როგორ აქცია დამ ვახტანგ ჭაბუკიანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბალერონად
„ცხოვრებამ ჭაბუკიანს ყველაფერი მისცა, გარდა ოჯახური ბედნიერებისა (დავით ჯანგველაძე, „ვახტანგ ჭაბუკიანი – 100”) ალექსანდრ ვერტინსკი წერდა, რომ დიდი არტისტები ღმერთებივით არიან, მაგრამ, მარტოხელები. მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა, მეუღლეს, ბალერინა გალინა კუზნეცოვას, მალე დაშორდა. მიუხედავად ამისა, მათ ურთიერთსიყვარული და პატივისცემა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. განქორწინების შემდეგ გალინა ვახტანგს სწერდა: „ძვირფასო, ვახტანგ! დღეს უკანასკნელად მაქვს უფლება, ვიამაყო ჩემი საყვარელი, ნიჭიერი ქმრით. ძვირფასო ვახუშტი, მთელი გულითა და სულით გისურვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს შენს ცხოვრებაში. სამუდამოდ ვრჩები შენს გულწრფელად ერთგულ მეგობრად. გკოცნი მაგრად, შენი გალია“. გალინა თავის მოგონებებში წერდა, რომ ჭაბუკიანის გვერდით ცხოვრების წლები მას ბედის საჩუქრად მიაჩნდა. მსოფლიოში სახელმოხვეჭილი და ძალიან სიმპათიური ხელოვანის მიმართ გულგრილი არავინ რჩებოდა. ვახტანგს თაყვანისმცემელ ქალბატონთა უზარმაზარი არმია ეხვია გარს, გულიც ბევრჯერ ასძგერებია სიყვარულისთვის, მაგრამ, გენიალურმა მოცეკვავემ სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერებისთვის ვერ შეძლო გულის ნაწილის გაღება, რადგან მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა ის.
ვახტანგ ჭაბუკიანის წინაპარმა დატოვა საქართველოს ულამაზესი მთიანი მხარე – სვანეთი, ქართლში გადმოვიდა და დიღომში დასახლდა. ვახტანგ ჭაბუკიანის მამა, მიხეილი, სადურგლო ხელოსნობის ოსტატი ყოფილა. ის მიხეილ რომანოვისთვის ლიკანის საზაფხულო სახლის მშენებლობაზე მიუწვევიათ სადურგლო სამუშაოების შესასრულებლად. ამ პერიოდში მიხეილმა გაიცნო ბორჯომში სამკურნალოდ ჩასული მშვენიერი ახალგაზრდა პოლონელი ქალი, ელენე კრისტიანის ასული ვაიცეროვსკაია-პლიახი და მასზე დაქორწინდა. ქართული გიმნაზიის მშენებლობისას სადურგლო სამუშაოებს ატარებდა უკვე სახელგანთქმული ხურო – მიხეილი. გიმნაზიის მშენებლობისას იქვე, ფიქრის გორაზე (ფასანაურის ქუჩაზე) მიხეილ ჭაბუკიანმა ბანკიდან გამოტანილი თანხით სახლი აიშენა. მიხეილსა და ელენეს შეეძინათ შვილები: ეკატერინე, კონსტანტინე, მარიამი, ელენე, თამარი და, ნაბოლარა – ვახტანგი… ოჯახი შრომისმოყვარე, გამრჯე, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი იყო. მიხეილს ძალიან უყვარდა ძმაკაცები და მათთან პურობა. პატარა ვახტანგი საოცრად ცელქი ყოფილა. მან ბავშვობა ფიქრის გორაზე გაატარა, დარბოდა ვარაზისხევში, ჭყუმპალაობდა მდინარე ვერეში, უბნის ბიჭებთან ერთად თამაშობდა ლახტს, სალაობას, ომობანას ხის თოფებითა და ხმლებით. როდესაც ამ პატარა ტანის გამხდარ ბიჭს რაზმის უფროსობა დაავალეს, მან ისეთი გამჭრიახობა გამოიჩინა, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვა. დამსახურებისამებრ, გულზე ჯილდო – თუნუქის ჯვარი დაჰკიდეს. ამ ამბავს თვითონ ჭაბუკიანი სიცილით იხსენებდა – ერთი კვირა ყოჩივით დავდიოდი ბიჭებშიო. 8 წლის ვახტანგი ვერაზე (ბელინსკის ქუჩაზე), მესამე დაწყებითი სკოლის მოსწავლე ხდება. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. სკოლის პარალელურად, ვახტანგი შეგირდად მუშაობდა ღარიბთა შვილებისთვის მარიამ შევალიეს მიერ გახსნილ საოსტატო-სამხატვრო სახელოსნოში და შესრულებულ სამუშაოში გასამრჯელოსაც იღებდა. ის წნავდა წნელის კალათებს, პაპიე-მაშესგან აკეთებდა კოლოფებს, მუყაოსგან ხერხით ჭრიდა ფიგურებს. ვახტანგის ნამუშევარი პატარა კალათა შევალიეს მოხუცებულობაშიც ჰქონდა შენახული, როგორც ძვირფასი რელიკვია. შევალიე ატყობდა, რომ ბავშვი ნიჭიერი იყო და ცეკვისადმიც ჰქონდა მიდრეკილება, ვინაიდან, სულ ფეხის წვერებზე ტრიალებდა და ამის გამო მან ვახტანგს „ბზრიალა“ შეარქვა. შევალიემ ვახტანგი თავის მეგობართან, ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელთან, მარია პერინისთან გაგზავნა და დაავალა, პერინის სტუდიაში ნაძვის ხისთვის შეგირდების მიერ გაკეთებული სათამაშოები წაეღო. შევალიესა და პერინის შორის წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ვახტანგი სტუდიაში შეიპატიჟეს, რათა ცეკვები ენახა. ბიჭი ამ სანახაობით მოიხიბლა. „მე ისე გამიტაცა სანახაობამ, რომ დავიწყე მოძრაობებისა და ცეკვების ცალკეული ფრაგმენტების უსასრულოდ გამეორება“. მან შევალიეს პერინის სტუდიაში მოწყობა სთხოვა. შევალიე ისედაც მზად იყო, ბიჭისთვის ეს ოცნება შეესრულებინა და 12 წლის ვახტანგი პერინის ქორეოგრაფიული სტუდიის მოწაფე გახდა, თან, შევალიეს სახელოსნოშიც განაგრძობდა მუშაობას. ერთ დღეს კი შევალიემ სახელოსნოში ცეკვების დილა მოაწყო. მონაწილეები სახელოსნოს შეგირდები იყვნენ, რომლებსაც პატარა ბალეტმეისტერი ვახტანგ ჭაბუკიანი ამეცადინებდა. ვახტანგი სასტიკი და ენერგიული ბალეტმეისტერი აღმოჩნდა. გახარებული შევალიე ეუბნებოდა: ჩემო ბზრიალა, თუ ასე იმეცადინებ, პირველი ბიჭი იქნებიო. პატარა ტანის ვახტანგი, დიდი ნებისყოფის ფასად, მთელი წელი ვარჯიშობდა ძელზე, რათა მაღალი გამხდარიყო. ბურთიკაშვილი ამბობს: „მოხუცმა შევალიემ მიამბო, ვახტანგი ყოველდღე მეკითხებოდა: „დეიდა მანია, მემატება სიმაღლე თუ არა?“ მე ვპასუხობდი: „იზრდები, შვილო, იზრდები. შენ ნამდვილი მარიუს პეტიპა იქნები...“ ვახტანგს, ცეკვის გარდა, თეატრი და კინო უყვარდა. რადგან ბილეთის ფული არ ჰქონდა, საზრიანი და გონიერი ბიჭი ყოველთვის მოძებნიდა ხოლმე გამოსავალს სანახაობაზე მოსახვედრად: ხან თეატრის უკანა კარიდან შეიპარებოდა პატარა მსახიობებთან ერთად; ხან აგურს გაახვევდა ქაღალდში – ვითომ სასცენო კოსტიუმი მიჰქონდა; ხან გროშებს აგროვებდა... ერთხელ საკუთარი ხალათიც კი გაყიდა, რათა შესასვლელი ბილეთი შეეძინა. მოგვიანებით ვახტანგიც გამოიყვანეს სცენაზე – „აბესალომ და ეთერში“ გოგოს კაბა ჩააცვეს. ვახტანგმა ეს იწყინა, მაგრამ, მოითმინა, რომ სპექტაკლი არ ჩაეშალა.
… მამა დაუძლურდა, დედას დიდი ჯაფა დააწვა მხრებზე, კერვით გადაიღალა და ვახტანგი ცდილობდა, ოჯახისთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. ფიქრის გორაზე შესანიშნავ სახლში ნაცხოვრები ოჯახი, ბოლოს ვაკის რაიონის მოტიტვლებულ, ხრიოკ ადგილას, ქოხში ცხოვრობდა ორ-სამ მოსახლესთან ერთად. არც წყალი იყო, არც არაფერი. ვახტანგი ოჯახს წყლით ამარაგებდა, რომელიც შორიდან მოჰქონდა – ვაკესა და საბურთალოს შორის, ხევში მდებარე წყაროდან. ტრანსპორტი მათ საცხოვრებელ ადგილამდე არ მიდიოდა და ბიჭი 5-6 კილომეტრს გადიოდა ფეხით ყოველდღე: სახლიდან სკოლაში, ვერაზე, იქიდან – შევალიეს სახელოსნოში, შემდეგ კი – პერინის სტუდიაში. პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლის პერიოდში ვახტანგმა რამდენიმე სტუდენტისგან მოცეკვავეთა ჯგუფი შეადგინა. ბალეტებიდან მოამზადა საცეკვაო ნომრები და კირკის ქუჩაზე (ახლა მარჯანიშვილის ქუჩა) მდებარე საკრებულო ბაღში გამართა საბალეტო ჯგუფის პირველი გამოსვლა. აფიშები იუწყებოდა, რომ საბალეტო ცეკვები დადგმული იყო ჭაბუკიანის მიერ. ამის შემდეგ საცეკვაო გამოსვლებს ითხოვდნენ სხვა კლუბებიც. პერინის სტუდიაში სწავლის დროს ჭაბუკიანი პრაქტიკის მისაღებად ჩარიცხეს თბილისის ოპერის თეატრში სტაჟიორად (1924-1925 წლები). ჭაბუკიანმა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა საკუთარი დადგმა – „ცეცხლის ცეკვა“. ამ დღეს დაიბადა იგი, როგორც მოცეკვავე და ბალეტმეისტერი. „ბედის ნებით თუ შემთხვევით, მე, 12 წლის ბიჭი, შევხვდი პერინის და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, შეიძლება, არც მოვსულიყავი ბალეტში, ჩემი ცხოვრების გზაზე რომ არ ყოფილიყო პერინი. მარია პერინი ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულთ, მათ შორის მეც, უფასოდ გვასწავლიდა. პერინიმ ჩემი შვილად აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები არ დაეთანხმნენ“.
ჭაბუკიანი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა. ვახტანგის და, ეკატერინე, მეუღლესთან, სამხედრო ექიმ მაქსიმ გორდონთან ერთად, ოჯახით ლენინგრადში ცხოვრობდა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა ძმას. იგი შეხვდა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორს, სემიონოვს, ესაუბრა ვახტანგის შესახებ, მაგრამ, სემიონოვმა დახმარებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ბალეტი რჩეულთა ხვედრია – ბავშვი ხელოსანთა ოჯახიდანაა, უკვე ჭაბუკია და ვერ შეძლებს, დაძლიოს საბალეტო სიმაღლეებიო. საუბარი კატეგორიული უარით დამთავრდა, მაგრამ ეკატერინემ უკან არ დაიხია და თბილისში ჩამოვიდა ძმის წასაყვანად. ამავდროულად, ვახტანგმა გადაწყვიტა, გამგზავრებისათვის ფული შეეგროვებინა. მან რუსთაველის თეატრის სარდაფში მდებარე რესტორან „ქიმერიონს” მიაშურა, სადაც თავისი მომაჯადოებელი ცეკვებით იზიდავდა ხალხს. რესტორნის დირექცია მაღალ გასამრჯელოს უხდიდა. შეაგროვა თუ არა საჭირო თანხა, დასთან ერთად გაემგზავრა ქალაქ ლენინგრადში. 1926 წლის შემოდგომის წვიმიან დღეს ვახტანგი ეკატერინესთან ერთად ლენინგრადის რკინიგზის სადგურიდან პირდაპირ როსის ქუჩისკენ გაემართა, სადაც ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი მდებარეობდა. მიმდინარეობდა მისაღები გამოცდები. საგამოცდო დარბაზიდან გამოსული დირექტორი სემიონოვი გაოცებული დარჩა მათი დანახვით: „რა, მაინც ჩამოიყვანეთ?!” კატიამ სიტყვა მისცა, თუ ბიჭი არ მოეწონებოდათ, მაშინვე წაიყვანდა უკან, თბილისში. სემიონოვმა უკმაყოფილოდ გაიყვანა ვახტანგი საგამოცდო კომისიაზე წარსადგენად. კატია ელოდა. გავიდა 15 წუთი. უცებ დარბაზიდან გამოვიდა აღელვებული სემიონოვი და დაიძახა: „სად არის ჭაბუკიანის და?“ – მოეხვია მას და აღტაცებულმა შესძახა: „თქვენ სასწაული ჩამოიყვანეთ! ეს ჭაბუკი ყველას დაგვრჩდილავს!..”
განათლების მიღების პარალელურად, მუშაობდა. მან საკუთარი შრომით მოიძია საარსებო წყარო – კინოთეატრ „კაპიტოლიის” დირექტორმა მიიღო სამუშაოზე. იმ დროს, ხალხის მოზიდვის მიზნით, კინოსეანსებს შორის კონცერტები იმართებოდა. ჭაბუკიანი თავისი ცეკვით ისეთ ფურორს ახდენდა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა კინოთეატრ „კაპიტოლიაში” გრიგალისებური ტემპერამენტის მქონე მოცეკვავის სანახავად... ჭაბუკიანს ლენინგრადის სხვა კინოთეატრების დირექტორები სთხოვდნენ, რაც შეიძლება დიდი ხნით დაედო მათთან კონტრაქტი. ჭაბუკიანის მატერიალური მდგომარეობა იმ დონეზე გამოკეთდა, რომ ის თბილისში ოჯახსაც კი უგზავნიდა ფულს“.
P.S. ფოტოები გამოყენებულია ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმიდან.