კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით გაიზარდა პირველი ქორწინების რიცხვი ქალებისა და მამაკაცებისთვის, რა კავშირი აქვს ამ მაჩვენებელს დემოგრაფიასთან და რომელ წლებში მოდიოდა ქორწინებების მესამედი 15-დან 19 წლამდე ასაკში

ამ წლის ზაფხულში ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც, საქართველოში თითქოს იმატა არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების მაჩვენებელმა. თუმცა, მოგვიანებით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა დააზუსტეს, რომ ნაადრევი ქორწინებების დიდი წილი საქართველოს ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებზე მოდიოდა. საშუალოდ, რა ასაკში ქორწინდებიან საქართველოში ქალები და მამაკაცები, რამდენად ხშირია განმეორებითი ქორწინებები და რის საფუძველზე წინასწარმეტყველებს გაერო 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის გარდაუვალ კლებას, თემას  ილიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ, დემოგრაფ გია წულაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– როგორია ჩვენთან ქორწინების საშუალო ასაკი?

– ქორწინების საშუალო ასაკი არის პირველი და განმეორებითი ქორწინებების გაშუალებული მაჩვენებელი. თავისთავად ცხადია, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე განმეორებითის. ძირითადად, ოპერირებას მაინც პირველი ქორწინების ასაკით აკეთებენ. ბუნებრივია, საუბარია რეგისტრირებულ ქორწინებებზე. ქორწინებების საერთო მაჩვენებელში ყველაზე მეტი წილი პირველ ქორწინებაზე მოდის, სხვა ქვეყნებთან შედარებით მეორე ქორწინების წილი მცირეა საქართველოში. ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა. 2012 წელს 30 000-ს აჭარბებს, მაშინ, როდესაც 2003 წელს რეგისტრირებული იყო 13 000 ქორწინება.

– ეს რეგისტრაციის პრობლემა იყო თუ ქორწინებები იმ წლებში უბრალოდ ობიექტურად შემცირდა?

– რეგისტრაციის პრობლემაც იყო. თუმცა, მაგალითდ, 1990 წელთან შედარებით, როდესაც ქორწინებების აბსოლუტური მაჩვენებელი 36 000-ს აჭარბებდა, 2012 წელს ქორწინებების რაოდენობა შემცირებულიც კი არის. 2012 წელს პირველი ქორწინება 28 000-ზე მეტია, ხელახალი ქორწინება კი მხოლოდ 2 000-ის ფარგლებშია, ანუ 90 და მეტი პროცენტი მოდის პირველ ქორწინებაზე.

– რას გვიჩვენებს ეს მაჩვენებელი?

– უბრალოდ ჩვენთან დაბალია განმეორებითი ქორწინებების რაოდენობა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ, ტრადიციების თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენთან უჭირთ ხელახალი ქორწინება ან თავს იკავებენ. ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მეტია განმეორებითი ქორწინებების წილი.

– უფრო ევროპულ ქვეყნებში?

– ევროპულ ქვეყნებში და რუსეთშიც. არის ასეთი პირობითი მაჩვენებელი, საშუალოდ, რამდენჯერ ქორწინდება ცხოვრების განმავლობაში ერთი ქალი ან მამაკაცი. ჩვენთან, დაახლოებით, ერთის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი. ადრე უფრო დაბალი იყო –  0,5, ანუ ნახევარი.

– ეს იმას ნიშნავს, რომ საქორწინო ასაკის მამაკაცებისა და ქალთა რაოდენობის მხოლოდ ნახევარი იყო დაქორწინებული?

– დიახ. 2003 წელს ქორწინებების აბსოლუტური მაჩვენებელიც დაბალი იყო და ეს მეორე მაჩვენებელიც. თუმცა 2009 წელს ერთს მიუახლოვდა და 2010 და 2011 წლებში გადააჭარბა კიდეც.

– განმეორებითი ქორწინებების მატების გამო?

– არა მხოლოდ. რაც შეეხება ქორწინების ასაკს: ახალგაზრდა ასაკში ქორწინება სტაბილურად მერყეობს 5 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ ეს ახალგაზრდა ასაკი სტატისტიკით არის 15-დან 20 წლამდე. 1990 წელს მამაკაცებისთვის ქორწინების საშუალო ასაკი იყო, დაახლოებით, 29 წელი, ქალებისთვის –  25 წელი. მაგრამ აქ ჩვენ გვაინტერესებს პირველი ქორწინება. პირველი ქორწინების ასაკი მამაკაცებისთვის იყო 27 წელი, ქალებისთვის –  24 წელი. ეს რამდენადმე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ის ცვალებადობას განიცდიდა და ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენცია გამოიხატა. ჩვენთან 20 წლამდე მამაკაცების 2 და ქალების 13,4 პროცენტი ქორწინდება. ანუ არ არის ძალიან დიდი წილი არც ქალებში, არც მამაკაცებში, თუმცა წინა წლებში ნაადრევი ქორწინებების წილი მეტი იყო. მაგალითად, იყო წლები, როდესაც ქორწინებების ერთი მესამედი მოდიოდა 20 წლამდე ასაკის ქალებში. და ეს ხდებოდა 1991 წლიდან მოყოლებული 1997 წლამდე.

–  წაშლილი არ არის მონაცემი, რომ გვენახა, რომელი ეთნიკური ჯგუფები იყვნენ მიდრეკილნი ნაადრევი ქორწინებისადმი?

– როდესაც ეროვნება, როგორც ნიშანი, ამოიღეს პასპორტიდან, სტატისტიკაც აღარ აქცევს ყურადღებას. ზოგი, მართალია, ავსებდა ეროვნების გრაფას და შეიძლება, გვარით მიხვდე ეროვნებას, მაგრამ არ გაქვს უფლება, თვითნებურად ჩაწერო. დღეს, როდესაც ორჯერ და მეტჯერაა ნაკლები მათი წილი, რომლებიც 20 წლამდე ქორწინდება გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით,  ვერ ვიტყვით, რომ ქორწინებების რაოდენობამ ახალგაზრდა ასაკში იმატა.

მეტიც, სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა ქალებისა და მამაკაცებისთვის პირველი ქორწინების ასაკი. თუ 1990 წელს ის კაცებისთვის იყო 27 წელი, ქალებისთვის კი –  24 წელი, შარშანდელი მონაცემით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 29 წელზე მეტი გახდა მამაკაცებისთვის, ქალებისთვის –  გადააჭარბა 25 წელს. ხელახალი ქორწინების ასაკიც ძალიან ცვალებადია. მაგალითად, 1990 წელს განმეორებითი ქორწინების ასაკი მამაკაცებისთვის 42 წელი იყო, ქალებისთვის –  40. დღეს ეს მაჩვენებელი 42-39-ს ფარგლებშია.

– ქორწინების ასაკის მატება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ახდენს გავლენას დემოგრაფიაზე, ამცირებს შობადობის მაჩვენებელს თუ ეს ორი მაჩვენებელი არ არის ერთმანეთთან კავშირში?

– ქორწინება, როგორც დემოგრაფიული ფენომენი, რა თქმა უნდა, შედის დემოგრაფიულ საკითხებში, მაგრამ არა ისე, რომ რამე გავლენა ჰქონდეს დემოგრაფიაზე. გასაგებია, რომ ხელახალი ქორწინების დროს, როდესაც ქალის საშუალო ასაკი აღემატება 40 წელს და შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში გაცილებით მეტი იყოს, იმიტომ რომ მონაცემი გასაშუალებულია, ბავშვების ყოლის ალბათობა მცირეა, თუმცა არის სტატისტიკაში შემთხვევები, რომ ქალებს 50 წლის ასაკშიც გაუჩენიათ ბავშვები. მიიჩნეოდა, რომ ქორწინების ასაკის კლებას შეიძლება, მოჰყოლოდა შობადობის გაზრდა, მაგრამ იმ პირობებში და დემოგრაფიული განვითარების იმ ეტაპზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ქორწინების ასაკი და შობადობის მაჩვენებელი ერთმანეთთან კავშირში არ არის. დემოგრაფიაში ოჯახის კატეგორიები შემდეგნაირად იყოფა: უბავშვო ოჯახი, მცირეშვილიანი ოჯახი  –  1-2 ბავშვი, საშუალოშვილიანი –  3-4 და მრავალშვილიანი –  5 და მეტი ბავშვი. ზოგადად, უფრო მისაღებია საშუალოშვილიანი ოჯახების სტიმულირება. მაგალითად, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთი ქალის მიერ ცხოვრების განმავლობაში გაჩენილი ბავშვების რაოდენობა 5-ის ფარგლებში იყო, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდის რუსეთში მეტი იყო –  7-ს აღემატებოდა. ჩვენთან ოჯახის დაგეგმვა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთში, თუმცა რუსეთმა სწრაფად გაიარა საფეხურები, ჩვენ ცოტა ნელა. ამაში, დემოგრაფიული თვალსაზრისით, კარგი არაფერია, დღესდღეობით საქართველოში, თუ ოფიციალური სტატისტიკიდან გამოვალთ, ბავშვების ის რაოდენობაც კი, რაც ჩვენ ბუმად ჩავთვალეთ, რამდენიმე წლის წინათ – პატრიარქის ცნობილ ინიციატივას ვგულისხმობ –  არ არის საკმარისი მოსახლეობის აღწარმოებისთვის, რაც გულისხმობს, რომ თაობა თავის თავს განაახლებს.

– ვიცით, რომ ახლა დაიწყება ბუნებრივი კლების პროცესი, რადგან რეპროდუქციულ ასაკში შედის 90-იანების თაობა, როდესაც შობადობა დაბალი იყო.

– შეიძლება, შედარებით გამოსწორდა შობადობის მაჩვენებელი, მაგრამ მთლიანობაში უკვე გავიარეთ გამოსწორების პიკი და ისევ ქვემოთ მივდივართ. ჯერჯერობით დაბადებულთა რაოდენობა სჭარბობს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას.

– მაგრამ ეს ხომ მომავალში აისახება, როდესაც ახლა დაბადებულები რეპროდუქციულ ასაკში შევლენ?

– რა თქმა უნდა, იმიტომაც, პროგნოზებით, საქართველოს მოსახლეობა კი არ გაიზრდება, არამედ, შემცირებისკენ წავა. ამ შემცირებას ორი პროცესი განაპირობებს: ბუნებრივი მოძრაობის, დაბადება-გარდაცვალების შედარება და, აგრეთვე, გარე მიგრაცია. იმიტომ რომ, თუ ქვეყნიდან მეტი გადის, ვიდრე შემოდის, მოსახლეობის რაოდენობა ისედაც დაიკლებს. მაგალითად, 2012 წელი გარე მიგრაციის სტატისტიკური მოწესრიგების თვალსაზრისით კარგი წელი იყო, იმიტომ რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემების უშუალო გამოყენება მეთოდურად აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო. რადგან არ იცი, ერთი ადამიანი რამდენჯერ კვეთს საზღვარს და რა დროით. მიგრანტს აქვს დროითი განსაზღვრება. ვთქვათ, წახვედით სამსახურეობრივ მივლინებაში და ჩამოხვედით ერთ კვირაში, თქვენ მიგრანტად ხომ ვერ გაგასაღებთ?! არადა, ამ დროს ბრუნვაში მოხვდით აქედანაც და იქიდანაც. ბაზების გაწმენდით შესაძლებელი აღმოჩნდა დროითი ფაქტორის გათვალისწინება. გარე მიგრაციის განსაზღვრისთვის გვაინტერესებს ის, ვინც დიდი ხნით მიდის. როგორც კი ეს მოწესრიგდა, პირველივე, 2012 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოდან 21 500-ით მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

– ეს ხომ გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ წინა წლებშიც იგივე ხდებოდა? თუმცა ჩვენი პრეზიდენტი ჯიუტად იმეორებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ტოტალური დაბრუნება დაიწყო და უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა.

– წინა წლებში ამაზე უარესი მაჩვენებელი იქნებოდა, რამდენადაც იმ წლებში არასწორ მეთოდოლოგიას იყენებდა სტატისტიკა და ისე ჩანდა, თითქოს მეტი შემოდიოდა, მაგრამ, როგორც კი, საქსტატმა მონაცემების სწორად დათვლა დიაწყო, აღმოჩნდა, რომ პირიქით ყოფილა. მაგალითად, გაეროს 2012 წლის მონაცემებით, რომელიც ეხება 2010-2015 წლების პროგნოზს, ყოველწლიურად 25 000 ადამიანი დატოვებს საქართველოს. გაეროს მონაცემი ახლოსაა იმ მონაცემთან, რაც საქსტატმა მიიღო.

– აბა, გავიზიდებით ერთ 100 წელიწადში?! 

– როდესაც ყოველწლიურად 10 000-ია ბუნებრივი გზით მატება და ორჯერ მეტი გადის იმავე პერიოდში ქვეყნიდან, ცხადია, მოსახლეობა დაიკლებს. იმიტომ არის გაეროს პროგნოზებით, რომ კლების ტენდენცია გვაქვს. თუმცა გაერო თავის პროგნოზებს აკეთებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ჩვენ კი ვაკეთებთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. გაეროს პროგნოზით, მიგრაცია შემცირდება: 2050 წლისთვის სხვაობა გასულებსა და შემოსულებს შორის ნულს გაუტოლდება. არადა, იყო წლები, როდესაც საქართველოდან 100 000-150 000-ით მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. იმისთვის, რომ შემოსულთა რაოდენობა მეტი იყოს გასულებზე, განვითარების სხვა დონეს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ. ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით დღეს, რომ განვითარების დონით ევროპის ქვეყნებს გავუტოლდით?! თუმცა მათ სხვა პრობლემა აქვთ: კვოტები აქვთ დაწესებული შემსვლელებზე და იმაზე მეტს არ უშვებენ. ჩვენ ჯერჯერობით ეს პრობლემა არ გვიდგას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან. ვინც ჩამოდის, ისიც იმიტომ, რომ უარეს სიტუაციას გაურბიან. მაგრამ ჩინელი იქნება თუ ინდოელი, ვერ იკიდებს ფეხს, იმიტომ რომ, ის დროც წარსულს ჩაჰბარდა, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ერიდებოდნენ შავი სამუშაოს შესრულებას. ძალიან ბევრ მეეზოვესა თუ დამლაგებელს ქართველსაც ნახავთ და ადგილობრივი ბაზარიც უწევს კონკურენციას გარე მიგრანტებს. ჩემი რამდენიმე ამხანაგი, თავიანთი უმაღლესი განათლების მიუხედავად, ლილოს ბაზრობაზე მუშაობენ და მათგან გავიგე, რომ ჩინელები მათგან ყიდულობენ ჩინურ საქონელს, რომლებიც ქართველებს შემოაქვთ. ამიტომ ჩინელს ურჩევნია, იყიდოს მათგან, ვისაც მსხვილი პარტიები შემოაქვს, ვიდრე გზაში ფული და დრო ხარჯოს. მიწასთან დაკავშირებით კი შეზღუდვები შემოდის. ასე რომ, მარტივი არ არის ქვეყანაში ფეხის მოკიდება.

– გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის შობადობის მაჩვენებელი როგორი იქნება?

– დაიკლებს, რა თქმა უნდა. გაეროს მოდელებით, დაახლოებით გამოდის, რომ იმ პერიოდისთვის ერთი ქალი, საშუალოდ, ორ ბავშვზე ნაკლებს იყოლიებს, რაც თაობას ვერ განაახლებს. ასევე, გაიზრდება მოსახლეობის ათას სულზე გარდაცვლილთა რაოდენობაც და გარე მიგრაცია ნულოვანიც რომ იყოს, მაინც დაიკლებს მოსახლეობის რაოდენობა.

– გამოსავალი ბანალურია: საშუალოშვილიანი ოჯახების გამრავლება?

– ეს არსებითია, მაგრამ ასე მარტივადაც არ ხდება. დემოგრაფიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება შობადობაზე, არ მოაქვს გარანტირებული შედეგი. სასურველი შედეგის მისაღწევად უმჯობესია ფულის ჩადება განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ უზრუნველყოფაში, გენდერულ თანასწორობაში და ასე შემდეგ. იმას, რასაც ჩვენთან უწოდებენ დემოგრაფიულ პოლიტიკას, უცხოეთში დემოგრაფიულ პოლიტიკად არ აღიქვამენ. ავსტრიის 30 წლის წინანდელ მაგალითს მოგიყვანთ: ბავშვის გაჩენისთვის ერთჯერადი დახმარება გამოდიოდა 1 200 დოლარი, არადა ავსტრია მიიჩნევს, რომ არ ატარებს დემოგრაფიულ პოლიტიკას. გერმანიაშიც არავინ უწოდებს დემოგრაფიულ პოლიტიკას იმას, რომ ოჯახებს 300 ევროს აძლევენ თითოეულ შვილზე 18 წლის ასაკამდე. საფრანგეთში მაგალითად, საკმარისია, ბავშვმა უმაღლესში ჩააბაროს, რომ დახმარება, რომელიც შეუწყდა სრულწლოვნობის გამო, შეუნარჩუნდეს უმაღლესში სწავლის განმავლობაში. ესეც გარკვეულ სტიმულირებას აკეთებს.

– რა სასიამოვნო მიდგომა აქვს სახელმწიფოს: ჯერ მხოლოდ იმიტომ გეხმარება, რომ გაჩნდი მის მოქალაქედ და შემდეგ, თუ საშუალოდ კარგიც იქნები, დამატებით ამისთვის დაგეხმარება.

– დიახ, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც ღარიბები არ არიან, მაგრამ დემოგრაფიულ პროცესებში ჩაურევლობის პოლიტიკას ატარებენ. მაგალითად, ინგლისი.

 

скачать dle 11.3