მედიცინა - სამხილი
სკოტლანდ-იარდის კომისრის თანაშემწე მერსერი შეშფოთებული და შეწუხებული იყო, გაბრაზებულიც კი. ცოტა ხნის წინ მას ჩეხმა კოლეგამ, სამედიცინო ექსპერტმა, დოქტორმა ჩისარმა დაურეკა და მიღება სთხოვა. ეს ჩისარი ინგლისში ემიგრანტად ცხოვრობდა. მას თავად ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრი, სერ ჰერბერტი მფარველობდა და უდიდეს პროფესიონალადაც მიაჩნდა. საქმე ის იყო, რომ ნახევარი წლის წინ ჩეხმა დოქტორმა დოკუმენტების გაყალბების ურთულესი საქმე გახსნა, რომელზეც სკოტლანდ-იარდი დიდხანს იმტვრევდა თავს. მერსერი ვერ იტყოდა, რომ ჩეხი კოლეგა შესძულდა, მაგრამ, პროფესიული თავმოყვარეობა ძალიან შეელახა. ახლაც რომ აცნობა, ბროკ-პარკის საქმესთან დაკავშირებით ერთი საათი უნდა დამითმოთო, გუნება გაუფუჭდა. ბროკ-პარკში ცხოვრობდა ვინმე ტომას მედლი, შეძლებული საქმოსანი. დაქვრივებულმა, 64 წლის ასაკში მეორედ იქორწინა და ცოლად მხატვარი, 41 წლის ჰელენა მერლინი შეირთო – ვნებიანი და ელეგანტური ქალი. პირველი ქორწინებიდან ტომასს ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი, 24 წლის პაროლდი, სამედიცინო ჰოსპიტალში გადიოდა სტაჟირებას, 19 წლის ქალიშვილი ჯანეტი კი, ერთი მორცხვი და უფერული გოგო, მათ ოჯახში მომხიბვლელი და ყოველთვის ძვირფასად ჩაცმული დედინაცვლის გამოჩენამ კიდევ უფრო გამოკეტა საკუთარ ნაჭუჭში. ჰელენა მერლინი მოდერნისტი მხატვარი იყო და, როგორც ამბობდნენ, მისი ტილოები კარგ ფასად იყიდებოდა. მისტერ ტომასმა საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა, აქციები მილიონად გაყიდა და თავის შესანიშნავ მამულში მებაღეობას მიჰყო ხელი. მას გასტრიტი აწუხებდა, რომელიც დროდადრო ძალიან უმწვავდებოდა ხოლმე. ოქტომბრის დასაწყისში კი ღვიძლის ანთებაც დაემართა და რამდენიმე დღე იავადმყოფა. ექიმმა წამლები გამოუწერა და ტომასიც ცოტა მომჯობინდა, მაგრამ, ერთ საღამოს ექიმი სასწრაფოდ გამოიძახეს მასთან. ავადმყოფი აღებინებდა და ტკივილებისაგან იკრუნჩხებოდა. ყველა საშუალება ამაო გამოდგა – მეორე დღეს, შუადღისას, ტომასი გარდაიცვალა. ექიმმა თავდაპირველი დიაგნოზი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთება – მას შემდეგ დააყენა ეჭვქვეშ, რაც ბროკ-პარკის დასახლებაში გავრცელდა ხმები სერ ტომასის მოწამვლის შესახებ. პოლიციამ ვერ გაიგო, სად იყო ამ ხმების პირველწყარო, მაგრამ, სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოტლანდ-იარდმა გვამის ექსჰუმაცია მოითხოვა და გვამს გამოკვლევა ჩაუტარდა. მართლაც, ღვიძლსა და თირკმელებში დარიშხანის სასიკვდილო დოზა აღმოჩნდა და საქმეც აღიძრა. გაირკვა, რომ იმ საღამოს ტომასმა მოხარშული ინდაურის ხორცი და დაკონსერვებული ისპანახი მიირთვა, მერე კი წამალი დააყოლა, რომელიც მას ვაჟიშვილმა მოუტანა. მანამდე წამალს ცოლი ან ქალიშვილი აძლევდა ხოლმე. გაირკვა ისიც, რომ რამდენიმე კვირით ადრე ჰაროლდმა მამასთან იჩხუბა: ტომას მედლიმ შეიტყო, რომ მის ვაჟს საცოლე ჰყავდა – ექთანი, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა. ამის გამო შვილს საშინელი სკანდალი მოუწყო და ფინანსების შეწყვეტითა და მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაემუქრა. პოლიციამ სასწრაფოდ დააპატიმრა ახალგაზრდა ჰაროლდი, რომელსაც მამის სიკვდილი ასი ათასი ფუნტი სტერლინგით უზრუნველყოფდა. ამდენივეს იღებდა ტომასის ქალიშვილიც, ხოლო, მემკვიდრეობის მეორე ნახევარი – ორასი ათასი ფუნტი სტერლინგი – ქვრივს რჩებოდა. პოლიციას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ტომასი ჰაროლდმა მოწამლა, რომელსაც წვრილი ვალებიც დაუგროვდა, მამა კი ფულს არ აძლევდა. ერთ თვეში მას სასამართლო ელოდა და, აი, უცებ, ეს ჩეხი მეტიჩარა, ყველაფრის თავდაყირა დაყენებას აპირებდა...
მერსერმა ამოიოხრა და მის კაბინეტში შესულ ჩისარს მიაჩერდა:
– გისმენთ, დოქტორო. თუმცა, ახლავე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ბროკ-პარკის საქმეში ყველაფერი ცხადზე ცხადია: დამნაშავე დაკავებულია და სიმართლეც მალე აღსრულდება.
– მეც ეგ მინდა, რომ სამართალი აღსრულდეს. მაგრამ, თქვენ შეცდით, ის ახალგაზრდა კაცი მკვლელი არ არის.
– ის მკვლელია და ყველა სამხილი ამაზე მიუთითებს. სამედიცინო ჰოსპიტლის სტაჟიორს დარიშხანის შოვნა არ გაუჭირდებოდა. მოტივიც ჰქონდა – ვალები, საცოლე, რომლის გამოც მამასთან პრობლემები ჰქონდა და მემკვიდრეობის ნაწილი...
– მაგ ოჯახში გაცილებით მეტი ვალი სხვას ჰქონდა, – დოქტორმა კეთილად გაიღიმა და თითები გაატკაცუნა, – და მემკვიდრეობაც გაცილებით მეტი მიიღო.
– ვის გულისხმობთ? – მოიღუშა კომისრის თანაშემწე.
– ქვრივს... როდისმე გინახავთ მისი ნახატები? ან, დაინტერესებულხართ, რამდენად ყიდის თავის ტილოებს?
– არა. ჯერ ერთი, მე მოდერნისტული მხატვრობა არ მიყვარს და, თანაც, ამას საქმესთან რა კავშირი აქვს?
– პირდაპირი, – გამოცოცხლდა დოქტორი ჩისარი, – ახლავე მოგახსენებთ. დავიწყოთ გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი დარიშხანით. ის მხოლოდ თირკმელებსა და ღვიძლში დალექილი აღმოაჩინეს. ეს კი ნიშნავს, რომ მკვლელმა გამოიყენა დარიშხანის ის ანჰიდრიდი, რომელიც წყალში არ იხსნება. სხვა შემთხვევაში, შხამი თირკმელებსა და ღვიძლში არ იქნებოდა. განვაგრძობ: შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დარიშხანი წყალში არ ყოფილა. ახლა ქალბატონის ვალებზე მოგახსენებთ. მე ვიყავი გალერეაში, მის მეპატრონეს ველაპარაკე და გავარკვიე, რომ ჰელენა მერლინი თავის ტილოებს სულ რაღაც ოც-ოცდაათ ფუნტად ყიდდა, თანაც, წელიწადში მაქსიმუმ რვა-ათ ნამუშევრამდე. არც ისე დიდი შემოსავალია, ხომ მეთანხმებით?! დაკრძალვაზე კი ეცვა ქურქი, რომელიც ექვსასი ფუნტი ღირს. საერთოდაც, ძალიან მდიდრულად იცვამდა და იშვიათ სამკაულებსაც ატარებდა. გეკითხებით, საიდან?
– ეტყობა, ქმარი ყიდულობდა, – მხრები აიჩეჩა მერსერმა, – ეს სამხილი არ არის.
– დამაცადეთ, ჯერ არ დამისრულებია. ტომას მედლი მდიდარი კი იყო, მაგრამ, ძალიან ძუნწიც გახლდათ. მე გავარკვიე – იმ ქურქის ფული ჯერაც არ აქვს ქვრივს გადახდილი – საიუველირო სალონის მეპატრონემ მითხრა, ვემუქრებოდი, რომ მის ქმართან მივიდოდი, თუ ჩეკებს არ გამინაღდებდაო. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? რაში სჭირდება ახალგაზრდა, ლამაზ, მიმზიდველ ქალს ბებერი და ავადმყოფი ქმარი, თუ არც გაანებივრებს და მის კაპრიზებსაც არ დააკმაყოფილებს? აბსოლუტურად არაფერში. მით უმეტეს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სერიოზული ქონების პატრონიც გახდებოდა... მერე ჰელენას ნახატები... მის პეიზაჟებში მინდორი ლურჯია, ცა კი – თვალის მომჭრელად ზურმუხტისფერი. ასეთი ზურმუხტისფერი არასდროს მინახავს. შევხედე ნახატებს და მაშინვე ვიფიქრე, აქ რაღაც ისე ვერ არის-მეთქი.
– დოქტორო, ბარემ ბოლომდე თქვით სათქმელი... – დაიგმინა მერსერმა.
– ახლავე მოგახსენებთ, ახლავე. მოკლედ, ასეთი საოცარი ზურმუხტისფერი მხოლოდ საღებავში თეთრი დარიშხანის შერევით შეიძლება მიიღოთ. აიღეთ მისის ჰელენას ტილოებიდან საღებავის სინჯი, გაუკეთეთ მას ანალიზი და მაშინვე დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში. საღებავების დამამზადებლებიც იმავეს იტყვიან. სერ ტომასი ცოლმა მოწამლა – მან დარიშხანი ქმარს ისპანახზე მოუყარა. ისპანახი ცოტა პირს შუშხავს და დარიშხანის გემო შეუმჩნეველი დარჩებოდა. გარდა ამისა, გინახავთ სადმე, ან, გსმენიათ, რომ მწვავე გასტრიტიანი ავადმყოფისთვის, რომელმაც სულ ახლახან შეტევა გადაიტანა, ისპანახი ეჭმიოთ?
– მგონი, მართალი ხართ, – მერსერი ტელეფონის ყურმილს დასწვდა...
– რას აკეთებთ?
– კომისარს ვურეკავ... დოქტორო ჩისარ, არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. მაინც, საიდან იცით ამდენი?.. თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის ახალგაზრდა გავათავისუფლოთ და ნამდვილი მკვლელი დავაკავოთ.
– ჩემი მისია შესრულებულია, – ჩისარმა გაიღიმა, – მე მხოლოდ ის მინდა, რომ სამართლიანობა აღსრულდეს...