როგორ იშორებდა „კაგებე“ თავის თანამშრომლებს, რომლებიც ბინძურ საქმეებში იყვნენ გარეულები
1978 წლის 1 ივლისს კოტე ზარიძე ბინიდან გამოვიდა და, ის იყო, კარი უნდა გამოეხურა, რომ ვიღაც უცნობმა შავსათვალიანმა მამაკაცმა ხელი ჰკრა და უკან შეაგდო. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტი მიუშვირა, სასტუმრო ოთახში შეიყვანა და უთხრა:
– ნუ აღელდებით, მე სამტროდ არ მოვსულვარ. სავარძელში ჩაჯექით და ყურადღებით მომისმინეთ.
კოტე სავარძელში ჩაჯდა და დაუპატიჟებელ სტუმარს მიუგო:
– გისმენთ.
მამაკაცმა შავი სათვალე მოიხსნა, კოტეს გაუღიმა და ჰკითხა:
– მიცანით?
– არა, – თავი გააქნია კოტემ.
დაუპატიჟებელმა სტუმარმა სიგარეტი გააბოლა და მასპინძელს უთხრა:
– მოდი, აქედანვე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არაფერს მოვატყუებთ. ჩვენ ერთ ბედ ქვეშ ვართ, ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით და ერთად უნდა ვიყოთ, რომ ცოცხლები გადავრჩეთ. თქვენ, რა თქმა უნდა, მიცანით – ჩემი მოკვლა ხომ თქვენ გაქვთ დავალებული ამ საღამოს, მაგრამ, როგორც კი ამას გააკეთებდით, მაშინვე თქვენც მოგიღებდნენ ბოლოს. მე სიკვდილი არ მინდა. ვფიქრობ, რომ არც თქვენ გსურთ ეს და სწორედ ამიტომ მოვედი აქ.
– ვინ ხართ? – ჰკითხა კოტემ უცნობს.
– უშიშროების კომიტეტის კაპიტანი მერაბ კიკნაძე, თქვენი კოლეგა. მართალია, თქვენგან განსხვავებით, მე ოფიცერი ვარ, თქვენ კი არალეგალი, მაგრამ, ორივე მკვლელები ვართ. ორივეს ბინძურ საქმეებს გვაკეთებინებს კანტორა და, დროა, ბოლო მოვუღოთ ამ ყველაფერს და თავს ვუშველოთ.
– რატომ უნდა დაგიჯეროთ?
– რატომ არ უნდა დამიჯეროთ? – კითხვითვე უპასუხა კოტეს მერაბმა, – რა ინტერესი მაქვს თქვენი და რატომ მოვედი აქ?
– თქვენი მოკვლა რატომ უნდათ, რა დააშავეთ?
– არასასურველი მოწმე ვარ და იმიტომ. ამას წინათ ერთი დავალება შევასრულე – ერთი პიროვნების ლიკვიდაცია მოვახდინე და, კვალის წაშლის მიზნით მიშორებენ თავიდან – ეშინიათ, რამე არ წამომცდეს, „კაგებეს“ სახელი არ ამოტივტივდეს და ასე უფრო მშვიდად იგრძნობენ თვს.
– კონკრეტულად რას მთავაზობთ?
– უცხოეთში გაქცევას. ოჯახი არც თქვენ გაქვთ და არც მე. ასე რომ, ჩვენ ახლობლებს ვერავინ აიყვანს მძევლად, მანამდე კი ერთ კაცს უნდა ვესტუმროთ. დავამუშაოთ და ფული წავართვათ, მერე კი გზა ხსნილი გვაქვს. რას იტყვით, გაწყობთ ჩემი წინადადება?
– სხვა რა გზა მაქვს, მაწყობს!..
მკვლელების ტანდემი
29 წლის კოტე ზარიძე და 34 წლის მერაბ კიკნაძე თბილისელები იყვნენ. კოტე ყოფილი მძლეოსანი იყო და „კაგებეს“ არალეგალი თანამშრომელი მას მერე გახდა, რაც ის მაიორმა ვიქტორ ძიძიგურმა გადაიბირა. მაშინ კოტე 24 წლის იყო და ერთი ინციდენტის შემდეგ ოთხწლიანი ციხე ემუქრებოდა. ძიძიგურმა ის ციხეს გადაარჩინა, სამაგიეროდ კი ფარული თანამშრომლობა და მაღალი ხელფასი შესთავაზა. როდესაც ზარიძემ თანხმობა განაცხადა, ექვსი თვით ის რუსეთის „კაგებეს“ ერთ-ერთ ბაზაზე გაგზავნეს, მოამზადეს და ის მუშაობას შეუდგა. კოტე ზარიძე პირადად ვიქტორ ძიძიგურის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ხუთი წლის განმავლობაში არაერთი დავალება ჰქონდა შესრულებული.
ზარიძისგან განსხვავებით, მერაბ კიკნაძემ ჯერ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ „კაგებეს“ ერთწლიანი კურსები და კაპიტნის წოდებაც მიიღო. თუმცა, ისიც მკვლელი იყო და ასევე ვიქტორ ძიძიგურს ექვემდებარებოდა. ძიძიგური კი ძალიან შავბნელი, ნებისმიერ სისაძაგლეზე ხელის მომწერი პიროვნება იყო და საკუთარ დედასაც კი ისე გამოსჭრიდა ყელს, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა. სწორედ ვიქტორ ძიძიგურის ხელში ჩაგდებას აპირებდნენ ზარიძე და კიკნაძე და, სანამ განხორციელებას შეუდგებოდნენ, ყველაფერი კარგად დაგეგმეს.
– ვიქტორას, მაგ ნაბოზარს, დიდი მაყუთი უნდა ჰქონდეს გადატეხილი და მისი ფულით მოვტყდებით ფირმაში, – უთხრა მერაბმა კოტეს.
– შენ რა იცი, რომ დიდი მაყუთი აქვს?
– ორი წლის წინ ერთი ძველი კაგებეშნიკი გავაგორე და სიკვდილის წინ მან მითხრა. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე, თუმცა, რომ დავფიქრდი, ძალიან რეალურად მომეჩვენა. მით უმეტეს, რომ ის კაცი და ვიქტორა ძველი პაძელნიკები იყვნენ. მოკლედ, ყველა ვარიანტში გვჭირდება ძიძიგური და, როგორც შევთანხმდით, ისე ვიმოქმედოთ.
ვიქტორ ძიძიგური საბურთალოზე, ერთ-ერთ კერძო სახლში ცხოვრობდა. 1978 წლის 1 ივლისს კოტე ზარიძემ და მერაბ კიკნაძემ ის ღამით, 23 საათსა და 15 წუთზე მოიხელთეს, სწორედ იმ დროს, როდესაც ძიძიგური სახლში დაბრუნდა, სადაც მარტო ცხოვრობდა. მკვლელებმა მას პირი აუკრეს, მერე სარდაფში ჩაიყვანეს, ძელზე მიაბეს და მერაბმა მას უთხრა:
– გაები მახეში, შე დამპალო?
ძიძიგურს ცინიკურად გაეცინა და მიუგო:
– ეს თქვენ გაებით. ერთ რჩევას მოგცემთ: ახლავე წადით და, ეცადეთ, ისე დაიმალოთ, რომ ვერავინ გიპოვოთ.
– მხოლოდ იმის შემდეგ წავალთ, როდესაც შენგან ფულს მივიღებთ, – მიუგო მერაბმა.
– რა ფულს?
– გახსოვს, ორი წლის წინ პოლკოვნიკი გოგიაშვილი რომ მომაკვლევინე? იმან მითხრა სიკვდილის წინ, რომ შენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, სავარაუდოდ, ერთი ყოფილი ვაჭრის სახლიდან მისი ძვირფასეულობა და ოქროს მონეტები გაიტაცე და ის კაცი კი მოკალი, ხელმძღვანელობას კი უთხარი, ვითომ ურთიერთსროლისას დაიღუპა. ჩქარა, დრო არ გვაქვს, გამოაჩინე ნაძარცვი ქონება, თორემ, ცოცხლად გაგატყავებთ!
ძიძიგურს მართლაც აღმოაჩნდა ვაჭრის ქონება, რომელიც იქვე, სამალავში ჰქონდა გადამალული. მერაბმა და კოტემ ძვირფასეულობა სპორტულ ჩანთაში ჩააწყვეს და ძიძიგურს ზარიძემ უთხრა:
– ჩვენი ვიზიტის შესახებ არავის უთხრა, ეგ შენს ინტერესებშია. აბა, მშვიდობით...
ქირურგი კოტელმახი
1978 წლის 4 ივლისს ვიქტორ ძიძიგური თავისსავე სახლის სარდაფში მოკლული იპოვეს. ის შიშველი ეგდო, სხეულზე კი საშინელი წამების კვალი აჩნდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ძიძიგური თავისმა კოლეგებმა მოკლეს, მანამდე კი იმიტომ აწამეს, რომ გაეგოთ, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ ზარიძესა და კიკნაძეს „კაგებეს“ შავბნელი საქმიანობის შესახებ. კოტე ზარიძეს და მერაბ კიკნაძეს კი მთელი „კაგებე“ ეძებდა და მათი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული. ზოგიერთ მაღალჩინოსანს არანაირად არ აწყობდა „კაგებეს“ ლიკვიდატორების (მკვლელობის შემსრულებლების) დაპატიმრება და მათი მოკვლა იმიტომ ბრძანეს.
კოტე და მერაბი ერთი კვირა თბილისში იმალებოდნენ, შემდეგ ისინი ქალაქ სოჭში ჩავიდნენ და 52 წლის ოსიპ კოტელმახს ეწვივნენ სახლში. კოტელმახი პლასტიკური ქირურგი იყო, „კაგებეს“ ის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი და მერაბ კიკნაძე მას კარგად იცნობდა.
– რა გნებავთ, ახალგაზრდებო? – ჰკითხა კოტელმახმა შავსათვალიან მამაკაცებს, როდესაც ისინი მისი კერძო სახლის კარს მიადგნენ.
– ოსიპ მოდესტოვიჩ, თქვენთან ძალიან სარფიანი წინადადება გვაქვს და, თუ შემოგვიშვებთ, გეტყვით, – უთხრა მერაბმა ქირურგს.
– მობრძანდით. მარტო ვარ, – შეიპატიჟა კოტელმახმა ახალმოსულები.
მერაბმა ქირურგს ორი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოსთხოვა, სანაცვლოდ კი 25 ათასი მანეთის გადახდას შეჰპირდა და ბოლოს უთხრა:
– „კაგებე“ კუდზე გვაზის და აქედან უნდა გავიქცეთ. ოპერაციების მერე გარკვეული დრო იზოლაციაში იქნებით, რომ დროზე ადრე არ ჩაგვიშვა და გაქცევა არ ჩაგვიშალო.
– რა გაეწყობა, თანახმა ვარ, – გაეცინა კოტლემახს, – ძალა აღმართს ხნავს, ძალა კი თქვენს ხელთაა.
ოსიპ კოტელმახმა კოტე ზარიძეს და მერაბ კიკნაძეს პლასტიკური ოპერაცია რიგ-რიგობით გაუკეთა, სარეაბილიტაციო ვადის გასვლის შემდეგ კი ის თავისმა პაციენტებმა ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის სახლის სარდაფში ჩაკეტეს, ორი კვირის სურსათ-სანოვაგე და 25 ათასი მანეთი დაუტოვეს და წავიდნენ. კოტელმახმა იქიდან ერთ კვირაში გამოაღწია, „კაგებეში“ მივიდა და ყველაფერი მოყვა.
ოთხი დღის მერე კი ოსიპ კოტელმახი ზღვაში დაიხრჩო...
ბესტსელერი
1978 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „კაგებეს“ რამდენიმე მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიკნაძისა და ზარიძის გაქცევასთან იყო დაკავშირებული – „კაგებეს“ ლიკვიდატორებმა საკმაოდ ბევრი იცოდნენ თავიანთი ყოფილი უწყების ბინძურ საქმეებსა და ცალკეულ პიროვნებებზე და ამ ინფორმაციების გამჟღავნების შეეშინდათ. მაშინ „კაგებეს“ შავბნელი საქმეები მიიჩქმალა და საზოგადოებას არაფერი გაუგია. თუმცა, 22 წლის შემდეგ, 2000 წელს, ბრაზილიაში სქელტანიანი წიგნი გამოიცა „კაგებეს“ შესახებ, რომელიც უმალვე ბესტსელერად იქცა. წიგნის ავტორები მენდესისა და კორიგას ფსევდონიმებით აწერდნენ ხელს, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ზარიძე და კიკნაძე იყვნენ.
P. S. 2003 წლის მაისში რიოში ვინმე ვენედიქტ მენდესი მოკლეს, რომელიც სინამდვილეში კოტე ზარიძე აღმოჩნდა...