რატომ ნატრობდა მეფე დემეტრე უფროსი ძის სიცოცხლის დამოკლებას
გიორგი მესამე, საკმაოდ დიდი მასშტაბების პოლიტიკური ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მის მოღვაწეობას მაინც გასდევს რამდენიმე ჩრდილი. ჩრდილი, რომელიც მის დახასიათებისას არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს. ამ მონარქის დახასიათებას ისტორიკოს ჯაბა სამუშიას მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით.
გიორგი მესამის პიროვნებაზე საუბრისას, თვალწინ გვიდგება მისი ფრესკა ვარძიაში, ყინწვისში, საიდანაც მრისხანე გამომეტყველებით გვიმზერს – სიმკაცრე გამოსჭვივის ამ მონარქის თვალებიდან. გიორგი იყო დემეტრე მეფის შვილი. დემეტრეს უფროსი ვაჟიც ჰყავდა – დავითი. დავითი ძალაუფლებისმოყვარე პიროვნება გახლდათ. მან 1156 წელს ტახტიდან ჩამოაგდო მამამისი და მონასტერში განაწესა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თვითონ დაიკავა ტახტი. ამ მომენტში მის გვერდითაა გიორგიც. ამ ინფორმაციასთან ერთად, იმასაც ვკითხულობთ ქართულ წყაროში, რომ მეფე დემეტრეს გიორგი უფრო უყვარდა, ვიდრე დავითიო. მეტიც, წყაროში აღნიშნულია: დემეტრე ნატრობდა, რომ დავითს სიცოცხლე დამოკლებოდაო. ცხადია, მამა-შვილს შორის დიდი კონფლიქტი არსებობდა და ისიც ნათელია, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ – ოჯახური. აშკარად ჩანს, მსოფლმხედველობითი განსხვავება მამასა და შვილს შორის. ის, რასაც აკეთებს დემეტრე რადიკალურად განსხვავდება დავითის ქმედებებისგან. ვინც დემეტრეს ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, დავითი – ათავისუფლებს. ფაქტია, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი დროთა განმავლობაში სამოქალაქო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალბათ, გაინტერესებთ, როგორი იყო ასეთ ვითარებაში გიორგის პოზიცია. იგი ერთის მხრივ მამის უსაყვარლესი შვილია, მეორეს მხრივ კი ძმის გვერდით დგას. სწორედ ამ დროს მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი. ერთ დღეს საღ-სალამათი დავით მეხუთე, მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. ეს მოხდა მისი გამეფებიდან 6 თვის თავზე. როგორც სომეხი ისტორიკოსი ამბობს: დავით მეხუთე თავის სიკვდილით არ უნდა გარდაცვლილიყო, ჩანს, მას სიცოცხლე მოუსწრაფეს, კერძოდ – მოწამლესო. ხოლო კითხვაზე, თუ ვის უნდა მოეწამლა ის, სომეხი ისტორიკოსი ხელს გიორგისკენ იშვერს. გიორგიმ მოაწამვლინა დავით მეხუთე ორბელიანთა მეშვეობითო. მძიმე ბრალდებაა, თანაც ყოველივე უფრო რთულად აღსაქმელი ხდება, რადგან სიკვდლის წინ დემნა უფლისწული გიორგის შეავედრა დავითმა და სთხოვა – სანამ დემნა გაიზრდება, მანამდე მართე ქვეყანა, ხოლო შემდეგ ტახტი დემნა უფლისწულს გადაეციო. თითქოს გიორგიმ მიიღო ძმის წინადადება, მაგრამ ისევ ჩნდება სომეხი ისტორიკოსის ცნობა, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის ამბობს, გიორგი იყო ძმის მკვლელობის ინიციატორიო. ძნელია, დღეს, როცა ამდენი საუკუნე გავიდა, ადამიანს ძმის მკვლელობა დააბრალო და სომეხი ისტორიკოსის ცნობა გადამოწმდეს სხვა ფაქტებით. თუმცა, საამისოდ ბევრი ეჭვი არსებობს. თუ ვივარაუდებთ, რომ გიორგიმ ძმის წინააღმდეგ შეთქმულება ნამდვილად მოაწყო. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში ჩართული ყოფილიყო სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც. ასე მოდის ქვეყნის სათავეში გიორგი მესამე, მაგრამ მოდის არა როგორც მეფე, არამედ, როგორც რეგენტი, ადამიანი, რომელმაც უნდა გაზარდოს უფლისწული. ტახტი კი, ეკუთვნის დემნა უფლისწულს. გიორგიმ ფიცი დადო სამღვდელო პირებისა და დიდებულების წინაშე, რომ, როდესაც დემნა გაიზრდებოდა, მას საკუთარი ხელით გადასცემდა ტახტს. ამ პირობით ეკურთხა გიორგი მეფედ და დაიწყო ქვეყნის მართვა.
გიორგის მეფობის პირველ წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, გაიზარდა საქართველოს საზღვრები. გიორგი არ არის სუსტი მონარქი, ვერ ვიტყვით, რომ სახელწმიფო ჩაიბარა და ვერ ითავა მისი პატრონობაო. მან დაიწყო ბრძოლა ქურდ-ავაზაკთა წინააღმდეგ და ეს სენი მთლიანად ამოძირკვა. მემატიანე წერს, ქურდსა და მოპარულ საქონელს ერთად ჩამოკიდებდნენ ხოლმე ძელზე გზის პირას, რომ ხალხისთვის საჩვენებელი ყოფილიყოო. ამავე პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი აშენდა. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა, არის მეორე ფაქტი, რომელიც ამ მონარქის დადებით მხარეებს კიდევ ერთ ჩრდილს აყენებს. კერძოდ, 1177 წელს საქართველოში საკმაოდ დიდმა აჯანყებამ იფეთქა. როგორც ჩანს, ეს აჯანყება მეფისთვის მოულოდნელი იყო. ასეთი დიდი აჯანყება საქართველოს ისტორიაში არც ისე ხშირად მომხდარა, ივანე ორბელიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს მეფის შეპყრობა. ამ აჯანყების მიზეზი იყო გიორგის პირობა – როგორც კი დემნა გაიზრდება, ტახტს დავუთმობო. დემნა ბატონიშვილი წამოიზარდა, ივანე ორბელიანის ქალიშვილზე იქორწინა და დროც დადგა მისი მეფობისა, მაგრამ გიორგი არ თმობდა ტახტს. ამის გამო დიდებულების დიდმა ნაწილმა ფარულად პირობა დადო, რომ გიორგი შეეპყროთ, მოეკლათ, ან მონასტერში გაეშვათ, ტახტზე კი დემნა აეყვანათ. თუმცა, აჯანყებულებმა ვერ მოახერხეს გიორგის შეპყრობა. ამის მიზეზი ის იყო, რომ გიორგისთან მივიდა ერთ-ერთი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი – აფრიდონი და ფარულად შეატყობინა ამ აჯანყების შესახებ. ცნობისთვის, მომავალში აფრიდონი გიორგის ერთგულად და ერთობ მაღალი თანამდებობის პირად გვევლინება მის კარზე. აფრიდონისგან ინფორმირებულმა გიორგიმ მალე მოახერხა თბილისში ჩამოსვლა. ჩაიკეტა და თბილისი მის მხარეს გადაიბირა. ამასობაში, გიორგის მიემხრო იმ დროს არსებული ყივჩაღური გვარდია. იმდროინდელ სამეფო კარზე მსახურობდნენ ყივჩაღები, მაგრამ არა იმ ყივჩაღთა შთამომავლები, რომლებიც დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა, არამედ „ახალი ყივჩაღები”, როგორც მათ მემატიანე უწოდებს. ისინი დაქირავებული მეომრები გახლდნენ. გიორგიმ ერთგული მომხრეები კახეთს გააგზავნა. აჯანყებულ კახელთა დამარცხება მოხერხდა. ამის შემდეგ მთელი რისხვა ქართლში, ლორეს ციხეში დაბანაკებულ აჯანყებულებს დაატყდათ. ლორეს ციხეში ივანე ორბელიანს, დემნა უფლისწულსა და მათ მომხრეებს, მუსლიმანური სამყაროს დახმარების იმედი ჰქონდათ. გიორგიმ ლორეს ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მუსლიმები არ ჩანდნენ, რამაც აჯანყებულთა შორის ორჭოფობა გამოიწვია. აჯანყებულები ნელ-ნელა, ფარულად იპარებოდნენ ლორეს ციხიდან და მეფისგან პატიებას ითხოვდნენ. გიორგი მიხვდა, რომ მის გამარჯვებას წინ აღარაფერი ეღობებოდა. მან საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა. მან ლორეს ციხიდან ყველა გამოპარული დიდი პატივით მიიღო, შეიწყალა და გულუხვად დააჯილდოვა. ამით კი სტიმული მისცა დანარჩენ აჯანყებულებს. ერთ მშვენიერ დღეს თვით დემნა უფლისწულიც ჩაჯდა გოდორში, გამოიპარა ციხიდან და წარდგა ბიძამისის წინაშე. გიორგიმ საკმაოდ კარგად მიიღო აჯანყების მთავარი ობიექტი. ბუნებრივია, ამის შემდეგ აჯანყების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ყოველივეს მოჰყვა ივანე ორბელიანის დამორჩილებაც. აჯანყება დასრულდა, მაგრამ ტრაგედია ამის შემდეგ დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს, დემნა უფლისწულს სეირნობისას უკნიდან მიეპარნენ და კლდეკარის კედლიდან გადმოაგდეს. ასეთი განაჩენი გამოუტანა ბიძამისმა.
გიორგი მესამეს ორი ქალიშვილი ჰყავდა კანონიერი ქორწინებიდან და ერთი ქალიშვილი – ხარჭისაგან ნაშობი. დემნა უფლისწულის მოკვლით, გიორგი მესამემ ბაგრატიონთა ის შტო, რომელმაც შექმნა საქართველო და გააერთიანა – ვგულისხმობთ, ამიერტაოს ბაგრატიონთა შტოს, რომელმაც საქართველოს ისტორიას მისცა ბაგრატ მესამე, ბაგრატ მეოთხე, დავით აღმაშენებელი, – არსებობა დაასრულებინა.
ბოლო მომენტამდე მრისხანებით იყო მოცული გიორგი. მან დემნა ბატონიშვილი გელათში არ დაასაფლავებინა, სადაც იმხანად ბაგრატიონთა საძვალე იყო. დემნა სვეტიცხოველში დაკრძალეს. ასე ტრაგიკულად დასრულდა დემნას ცხოვრება. რაც შეეხება ორბელებს, ისინი გიორგი მესამემ ქვეყნიდან გააძევა. ამის შემდეგ კი, იმისთვის, რომ ტახტი დაემტკიცებინა, 1178 წელს გიორგი მესამემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც დიდი პრივილეგიები მიანიჭა ეკლესიას. სანაცვლოდ, კი გიორგი მესამის თანამოსაყდრედ თამარი უნდა დაენიშნათ. ამის შემდეგ მოდის ტახტზე თამარი. ის ჯერ თანამოსაყდრე იყო მამისა, 1186 წლიდან – ტახტის მემკვიდრე. ასეთი იყო გიორგი მესამის ცხოვრება, რომელსაც ტახტისთვის ბრძოლა გვამებზე გადავლით მოუხდა.
ეკა სალაღაიაგიორგი მესამე, საკმაოდ დიდი მასშტაბების პოლიტიკური ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მის მოღვაწეობას მაინც გასდევს რამდენიმე ჩრდილი. ჩრდილი, რომელიც მის დახასიათებისას არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს. ამ მონარქის დახასიათებას ისტორიკოს ჯაბა სამუშიას მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით.