როდის ხდება ადამიანის ნააზრევ-ნაფიქრალის რეალურ ცხოვრებაში ახდენა და რატომ არის საშიში საცხოვრებელში უცხო ნივთის აღმოჩენა
სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ ბოროტი ადამიანები. ბევრი ამას გაჭირვებულ ყოფას, მოუწყობელ კარიერას თუ პირად ცხოვრებას აბრალებს. ფაქტია, ირგვლივ ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია ტრიალებს, იმატა შურმა და ღვარძლმა. სწორედ ამის დასტურია ამდენი მკვლელობა, დაჭრა თუ სამაგიეროს სხვადასხვა ფორმით გადახდა. როგორ დავიცვათ თავი ბოროტების, ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან და რა მოვიმოქმედოთ, რომ შევიმსუბუქოთ ყოფა, ამ თემებთან დაკავშირებით ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო გვესაუბრება.
ნინო: სამწუხაროდ, ბოლო დროს სამყაროში ცუდი ენერგიების შემოდინებამ იმატა, რაც ყველას დისკომფორტს უქმნის. ასევე, ბევრს ლაპარაკობენ წინასწარ განზრახულ ჯადოქრობაზე, უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნივთების ზეგავლენაზე და ასე შემდეგ. მეც ბევრი მეკითხება, რა გავაკეთო, ცხოვრება რომ შევიმსუბუქოო.
– ეს რეალური კითხვაა, არ მეთანხმებით?
– გეთანხმებით და იმასაც გეტყვით, რომ, თუ გეცოდინებათ, რა არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ თქვენს ირგვლივ, მაშინ საკმაოდ ადვილად შეძლებთ, პრობლემები და გაუგებრობები აიცილოთ თავიდან. მაგალითად, თუ საცხოვრებელში რამე არაბუნებრივი შეამჩნიეთ, ან, ისეთი ნივთი ნახეთ, რომელიც ადრე არასდროს გქონიათ, სასწრაფოდ იმოქმედეთ. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნივთმა, შესაძლოა, დიდი უბედურება მოგიტანოთ. არ არის გამორიცხული, ის უარყოფითი ენერგიით იყოს დამუხტული და რომელიმე ბოროტმა ადამიანმა თქვენს საცხოვრებელში შემოიტანა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრების თავდაყირა დაყენებაში სწორედ მსგავსი ნივთი იყოს დამნაშავე. ახალგაზრდობაში ერთი მეგობარი გოგონა მყავდა. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით და სულ ერთად ვიყავით. ერთი ბიჭი უყვარდა და მას უნდა გაჰყოლოდა ცოლად. თითქმის ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ, ბოლო წუთს იმ ბიჭმა გადაიფიქრა და სულ სხვა შეირთო ცოლად. რამდენიმე დღეში, ჩემმა მეგობარმა სახლში იპოვა პატარა ხის სათამაშო, რომელიც ადრე არასდროს ჰქონია. მაშინვე წაუღო ის ერთ-ერთ მკითხავს, რომელიც ჩვენს უბანში ცხოვრობდა და განთქმული იყო თავისი წინასწარმეტყველებით. სწორედ იმან უთხრა, ეს ხის სათამაშო ნეგატიური ენერგიით არის გაჟღენთილი, ანუ, მოჯადოებულია და მხოლოდ შენზეა მომართული – ბოროტებით უნდა, რომ ბედი ჩაგიკეტოსო. მაშინ უარყოფით ენერგიებზე არაფერი მსმენოდა, ჯადოც გამოგონილი მეგონა. მაგრამ, ფაქტია, დღეს მის ბოროტებას ბევრი აღიარებს და, მათ შორის – მეც. ასე რომ, თუ სახლში ნახავთ ისეთ ნივთს, რომელიც არც თქვენ გეკუთვნით და არც ოჯახის რომელიმე წევრს, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან. კარგია, თუ სახლში ხშირად დაანთებთ იისფერ სანთლებს და ფანჯრებს გააღებთ – მის კვამლს, ბოროტი ენერგიაც გაჰყვება და საფრთხეც მცირდება, ამით კი გარანტირებული გექნებათ წარმატებული და მშვიდი ცხოვრება და ვერც ბოროტი ძალები მოგერევათ.
– ძველი ხალხისგან გამიგია, რომ, თუ საცხოვრებელში უცხო ნივთს ნახავთ, ის ცეცხლის ალზე მოატარეთ და მისი უარყოფითი ენერგია განეიტრალდებაო. ამაზე რას იტყვით?
– დიახ, უცხო ნივთი ცეცხლის ალზე უნდა მოატაროთ და მერე გამდინარე წყალში მოისროლოთ. ამით მასზე დამუხტულ ნეგატიურ ენერგიას აიცილებთ, რომელიც თქვენზე ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრზეა მიმართული.
– იმასაც ხომ ამბობენ, რომ ადამიანები საკუთარ თავს თავადვე აპროგრამებენო. ეს როგორ ხდება?
– მართალია, ადამიანები თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს და მერე გვიკვირს, ეს რატომ დაგვემართა. უფრო სწორად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ ბევრ რამეს ვგეგმავთ. არადა, სწორედ, ამით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს ხან გააზრებულად, ხან – გაუაზრებლად. დაპროგრამება კი, ხდება, მაგალითად, წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, დიდ სიხარულსა თუ მწუხარებაზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე. ალბათ, გსმენიათ, რომ ადამიანის აზრსას და ფიქრსაც კი, მატერიალიზების უნარი გააჩნია. შთაგონებით, შესაძლოა, ადამიანმა საკუთარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს რაიმე კონკრეტულზე უთქვამს, ოღონდ ახლა ეს გავაკეთო და მერე თუ გინდა მოვკვდეო. გაითვალისწინეთ, ასე არასდროს არ უნდა თქვათ, რადგან, ბევრს ეს ნათქვამი თუ ნააზრევ-ნაფიქრალი რეალურ ცხოვრებაში ახდენია და მართლაც უმიზეზოდ გარდაცვლილა. არადა, მერწმუნეთ, ასე საკუთარ ცხოვრებას ბევრი გეგმავს, ანუ, წარმატებას სიკვდილზე აპროგრამებს და შემდეგ უხდება კიდეც. ასე რომ, გაუაზრებელმა ფიქრმა, შესაძლოა, ადამიანის ბედი უკუღმართად შეცვალოს. სხვისი დაცინვა ან ბოროტად ნათქვამი სიტყვაც ბუმერანგივით გვიბრუნდება. ანუ, როდესაც ადამიანი სხვაზე გაუაზრებლად, თუნდაც ხუმრობით იტყვის რამეს, ის საკუთარ თავზე აუხდება. რასაკვირველია, შეიძლება ეს, ერთ საათში, ერთ დღეში და ერთ წელში არ მოხდეს, მაგრამ, მომავალში აუცილებლად ახდება. ალბათ, ხშირად გსმენიათ: „რომ მოვკვდები, მერე დავისვენებ”; „ნეტავ, მე მიმაღწევინა მაგის წლოვანებამდე”, „ნეტავ არ გადავბერდე და ახალგაზრდა წავიდე ამქვეყნიდან, რომ გული დასწყდეთ ჩემზე, გულიანად დამიტირონ”; „ნეტავი კიდევ 30 წელი მაცოცხლა და მეტი არ მინდა”; „ნეტავ, სამოცდაათ წელს მივაღწიო და მერე სიკვდილს ხელგაშლილი შევეგებები” და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამები ქვეცნობიერში არ იკარგება, ის იბეჭდება, სადაც საჭიროა და მერე მუშაობს. ამით ადამიანი აპროგრამებს თავს და შემდეგ ეს პროგრამა იწყებს ამოქმედებას ისე, როგორც ადამიანმა გაუცნობიერებლად იწინასწარმეტყველა.
– არადა, თითქოს სპეციალური პროგრამა ადამიანს წინაპრებისგან კარმულად გადაეცემა და ის მთელი ცხოვრება მოქმედებს. გამოდის, რომ ეს ასე არ არის?
– როცა ქალის ორგანიზმში ახალი სიცოცხლე ისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრების პროგრამა – თუ როგორი ბედი უნდა ჰქონდეს, რა ნიჭით დაჯილდოვდეს, როგორი ცხოვრება ექნება და ასე შემდეგ. ამ პროგრამას კი დედის მუცელში ჩასახული პაწაწინა არსება ენერგეტიკის სახით იღებს. ეს ენერგეტიკა ინფორმაციის მატარებელია და, რასაკვირველია, მუცლად ყოფნის დროს წინაპრებისგან ჩვენზე გადმოცემული პროგრამა მთელი ცხოვრება გაგვყვება, ასე ვთქვათ, ის ჩვენს ცხოვრებას მართავს. ერთი ნათესავი მყავს და, რაც თავი მახსოვს, სულ იწყევლება. შენიშვნას რომ ვაძლევთ, ეცინება – მე ასე ვიცი ბრაზის გამოხატვაო. სულ მარწმუნებდა, როცა ადამიანი თავის დაბადების დღეს წყევლის, არაფერიც არ ემუქრება, უბრალოდ, სიტყვებში თავის დარდს აყოლებს და ხმამაღლა ამბობს, რასაც განიცდის, თორემ, რა ბედი, რის ბედი, ამ სიტყვებს რა საშიშროება უნდა მოჰქონდეს მისთვისო. ბევრი ვუხსენი, ეს ასე არ არის, ცდები-მეთქი, მაგრამ, დამიჯერა?! მესმის, რომ ყოველდღიურად იმდენ პრობლემას ვაწყდებით, შეიძლება, ხშირად, გაუცნობიერებლად, გაჩენის საათიც დავიწყევლოთ და დღეც, მაგრამ, ამ გამოთქმით თავად ვიწვევთ მოსალოდნელ უბედურებას, შემდეგ კი ამაზე პასუხი სხვას არ უნდა მოვთხოვოთ. დამიჯერეთ, იმდენი წყევლა ამ ჩემმა ნათესავმა თავისი გაჩენის დღე და საათი, რომ რამდენიმე დღის წინ, ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, ხელ-ფეხი გაუჩერდა და ახლა საწოლზეა მიჯაჭვული. თუ ჩემი გჯერათ, ყველას გაფრთხილებთ: ნურასდროს დაწყევლით დაბადების დღეს და საათს, ნურასდროს დაიწუწუნებთ საკუთარ ბედზე და, ეცადეთ, წუწუნისა და ბედის ჩივილის გარეშე მოაგვაროთ ყოველდღიური პრობლემები.