელია, დღეში 1-2 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი დალიოთ.
გახდით ძილში – დაძინებამდე 1 საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა უცხიმო რძე – ეს ხელს შეუწყობს ღამის განმავლობაში, ძილის პროცესში, თვალსა და ხელს შუა „შემოგადნეთ“ ზედმეტი ცხიმები.
ბოსტნეული – „მიაწექით“ მწვანე და წითელ ხილსა და ბოსტნეულს.
მენიუ 1 დღისთვის
საუზმე – მიუსლი ხილით: 1 ცალი კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, 100 გრამი ყურძენი, 100 მილილიტრი იოგურტი, 50 გრამი „ჰერკულესის“ ბურღული, 1 სადილის კოვზი თაფლი ერთმანეთში აურიეთ, დადგით 10-15 წუთი და მერე მიირთვით.
სადილი – ხაჭო ხილით: 150 გრამი ხაჭო, 1 ცალი პატარა ვაშლი (დაჭრილი), 1 ცალი საშუალო ზომის მსხალი (დაჭრილი), 50 გრამი მანგო (დაჭრილი), 20 გრამი „ჰერკულესი“ გაურიეთ ერთმანეთში და 10 წუთის შემდეგ მიირთვით. შეგიძლიათ, შეიტანოთ „ხლებცის“ 2 ცალი ფირფიტა.
სამხარი – ხილისა და ბოსტნეულის სალათა: 1 ცალი მოზრდილი კივი (გათლილი და დაჭრილი), 1 ცალი მომცრო ზომის ვაშლი (დაჭრილი) და 1 ცალი პატარა მსხალი (დაჭრილი) შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით პატარა ლუკმებად.
ვახშამი – წყლითა და ფქვილით მომზადებული ბლინი, ცოცხალი ხილფაფის შიგთავსით – 2-3 ცალი.