ადამი და ევა
სტაბილიზაციის ეტაპი
ცხოვრება სავსეა უსიამოვნო მოულოდნელობებით. წინასწარ არავინ იცის, როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე. ახლა თუ კარგად ხართ და თავდავიწყებამდე გიყვართ ერთმანეთი, არ არის გამორიცხული, ხვალ განშორების მომენტი დადგეს. ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სიტუაციებისთვის მზად იყოს.
განშორებისგან მიღებული სტრესი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. ამან შესაძლოა, გასტანოს ერთი, ორი, სამი კვირა ან რამდენიმე თვეც კი. მოვლენებს ვერც დააჩქარებ, ვერც შეანელებ. ყველაფერი ბუნებრივად ხდება. ინდივიდუალურად და სპეციფიკურად... ზუსტად ისე აალდება ხოლმე და იწვის ემოციების კოცონი, როგორც ჩვეულებრივი ხის ტოტების. საჭიროა, ბევრი ენერგია და მცდელობა, რომ შევძლოთ ჩვენი ემოციების მართვა.
არსებობს ერთი – სტაბილიზაციის ეტაპი, რომელიც გარდაუვალია ყოველი განშორებისას. ეს არის დრო, როცა სტრესით დაღლილები ნელ-ნელა ვეგუებით ახალ მდგომარეობას და ვცდილობთ, მივიღოთ ახალი რეალობაც. უებარი წამალია აკეთო ჩვეული რაღაცეები განსხვავებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ შეცვალო დღის განრიგი, რეჟიმი და გართობის სტილი. აუცილებელია გაერთოთ, თუმცა ჭკვიანურად. დადგა დრო, ლიმონისგან ლიმონათი გააკეთოთ – ეს ხუმრობით. ისე კი, პოზიტივს ყველაფრისგან და ყველაფერში იპოვით. მთავარია, შეწყვიტოთ გლოვა, თვითგვემა და იფიქროთ მხოლოდ საკუთარ „მე“-ზე. აღარ გაფლანგოთ დრო იმ ადამიანის გამო, ვინც არ იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
სტაბილიზაციის ეტაპი მოიტანს აღმავლობის ეტაპსაც, რასაც დამსახურებული ბედნიერებაც მოჰყვება.
ზღაპრები... ზღაპრები...
ზღაპრებს ბავშვობაში ყველანი ვუსმენდით. დიდებიც არ ვამბობთ უარს, რომ ზოგჯერ, თუნდაც მცირე ხნით დავბრუნდეთ ბავშვობაში. გავიხალისოთ და გავიფერადოთ ნაცრისფერი ყოველდღიურობა. მაგრამ... ზღაპრებზე მეტისმეტი აყოლიება სასურველი არ არის. მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ. ასევე, ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე. განსაკუთრებით იმათზე, ვისთვისაც ოცნება დამახასიათებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როცა უკვე დიდები და დაბრძენებულები ვართ, ანუ გვაქვს საკუთარი რეალობა, არცთუ იშვიათად, იმ რეალობისკენ მივიწევთ, რომელსაც ზღაპარი გვთავაზობდა. შეიძლება თქვათ, რა არის ამაში ცუდიო... ცუდი ის არის, რომ რეალობასთან აცდენას ყოველთვის სავალალო შედეგებამდე მივყავართ. გვიჩნდება შიშები არარსებული საფრთხეების მიმართ. ასევე, იმ წვრილმანების მიმართ, რომლებიც მუდმივად ჩნდება ყოველდღიურობაში.
ზღაპარში „ჩარჩენას“ კიდევ ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს: ის მუდმივი მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. გვაკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და უმოქმედობისკენ გვიბიძგებს.
დროა, ზღაპრები ბავშვებს დავუტოვოთ და ვეცადოთ, ისინიც მეტისმეტად არ გავხვიოთ ამ ჯადოსნურ, გამაბრუებელ სამყაროში. თავიდანვე აუხსენით მათ და შესაბამისად, განუმარტეთ საკუთარ თავსაც, რომ ზღაპარი კარგია, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი, ინდივიდუალური რეალობა აქვს...
ასეთი მინდა
როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს უფრო ხშირად? – ერთი შეხედვით, თითქოს ისე ჩანს, კაცისთვის ქალის შეფასების მთავარი კრიტერიუმი მისი გარეგნობაა. გრძელი ფეხები, მკერდი, თეძოები და ასე შემდეგ. მაგრამ ხასიათს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებია, მით უფრო, როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობას ეხება.
ფსიქოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კაცისთვის მეუღლედ მისაღებია ქალი, რომელიც ახლოს იქნება დედამისის სტერეოტიპთან. მაგრამ რეალობა ჯიუტად ამტკიცებს: მამაკაცები სულ უფრო ხშირად ებმებიან ავანტურისტი, პრინციპული, უშიშარი, ჯიუტი, ტემპერამენტიანი და ჭკვიანი ქალების ბადეში. ერთგულება, სიკეთე, მორიდებულობა და კეთილშობილება სულაც არ არის თვალშისაცემი ღირსებები. როგორც წესი, ხშირად ამ თვისებებით გამორჩეული ქალები ჩრდილში რჩებიან ხოლმე. მამაკაცი ბუნებით მონადირეა და წარმოუდგენელია, არ მოსწონდეს აქტიური, მიზანდასახული, უშიშარი და მოქნილი პარტნიორი.
ასე რომ, დროა, დაიწყოთ საკუთარი თავისთვის და საკუთარი სურვილებისთვის ბრძოლა. დაცვა სჭირდება როგორც თქვენს ცხოვრებისეულ არჩევანს, ისე თქვენს სიყვარულს. მამაკაცმა შესაძლოა, არ დააფასოს ეს, მაგრამ დაგემორჩილებათ და დაგნებდებათ. ანუ, მიზანი მიღწეული იქნება. მამაკაცი აუცილებლად იტყვის: აი, ასეთი ქალი მინდა და არავის დაუთმობს თქვენს თავს.
ბრძოლა წესების გარეშე
„ძვირფასო, ჩვენ ხომ არასოდეს ვიჩხუბებთ?!“ – გულუბრყვილო შეკითხვა, ზოგჯერ სერიოზულ „აფეთქებებს“ იწვევს. თანაც მთვარეზე კი არა, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ფაქტია, რომ მამაკაცები და ქალები ვერასოდეს იცხოვრებენ მშვიდად და ჰარმონიულად ერთ სივრცეში. რამდენი კვლევაც უნდა ჩატარდეს, რამდენიც უნდა ვიჩხუბოთ და ვიკამათოთ, რაც არის, იმას ვერსად წავუვალთ. შედეგი ყოველთვის ერთნაირი იქნება: ძლიერი სქესის წარმომადგენლები აშკარად ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ქალებზე ჭკვიანები, წარმატებულები და ძლიერები არიან. სამწუხარო ის არის, რომ ამ უპირატესობებს ერთპიროვნული ლიდერობისთვის ბრძოლაში იყენებენ. არ უნდათ, დაინახონ უამრავი წარმატებული ქალი, რომელიც მათ არაფრით ჩამოუვარდებათ. სხვათა შორის, მამაკაცები დიდი ხანია, კარგავენ ლიდერის პოზიციებს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ტექნიკურ სფეროებში. საზოგადოებაში ქალის როლი ისეთი გააქტიურებულია, როგორც არასოდეს და ამით საზოგადოება მხოლოდ იგებს.
თქვენ როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის შესახებ კაცებმა არ იციან? რა თქმა უნდა, იციან და ბრძოლას აკრძალული წესებით განაგრძობენ. სულაც არ ცდილობენ, შეინარჩუნონ ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელი ღირსება. სამწუხაროდ, მამაკაცებს ავიწყდებათ, რომ ქალები არასოდეს ჩაებმებიან ბრძოლაში იმ კაცის წინააღმდეგ, რომელსაც რაინდის თვისებები აქვს!