კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

თამაში დაიწყო. თორნიკე ძალიან ცდილობდა,  კარგად ეთამაშა – უნდოდა, დიმიტრის შეექო. ყოველ წუთში ტრიბუნებისკენ იყურებოდა, რომ მამისთვის შეეხედა და მიმხვდარიყო, მოაწონა თუ არა თავი. დიმიტრი კი ეკლებზე იჯდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ჩუმად წამოდგა და წელში მოხრილი გავიდა, უფრო სწორად – გაიპარა ტრიბუნიდან. სანამ სტადიონიდან გავიდოდა, ერთხელ კიდევ გახედა შვილს – დამინახა თუ არაო და შეცბა: ბურთიანად საჯარიმოსთან მისული თორნიკე გაშეშებული იდგა და იმ მხარეს იყურებოდა, სადაც მამა ეგულებოდა. ბიჭს არ გაუგია, როგორ აართვეს ბურთი. ქაღალდივით გათეთრებული, გაუნძრევლად იდგა და სახეზე გაოცება და სასოწარკვეთილება ერთად აღბეჭდვოდა. მერე, ძალიან ნელა, შენელებული კადრივით მძიმედ და დაყოვნებით, გასასვლელისკენ გაიხედა და მამის მზერას შეეფეთა. ის გამოხედვა არასდროს დაავიწყდება დიმიტრის: სიძულვილი, გაწბილება და ელდა ერთად იყო თავმოყრილი პატარა ბიჭის თვალებში. ...და, დიმიტრი მაინც წავიდა. ერთი კი გასძახა შვილს, ახლავე მოვალო და სტადიონიდან გავიდა. იქვე ახლოს მისი ძმაკაცი ცხოვრობდა და იფიქრა, დათოს რამე კარგი სასმელი ექნება, ცოტას დავლევ „პახმელიაზე“ და უკან დავბრუნდებიო, მაგრამ, ჭიქას ჭიქა მოჰყვა, სადღეგრძელოს – სადღეგრძელო და შვილი საერთოდ დაავიწყდა. რომ გაახსენდა, უკვე კარგა მაგრად ბნელოდა. დიმიტრის, ცოტა არ იყოს, შეეშინდა და სტადიონზე ტაქსით მივიდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თოკო მარტო იჯდა გრძელ სკამზე, მოკუნტული და აბუზული. სულ ერთიანად კანკალებდა და, შიშისგან, წყენისგან თუ სიცივისგან, სახეზე ფერი არ ედო.

დიმიტრი დაიბნა. არ იცოდა, რა ეთქვა, რით ემართლებინა თავი. ბოლოს რაღაც უნიათოდ ამოღერღა:

– ჰო, კარგი, ბოდიშს გიხდი, ძალიან სერიოზულ საქმეზე მქონდა შეხვედრა და დროზე ვერ მოვედი. ადექი, წავიდეთ.

– არყის სუნი აგდის, – გამოსცრა თორნიკემ.

დიმიტრიმ პასუხი ვეღარ მოძებნა. მთელი გზა ჩუმად იარეს. სახლს რომ მიუახლოვდნენ, გააჩერა შვილი და უთხრა:

– მართალია, ჩემზე ნაწყენი ხარ, მაგრამ, ერთ რამეს გთხოვ და, ძმურად, უარი არ მითხრა. შემისრულებ?

– რა გინდა? – აგდებით ჰკითხა თოკომ.

დიმიტრის ტონი არ მოეწონა და კინაღამ უყვირა, ცოტა წესიერად ილაპარაკეო, მაგრამ, ახლა ჩხუბი არ აწყობდა და შემრიგებლური პოზიცია არჩია:

– კაცურად გთხოვ, დედაშენს არ უთხრა. არ დამიჯერებს, საქმეზე რომ ვიყავი და ერთ ამბავს  დამაწევს.

– რა, უნდა დაგიჯეროს? – ირონია და გესლი გაურია თორნიკემ ხმაში.

დიმიტრიმ ისევ „ჩაყლაპა“, არადა, ძლივს შეიკავა თავი, რომ ერთი კარგად არ წამოარტყა ამ თავხედ ლაწირაკს:

– კაცურად გთხოვ-მეთქი. ბოლო-ბოლო, რა მოხდა ისეთი, ცოტა დამაგვიანდა. რა, ქვეყანა დაინგრა?

– კარგი, დედას არ ვეტყვი, მაგრამ, იცოდე, მე ყველაზე ცუდი მამა მყავს ჩემს საძმაკაცოში.

დიმიტრის გულზე მოხვდა შვილის სიტყვები, მაგრამ, ისევ გაჩუმდა, რადგან, მთავარი მიღწეული იყო – ზუსტად იცოდა, რომ თოკო არაფერს ეტყოდა ნანიტას.

რამდენიმე დღის განმავლობაში მამა-შვილი ერთმანეთს თვალს არიდებდა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ გაცვლიდნენ ორიოდ სიტყვას. ორი კვირის თავზე კი დიმიტრის თოკოს მწვრთნელმა დაურეკა: 

– კვირას, 3 საათზე, საქართველოს ჩემპიონატი ტარდება და მთელი გუნდიდან მარტო თოკო შევარჩიეთ ნაკრებში სათამაშოდ. პირადად გთხოვთ, როგორმე მოიცალოთ და თამაშს დაესწროთ. მატჩის შემდეგ მამების კრებაა, რაღაც საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. აუცილებლად უნდა მობრძანდეთ. თქვენი შვილის გაგზავნას ვგეგმავთ ინგლისის საფეხბურთო სკოლაში და ამასთან დაკავშირებით უნდა მოგელაპარაკოთ.

– კი ბატონო, შევეცდები, თუ რამე გაუთვალისწინებელი მიზეზი არ გამომიჩნდა.

– რამდენიმე დღით ადრე იმიტომ გატყობინებთ, რომ კვირისთვის არაფერი დაგეგმოთ, – ცოტა არ იყოს, გაუკვირდა მწვრთნელს, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია თოკოს მომავლისთვის.

კვირა დღეს თოკო დილით ადრე წავიდა სტადიონზე – ამხანაგის მამამ წაიყვანა. დიმიტრის ჯერ კიდევ ეძინა. ბიჭი ისეთი გახარებული იყო, რომ წყენა დაავიწყდა და დედას სთხოვა:

– დე, შეახსენე, რა, მამას, არ დაავიწყდეს, 3 საათზე იქ იყოს. ოღონდ, შენ არ წამოჰყვე. იქ რომ დაგინახავ, ვეღარ ვითამაშებ.

– კარგი, დედიკო, შევახსენებ.

ნანიტამ დილითვე შეახსენა ქმარს.

– მივალ, – დაეთანხმა დიმიტრი, – ოღონდ, ჯერ ფირმის საქმეზე მაქვს შეხვედრა, იქიდან წავალ, – და, 12 საათზე სახლიდან გავიდა.

„ფირმის საქმეზე“ შეხვედრა თანამშრომლის აგარაკზე შედგა, სადაც დიმიტრის ორ მეგობართან ერთად, სამი „კალთამადლიანი“ ქალბატონიც ბრძანდებოდა და, ცხადია, დიმიტრი სტადიონზე „ვერ“ წავიდა.

ეს იყო ბოლო წვეთი – თოკომ საერთოდ დაანება თავი ფეხბურთზე სიარულს და მამის მიმართ გაუცხოება და უნდობლობა ჩამოუყალიბდა. დიმიტრიმ კი, იმის ნაცვლად, რომ რამენაირად გამოესწორებინა სიტუაცია, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაჩუმებულიყო მაინც, მთელი დღეების განმავლობაში თავის ოთახში შეკეტილ შვილს კარი შეუღო და საკმაოდ გაღიზიანებულმა, დაუფარავი ირონიითა და ნიშნისმოგებით უთხრა:

– იცი, რას გეტყვი? ახლა, ყველაფერს მე ნუ დამაბრალებ! შენ თამაში არ იცოდე, მე რა შუაში ვარ? მაგარი თუ ხარ, ისეც შეგამჩნევენ. პელეს, რა, სულ კუდში დასდევდა მამამისი?

თოკომ გამოხედა დიმიტრის და ერთადერთი სიტყვა მიუგდო:

– მეზიზღები!..

დიმიტრი გადაირია, კარი შეგლიჯა და ყვირილითა და გინებით მივარდა შვილს:

– მოვკლაევ ამ ლაწირაკს! როგორ მიბედავს! ამას რომ არაფერი მოაკლდეს, თავდაყირა ვდგავარ და მადლობის მაგიერია? იმ დღეს იმ შეხვედრაზე რომ არ წავსულიყავი...

– გეყოფა! – ისტერიულად შეაწყვეტინა ნანიტამ ეს ყალბი მონოლოგი და მამა-შვილს შუაში ჩაუვარდა, – გეყოფა, შე ნაძირალა! გაიგო ბავშვმა, რა შეხვედრაზეც იყავი და ვისთან ერთადაც ბრძანდებოდი! თითი არ დააკარო, თორემ, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს!

ასეთი გაგიჟებული ცოლი არასდროს უნახავს. ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ, მაინც არ გაიტეხა იხტიბარი:

– ჭკვიანად იყავით, თორემ, ორივეს დედას მო...ვთ! შენ კი, ლაწირაკო, გასწავლი, მამასთან როგორ უნდა ილაპარაკო! წესიერად მომექეცი, თორემ... – და დიმიტრიმ გაფითრებულ ბავშვს საკინძეში ჩაავლო ხელი.

თორნიკემ თვალი თვალში გაუყარა და სიძულვილით აღსავსე ხმით ჩაისისინა:

– მე მამა არა მყავს...

– რა თქვი?! – გაოგნდა დიმიტრი, – გაიმეორე, რა თქვი! – იღრიალა და ბავშვი მთელი ძალით შეაჯანჯღარა.

– მეზიზღები და მეცოდები!.. – ამოიხრიალა თოკომ და გული წაუვიდა.

ნანიტა

(19 წლის წინ)

საავადმყოფოდან რომ დაბრუნდა, ისე ცუდად იგრძნო თავი, ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ძლივს მიაღწია ონკანამდე. ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალია სულმოუთქმელად, მერე კი ჭავლს შეუშვირა თავი. კარგახანს იდგა ასე წელში მოხრილი და წყალი ნაკადულებად ჩამოსდიოდა სახეზე. მერე, სული ოდნავ რომ  მოითქვა, სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. თმიდან ჩამონაწური წყალი ფეხებთან გუბედ გროვდებოდა, ნანიტა კი უაზროდ უყურებდა იატაკისკენ მფრინავ წვეთებს და თავის უცნაურ ბედზე ფიქრობდა.

დიმიტრის გაცნობა გაახსენდა: იმ დღეს გუგამ ცოლობა სთხოვა და ნანიტამ თანხმობა უთხრა. ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და, ისე შეეჩვია, ვერც კი წარმოედგინა, რომ, შეიძლებოდა, სხვა გამხდარიყო მისი ქმარი. მართლა უყვარდა თუ არა? – ეს კითხვა არც არასდროს დაუსვამს საკუთარი თავისთვის, რადგან, მაშინ ეგონა, მშვიდად და უსაფრთხოდ რომ გრძნობდა მასთან თავს, ეს იყო სიყვარული. ორი წლის განმავლობაში მათ შორის კოცნის მეტი არაფერი მომხდარა და ეს კოცნაც ისეთი ფრთხილი და მორიდებული იყო, ნანიტა ვერანაირ ვნებათაღელვას ვერ გრძნობდა. გუგა მას ყოველთვის გადაჭარბებულად დელიკატურად და რაინდულად ექცეოდა, რაც, ერთი მხრივ, მოსწონდა, რადგან, თავისი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ხიბლავდა მორაინდო-მოჯენტლმენო მამაკაცები და მათ, უფრო სწორად – მის გვერდით, ხანდახან თავს შუა საუკუნეების დროინდელ ქალად წარმოიდგენდა ხოლმე, რაც ძალიან სიამოვნებდა, მაგრამ, ზოგჯერ იყო მომენტი, როცა გუგას გადაჭარბებული მზრუნველობა რაღაცნაირად აღიზიანებდა, თითქოს ხელოვნურადაც ეჩვენებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მის გულწრფელობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. იმ დილასაც, როცა გუგამ ცოლობა სთხოვა, ნანიტა რაღაცით გაღიზიანებული დარჩა, თუმცა, ამის მიზეზს კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, უკვე მაშინ, დიმიტრის ცოლი რომ იყო: გუგა მას, როგორც ფაიფურის თოჯინას, ისე ექცეოდა – უვლიდა, უფრთხილდებოდა, ზრუნავდა, მაგრამ, ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს თოჯინა მისი საკუთრება იყო და, სადაც უნდოდა, იქ დასვამდა. თან, ამას ისე დახვეწილად აკეთებდა, მიუხედავად გაღიზიანებისა, საბოლოო ჯამში, ნანიტა მაინც მადლიერი და კმაყოფილი რჩებოდა და, სურვილიც კი არ უჩნდებოდა, საწინააღმდეგო აზრი გასჩენოდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, კრიტიკულად შეეხედა საქმროს ასეთი საქციელისთვის.

პირველმა, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ქალურმა ჟრუანტელმა ნანიტას მაშინ დაუარა თმის ღერიდან ფეხის თითებამდე, მისთვის უცნობ ბიჭს – დიმიტრის რომ შეხედა თვალებში. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რას ნიშნავდა სიტყვა „გახევება“. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ამ მდგომარეობაში; ახსოვს მხოლოდ ის, რომ მთელ ტანზე, შიგნიდან და გარედან, მილიონობით ჭიანჭველა შეესია, თვითონ კი ხელის განძრევის უნარი ჰქონდა წართმეული, რომ ეს ჭიანჭველები ჩამოეყარა და როგორმე სული მოეთქვა... და, კიდევ ერთი რამ ახსოვს: დიმიტრის თვალები, უფრო სწორად, მისი მზერა – გაოცებული, აღტაცებული, სურვილით აღსავსე... და ნანიტამ სწორედ ამ გახევების თუ გაქვავების მომენტში იგრძნო (თუ გაიხსენა), რომ გუგას არასდროს შეუხედავს მისთვის ასე და არც თვითონ განუცდია მის მიმართ მსგავსი რამ. მერე, როცა გონს მოეგო და როცა მოვლენები მოულოდნელად ასე უცნაურად განვითარდა; როცა არჩევანი მასზე, ნანიტაზე მიდგა, ანუ, გადამწყვეტი სიტყვა მას უნდა ეთქვა, მიხვდა, რომ გაუჭირდა ამ ბოლო სიტყვის თქმა. უფრო სწორად, გულს უკვე ჰქონდა ეს არჩევანი გაკეთებული, მაგრამ, სინდისი არ აძლევდა უფლებას, ასე ხელაღებით უარეყო ბიჭი, რომელიც ორი წელი თან ჰყვებოდა და რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ ცოლად გაყოლის პირობა მისცა. ვერაფრით გადაწყვიტა, გულისთვის დაეგდო ყური თუ სინდისისთვის. ბოლო წამს მიხვდა, რომ, ერთადერთი, რაც მას გუგას სასარგებლოდ გადაადგმევინებდა ნაბიჯს, თავად გუგას მოქმედება იქნებოდა. იმ წუთებში მართლაც მოუნდა ნანიტას, რომ მის საქმროს, როგორც იტყვიან, ხელი გამოეღო, თავი გამოედო და დაენახვებინა გოგოსთვის, რომელიც უყვარდა, რომ მართლა უყვარდა, ოღონდ, ისე, რომ თავისი მამაკაცური, შინაგანად ძლიერი „მე“ წარმოეჩინა – ეცემა დიმიტრი, თუნდაც ერთხელ გაერტყა, ხელი ჩაევლო ნანიტასთვის და არავისთვის არაფერი ეკითხა, არც ანგარიში ჩაებარებინა, ისე წაეყვანა თავისთან სახლში, ან თუნდაც სადმე სხვაგან; ადგილს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, წაეყვანა. მან კი, რა ქნა? იყვირა, იწივლა, იკივლა, ისტერიკიანი ქალივით და, პრაქტიკულად, უბრძოლველად დათმო თავისი სიყვარული. ასეთ რამეს კი ქალები კაცებს არასდროს აპატიებენ, და თუ აპატიებენ, მერე ყოველთვის ნანობენ.

არც ნანიტამ აპატია და დიმიტრის წაჰყვა. მერე კი მოვლენები ისე განვითარდა, ნანიტა უკვე ვეღარ ხვდებოდა, ვინ იყო წაგებული – გუგა, დიმიტრი თუ თვითონ და, მთელი ოცი წლის განმავლობაში ვერ გაარკვია, სწორი ნაბიჯი გადადგა მაშინ თუ შეცდა; ნანობდა ამ ნაბიჯს თუ არა. დიმიტრისთან ცხოვრების პერიოდში ჰქონია მომენტები, როცა, ცხარე ცრემლებით ატირებულსა და ქმრისგან დამცირებულს, დაუწყევლია ის ავად სახსენებელი დღე და თვითონვე უთქვამს საკუთარი თავისთვის:

„ახია, ყველაფრის ღირსი ხარ! დაიმსახურე ეს დამცირება, იმიტომ, რომ მოღალატე ხარ! არ შეიფერე ზრუნვა და თვალებში ყურება, ეს მხეცი ამჯობინე კაცს, რომელიც გაღმერთებდა! მოღალატე ხარ და შენც ამიტომ გღალატობენ; შენც ისევე გამცირებენ, როგორც ერთ დროს შენ დაამცირე შენი ყველაზე ერთგული ადამიანი! ხომ გინდოდა, რომ იმასთან ყოფილიყავი, ვისაც მხოლოდ ჰქვია შენი ქმარი?! ეს შენი არჩევანია, ჰოდა, ზიდე ის ჯვარი, რომელიც თავად აირჩიე!..”

ეს თვითგვემა ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა ნანიტას მორიგი „კეთილისმსურველი“ დაურეკავდა და ქმრის მორიგ სასიყვარულო ისტორიას აცნობებდა, ან, როცა მისი ქმარი უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში ვინმე მორიგი „კალთამადლიანისგან,” თანაც, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაგრამ, საკმარისი იყო, დიმიტრი სახლში დაბრუნებულიყო და, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთი წუთით, ისეთივე თვალებით შეეხედა მისთვის, როგორც მაშინ, გაცნობის წუთებში შეხედა, რომ ნანიტას ყველა წყენა, დამცირება, ღალატი, მიტოვება და შეურაცხყოფა მაშინვე ავიწყდებოდა და, ვნების მორევში თავით გადაშვებულს, ისიც კი არ ედარდებოდა, რომ ვიღაც ბოზანდარა ქალისგან თუ ქალებისგან დაბრუნებული ქმარი ცოლთან დაწოლის წინ წყალსაც კი არ გადაივლებდა ხოლმე, ისე შეითრევდა ლოგინში. ხანდახან ისეც მომხდარა, შუა ალერსის დროს ნანიტას უცხო ქალის სურნელიც კი უგრძნია და მხოლოდ მაშინ, ვნებისგან წამით გამოფხიზლებულს, გაუბედავად უთქვამს ქმრისთვის – სხვა ქალის სუნი აგდისო. მას კი კმაყოფილი სიცილით (დიმიტრის ყოველთვის უყვარდა, როცა მისი ცხოვრების ქალები, ცოლის ჩათვლით, ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ), კოცნით „ჩაუხშვია“ ნანიტას პროტესტი და ვნებიანი ჩურჩულით უთქვამს – შენი სურნელი მაინც ყველას მირჩევნიაო...

ნანიტამ ვერაფრით გაიხსენა, პირველად როდის გამოიჭირა ქმარი ღალატში. თარიღი ნამდვილად არ ახსოვდა, მაგრამ, ის დღე მაინც არ დავიწყებია – ეს გათხოვებიდან სამი თუ ოთხი თვის შემდეგ მოხდა. რომ გაიგო, ისეთი შოკი მიიღო, მთელი თვე ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. ნირვანაში იყო ნარკოტიკის გარეშე. მთვარეულივით დადიოდა. გაორება დაემართა – საკუთარ თავსაც და მთელ დანარჩენ სამყაროსაც სადღაც შორს, ნისლში ხედავდა. ამას ისიც დაემატა, რომ ანალიზმებმა მისი ფეხმძიმობა დაადასტურა და ამან მთლად შეშალა ჭკუიდან. განა არ გაუხარდა, მაგრამ, ამდენის ერთდროულად გადატანა რომ გაუჭირდებოდა, ზუსტად იცოდა, თუმცა, ისიც კარგად ესმოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა. იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ ერთხელ დიმიტრიმაც კი შენიშნა:

– რა მოგივიდა, რა გათიშული დადიხარ? ხომ იცი, ეგეთი არ მომწონხარ. აბა, გამიღიმე! – და ნანიტამ იგრძნო, რომ ეს არ იყო მოსიყვარულე ქმრის თუნდაც მოთხოვნა, ეს იყო ჭირვეული და მკაცრი ბატონის უნიჭოდ შენიღბული ბრძანება.

მაგრამ ნანიტას სულაც არ ეღიმებოდა. გაეღიმა კი არა, ფიზიკურად არ ჰქონდა თავი, რომ გაერკვია, მართლა უღალატა თუ არა ქმარმა. თან, საშინლად ეხვეოდა თავბრუ და გულიც ერეოდა. მაინც სცადა, გაეღიმა, თუმცა, არ გამოუვიდა. სარკეში არ ჩაუხედავს, მაგრამ, იგრძნო, როგორ საცოდავად დაემანჭა სახე. მიხვდა და ეს ვითომ ღიმილი სასწრაფოდ ჩამოირეცხა სახიდან, სკამზე ჩამოჯდა დიმიტრისკენ ზურგშექცევით და თვალი იატაკს გაუშტერა.

– რა მოხდა, აღარ მეტყვი? – ხმაში გაღიზიანება  გაურია დიმიტრიმ, – ხომ იცი, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს! მე სახლში დაღლილი მოვდივარ და, მინდა, რომ ცოლი კარგ ხასიათზე დამხვდეს!

– რით დაღლილი? – გაბედა ნანიტამ, – საიდან მოხვედი დაღლილი ან წუხელ მთელი ღამე სად იყავი?

– აი, ეგ უკვე შენი ჭკუის საქმე აღარ არის! – იყვირა დიმიტრიმ, – ეგ შენ არ გეკითხება და გახსოვდეს: არასდროს მოგცემ ჩემს პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის უფლებას! შენ შენს წარსულს მიხედე, იქნებ, იქ უფრო  ნახო რამე გასაკონტროლებელი, შენი დედაც!.. – ეს იყო პირველი შეგინება და პირველი დაყვედრება, რაც მერე, თანდათანობით, ყოველდღიურ „შეხსენებასა“ და „ადგილზე მოსმაში“ გადაიზარდა.

– რომელი წარსულის, ასეთი რა წარსული მაქვს, ვინმემ რომ წამომაძახოს? – აღმოხდა ნანიტას.

– რომელი წარსულის?! იქნებ, მე ვიყავი ორი წლის განმავლობაში ვიღაც სირის საცოლე?! იქნებ მე ვკოცნაობდი ერთ კაცთან, ცოლად კი მის ძმაკაცს გავყევი?! იქნებ მე გავთხოვდი ქუჩიდან და იქნებ მე უარმყვეს მშობლებმა საქმროს ღალატის გამო?! – და თვალებგადმოკარკლული დიმიტრი ნანიტასკენ დაიძრა. ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად შუაზე გაგლეჯდა. ნანიტამ პირველად ნახა თავისი ქმარი ასეთი და უცებ მიხვდა, რომ ეს იყო ნამდვილი დიმიტრი, ის დიმიტრი კი, რომელსაც ის ცოლად გაჰყვა და რომელიც მერე მართლა შეუყვარდა, სინამდვილეში არც არსებობდა, როლი იყო, რომელსაც მისი პატივცემული მეუღლე ყველასთან სხვადასხვანაირად თამაშობდა – ნიღბების მთელი კომპლექტი ჰქონდა, რომლებსაც სიტუაციის მიხედვით იცვლიდა. მაშინ პირველად იგრძნო ნანიტამ ფიზიკური შიში და პირველად გაიღვიძა მასში ჯერ კიდევ ახალჩასახული შვილის დაცვის დედურმა ინსტინქტმა; იგრძნო, რომ ქმრის ეს მრისხანება მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დამთავრდებოდა და თავისდაუნებურად წამოიყვირა ის, რის თქმასაც ჯერჯერობით არ აპირებდა:

– ორსულად ვარ!

ამ ორმა სიტყვამ დიმიტრი წამიერად შეაყოვნა, თუმცა, ის ინერცია, უფრო სწორად, ის განზრახვა, რითაც ცოლისკენ წავიდა, მაინც ვერ შეიკავა და მთელი ძალით მოქნეული მუშტი გაუქანა სახეში. ნანიტამ თავის გაწევა მოასწრო, მაგრამ, მუშტი მხარში მოხვდა, კედელს მთელი ძალით შეახეთქა და ქალი უგონოდ გაიშოტა იატაკზე. დიმიტრის ჯერ ეგონა, თამაშობსო და ორივე ხელი მხრებში ჩაავლო, რომ ისევ ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ, წამოაყენა თუ არა გულწასული ცოლი, იატაკზე სისხლის პატარა გუბეს მოჰკრა თვალი და უცებ ცივმა ოფლმა დაასხა.

ნანიტას აღარ ახსოვს, რა მოხდა შემდეგ. ახსოვს მხოლოდ საავადმყოფოს თეთრი კედლები, დედ-მამის შეშლილი სახეები, დიმიტრის შეშინებული თვალები და ხანში შესული სიმპათიური ექიმი, რომელიც ღიმილით ამშვიდებდა ყველას:

– გილოცავთ, გადარჩა!

მერე კი დიმიტრის ხმაც გაიგონა:

– ექიმო, შვილი ეყოლება?

– ერთი ექვსი თვე ცოტა თავი შეიკავეთ, მერე კი პრობლემა არ არის, ყმაწვილო! – უპასუხა ექიმმა და პალატიდან გავიდა.

... თითქმის მთელი წელიწადი დიმიტრი სანიმუშო ქმარი იყო, იმ დონეზე მზრუნველი და მოსიყვარულე, რომ ნანიტას ხანდახან ეგონა, ის, რაც მას დაემართა, კოშმარული სიზმარი იყო, რომელიც რეალობაშიც გამოჰყვა და მოსვენებას არ აძლევდა.

რვა თვის მერე ნანიტა ისევ დაორსულდა და დიმიტრი ისე უვლიდა, მეზობლებისა და ახლობლების სალაპარაკო გახდა მისი მზრუნველობა, თუმცა, ასეთმა მოპყრობამ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა, მერე კი... მერე, ეტყობა, მობეზრდა, და... ნანიტას აღარ ახსოვს, თვეში რამდენ ღამეს ათენებდა დიმიტრი სახლში.

თოკო რომ გაჩნდა, დიმიტრიმ ისევ ოჯახისკენ იბრუნა პირი – უხაროდა, ბიჭის მამა რომ გახდა და მთელი თვე სუფრა არ ალაგებულა სახლში. ბავშვის მონათვლის დრო რომ მოახლოვდა, დიმიტრიმ გამოაცხადა, ნათლიებს მე შევარჩევო და ცოლმაც აღარ გაუწია წინააღმდეგობა – ოღონდ ჩვენკენ მობრუნდეს და, ვისაც უნდა, იმას მოანათვლინოს ბავშვიო. ცოლი რომ დაიყოლია, ერთ დილას გამოუცხადა, ნათლობის დღეს მაგარი სიურპრიზი უნდა მოგიმზადო და მზად იყავიო. ნანიტა ინტერესით კვდებოდა, რა სიურპრიზს უმზადებდა ქმარი, მაგრამ, არ ეკითხებოდა. ნათლობის წინა დღეს კი დიმიტრიმ რაღაც უცნაური გულდაწყვეტით უთხრა ცოლს, ჩემი სიურპრიზი ჩაიშალაო. აქ კი ვეღარ მოითმინა ნანიტამ და სთხოვა, ახლა მაინც მითხარი, რას მიმზადებდიო, რაზეც დიმიტრიმ ეშმაკური და ბოროტი ღიმილით უპასუხა:

– ნათლიად გუგას წამოყვანა მინდოდა, მაგრამ, ისეთ გაგლეჯილ კაიფში იყო,  გონზე ვერ მოვიყვანე. ისე, მართალი მითხარი, არ გეჩხუბები, ხომ გაგისწორდებოდა, შენი შვილის ნათლია შენი ყოფილი საქმრო რომ ყოფილიყო? თან, რამდენი ხანია, არ გინახავს, ახლა კი შენი თვალით ნახავდი, როგორ გამოიყურება და სინამდვილეში რას გადაგარჩინე! იქნებ, მითხრა, რომ არ გაინტერესებს და მასზე არასდროს გიფიქრია? მაგას მაინც ვერ დავიჯერებ, რადგან, ქალები ყოველთვის მისტირიან თავიანთ თუნდაც უსახურ ან გასაწითლებელ წარსულს.

– სიმართლე გითხრა, მართლა არ მაინტერესებს, მით უფრო, რომ ნამდვილად არ მაქვს გასაწითლებელი წარსული, – ძალდატანებითი სიმშვიდით დაიწყო ნანიტამ, – არ უნდოდა, ნათლობის წინ უსიამოვნება მომხდარიყო ოჯახში, მერე კი ვერ მოითმინა და შეწუხებულმა ჰკითხა: – გუგა ნარკომანი გახდა?

– აკი, არ მაინტერესებსო?! ჰო, გახდა; თანაც, ნარკომანიც არის და ნარკომანიც – გამოუფხიზლებელ კაიფშია. როგორც გავიგე, დღესაც შენ უყვარხარ... – დიმიტრიმ გამომცდელად შეხედა ცოლს, – რაო, გესიამოვნა ამ სიტყვების გაგონება?

ნანიტამ იგრძნო, რომ მისმა ქმარმა ისევ მოიხსნა ნიღაბი – ახლა ის თავისი რეალური სახით იჯდა ცოლის წინ: ცინიკური, სადისტი, შეიძლება, ცოტა მაზოხისტიც, ირონიული, წვრილმანი, არაკაცურად შურისმაძიებელი და, ნანიტას ის საშინლად შეებრალა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ერთ დროს კეთილშობილი და დახვეწილი, ახლა კი განარკომანებული გუგა და, ამ სიბრალულთან ერთად, პირველად იგრძნო სიძულვილი ქმრის მიმართ, უფრო სწორად, თავიდან ეგონა, რომ პირველად, თორემ, ცოტა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს სიძულვილი მისი გულისა და გონების ფსკერზე იმ დღიდან იყო გაწოლილი და გატრუნული, როცა დიმიტრიმ პირველად დასცინა გუგას რესტორანში, ანუ, როცა ნანიტამ დიმიტრი გაიცნო. გუგას გახსენებაზე საოცარი გრძნობა დაეუფლა: უცებ, აბსოლუტურად მოულოდნელად, სრულად გააცნობიერა, რომ ყოფილი შეყვარებულის გზიდან აცდენა მისი ბრალი იყო – ნანიტას დაკარგვა, ნანიტას ღალატი ვერ მოინელა, ვეღარ მოერია საკუთარ თავს და იმიტომ ჩაეშვა ჭაობში. ეს რომ გაიფიქრა, სულ სხვა თვალით შეხედა ქმარს და, რომ არ ეკივლა, ადგა და ოთახიდან გავიდა, გასვლისას კი კმაყოფილი ღიმილით გაბადრულ დიმიტრის მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა და გესლიანად უთხრა:

– ამხელა კაცს მეტი ჭკუა არ გაქვს, რაღაც სისულელეებს რომ ბოდავ? აღარ უნდა დაასრულო ამ თემაზე კენჭების სროლა? რას ამტკიცებ ამით, რა სიამოვნებას იღებ? ყველა ადამიანს აქვს თავისი წარსული და გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა, მინდა გითხრა, რომ ვერაფერ სამარცხვინოს ჩემს წარსულში ვერ ვხედავ. მასთან დაბრუნება რომ მინდოდეს, როგორმე, შენი მაჭანკლობის გარეშეც მოვახერხებდი! და, კიდევ ერთი რამ მინდა გაგახსენო: თუ არ მეშლება, მე არ ჩამოგკიდებივარ კისერზე, ეს შენ ჩადექი ჩვენ შორის, შენ წაართვი ჩემი თავი შენს უახლოეს ძმაკაცს და, ძალიან გთხოვ, შენს არაკაცობას მე ნუ მომაწერ! მე, შეიძლება, არასწორად მოვიქეცი, მაგრამ, ჩემი ცოდვაც მეყოფა და შენსას ნუღარ შემტენი, გესმის? აღარ გაბედო და ამ თემაზე არ დამელაპარაკო, თორემ, შენი ცინიზმი და ირონია მოგონილი იქნება, იცოდე! – და ნანიტამ ისეთი ძალით გაიჯახუნა კარი, რომ ოთახიდან ძიძა გამოვიდა – რა ხდებაო.

... ნათლობამ მშვიდობიანად ჩაიარა. პატარა თორნიკე დიმიტრის კომპანიონმა და ნანიტას მეჯვარემ მონათლეს. სუფრა კი რესტორანში იყო გაშლილი და სტუმრები შუაღამემდე ქეიფობდნენ. დიმიტრი ისე დათვრა, ფეხზე ძლივს იდგა და საჭესთან ნანიტა დაჯდა. სახლთან მისულმა შენიშნა, რომ მათ სადარბაზოსთან ვიღაც იჯდა. მანქანა რომ დაინახა, ადგა და რაღაცნაირი ბარბაცით გაშორდა იქაურობას. იმ მომენტში ნანიტა დიმიტრის მანქანიდან გადმოყვანით იყო დაკავებული და ვიღაც ჩანჩურა უცნობისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიმიტრი ტანსაცმლიანად დააწვინა ტახტზე, მოულოდნელად გაიფიქრა, რომ ის ჩანჩურა ლანდი გუგა იყო...

ნანიტა დიდხანს დასცქეროდა მძინარე ქმარს და ცდილობდა, მისი სახის ნაკვთებში რამე ახლობელი, „თავისი“ დაენახა, მაგრამ, ვერ შეძლო – მის წინ აბსოლუტურად უცხო მამაკაცი იწვა, რომელიც შფოთავდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა რაღაცას. ნანიტამ ყური მიუგდო და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაარკვია: „როგორმე უნდა შევიჩვიო... გუგა... სახლში...“

და, ნანიტას სიცოცხლეში პირველად გაუჩნდა შურისძიების სურვილი, რომელიც  იმდენად ძლიერი იყო, რომ, ქალი მიხვდა, მას ვეღარ მოერეოდა. როგორ და რა ფორმით გააკეთებდა ამას, ჯერ არ იცოდა, მაგრამ, იმ წუთიდან დაიწყო ამაზე აქტიურად ფიქრი, როგორც კი ოთახიდან გავიდა, ოღონდ, ერთი რამ უკვე ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი: გარკვეულ დრომდე ისე უნდა ეცხოვრა ქმრის გვერდით, ვითომ არაფერი მომხდარა, ანუ, დიმიტრი კარგა ხანს ვერ უნდა მიმხვდარიყო, რომ თავისი საქციელით ოჯახში მტერი გაიჩინა.

ეს იყო ნანიტას ცხოვრებაში პირველი თვალთმაქცური, მაგრამ, მტკიცე გადაწყვეტილება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3