კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ექცევა კაცი ქალს ისე, როგორც მოძველებულ ნივთს

ამბობენ, რომ ქალს ვერავინ მოატყუებს, თუკი მან თვითონ არ მოიტყუა თავი სრულიად შეგნებულად და სიყვარულის სახელით. თუმცა, არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ნამდვილად შესწევთ უნარი, ქალს თავბრუ დაახვიონ, დაუხატონ ისეთი მომავალი, რომელზეც სუსტი სქესის უმრავლესობა ოცნებობს. სიყვარულიც „მუშაობს“, – აკეთებს იმას, რომ ყველაფერი ბრჭყვიალა ფერებში დავინახოთ. რთულია, ადამიანს, რომელიც გიყვარს და ენდობი, გამადიდებელი შუშით უყურო; ეჭვი შეიტანო მის ქმედებებში, სიტყვებში გრძნობაში... მერე კი საშინელი იმედგაცრუება შობს ნიჰილიზმსა და გულგატეხილობას. ზოგჯერ აგრესიასაც და, კიდევ, ისეთ დეპრესიას, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.

 

ლილიკო (27 წლის): ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან, იმის გაკეთება მომიხდა, რაც საერთოდ ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს, ჩემი ცხოვრების სტილსა და წარმოდგენას ადამიანობაზე. ისე ძალიან მრცხვენია... ვნერვიულობ და, რაც ყველაზე ცუდია, ნდობა დავკარგე.

– ნდობა რის მიმართ დაკარგეთ?

– სამწუხაროდ, ყველაფრის: კაცის, სიყვარულის, ერთგულების ნდობა. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ დამავიწყდეს მომხდარი. თავს ისე ვგრძნობ, როგორც მარტოსული და განდგომილი. აღარაფერი მახარებს. ვის ავუხსნა, რომ სინანული მკლავს და მომხდარში ბრალი არ მიმიძღვის?! ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი ალმაცერად მიყურებენ და მეუბნებიან, ასე როგორ მოიქეციო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ვარ, საკუთარი თავისაც კი მრცხვენია. ვიღაცეებისთვის მე ზნედაცემული, უსირცხვილო ქალი ვარ, რომელიც სხვას ბედნიერებაში შეეცილა, არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, ყოველთვის ერთგულებისა და ოჯახის დაცვის სადარაჯოზე ვიდექი. სინამდვილეში, პროფესიონალი მატყუარას მსხვერპლი გავხდი. მე ის ადამიანიც მეცოდება, ვინც გვერდით ჰყავს. დარწმუნებული ვარ, არც პირველი მსხვერპლი ვარ და არც უკანასკნელი, კიდევ ბევრჯერ გაიმეორებს იმავეს, თანაც, ისეთივე წარმატებით და ისევ დაუსჯელი დარჩება.

– საუბარია მამაკაცზე, რომელიც გიყვარდათ?

– დიახ, ძალიან მიყვარდა. ისე ძალიან, რომ, ვერ წარმოვიდგენდი, საერთოდ თუ შეიძლებოდა ასეთი სიყვარული. როგორ მოვტყუვდი... ერთადერთხელ გამიჩნდა დიდი გრძნობა და ესეც სანანებელი მაქვს. ვიცი, ის დავაშავე, რომ გამომძიებელივით არ გამოვიკითხე ყველაფერი და ბრმად ვენდე. როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურო?! გავიცანი ადამიანი, გულწრფელი მეგონა, მაგრამ... თურმე, ბევრია ისეთი კაცი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველანაირი ღირებულება და მთელი ცხოვრება გასართობის ძიებაშია.

– და, თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით?

– მართლა არ ვიცოდი, გეფიცებით. რატომ გგონიათ, რომ გამოქექილი და ყველაფრის მცოდნე ქალი ვარ? საკმაოდ  გულუბრყვილოდ ვუყურებდი ქალისა და კაცის ურთიერთობას. ანუ, ვფიქრობდი, კაცს თუ საყვარელი უნდა, ის საყვარლობანას არ თამაშობს; რატომ უნდა დაიღალოს რომეოს როლის თამაშით, როცა თავისუფალი, უკომპლექსო ქალები ყოველ ნაბიჯზეა-მეთქი. ჩემი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო. ვიცი და ვხვდები ამას, მაგრამ, ძალიან გვიანაა. როგორც თქვენ უყურებთ ეჭვით ჩემს სიტყვებს, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჩემს ახლობლებსაც. სწორედ ეს მაწუხებს და მტკივა. პლუს, ის საშინელი იმედგაცრუება, რომელიც იმ კაცის გამო განვიცადე. გავიცანი კურორტზე. მეგობართან ერთად მივდიოდი, მაგრამ, მერე ბოლო წუთს შეეცვალა გეგმები. ბილეთი – აღებული, სასტუმრო – დაჯავშნილი... რა მექნა? მეგობრის გარეშე წავედი. ზოგადად, მიყვარს მარტო ყოფნა. თან, ისეთი გადაღლილი ვიყავი, ვიფიქრე, კარგად დავისვენებ-მეთქი. არაფერს ვგეგმავდი, მით უმეტეს, რომანს და, თანაც – ასეთს. პირველი-ორი დღე მშვიდად გავატარე. სასტუმროში ყველაფერი მომეწონა – გარემო, მომსახურება, ზღვა... ძალიან კმაყოფილი ვიყავი. რომ გითხრათ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის... იმან გამოიჩინა ინიციატივა, მერედა, როგორი ინიციატივა... პირდაპირ მომადგა – უნდა გაგიცნოო... ვსაუზმობდი და ძალიან გამიკვირდა, დავიბენი და ავფორიაქდი. სიმპათიური ტიპი ნამდვილად იყო, მაგრამ, ისეთი არა, რომ დავფეთებულიყავი. ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ დაბრძანდით, ჩემს მაგიდასთან-მეთქი, – მივიპატიჟე.

– მარტო იყო?

– დიახ, რა თქმა უნდა. დაჯდა და საუბარი გამიბა. დიდი ხანია, ასეთი მშვენიერება არ მინახავსო, – ჩემზე თქვა და გამიკვირდა. ისეთი დამაბრმავებელი ლამაზი არ ვარ, რომ ვინმეს ჩემს დანახვაზე სუნთქვა გაუჩერდეს. ამიტომ, თავიდან ცოტა ირონიულად ვუყურებდი ჩემს მოულოდნელ თაყვანისმცემელს. მიხვდა, რომ არ გადავირიე მისი კომპლიმენტებით. ამიტომ, ტაქტიკა შეცვალა: უცებ დასერიოზულდა, ზედმიწევნით თავაზიანი გახდა, დახვეწილი მანერებით, ღიმილით... არ ვიცი, როდის ვუთხარი საკუთარ თავს, მგონი, ეს ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი-მეთქი.

– განსაკუთრებული რა გააკეთა?

– ალბათ, არაფერი და, ამიტომაც მივიჩნიე, რომ ის გულწრფელი იყო. ძალდაუტანებლად იღიმებოდა, მეჯიბრებოდა ცურვაში, დავყავდი შემოგარენის დასათვალიერებლად, დახტოდა კლდეებზე, ხალისობდა... ცოლიანი კაცები ასე არ იქცევიან, ამიტომაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მარტო იყო.

– თქვენ არ გიკითხავთ?

– არა. არც მომსვლია აზრად, რომ ეს შეკითხვა უნდა დამესვა მისთვის. არ იქცეოდა ცოლიანი კაცივით. მართლა. ამან ისეთ შეცდომაში შემიყვანა, რომლიდანაც ვეღარ გამოვედი.

– თქვენ თქვით, ცოლიანი კაცივით არ იქცეოდაო... ცოლიანი კაცები როგორ იქცევიან?

– თავისუფლები არ არიან. ურთიერთობაში ბუნებრიობა და სილაღე აკლიათ, რაღაცნაირად, შებოჭილად გრძნობენ თავს. ისინი უფრო „შებმას“ ცდილობენ და არა ურთიერთობის „დალაგებას“. ეს რადიკალურად სხვანაირად იქცეოდა. პატარა ბიჭივით ხალისობდა ერთად გატარებული ყოველი წუთით. ცდილობდა, რაღაცით გავეხარებინე... თორმეტი დღე გავატარეთ ერთად და თორმეტივე დღე დღესასწაული იყო.

– მომავლის გეგმებზე გელაპარაკებოდათ?

– ყოველ წუთს და მუდმივად. მე ვიცინოდი – რა დროს ქორწილზე, კაბაზე და შვილებზე ლაპარაკია-მეთქი. სამი შვილი მაინც უნდა გამიჩინოო. შოკში ვარ. რისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვეტყუებინე? აშკარად გამოუვიდა და გული მკვდარი მაქვს.

– იქნებ, რამე გაუთვალისწინებელი მოხდა?!

– არა. ცოლიც ჰყავს და შვილებიც, პლუს, ჩემნაირი მოტყუებულების მთელი არმია. ერთადერთი, რასაც უნდა დავეეჭვებინე, ის იყო, რომ სურათებს არ იღებდა ჩემთან ერთად. მე უამრავი სურათი გადამიღო, ყველანაირი... კარგიც, ცუდიც... პოზირება ძალიან გიხდებაო... ბოლო დღეს ლამის ტიროდა – მე ბილეთი ხვალ მაქვს და, ის დრო, სანამ ჩამოვალ და გნახავ, ჯოჯოხეთად მექცევაო. ერთ თვეში ჩემი ცოლი უნდა გახდეო. სხვა ქალზე არც მიოცნებია. მართლა გამიმართლა, რომ შემხვდი. ეტყობა, ოცდათვრამეტ წლამდე იმიტომ დავრჩი უცოლო, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ერთადო. მე არ ვარ დამნაშავე, რომ რომანი ცოლიან კაცთან გამომივიდა, თანაც, ისე, რომ საერთოდ არ მინდოდა... მეც მიმძიმდა მასთან განშორება, ცრემლებიც მომდიოდა... იცით, როგორ მეფერებოდა და მამშვიდებდა? იცით, როგორი თბილი და გულწრფელი სახე ჰქონდა?! მე ვერ შემეპარებოდა მასში ეჭვი. დავრწმუნდი, რომ ჩემი ცხოვრების სამუდამო თანამგზავრი მყავდა გვერდით და სულ ცოტა ხნით ვემშვიდობებოდი... დავბრუნდი ბედნიერი. ვბრწყინავდი... ჩემმა დაქალებმა ეგრევე შემამჩნიეს, რომ რაღაც მოხდა. მოგვიყევიო. მეც ვუთხარი, ქორწილისთვის მოემზადეთ-მეთქი. გაგიჟდნენ – ასე მალე ვინ აგირია თავგზა, რომ ათ დღეში გადაწყვიტილება მიიღეო. ზოგადად, მძიმე ვარ ასეთ საკითხებში. იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა დაბრაკული... ამასთან კი რა მომივიდა, რა დამემართა... სხვათა შორის, ჩემი მეგობარი, ყველაზე ახლობელი და ჭკვიანი, ძალიან დაეჭვდა – გოგო, ასე უცებ, ათი დღის გაცნობილ კაცს როგორ ენდეო... არ იცი, საკურორტო რომანს როგორი ბოლო აქვსო? გავიგიჟე თავი – რას ამბობ, რა საკურორტო რომანი, ყველაფერი ძალიან სერიოზულად არის. აი, ნახავ, მალე გაგაცნობთ და ცოლადაც გავყვები-მეთქი. ერთი კვირა მომდიოდა მესიჯები (ესეც ჩემი ნერვების ბოლომდე გასანადგურებლად სჭირდებოდა, ეტყობა): ჩემო საყვარელო, სამსახურში რაღაც პრობლემები დამხვდა... არ მინდა, ჩემი პრობლემები შენზე გადმოვიდეს. მალე მოვაგვარებ და შენ ჩემი გახდები სამუდამოდო.... აი, ასეთი მესიჯების შემდეგ, უცებ გაქრა და მობილურიც გამორთო... გავგიჟდი... უცებ აღმოვაჩინე, რომ მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი მობილურის ნომრის გარდა და ისიც გამორთო. გლოვა მქონდა, მთელი ხმით ვბღაოდი. ჩემი დაქალი გაგიჟდა – ნუთუ ერთი ფოტო მაინც არ გაქვს, რომ მოვძებნო და ვიპოვოო. გამახსენდა, რომ ერთადერთი სურათი ჩუმად გადავუღე ტელეფონით, ჩემთვის, ისე... ვანახე ეს სურათი ჩემს მეგობარს და მანაც ნამდვილი გამოძიება ჩაატარა – ის რეისები გადაჩხრიკა, რომლებიც ჩემი შვებულების დღეებში დაფრინავდა იმ კურორტის მიმართულებით და იპოვა. აქვს საჭირო კავშირები და, მოახერხა, ჩემი ძვირფასი შეყვარებულის შესახებ ყველაფერი გამოერკვია. საერთოდ სხვა გვარისა და სახელის აღმოჩნდა; ცოლიანი, ორი მოზრდილი შვილით. სახლის ტელეფონიც კი მომიტანა და დამიდო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ წარმოიდგენს იმ მდგომარეობას, რომელშიც მე აღმოვჩნდი. მოვკვდი... ამაზე მეტი ნერვიულობა აღარ შეიძლება. გამოვიფიტე და გამოვცარიელდი. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, გამეკეთებინა, იყო ის, რომ დამევიწყებინა ეს ადამიანიც და ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდიც, საერთოდ წამეშალა მეხსიერებიდან. ვერ ვიტყვი, რომ ეს შევძელი, მაგრამ, ძალიან ვცდილობ. ხომ ხედავთ, არც კი ვლანძღავ, მაგრამ ყველაფერ ცუდს ვფიქრობ მასზე... შეუძლებელია ჩემი ასე გამწარებისთვის დაუსჯელი დარჩეს. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა. შემთხვევით რომ შემხვდეს, თვალებში როგორ უნდა შემომხედოს? მისი ცოლი კი, უბრალოდ, მეცოდება...

 

скачать dle 11.3