მეცნიერებმა დედამიწის მომავლის რუკა შექმნეს
მეცნიერებმა დედამიწის
მომავლის რუკა შექმნეს
გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების პროგნოზირებას გეოლოგები კვლავ განაგრძობენ. რა მოუვა დედამიწას, თუკი, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, მთელი ყინული, რომელიც დღეისთვის დედამიწაზეა, დადნება?
მათ დათვალეს ყველა შესაძლო შედეგი და შექმნეს ინტერაქტიური რუკა, რომელზეც თვალნათლივ აჩვენეს მოვლენების განვითარების სცენარები ყველა კონტინენტისთვის.
პირველ ყოვლისა, ყინულების დნობის შემთხვევაში, ზღვის დონე დედამიწაზე დაახლოებით 65 მეტრით აიწევს. შედეგად, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 14-დან 26 გრადუსამდე გაიზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის სანაპირო, ფლორიდისა და მექსიკის ყურის სანაპიროს ჩათვლით, მთლიანად წყალში ჩაიძირება. ლათინურ ამერიკაში დაიტბორება არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი, აგრეთვე, ზღვისპირა ურუგვაი და პარაგვაი.
აფრიკა მნიშვნელოვნად ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ, მისი დიდი ნაწილი დაუსახლებელი გახდება.
ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის წყლის დონის გაზრდის შედეგად, დაჭაობებული აღმოჩნდება უძველესი ქალაქები – ალექსანდრია და ქაირო. განადგურდება, აგრეთვე, ევროპის მრავალი ღირსშესანიშნაობა. გაქრება ლონდონი, ვენეცია... წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ასევე, ნიდერლანდები და დანიის დიდი ნაწილი.
აზიაში დაიტბორება ტერიტორიები, რომლებზეც დღეისთვის 600 მილიონი ჩინელი ცხოვრობს. პირისაგან მიწისა აღგვილი აღმოჩნდება ბანგლადეში და ინდოეთის ზღვისპირა რაიონები.
რაც შეეხება ავსტრალიას, იქ ყინულების დნობა კონტინენტის ცენტრში ზღვის წარმოშობას გამოიწვევს. ამას გარდა, დატბორილი აღმოჩნდება ზღვის სანაპიროს მიწების დიდი ტერიტორია, რომელზეც დღეისათვის მოსახლეობის 80 პროცენტი ცხოვრობს. ანტარქტიდა კი საერთოდ უხილავი გახდება.
ეკოლოგები ამბობენ, რომ ყინულის დნობის პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ატმოსფეროში სასათბურე გაზების კონცენტრაციის გაზრდა და სხვა. თუმცა, მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც ყინულების დნობის პროცესს აკვირდებიან, გვამშვიდებენ, რომ მათი გათვლებით, იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული მთელი ყინული დადნეს დაახლოებით ხუთი ათასი წელია საჭირო.
საშინელი ჯავშნოსანი თევზი
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარჩევის თემა გახდა
მეთევზემ კუნძულ ბორნეოს სანაპიროზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, საოცარი თევზი დაიჭირა: სქელი ქერცლით, დამცავი ფირფიტებითა და ეკლებით დაფარულ იშვიათ არსებას ადგილობრივებმა „ჯავშნოსანი თევზი“ შეარქვეს. თავდაპირველად ექსპერტებმა ვერ გაარკვიეს, რომელ სახეობას ეკუთვნოდა ფაუნის ეს ნიმუში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საბაბი მიეცათ, აეტაცათ და ფართოდ გაეშალათ თემა: „მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი საშინელი ჯავშნოსანი თევზი“. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს თევზი არავითარ აღმოჩენას არ წარმოადგენს. ლუის დელ-სერომ, რომელსაც საკანდიდატო ნაშრომი ზღვის მანათობელი თევზების ოჯახზე აქვს დაცული, განმარტა, რომ „ჯავშნოსანი თევზი“ სულაც არ არის აღმოჩენა და ყველა ოკეანის ღრმა წყლებშია გავრცელებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიები ზღვის ამოუცნობ არსებებზე საკმაოდ ხშირად ჩნდება, თუმცა, შემდგომში ირკვევა, რომ არავითარი უნიკალურობა მათში არ არის. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში ახალი ზელანდიის პლაჟზე ცხრა მეტრი სიგრძის უცნობი არსება იპოვეს, რომელმაც ჟურნალისტები საგონებელში ჩაყარა, მაგრამ, შემდგომში გაირკვა, რომ ნახევრად გახრწნილი არსება, დაღებული ხახითა და ბასრი კბილებით, ზვიგენი ყოფილა.