უზმოზე ფორთოხლის ჭამა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს
უზმოზე ფორთოხლის ჭამა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს
ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და გვიცავს სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის დალევაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, ვიტამინები სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი აძლიერებს ჩვენს გამძლეობის უნარს, გვიცავს სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს – კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ.
უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. სამხარზე აუცილებლად ფორთოხალი კანიანად მიირთვით, რადგან, მის ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
სასუნთქი გზების დაავადების დროს ევკალიპტი გიშველით
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ინფექციებისა და ანთებების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ევკალიპტის ფოთლებისგან შინაურ პირობებში ნახარში ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ.
ნაყენი გამოიყენება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე, ფლეგმონების, აბსცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
აღნიშნული ნაყენის ინჰალაციის პროცესში ჩართვა უებარია ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.
ევკალიპტის ზეთი კი, როგორც ანთების საწინააღმდეგო, უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.
როდის ხდება გულის უეცარი წასვლა და რა დახმარება უნდა გაუწიოთ ამ დროს ადამიანს
გულის უეცარი წასვლის საფუძველი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ, მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა. ეს კი, როგორც წესი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული. გულის წასვლა ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილისა და ჩახუთულ ჰაერზე ყოფნის დროს. ზოგჯერ გულის წასვლა აღინიშნება ფეხზე დგომისას, ან, ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში უეცარი გადასვლის დროს. ამ დროს ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ, სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება და არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლმა თავისკენ დაიწყოს სვლა. გულის წასვლის გახანგრძლივების დროს, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ, დროზე უნდა დაეხმაროთ ადამიანს.
ზოგჯერ გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს; გულის ფრიალი კი, შესაძლოა, არითმიამ გამოიწვიოს. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ასევე, მნიშვნელოვანია გულის წასვლისგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თავბრუხვევის, კერძოდ, ჰიპოგლიკემიის, ეპილეფსიური გულყრისა და ისტერიული გულის წასვლის ერთმანეთისგან გარჩევა. ამ დროს არტერიული წნევა და გულისცემა ნორმის ფარგლებშია. ადამიანს არ აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა და სიფერმკრთალე.
ხშირი გულის წასვლის დროს აუცილებელია, ჭარბი მარილის შემცველი საკვების მიღება და ვიტამინოთერაპია.
თუ მისი გამომწვევი მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, მაშინ, საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. გაფრთხილებთ, აუცილებლად მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება – თუ უეცრად გული წაგივიდათ, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები.
როდის ვითარდება კუნთების არაბუნებრივი ტკივილი
ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ბევრი უჩივის კუნთების ტკივილს, რაც ბუნებრივი მოვლენაა და არ არის საშიში, თუმცა, ზოგჯერ ასეთი ტკივილი რომელიმე პათოლოგიურ პროცესს ახლავს თან.
ბუნებრივი ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა ვარჯიშს ამძიმებთ და დიდ დატვირთვას აძლევთ კუნთებს. ამ დროს კუნთებში გროვდება დიდი რაოდენობით რძემჟავა, რომელიც იწვევს ტკივილს, თუმცა, ეს სრულებით უსაფრთხოა.
ტკივილი ვითარდება მაშინაც, როცა ჩვეულ ვარჯიშში ახალი ელემენტები შეგაქვთ ან ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობას ზრდით. ამ დროს კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ დასვენებისას ვლინდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში კუნთები ახალ დატვირთვას ეჩვევა და ტკივილი ქრება.
კუნთების არაბუნებრივი ტკივილი კი ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის, ტრავმის, ართრიტის, იოგების დაჭიმულობის, მოტეხილობის გამო და ასე შემდეგ.
თუ ვარჯიშის დროს ტკივილი უმიზეზოდ და უეცრად წარმოიშობა, ტკივილის ინტენსივობა დღითი დღე იმატებს, ნატკენი ადგილი კი შეშუპებულია და სახსრის შიგნითაც შეიგრძნობა ტკივილი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფიზიკური დატვირთვა.
ზოგადად კი, გაითვალისწინეთ, რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებურად ნუ დაიწყებთ ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას.
რომელ ქალებს არ ემუქრებათ მკერდის კიბო და როგორაა შესაძლებელი ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომების ნაადრევად აღმოჩენა
ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია მკერდის კიბო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც, თავისთავად, სერიოზულ დაავადებას არ წარმოადგენს, მაგრამ, საკმაოდ ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს.
ქალის სარძევე ჯირკვალი, ასაკობრივი თუ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის გარდაქმნას. მას განსხვავებული აგებულება აქვს ბავშვობისა და გარდატეხის ასაკში. სარძევე ჯირკვალი პერიოდულად განიცდის ცვალებადობას. მის სტრუქტურაზე ძალიან მოქმედებს ქალის ცხოვრებაში მიმდინარე ბუნებრივი მოვლენები, მაგალითად, ორსულობა, ძუძუს წოვება, კლიმაქსი და სხვა.
ზოგიერთი პროცესი, კერძოდ: აბორტები, საკვერცხეებისა და მათი დანამატების ანთებები, ნერვული სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ, ჰარმონიული დისბალანსის განვითარებას იწვევს, ანუ, ჰორმონები საჭიროზე მეტი ან ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, არა მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (მასტოპათია, ადენომა), არამედ, ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს.
კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სოციალურ ფაქტორებზეც, მაგალითად: მცირე შობადობაზე, ხშირ აბორტებზე, არასწორ სქესობრივ ცხოვრებაზე, ზედმეტ წონაზე, შაქრიან დიაბეტზე, გენეტიკაზე. კვლევამ აჩვენა, რომ, ქალებს, რომლებიც 30 წლამდე თხოვდებიან, აბორტებს არ მიმართავენ და პატარებს ძუძუთი კვებავენ, მკერდის კიბოს საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
* მასტოპათია ძირითადად 20-45 წლის ასაკის ქალბატონების ხვედრია. დაავადება, როგორც წესი, სარძევე ჯირკვალში გამკვრივებული წარმონაქმნის სახით ვლინდება და, შეიძლება, ერთ ან ორივე ჯირკვალში განვითარდეს ერთეული თუ მრავლობითი წარმონაქმნის სახით.
* მასტოდინია – ამ დაავადების დროს, ზოგჯერ, სარძევე ჯირკვალში არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ, ქალი მაინც უჩივის მკერდის ტკივილს. ტკივილი ძლიერია, შესაძლოა, ბეჭსა და მხარშიც გადაეცემოდეს.
* ფიბროადენომატოზი – სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენაა. ისინი ან მთელ ჯირკვალშია გავრცელებული (ლიმფური ფიბროადენომატოზი), ან მხოლოდ მის რამდენიმე უბანში (კვანძოვანი).
* ფიბროადენომა – მოძრავი, გლუვი ზედაპირის კვანძებია, რომლებიც ძირითადად 20-25 წლის ქალებში ვლინდება.
* ცისტები – სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კვანძებია. ზოგჯერ ახასიათებს დვრილიდან გამჭვირვალე, მღვრიე, მომწვანო, რძისფერი ან სისხლიანი გამონადენი, რომელიც გამოიყოფა თავისთავად ან დვრილზე თითის დაჭერის შედეგად.
სარძევე ჯირკვლებში ტკივილების არსებობა მასტოპათიის აუცილებელ ნიშანს არ წარმოადგენს.
მკერდის სიმსივნის ამოცნობა თვითონ ქალსაც შეუძლია: ყურადღება უნდა მიაქციოთ სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, კანის ფერს, გამონადენს დვრილიდან, გამკვრივებულ, მტკივნეულ უბნებს.
არსებობს სიმპტომები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის პროცესის დაწყებას მიგვანიშნებს. ესენია, ფიქსაცია ანუ კვანძი, დვრილის გასქელება: დვრილის თავზე კანის ჩაზნექა, იღლიის ფოსოში ჯირკვლების გაჩენა, დვრილიდან სისხლიანი გამონადენი. ამგვარი სიმპტომების გაჩენისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.