კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– მაგარი რამე, – თქვა დიტომ და წვრილი ჰოლანდიური სიგარებით სავსე ყუთი დაგვიდო წინ, – მოწიეთ, მაგარი რაღაცაა. უმაღლესი კატეგორიის მომსახურებაა, როდესაც პარტიისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებს უშლი სუფრას. მაგალითად, ახლა რომ სუფრას გაგიშლით, ისეთი სუფრა გავუშალე ბრეჟნევს, როცა ის ოთხმოცდაერთში იყო თბილისში ჩამოსული და შევარდნაძემ აქ ამომიყვანა საქეიფოდ.

– ჰმ, ცხონებული ლიონია, – თავი გააქნია ბერძენამ ბრეჟნევის ხსენებაზე, – რა ჯიგარი იყო. ეცოცხლა კიდევ, რა იქნებოდა? კიდევ კარგი, რომ ანდროპოვი ჩაძაღლდა, თორემ, ახლა მე და კობრა და ჩვენი ძმები ცოცხლები არ ვიქნებოდით.

– ქურდებს დაგერიათ, ხომ, ის სულაძაღლებული? – თქვა დიტომ.

– დაგვერიაო?! დაგვერია და მეტიც არ გვიქნა? მაგის კაგებეშნიკი ბოზი დედაც!.. – მიუგო ბერძენამ, – კაროჩე, კისრამდე ქაქში გვამყოფებდა. ციხეებში ერთად შეგვყარა, თანაც, ზამთარში, სიცივეში, ნესტში და, უნდოდა, რომ ვირთხებივით დაგვეჭამა ერთმანეთი, ან გავგიჟებულიყავით, ან თავი დაგვებრიდა, თუ არა და, ატკაზნიკები გავხმდარიყავით. კაროჩე, დიტო, ძმაო, ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ვიყავით.

– მაგრად გპრესავდნენ? – ჰკითხა დიტომ.

– ცემას გულისხმობ?

– ჰო.

– არა, ტო, თითსაც არ გვაკარებდნენ. პროსტო, კამერაში ვყავდით გამომწყვდეულები და ფსიქოლოგიურ ტერორს გვიტარებდნენ, – უთხრა დიტოს ბერძენამ, – ერთი ძველი ქურდი იყო. ოცი წელი ბეზ ვიხოდა იჯდა და ის ამბობდა, ასეთი ბოზური პალაჟენია პირველად ვნახეო. ბევრმა ვერ გაუძლო: ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი ატკაზნიკი გახდა, ზოგმაც ნადზორებს დასცხო, სროკი დაიმატა, კარცერ-ადინოჩკაში მოხვდა და თავი დაიღუპა. ბეწვზე ვართ გადარჩენილები.

– ჩვენამდეც აღწევდა ზონის ამბები და საშინელებებს ყვებოდნენ, – თქვა დიტომ.

– ზონაში ერთი ქურდიც არ დატოვეს, ყველა ლაგერი გააწითლეს და ვლასტი ბოზებს ჩაუგდეს ხელში, – ვუთხარი დიტოს, – მაგადანის ციხემდე ერთ რიგელ ქურდთან, არტურთან ერთად ვიჯექი ზონაში და ორივე იქიდან გაგვიშვეს ეტაპით. ზონაში რეჟიმის უფროსი იყო, მაიორი კორობკო და იმასაც კი შევეცოდეთ. ასე გვითხრა, ჯოჯოხეთში მიდიხართ, ცოცხლები ვერ გადარჩებით, ძალიან მეცოდებით და, საშუალება რომ მქონდეს, აქ დაგტოვებდითო. არადა, კორობკო თვეში ორ კვირას კარცერში გვაყურყუტებდა და ამაზე საშინელ პირობებში თუ აღმოვჩნდებოდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

დიტოს კაბინეტში ოთხი მიმტანი შემოვიდა. მათ ჯერ მაგიდა გაშალეს, ზედ ქათქათა სუფრა გადააფარეს. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი დააწყვეს ზედ და წავიდნენ. ცოტა ხანში მირიანიც გამოჩნდა და დიტოს უთხრა:

– დიმიტრი მიხაილოვიჩ, ორი მამაკაცი გკითხულობთ.

– ყბედალო იქნება, – უთხრა დიტოს ბერძენამ.

– აქ მოიყვანე, – მიუგო დიტომ უფროს მიმტანს, რომელიც გავიდა და ერთი წუთის მერე ყბედალოსთან და მის თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა.

– არტურ, ძმაო, როგორ ხარ, – აღმომხდა მე და ჩემს რიგელ თანამესაკნისკენ გავემართე, მას კი გაეცინა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:

– შენც შეცდი, ძმაო. ასე ემართება ყველას. მე არნოლდი ვარ, არტურის უფროსი ძმა. თუმცა, მხოლოდ ხუთი წუთით ვარ მასზე უფროსი, ისე კი ტყუპები ვართ.

– არნოლდი?! – გავიმეორე მე.

– დიახ, – დამიდასტურა არტურის ტყუპისცალმა, რომელსაც ჯერ ხელი ჩამოვართვი, შემდეგ გადავეხვიე და ვუთხარი:

– ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს, რატომ არაფერი მითხრა არტურმა შენზე?

– სიტყვაძუნწია და ლაპარაკი არ უყვარს. ზოგჯერ რამდენიმე დღე ხმას არ იღებს ხოლმე. სროკიდან რომ დაბრუნდა, არც მე მოვუკითხივარ წესიერად და თავის ამბებზე ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, – გაეცინა არნოლდს.

– ეგ მართალია, ბევრი ბაზარი არ უყვარს, – დავეთანხმე არნოლდს, შემდეგ ყბედალოს გადავეხვიე და ვკითხე:

– საიდან სად, რეპრესიებს როგორ გადაურჩი, შე ჩემა?!

– მე და არნოლდი მოსკოვში ერთ ნაშასთან ვიმალებოდით და ამან გვიშველა. ორი წელი გარეთ თითქმის არ გამოვსულვართ და ფსკერზე ვიწექით, – მითხრა ყბედალომ.

– მაგარ ჯოჯოხეთს ხართ გადარჩენილები, – უთხრა ყბედალოს ბერძენამ, დიტომ კი დაამატა:

– აბა, ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ, მაგიდას მივუსხდეთ.

ხუთივე მივუსხედით მაგიდას. თამადობა დიტომ იკისრა და ისეთი დრო გაგვატარებინა, უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა. შუაღამე გადასული იყო, როცა დავიშალეთ. დიტომ თავისი „ვოლგით“ მიგვიყვანა ბერძენას სახლში, სადაც ოთხივე ქურდი დავრჩით. საჭესთან კი დიტოს პირადი მძღოლი იჯდა. გამომშვიდობების წინ დიტომ ოცდახუთმანეთიანების ტკიცინა, გაუხსნელი დასტა ჩამიდო ჯიბეში და მითხრა:

– ეს თქვენ, ძმებო. ბერძენას იმიტომ არ მივეცი, რომ, შეიძლება, აყეფდეს და მისი თავი არ მაქვს. აბა, ნახვამდის, თქვენს განკარგულებაში ვარ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

დიტო წავიდა და მისმა მძღოლმა დიდი ყუთი დაგვიტოვა, რომელიც ძლივს ავიტანეთ ბერძენასთან. რომ გავხსენით, შიგნით უმაღლესი კატეგორიის საჭმელ-სასმელი ელაგა.

– აი, ეს პრესი გვიგრევა დიტომ, – ვთქვი მე და მაგიდაზე გაუხსნელი ოცდახუთმანეთიანების დასტა დავაგდე.

– რა როჟაა, ტო, – თქვა ბერძენამ, – გადაყოლა იცის ხოლმე ხალხზე, ბავშვობიდანვე ასეთი იყო. მე იმიტომ არ მომცა, იცოდა, რომ  გავუტრაკებდი.

– ჰო. ასე თქვა, ბერძენა აყეფდება და მაგისი თავი არ მაქვსო, – ვთქვი მე.

ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ, დავწექით და მალევე დაგვეძინა. დილით რომ გავიღვიძეთ, სუფრა გაშლილი დაგვხვდა და ყბედალომ გვითხრა:

– ადექით ახლა. პახმელიაზე გამოვიდეთ და თან საქმეზე ვილაპარაკოთ. არნოლდი ტყუილად კი არ ჩამომიყვანია აქ, თქვენთან საქმე აქვს და მოუსმინეთ.

არნოლდმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:

– ცოტა შორიდან დავიწყებ, ძმებო. ბაბუაჩვენი არნოლდი, მამაჩემის მამა, რომლის სახელიც მე დამარქვეს, ძველი ანტიკომუნისტი იყო და მთელი ცხოვრება საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა. მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ის და მისი ბრატები ტყეში გავიდნენ და კომუნისტებს პარტიზანულად ებრძოდნენ. მაგათი ბანდის სალიკვიდაციოდ „ჩეკას“ სპეციალური რაზმები გაგზავნა მოსკოვმა ლიტვაში, რომლებმაც ნაწილი დახოცეს, ნაწილი უცხოეთში გაიქცა, ნაწილი კი დააპატიმრეს. დააპატიმრეს ბაბუა არნოლდიც, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. შემდეგ კი დახვრეტა ოცდახუთწლიანი პატიმრობით შეუცვალეს და გააციმბირეს. ბაბუა ლაგერში გარდაიცვალა და თავისი ერთადერთი ვაჟის, ანუ, მამაჩვენის დაბადებას ვერ მოესწრო. ბებიაჩვენმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და ხშირად გვიყვებოდა ბაბუაზე. ბებია გვეუბნებოდა, რომ ბაბუას და მის თანამოაზრეებს ერთ-ერთი პარტიზანული თავდასხმის დროს ჩეკისტებისთვის ძვირფასეულობით სავსე ყუთი წაურთმევიათ, რომელიც, თურმე, მოსკოვში უნდა წაეღოთ. ძვირფასეულობა კი ჩეკისტებს ლატვიელი მდიდრებისგან ამოუღიათ, რომლებიც ქონებას უმალავდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. ბებია ამბობდა, რომ ბაბუამ და მისმა თანამოაზრეებმა ჩეკისტებისთვისს წართმეული განძი გადამალეს, მაგრამ, სად, არ იცოდა. მე და არტურს გვეგონა, რომ ბებია ცდებოდა, მის მონაყოლს სერიოზულად არ აღვიქვმდით, მაგრამ, არაფერს ვეუბნებოდით, რომ არ წყენოდა. ამ ორი თვის წინ კი ბაბუაჩემის დღიურს მივაგენი, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი განძის ისტორია და ზუსტად იყო მითითებული სამალავის ადგილსამყოფელი.

– კაი, კაცო! – აღმოხდა ბერძენას, – მერე?

– განძი ძველ გერმანულ სეიფში დევს და, ბედის ირონიით, სწორედ ის ადგილია დღიურში წაშლილი, სადაც სეიფის კოდი წერია, თუმცა, ეგ არაფერი. სეიფი სარდაფშია, აღმოსავლეთ კედელში, რომელიც ერთი შენობის ცეცხლგამძლე აგურებითაა ამოშენებული და შელესილი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დღესდღეობით ეს შენობა რიგის მილიციის სამმართველოს ეკუთვნის და „ძაღლებითაა” სავსე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩიტი ბდღვნად ღირს და, თუკი გვირაბით შევაღწევთ შიგნით, განძს დავითრევთ. ამ საქმეს კი ძალიან საიმედო ხალხი სჭირდება და, თქვენზე საიმედოს, აბა, სად ვიპოვიდი?

არნოლდის სიტყვებზე მე და ბერძენამ ერთმანეთს შევხედეთ და ისე ავხარხარდით, რომ კარგა ხანს ვერ მოვახერხეთ გაჩერება. ყბედალო და არნოლდი კი ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ვერ გაეგოთ, რა გვაცინებდა.

– თქვენ რა, დაიშოკეთ? რა გაცინებთ? – გვკითხა ყბედალომ. ჩვენ კი ხარხარს მოვუმატეთ და როდესაც დავმშვიდდით, არნოლდსა და ყბედალოს ვუთხარი:

– რამდენიმე ასეთი საქმე გაკეთებული გვაქვს, მათგან ერთ-ერთი – სწორედ, მილიციის შენობაში. სწორედ ამიტომ აგვიტყდა ხარხარი.

– ჰოდა, ძალიან კარგი. გვირაბის თხრისა და მილიციის შენობაში ჩალიჩის გამოცდილება გქონიათ და, თუ თანახმა იქნებით, ისღა დაგვრჩენია, რომ რიგაში გავემგზავროთ და ჩალიჩს შევუდგეთ. მით უმეტეს, რომ არტურს უკვე აღებული აქვს მიმართულება. რას იტყვით, გაწყობთ?

– გვაწყობს, – ერთხმად მივუგეთ არნოლდს მე და ბერძენამ, შემდეგ ერთმანეთს შევხედეთ და ისევ ავხარხარდით...

რიგაში სამი დღის შემდეგ გავემგზავრეთ და ოთხი თვე დაგვჭირდა საქმის გასაკეთებლად. მე და ბერძენამ მილიციის სამმართველოდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მდებარე სახლის პირველ სართულზე ვიქირავეთ ბინა და გვირაბის თხრას იქიდან შევუდექით. ვმუშაობდით დღე და ღამე, მაგრამ, ისეთი ცუდი გრუნტი იყო, თხრა გვიჭირდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ საკმაოდ ღრმად მოგვიწია ჩასვლა და, არც გრუნტის გატანა და გადაყრა აღმოჩნდა იოლი საქმე. ბოლოს, როგორც იქნა, შევაღწიეთ სარდაფში. ცეცხლგამძლე აგურებით ნაშენი კედელიც დავშალეთ და ძველ სეიფსაც მივაგენით, რომლის გახსნა არც ისე იოლი საქმე იყო. მე ოთხი საათი დამჭირდა ჩაჟანგული სეიფის გასახსნელად, მაგრამ, შიგთავსმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქიდან იმდენი ძვირფასეულობა წამოვიღეთ, რომ თავი ზღაპარში გვეგონა. კუში ქურდულად გავტეხეთ. ნახევარი ტავარის საფასური ეგრევე ქურდულ ობშჩიაკში შევიტანეთ. ნახევარი კი ხუთ ნაწილად გავყავით და გავინაწილეთ. ძმებმა თავიანთი წილი ძვირფასეულობით აიღეს. მე, ბერძენამ და ყბედალომ კი ტავარი კეშას ჩავაბარეთ ლენინგრადში და ნახევარი მაყუთი მაშინვე ჩაგვითვალა, მეორე ნახევარი კი სამი თვის მერე ავიღეთ. ჩვენ სამმა ჩვენი წილების ძირითადი ნაწილი ახლობლების დახმარებასა და გულაობაში დავხარჯეთ. არტური და არნოლდი კი სხვაგვარად მოიქცნენ: მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები პატიოსანი ქურდები იყვნენ, მათ მყისვე დაუჭირეს მუღამი პერესტროიკას, რომელიც ამ საქმის  გაკეთებიდან ძალიან მალე დაიწყო და თავიანთი წილი მთლიანად ბიზნესში ჩადეს, თავდაპირველად – არალეგალურგში, შემდეგ კი ეს უზარმაზარი მოგება გაათეთრეს და დღესდღეობით ძალიან სერიოზული კაპიტალის მფლობელები არიან.

არტურს და არნოლდს არც არასდროს უთქვამთ ქურდობაზე უარი და ეს სტატუსი მათთვის არც არავის ჩამოურთმევია. ამიტომ, ისინი დღემდე ქურდებად ითვლებიან, თუმცა, კარგა ხანია, ქურდულ ჩარჩოებს გასცდნენ და გამაფიოზდნენ. მათ საკუთარი ფირმა აქვთ, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს ქსელი. ძმები კი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატთან და მის მმართველობაში შედიან.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. იმ პერიოდში მოსკოვში ვიმყოფებოდი და ერთ საქმეს ვანაკოლებდი. მაისის ერთ თბილ საღამოს ნაშასთან ერთად რესტორან „სოვეტსკაიაში“ ვიჯექი. ჩვენ მსუბუქ ვახშამს შევექცეოდით, საუცხოო ფრანგულ შამპანურს ვსვამდით და სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდით, რომელსაც რესტორნის ჯაზ-ბენდი ასრულებდა. შუა ვახშმის დროს რესტორანში ადამიანების ჯგუფი შემოვიდა. ორნი მაგიდას მიუსხდნენ, ექვსი კი შორიახლო განლაგდა და, მივხვდი, რომ იმ ორის პირადი მცველები იყვნენ. ასეთ სურათს ხშირად შევსწრებივარ მსგავს ადგილებში, ამიტომ, ვიპ-პერსონებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ჩემს ქალთან საუბარი განვაგრძე.

– კობრა, ის კაცები აქეთ იყურებიან, – მითხრა ნაშამ.

– ვინ კაცები? – ვკითხე ქალს.

– აი, ისინი, ახლა რომ შემოვიდნენ რესტორანში დაცვასთან ერთად.

მე სულ ფეხებზე მეკიდა ვიპ-პერსონებიც და ისიც, საით იყურებოდნენ ისინი, მთავარი იყო, ჩვენ არ შეგვხებოდნენ ცუდად. ყურებას კი ვერავის დაუშლი. თანაც, სულაც არ მაწყობდა შარი და ჩემს ნაშას ნახევრად ხუმრობით ვუპასუხე:

– ეგ არცაა გასაკვირი, შენისთანა ლამაზი ქალი მეორე არ მოიძებნება მოსკოვში და ეტყობა, დაევასე.

– ისინი მე კი არა, შენ გიყურებენ, – მითხრა ქალმა.

– ესე იგი, მე დავევასე, – ვეხუმრე ქალს, რომელმაც მომიგო:

– ერთ-ერთი ჩვენკენ მოდის.

– მშვიდად იჯექი და ყველაფერი გაირკვევა, – ვუთხარი ქალს, შინაგანად კი დავიძაბე, რადგან, მაინც არეული დრო იყო და, იყო შემთხვევები, როდესაც ქურდებსაც კი უშარდებოდნენ ახალგამომცხვარი ფულიანები.

– კობრა, ძმაო, გიყურებდით და ვფიქრობდით: ისაა... ის არაა... – მომესმა ნაცნობი ხმა, შევტრიალდი და, არტური არ შემრჩა ხელში?!

– არტურ, შენ? – ვთქვი, წამოვდექი და არტურს გადავეხვიე. შემდეგ არნოლდიც მოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– როგორ ხარ, ძმაო? მე და არტური საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდით და შენმა დანახვამ უზომოდ გაგვახარა.

– მეც ძალიან მიხარია. დასხედით, ძმებო, – ვუთხარი ტყუპებს, რომლებიც ჩვენს მაგიდას შემოუსხდნენ და, მას მერე, რაც ჩემი ნაშა გავაცანი, საუბარს შევუდექით.

თხუთმეტიოდე წუთი გულითადად ვილაპარაკეთ და ზონის, ციხისა და ფუნიკულიორის რესტორნის ამბები გავიხსენეთ, რიგის საქმეზე კი ძმებს კრინტიც არ დაუძრავთ და არც მე მითქვამს რამე. არნოლდს გაეცინა და მითხრა:

– მსოფლიოს რომელ ცნობილ რესტორანში არ ვყოფილვარ და რა ვახშამი არ მიმირთმევია, მაგრამ, ფუნიკულიორის რესტორნის უმაღლესი კატეგორიის სუფრასთან ვერც ერთი ახლოს ვერ მოვა.

– მართალი ხარ. იცოდნენ კომუნისტებმა საკუთარი თავისთვის კომფორტის მოწყობა და სათავისოდ გემოვნებაც კარგი ჰქონდათ, – დავუდასტურე არნოლდს, არტურმა კი მითხრა:

– კობრა, ძმაო, მე და არნოლდი ამავე სასტუმროს – „სოვეტსკაიას“ აპარტამენტში ვცხოვრობთ. ბოდიში, მაგრამ, უაღრესად საქმიანი ვახშამი გვაქვს პარტნიორებთან, შემდეგ კი უნდა წავიდეთ. ძალიან გთხოვთ, ხვალ, თუ რა თქმა უნდა, გცალია, საღამოს რვა საათზე ჩვენს ნომერში გელოდებით და აუცილებლად გვეწვიე. ხოლო, თუ რვაზე არ გცალია, მაშინ, გვითხარი, როდის და იმ დროს დაგელოდებით. შენთან საქმე გვაქვს და პირისპირ უნდა დაგელაპარაკოთ.

– მცალია, მოვალ.

– ძალიან კარგი. აბა, ხვალამდე, – მითხრეს ძმებმა და თავიანთ სუფრას დაუბრუნდნენ, ნახევარ საათში კი ოთხ კაცთან ერთად რესტორანი დატოვეს.

მეორე დღეს არნოლდსა და არტურს აპარტამენტებში ვესტუმრე, სადაც პატარა სუფრა იყო გაშლილი. დაცვამ ყოველგვარი შემოწმების გარეშე გამატარა და ათლეტური აღნაგობის გოლიათი შემიძღვა საპრეზიდენტო ნომერში. ძმები გულითადად შემხვდნენ, სუფრასთან მიმიწვიეს და, მცირე მოკითხვისა და წარსულის გახსენების მერე არტურმა მითხრა:

– კობრა, ძმაო, შენზე ერთგული და პატიოსანი ქურდი მეორე არ მოიძებნება ამქვეყნად. სწორად გაგვიგე: ამქვეყნად ყველაფერი იცვლება, მათ შორის – ქურდული ცხოვრებაც და, იძულებულები ვართ, ამ ახალ ცხოვრებას ფეხი ავუწყოთ. მოკლედ, სრულუფლებიანი პარტნიორობა გვინდა შემოგთავაზოთ და რას იტყვი ამაზე?

– მაინც, რას მთავაზობთ კონკრეტულად? – ვკითხე ძმებს.

– ჩვენ ვაკონტროლებთ მსხვილ სათამაშო და გადაზიდვების ბიზნესს ევროპის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ჩვენი ინტერესები გვაქვს ოკეანის გაღმაც და, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გვინდა, შემოგთავაზოთ ჩვენი რუსული მიმართულების კურატორობა. გექნება შენი ოფისი მოსკოვის ცენტრში და ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას გაუწევ კაზინოებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. სულ თხუთმეტი ასეთი წერტილი გვაქვს რუსეთში, რომლებსაც სულ მალე გავაოთხმაგებთ და პოლნი წილში იქნები. რას იტყვი?

– არა, ძმებო! ჩემი ოფისი ციხეა, ჩემი წილი კი – მოპარულის ნაწილი. არ გეწყინოთ, მაგრამ ასეთი საქმეები საჩემო არაა. სწორად გამიგეთ. შეურაცხყოფას არ გაყენებთ, მე ნეპმანელი ქურდი ვარ და ახალი ქურდული წყობა ჩემთვის მიუღებელია. თქვენ თქვენი გზით გაგიმარჯოთ, მე კი იმავე გზით ვივლი, რომელსაც უკვე ბავშვობიდან მივყები და მას ვერ გადავუხვევ.

– რას იზამ. ჩვენ პატივს ვცემთ შენს გადაწყვეტილებას, – ერთხმად მომიგეს ძმებმა და თავიანთ ბიზნესზე მეტი აღარ დაუძრავთ სიტყვა. მათ ნომერში კიდევ სამიოდე საათი დავრჩი, ძველ ამბებს ვიხსენებდით... გამომშვიდობების წინ კი არტურმა ნახევარი კილოგრამი ბაჯაღლო ოქროსგან დაწნული ჯაჭვი ჩამომკიდა კისერზე, რომელსაც უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ჯვარი ეკიდა და მითხრა:

– ეს შენ გქონდეს ჩვენგან. ღმერთმა არაფერი გაგიჭირვოს, მაგრამ, თუ რამე დაგჭირდეს, შეგიძლია, ყოველთვის მოგვმართო როგორც ძველ, კეთილ მეგობრებს. აი, ჩვენი ვიზიტკა.

არტური და არნოლდი მას მერე აღარ მინახავს, თუმცა, მათ შესახებ მომდიოდა ამბები. ძმებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავისი ბიზნესი და მსოფლიოში გავლენიანი მაფიოზები გახდნენ. მათზე ხუთი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ისინი ყოველთვის უვნებლები რჩებოდნენ. ისინი დღესაც განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას და, დროდადრო მოწინავე ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე ჩნდებიან.

კრიტიკულად რომ მივუდგეთ საკითხს, ტყუპი ძმები, ქურდული კანონების თანახმად, ტიტულაყრილები უნდა იყვნენ. თუმცა, ასეთი რამის მცდელობას დიდი უბედურება მოჰყვება, რადგან, ისინი ასეთ რამეს არ დაუშვებენ და ყველა ღონეს იხმარენ საკუთარი ტიტულის დასაცავად. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მე მათ წინააღმდეგ წავალ. გულზე ხელს დავიდებ და სიმართლეს ვიტყვი, რომ ტყუპი ძმების მიმართ გარკვეული სიმპათიები ნამდვილად გამაჩნია, მაგრამ, ქურდული კანონები ჩემთვის წმიდათაწმიდაა და ვერ დავარღვევ. მთელი ცხოვრებაა, ასე ვიქცევი და ამ სიბერეში ნამდვილად ვერ შევიცვლები. მრავალი ისტორია ვიცი, როდესაც ქურდებს ქურდული საქმის გამო არც საკუთარი თავი დაუზოგავთ და არც უახლოესი ადამიანები. მარტო ვასკა კასოის ისტორია რად ღირს, რომელმაც საკუთარი შვილიც კი გაწირა.

ვასკა კასოი ლენინგრადელი ქურდი იყო, რომელიც თავისი სამართლიანობითა და ქურდული კანონებისადმი უზომო ერთგულებით გამოირჩეოდა. ორმოცდაათი წლისაც არ იყო და ნახევარ ცხოვრებაზე მეტი სროკზე ჰქონდა გატარებული. კასოი ნეპმანელი ქურდი იყო, თუმცა, ჩემი არ იყოს, ბედის ირონიით, მას ერთი ქალისგან ვაჟი შეეძინა, რომელსაც ასევე ვასია დაარქვეს მამამისის პატივსაცემად. კასოიმ დაბადებისთანავე აღიარა შვილი და მის ნორმალურად აღსაზრდელად დედამისს ფულს აძლევდა. ხოლო, როდესაც სვაბოდაზე იმყოფებოდა, თავადაც იღებდა მონაწილეობას შვილის აღზრდაში. თუმცა, კოსოი ისე ცოტა ხანს ჩერდებოდა ხოლმე გარეთ, რომ აქტიურ მამობას ვერ უწევდა პატარა ვასიას. კასოის არ უნდოდა, რომ მისი შვილი კრიმინალი გამოსულიყო და ყოველმხრივ უშლიდა ამას ხელს. ბიჭი მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, ვიოლინოზე უკრავდა და მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ, ნათქვამია: „კვიცი გვარზე ხტისო“ და, თხუთმეტი წლის ვასიამ ჯერ სწავლას მოუკლო, შემდეგ კი ქუჩურ ცხოვრებაში ჩაება და ქურდობას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში ვასია კასოი „ბელი ლებედში“ იჯდა, გარე სამყაროსგან აბსოლუტურად იზოლირებული იყო და რვაწლიან სროკს ქაჩავდა. პატიმრობიდან რომ გათავისუფლდა და ლენინგრადში დაბრუნდა, მისი ოცდასამი წლის ვასია უკვე სტაჟიანი ქურდი, უფრო სწორად, მომპარავი იყო და ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში „სკრიპაჩის“ სახელით იცნობდნენ. მას უკვე მოხდილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა „კრესტებში“ და, რადგან იცოდნენ, რომ კასოის ვაჟი იყო, პატივისცემით ეპყრობოდნენ. ვასიას კი შეფერებული ჰქონდა ეს პატივი და ზოგჯერ ამპარტავნულადაც კი იქცეოდა. კასოიმ ჯერ კიდევ შინისკენ მიმავალ გზაზე შეიტყო შვილის ამბავი. მატარებელში მას ძველი ლენინგრადელი პაძელნიკი შეხვდა და ვასიას ამბავი მოუყვა.

– კასოი, ძმაო, შეიძლება, ბევრმა ვერ გაგიბედოს ამის თქმა, მაგრამ, გაჩუმება არ შემიძლია. არაქურდულად არასდროს მოვქცეულვარ და ვერც ახლა დავარღვევ კანონს. შენი ვაჟი, მართალია, უბადლო მომპარავია და ლენინგრადსა და ლენინგრადის ოლქში მას ამ საქმეში ვერავინ შეედრება, მაგრამ,  გაგებაში მოიკოჭლებს, ამპარტავანია და გაყოფა არ იცის. ეს კი ქურდობის მსურველისთვის დამღუპველია და, სიმართლეს გეტყვი: შენი შვილი რომ არ ყოფილიყო, „კრესტებში“ თავს ვერ გაიტანდა, – უთხრა კასოის „ლესკამ“. ლესკა კი სახელოვანი ნეპმანელი ქურდი იყო, უმწიკვლო ქურდული რეპუტაციით სარგებლობდა და კოსოი მას უდიდეს პატივს სცემდა.

ლესკას სიტყვებმა კასოის გული დაუმძიმა და უთხრა:

– რვა წელი „ბელი ლებედიდან“ ცხვირი არ გამომიყვია და ყურადღება ვერ მივაქციე. მევიოლინედ ვზრდიდი და მოპარვა დაუწყია.

– სწორედაც რომ „სკრიპაჩს“ ეძახიან და ამ სახელით იცნობს ყველა. კარგია, რომ გათავისუფლდი. იმედია, აზრზე მოიყვან.

– ყველანაირად ვეცდები, – მიუგო ძმაკაცს კასოიმ. შვილის ცუდკაცობამ გული დაუმძიმა და დაღონდა.

ლესკა ადრე ჩავიდა მატარებლიდან, გამომშვიდობებისას კი კასოის უთხრა:

– მაპატიე, რომ გული დაგიმძიმე, ძმაო, მაგრამ, ვიცი, შენც ასე მოიქცეოდი. ჩემგან შენ ჭკუა არ გესწავლება, თუმცა, ძმაკაცურად გირჩევ, იქნებ შენი ვაჟი პატიოსან გზაზე დააყენო და ქურდობა გადააფიქრებინო.

გულდამძიმებული კასოი პირდაპირ ცოლ-შვილს მიადგა. ბინაში რომ შედგა ფეხი, მდიდრულად გაშლილ სუფრასთან მოქეიფე კამპანია დახვდა. ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა უხამსად მხიარულობდნენ და მთელ ხმაზე ჩართული მაგნიტოფონი აყრუებდა იქაურობას. ვასია კასოის მთვრალმა, თექვსმეტიოდე წლის გოგონამ გაუღო კარი და ბუშლატში გამოწყობილი უცნობი რომ დაინახა, ჰკითხა:

– ვის ეძებ, ბაბუაჩემო?

კასოიმ ალმაცერად შეხედა გოგონას, ბინაში შევიდა და თქვა:

– შვილიშვილი გამომეცხადა, თანაც გატრეტილი.

ვასია კასოი მხოლოდ შვილმა იცნო, შეცბა, მაგრამ წამოდგა, მამამისთან მიიჭრა და გადახვევა უნდოდა. კასოიმ კი ის ხელით შეაჩერა, მოქეიფეებს მზერა მოავლო და ჰკითხა:

– რა ხდება აქ, რა ბალაგანი მოგიწყვიათ?

– ჩემი საცოლის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, მამა, – მიუგო კასოის ვასიამ.

სიტყვა „მამას” გაგონებაზე მთვრალი მოქეიფეები შეიშმუშნენ და სუფრიდან აიყარნენ, რადგან, მიხვდნენ, ვინც იდგა მათ წინაშე. კასოიმ კი ვასიას ჰკითხა:

– დედაშენი სად არის?

– ჩვენთვის რომ არ შეეშალა ხელი, თავის დასთან წავიდა სამი დღით, – უთხრა ვასიამ.

კასოი უძრავად იდგა შუა ოთახში. ვასიას სტუმრები კი დაფაცურდნენ და სწრაფად გაშორდნენ იქაურობას. კასოიმ ბუშლატი გაიძრო და საკიდზე დაკიდა, შემდეგ ოთახში შემობრუნდა და „პრიმა“ გააბოლა, თან შვილს თვალით ზომავდა.

– „მალბორო” მოწიე, მამა, – ვასიამ კასოის ამერიკული „მალბორო” მიაწოდა, მან კი ალმაცერად შეხედა შვილს და უთხრა:

– ძვირი სიამოვნებაა და არ ვარ ჩვეული. შენ კი, გეტყობა, კომფორტი და ფუფუნება გიყვარს. ძვირფასი სუფრა გაქვს გაშლილი – ალბათ, კარგი ხელფასი უნდა გქონდეს, რადგან ასეთი მოლხენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს.

– ჰო... კი... – გაუკრვეველი პასუხი გასცა კასოის შვილმა.

– რა „ჰო, კი,” სკრიპაჩო? – უთხრა კასოიმ ვაჟს და მგლური მზერა ესროლა.

 მეტსახელის გაგონებაზე ვასია გაფითრდა, „მალბორო“ გააბოლა და მცირე პაუზის მერე მამამისს უთხრა:

– გეტყობა, რაღაც-რაღაცეები გაგიგია ჩემზე.

– იმაზე მეტი, ვიდრე შენ გგონია, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგი არაფერი, – კბილებში გამოსცრა კასოიმ.

– მაინც, რა პრეტენზიები გაქვს ჩემთან? – თავხედურად ჰკითხა შვილმა მამას და ისეთი მრისხანე და ბოროტი თვალებით შეხედა, რომ ვასია კასოის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.

კასოის შვილის კი არ შეშინებია, არამედ, იმის, რომ შვილის გამოსწორება შეუძლებელი ჩანდა და რომ ლესკას სიტყვები თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო, რაშიც კასოის ეჭვიც არ შეჰპარვია, თუმცა, გულში შვილის გამოსწორების მცირე იმედი მაინც ჰქონდა, ეს იმედი კი ვასიას ბოროტმა მზერამ გადაუწურა. მიუხედავად ამისა, კასოიმ უფრო მგლურად შეხედა შვილს და მრისხანე ხმით უთხრა:

– პრეტენზიებს მაშინ წაგიყენებ, როდესაც ჩემს სიტყვას გადახვალ. ჩემი ბრალიცაა, რომ ყურადღება ვერ მოგაქციე და გზაზე ვარ დაგაყენე. ჩემი სიტყვა კი ასეთია: დღეიდან წესიერ გზაზე დადგები და შავ სამყაროში აღარ გაჭაჭანდები. დამიჯერებ – ხომ კარგი; არადა, არ დაგინდობ. გასაგებია?

– არა, მამა, უკვე გვიანაა. ქურდობა მინდა, ქურდები საქმის კურსში მყავს ჩაყენებული და ჩემს სიტყვას უკან ვერ წავიღებ.

– ქურდებს მე მივხედავ, შენ კი ჩემი სიტყვა შეასრულე. ახლა წადი და დედაშენი მოიყვანე, – უთხრა კასოიმ ვაჟს, გაუღიმა და დაამატა, – მოდი, შვილო, ჩაგეხუტო.

ვასია კასოი შვილს გადაეხვია და მოეფერა. შემდეგ ვასია დეიდამისთან წავიდა დედამისის მოსაყვანად, კასოიმ კი ჯერ არაყი დაისხა ჭიქაში და ორასგრამიანი სასმისი სულმოუთქმელად გამოსცალა. შემდეგ „მალბოროს“ მოუკიდა, ორი ნაფაზის მერე ჩააქრო, „პრიმა“ გააბოლა და თქვა:

არაყს არა უშავს, სიგარეტი კი საზიზღრობაა, ამდენ ფულს როგორ ყრიან ამაში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3