რა დიდი ტკივილი გადაიტანა სალომე ქათამაძემ პროექტის – „ერთი ერთში“ – დაწყებამდე და რომელ ვარსკვლავებთან მუშაობდა შოუს ფრანგი ქორეოგრაფი ზაკ რისი
შოუზე „ერთი ერთში“ უამრავი უცხოელი მუშაობს, რომლებსაც ანალოგიურ მეგაპროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ვოკალის პედაგოგი, გრიმიორები და ქორეოგრაფი. ზაკ რისი საოცარი პლასტიკისა და ნიჭის მქონე მოცეკვავეების დახმარებით, არაჩვეულებრივ შოუს დგამს. მას უმუშავია მეგავარსკვლავებთან როგორც საკონცერტო, ისე პოდიუმის, გადაცემებისა და სხვა სცენებზე.
ზაკ რისი: მე ვარ ზაკ რისი, საფრანგეთიდან. პარიზში დავიბადე და გავიზარდე, ვგიჟდები ამ ქალაქზე, ეიფელის კოშკით დაწყებული, მისი არქიტექტურით, ქუჩებით, სამზარეულოთი დამთავრებული... ცეკვა 12 წლის ასაკში დავიწყე და 16 წლიდან უკვე მოცეკვავედ ვმუშაობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ ძალიან ცნობილ ქორეოგრაფთან დავიწყე მუშაობა, რომელიც ევროპაში ძალზე პოპულარული იყო. ახლა 26 წლის ვარ და უკვე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჯენეთ ჯექსონი, ნიკოლ შლეზინგერი, კელი როულანდი, დევიდ გუეტა.
– როგორ მოხდა ამ ვარსკვლავებთან თქვენი დაკავშირება?
– ევროკავშირმა ყველაფერი შეცვალა. ახლა ეს უკვე ერთი მთლიანი სახელმწიფოა, საზღვრებისა და ვიზების გარეშე. ევროპა ერთი, გახსნილი ქვეყანაა. ლონდონში მქონდა ქორეოგრაფიული კლასი. ლონდონი ევროპის ნიუ-იორკია, იქ უამრავი რამ ხდება გართობის სფეროში. ხშირად ვარსკვლავებს არ აქვთ გამოყოფილი სპეციალური ბიუჯეტი მოცეკვავეებისთვის და პირდაპირ ადგილზე ქირაობენ მოცეკვავეებს. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ბრიტანული და ფრანგული „იქს ფაქტორის“ ქორეოგრაფი ვყოფილიყავი. ერთი სიტყვით, საზღვრებმა მოიტანა ის, რომ ბრიტანეთში ჩამოსულ ვარსკვლავებს ამერიკიდან სამი-ოთხი მოცეკვავე ჩამოჰყავთ და დიდი შოუებისთვის უკვე ადგილზე ატარებენ ქასთინგებს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან, მათთან მუშაობის შანსი გვეძლევა. ძალიან ბევრი ევროპელი მოცეკვავე, ჩემი მეგობარი მეგავარსკვლავთან მუშაობს, მაგალითად, კეტი პერისთან და სხვებთან.
– საქართველოში როგორ მოხვდით?
– არის ასეთი ადამიანი, მარკი, რომელიც ბერასთან მუსიკალური მიმართულებით მუშაობს. მას კარგი კავშირები აქვს, მათ შორის, ამერიკელ პროდიუსერებთან. მან იცოდა ჩემ შესახებ და დამიკავშირდა. მითხრა: ზაკ, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ, მაინტერესებს ხარ თუ არა თავისუფალი, რომ ამა და ამ მომღერლის ტურზე იმუშაოო. გამომიგზავნე შენი ლინკები, არტისტს ვაჩვენებო. გავუგზავნე, მაგრამ, ვინ იყო მომღერალი, წარმოდგენა არ მქონდა. ღამით მირეკავს ტელეფონი და მეუბნება – ძალიან მოგვეწონა, მომღერალი თავად დაგირეკავსო. ხუთ წუთში მირეკავს ბერა და მელაპარაკება გამართული ფრანგულით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ახლა უკვე მე ვთხოვე, იქნებ თქვენ გამომიგზავნოთ ლინკები, რომ ვნახო, რას აკეთებთ-მეთქი... რომ ვნახე, გავოცდი, ძალიან მაგრად მომეწონა. ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი მოდის სფეროში – ჟან პოლ გოტიესთან და სხვებთან ვმუშაობდი ჩვენების რეჟისორად და რაც მოდაში მიყვარს, ეს განსხვავებულობაა. სწორედ ეს დავინახე ბერაში, მისი განსხვავებულობა. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, რადგან, დარწმუნებული ვარ, მომავალი ასეთ განსხვავებულობებშია, ასეთ მიქსებში. ვიდეო ვნახე თუ არა, მივხვდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი მის იმიჯზე, განვითარებაზე. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი და დამეწყო ტურზე მუშაობა...
– რა იცოდით საქართველოზე?
– თითქმის არაფერი. მერე და მერე გავიგე, რომ ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რუსეთის მეზობელი ქვეყანაა. რუსეთი კი დიდად დადებითად არ ჩანს მსოფლიოს, კონკრეტულად – ევროპის თვალში. ამიტომ, ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი, განსაკუთრებით – უსაფრთხოებაზე. სხვათა შორის, ორი წლის წინ მომიწია რუსეთში ჩასვლა და, სიმართლე გითხრათ, არცთუ ისე მომეწონა იქაურობა. საქართველოში სულ სხვა სიტუაციაა, სულ სხვანაირი ხალხია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ ადამიანებთან ურთიერთობა მეგობრობა და ოჯახური დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ბიზნესი და ეს ძალიან მომწონს. უფრო ადამიანურები, თბილები და გახსნილები ხართ. შეიძლება, არც ისაა ცუდი, რომ მხოლოდ ბიზნესის კუთხით უყურებდე ყველაფერს, მაგრამ, ეს ურთიერთობები მართლა მენატრებოდა.
– რამდენი ხანია, რაც საქართველოში ხართ და როდემდე რჩებით?
– აგვისტოში ჩამოვედი და შოუს შემდეგ უკვე პარიზში ვბრუნდები.
– რა განსხვავება და რა მსგავსებაა მსგავს შოუებზე მუშაობის თვალსაზრისით საქართველოსა და ევროპას შორის?
– უამრავ სატელევიზიო შოუზე მიმუშავია და, რაც მათ განასხვავებს, ესაა სისწრაფე – იქ გაცილებით ცოტა დრო სჭირდება ყველაფერს, ალბათ, იმიტომ, რომ მეტი გამოცდილება აქვთ. აქ ძალიან მომწონს ის, რომ, შემიძლია, ჩემი ცოდნა ადამიანებს გავუზიარო და, ვიცი, რომ წავალ, ზუსტად ეცოდინებათ, რა როგორ უნდა გაკეთდეს. საოცარი ენერგიის მქონე ხალხი ხართ და არ გეშინიათ სწავლის, არ გეშინიათ იმის აღიარების, თუ რაღაც არ იცით. „ის ჩემზე პატარაა, რა უნდა მასწავლოს?“ – ასეთი დამოკიდებულება არავისთან შემხვედრია. ეს პოზიტიური აზროვნებაა და, მიხარია, რომ ამ ადამიანებთან მუშაობის საშუალება მომეცა.
სალომე ქათამაძე: ეს შოუ ნანახი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიცდია ცეკვა და სიმღერა ერთად და ამას წლების განმავლობაში სწავლობენ, მაინც გავრისკე და ვიფიქრე, რომ შევძლებდი. ჩვენ ყველას, ეს გამოგვივიდა. ძალიან მნიშვნელოვანია არტისტული მონაცემები. დედაჩემი კარგი მსახიობია, მაგრამ, არ არის ცნობილი, რადგან, კარიერა, როგორც ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა, ოჯახისა და შვილების გამო გვერდზე გადადო. მისგან ეს ნიჭი ნამდვილად მაქვს და, ვაღიარებ, რომ გარდასახვა ნამდვილად შემიძლია. ექსპერიმენტზე წამოვედი, მაგრამ, ასეთი რთული თუ იქნებოდა, არ მეგონა. თავზე გვაყრია ყველაფერი, გიჟური გრაფიკი გვაქვს. ეს გრიმი და „მეიქ აფები“ საშინელებაა. მართალია, ძალიან მაგრად გვიკეთებენ, მაგრამ, ამის ტარება ძალიან რთულია. გუშინ ისე მქონდა თავის ქალა გადაქაჩული, კინაღამ სკალპი ამძვრა. თან, ეტყობა, ეს ნერვები დაკავშირებულია ერთმანეთთან და, მეგონა, კბილიც მტკიოდა. მაგრამ, ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა.
– მოკლედ, ამერიკულად მუშაობთ.
– კი, მაგრამ, მთლად ამერიკულად არ გამოგვდის. ხან მე ვაგვიანებ, ხან ვინ – ქართული „პონტები“ მაინც ხდება.
– ყველა ტურში ძალიან მაგარი იყავი, მაგრამ, „ლელა წურწუმია“ რაღაც საოცარი იყო
– მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეც მხოლოდ ამას ვცდილობ – ვისიამოვნო და ვასიამოვნო მაყურებელს, რათა გაერთოს ამ შოუს ყურებით. ლელაზე მთელი აჟიოტაჟი ატყდა.
– ოჯახი გვერდში გიდგას?
– ესემესებსა და რაღაცეებს რაც შეეხება, პირველი ორი „ლაივ შოუ“ ჩემი ესემეს-ნომერიც არ ვიცოდი. ხომ შემიძლია, ჩემს „ფეისბუქზე“ მაინც ვთხოვო ხალხს, დამიმესიჯეთ-მეთქი – ესეც კი არ დამიწერია. იმდენად არ ვფიქრობ, რომ, არიქა, პირველ ადგილზე უნდა გავიდე- მეთქი, რომ ესეც არ მახსოვს; მინდა, ხალხი ვაცინო, გავართო და გავახარო. ბოლოზეც რომ გავიდე, მაგაზეც არ დამწყდება გული. ოჯახი ძალიან მაგრად მგულშემატკივრობს, ჩემი ქმრით დაწყებული, დედაჩემით, ჩემი დედამთილით და სხვა ყველა ადამიანით დამთავრებული, ვინც მე ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, ბებიაჩემი, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, აღარ არის. ის პირველ „ლაივ შოუმდე“ ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა და ეს არ ვთქვი. სულმოუთქმელად ელოდებოდა პირველ კონცერტს, რომ ეყურებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს დაბადების დღეზე გახდა ცუდად და მეორე დღეს გარდაიცვალა. ასეთი საჩუქარი გამიკეთა – ჩემს დაბადების დღეზე არ მიმატოვა.
– „ლაივ შოუს“ გამოტოვების შანსი არ იყო?
– არა, დასაფლავებიდან მეორე დღეს სცენაზე გამოვედი და ვიმღერე. მისი გაზრდილი ვარ, რომ ვმღერი, მისი დამსახურებაა და, ბრაზდებოდა ხოლმე – სულ შენს ქმარზე რომ გეკითხებიან და ინტერვიუებში რომ მასზე ლაპარაკობ, ჩემზე რატომ არაფერს ამბობო. ჟურნალისტები ყოველთვის ქმარზე, დედამთილზე და ასეთ რაღაცეებზე მეკითხებიან, არადა, მართლა ბებოს გაზრდილი ვარ, მას ვეკუთვნოდი, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა.
– ამ რეჟიმს როგორ უძლებ?
– რომ მცოდნოდა, ასეთი რეჟიმი იქნებოდა, უარს ვიტყოდი. ჩიყვი მაწუხებს და ამის გამო ორგანიზმი დასუსტებული მაქვს, ამიტომ, ვცდილობ, ძალიან დიდი დატვირთვები არ მქონდეს. ჩემთვის ნერვიულობა და სტრესები არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულად დატვირთული ვარ, მაგრამ, მაინც ვცდილობ, ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო, ისე, როგორც საჭიროა.
– აპირებ სიმღერის სფეროში რამის გაკეთებას, ვთქვათ ჩაწერას, ალბომზე მუშაობას?
– სიმღერასაც ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ, მაგრამ, როგორ მიიღებს ამას მსმენელი, არ ვიცი. მე როგორი ალბომიც მინდა გამოვუშვა, ამას მასა არ უსმენს. თუმცა, ადამიანებისგან იმხელა სითბოს ვგრძნობ, რომ, იმასაც ვუშვებ – შეიძლება, ეს მიმდინარეობა არ მოსწონდეთ, მაგრამ, ჩემი სიყვარულით მოუსმინონ. ძალიან მინდა კარგი რაღაცეების გაკეთება ჩემს ჯგუფთან ერთად, დათო ფორჩხიძესთან ერთად და აუცილებლად გავაკეთებ. გეგმა ბევრი მაქვს და არც მათი განხორციელება მაშინებს.