როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩუნთიშვილი
ამ გვარის წინაპარს სახელად უთუოდ ჩუნთა ერქვა, მისი მნიშვნელობა კი უცნობია. საკუთარი სახელი რამდენიმე ქართველ მეცნიერს აქვს დაფიქსირებული. აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები”, ვკითხულობთ: „მამაკაცის საკუთარი სახელი ჩუნთი; სერგი მაკალათიას ჩაუწერია ფშავში, ჩუნთა, ასევე თუშეთში, ალვანში, ახმეტის რაიონი; ჩუნთია – აკაკი შანიძეს ჩაუწერია ხევსურეთში; ჩუნთო – გიორგი ცოცანიძეს თუშეთში; ჩუნო კახეთში, ჭიკაანელ კაცს ერქვა. მომავალშიც მოგიწევთ ხოლმე სადღეგრძელოში თქმა ჩვენი წინაპრის ჩუნთიას ხსოვნა-მოგონება იყოსო“.
ჩუნთიშვილები ცხოვრობენ გარე კახეთში. საგარეჯოს გარდა, ასევე ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გარდაბანში და ასე შემდეგ.
საქართველოში 83 ჩუნთიშვილი ცხოვრობს.
გოგორიკი
გადმოცემით, გოგორიკების ადრინდელი გვარი ამაშუკელია. ამაშუკეთიდან წინაპრები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნიდან გადმოსულან გურიაში და იქ რატომღაც მიუღიათ გვარი გოგორიკი. სავარაუდოდ, მათ ფუძედ უნდა აეღოთ ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა ქალის სახელი, ის გოგო-რიკად მოაკვარახჭინეს.
გოგორიკი მცირერიცხოვანი გვარია. ასევე გვხვდება გვარი გოგორიკიძე.
საქართველოში 30 გოგორიკი ცხოვრობს. ოზურგეთში – 23, გარდაბანში – 4, თბილისში – 1. არიან სხვაგანაც.
ზარაფიშვილი
გვხვდება საკუთარი სახელი ზარიფა, რომელიც გვარის ფუძედ შეიძლება მივიჩნიოთ.
ბატონმა აბესალომ ზარაფიშვილმა ასეთი ჩანაწერი მოგვაწოდა: „გადმოცემით ირკვევა, რომ, დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და თავისი ვაჟიშვილი იოთამი თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ. პაპაჩემი სტეფანე გორში ეკლესიას აშენებდა და იქ ბებიაჩემი, ლიზა ვარდიაშვილი გაუცვნია და ცოლად წამოუყვანია...
ილია ზარაფიშვილი განათლებული კაცი იყო და თელავში მოღვაწეობდა. ის ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას და ქველმოქმედებას. იყო ნიჭიერი კომპოზიტორის – ნიკო სულხანიშვილის დის ქმარი. თელავში დღესაც არსებობს ილია ზარაფიშვილის ქუჩა.
ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე სოფელ ქვემო და ზემო მაჩხაანში ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ ხდებოდა. ისინი ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს თავიანთ დახმარებას. პაპაჩემს დიდძალი ვენახები ჰქონდა ალაზნის ველზე და ყურძნის დიდ მოსავალს იღებდნენ. ზემო და ქვემო მაჩხაანის მარნები მათი ღვინოებით იყო სავსე. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა ღვინისა და არყის რეალიზაციაზე ზრუნვა. მას ამ საქმეში დიდი დახმარება გაუწია გამოცდილმა ვაჭარმა, მამიდაჩემის ქმარმა, იოსებ ბეგიაშვილმა. მათ რუსეთში, კერძოდ, ქალაქ როსტოვში, შეიძინეს სარდაფი და რესტორანი ღვინისა და არყის რეალიზაციისთვის.
ჩვენს სოფელში, ჩემს ბავშვობაში, დაახლოებით 1932-1934 წლებში, ცხოვრობდა ღრმად მოხუცებული ყოფილი მამასახლისი – 105 წლის ბასიკო მაძღარაშვილი და ის მეტყოდა ხოლმე, ახლომახლო სოფლებში მიწის ზედა სახლები მხოლოდ ზარაფიშვილებს ჰქონდათო“.
საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10. არიან სხვაგანაც.
20 ზარაფოვი. გორში 6, თბილისში 14.
სოფრომაძე
სოფრომაძეები იმერლები არიან. მოიხსენიებიან სოფლებში: რუფოთი, ძევრი, ზარათი, კვალითი, ნერგეეთი, პერევისა, საირხე, ჩხარი, ძიროვანი, ხრეითი.
ზარათსა და კვალითში სოფრომაძეები იყვნენ საბატონო გლეხები.
სოფრომო წინაპრებს ნასესხები აქვთ ბერძნებისგან; სოფრომ, იგივეა, რაც „საღად მოაზროვნე“, „კეთილგონიერი“.
„ვაჟიბედაი სოფრომაძე მეფემ შესწირა გელათის ულუხან (ლორთქიფანიძის) სიმწირველისთვის. ემართა ათი თეთრი, ორი კოდი ღომი, სამი კოკა ღვინო, ერთი ზვინი თაკა...“ (1573 წელი).
სოფრომაძე ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია. მეცამეტე საუკუნიდან ჩანს. სოფრომაძე და სოფრომიძე ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში ყველაზე დაწინაურებულ 1 000 გვარში სოფრომაძეებს 321-ე ადგილი უკავია.
საქართველოში 2 479 სოფრომაძე ცხოვრობს. ტყიბულში – 654, ქუთაისში – 458, თერჯოლაში – 374.
28 სოფრომაძე: ზესტაფონში – 8, თბილისში – 5, საჩხერეში – 3. არიან სხვაგანაც.
თურქესტანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თურქისტანი.
1721 წლის აღწერით, მებატონე გოდერძა თურქესტანიშვილი ცხოვრობდა თრიალეთში. 1738 წელს მან გაყიდა მამული და დაბრუნდა უკან, გორში.
სეხნია, ფრანგისტან, ქაიხოსრო და ღონენა თურქესტანიშვილები, 1721 წლის აღწერით, მებატონეები იყვნენ და ცხოვრობდნენ თრიალეთში.
თურქესტანიშვილი ბარათაშვილის შტო-გვარია. ხოლო, თურქესტანიშვილის შტო-გვარია პაპოაშვილი.
საქართველოში 28 თურქესტანიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 19, დედოფლისწყაროში – 2, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.
ჯიმშიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშერი.
ამ სახელის კნინობითი ფორმებია – ჯიმი, ჯიმითა, ჯიმოთე, ჯიმუა, ჯიმშარი, ჯიმშელი, ჯიმშიერი, ჯიმშია.
ეს სახელი სპარსული წარმოშობისაა და „ახალგაზრდა ლომს“ ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი ჯიმშელეიშვილი.
1721 წელს ბოცვეთში მოიხსენიება დათუნა ჯიმშიაშვილი.
საქართველოში 129 ჯიმშიაშვილი ცხოვრობს. ზესტაფონში – 36, თბილისში – 19, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.
შამრელაშვილი
შამრელაშვილი ართრონიზებული გვარია. სულხან-საბა ორბელიანი ბრძანებს: „ართრონი არიან ასოები, რომელნიმე წინა მიუბავები ან სიტყვათა და რომელიმე უკანა და გუარიან ჰყოფენ და დაატკბობენ“.
ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი (აქედანვეა გვარი მრულობელი), მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი შა.
„მრელა-ს, ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი შამრელაშვილი“.
შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
საქართველოში 24 შამრელაშვილი ცხოვრობს. ახმეტაში – 20, თელავში – 4.
373 მრელაშვილი: თელავში – 242, თბილისში – 56, ახმეტაში – 48. არიან სხვაგანაც.
დათონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათონა – ეს „დავითის“ კნინობითი ფორმაა.
1721 წლის აღწერით, ბურვილში მოიხსენიება ყაფლანიშვილების ყმა, ბერა დათონაშვილი.
1523 წელს ბარათაანთ გაყრის სიგელში მოიხსენიება აზნაური დათონაშვილი.
საქართველოში 1 254 დათონაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 441, გურჯაანში – 283, ქუთაისში – 90. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა