რატომ გაასაიდუმლოვა სტალინმა საავიაციო საკონსტრუქტორო ბიუროები
სტალინმა ლეგენდარულ ავიაკონსტრუქტორ იაკოვლევს ამოცანა დაუსახა: მას სამ თვეში, უნდა შეექმნა მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ავიაგამანადგურებელი. იაკოვლევი (გენერალ-პოლკოვნიკი, წითელ არმიაში იყო 1920 წლიდან, შრომის ორგზის გმირი – 1940-1957 წლებში, სტალინური პრემიის ლაურეატი 1941, 1942, 1943, 1946, 1947, 1948 წლებში, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი – 1972, 1977 წლებში, სტალინის პირადი რეფერენტი – ავიაციის საკითხებში) შეეწინააღმდეგა – მსგავსი პროექტების შემუშავებისთვის ამერიკელებს მინიმუმ წელიწად-ნახევარი სჭირდებათო. ბესარიონის ძე დაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა – შენ ამერიკელი ხარო? – შეშინებულმა მეცნიერმა სწორი დასკვნები გააკეთა და, ამის შემდგომ, ზუსტად სამ თვეში, წარმოებაში ჩაეშვა და დღის სინათლე იხილა იმ დროისთვის ჰიპერთანამედროვე სამხედრო საჰაერო ხომალდმა.
ცხოვრების მიზანი
წიგნში „ცხოვრების მიზანი“ იაკოვლევი წერს: „საკონსტრუქტორო ბიუროში ვიჯექი სახაზავ დაფასთან, როცა მომახსენეს, რომ სტალინის პირადი მდივანი, პოსკრებიშევი გირეკავთ და შეგაერთოთ თუ არაო”. საუბრის დროს ინჟინერს უთხრეს, რომ მანქანას გამოუგზავნიან და სასწრაფოდ კრემლში უნდა გამოცხადდეს. მთელი გზის განმავლობაში ნერვიულობდა, რადგან, არც გამოძახების მიზეზი იცოდა და, არც ის, თუ ვის უნდა შეხვედროდა. მივიდნენ ძველ მოედანთან, სადაც ცენტრალური კომიტეტის შენობა იყო; შემდეგ ლიფტით მეოთხე სართულზე ავიდა, გრძელი, ხალიჩით დაგებული დერეფანი გაიარა და შევიდა ოთახში, სადაც შავტყავგადაკრული ტახტი, მაგიდის ირგვლივ რამდენიმე სკამი, მაგიდაზე კი სხვადასხვა კერძითა და ხილით გაწყობილი სუფრა დახვდა. მღელვარებას, როგორც თვითონ აღნიშნავს, დაბნეულობაც დაემატა, რადგან, არ იცოდა, სად მოხვდა და რა იქნებოდა შემდეგ. ასეთ სრულ გაუგებრობაში მოუწია იაკოვლევს ყოფნა ოცი წუთის განმავლობაში. ის გაუნძრევლად იდგა და ოთახს ათვალიერებდა. მოულოდნელად გაიღო კარი და შემოვიდა სტალინი. კონსტრუქტორმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ისიც კი იფიქრა, მისტიფიკაცია ხომ არ იყო ყოველივე ეს. ბელადი მიუახლოვდა, გაუღიმა და ჰკითხა მისი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე, უთხრა, რომ დამჯდარიყო და ესაუბრათ საქმესთან დაკავშირებით. მისივე ჩვეული ხუმრობაც მიაყოლა: „ალბათ, შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ნორმალური სუფრაა. თუ რამის დამატებაა საჭირო, გვითხარით, გავითვალისწინებთ.” ასეთმა თბილმა მიღებამ ინჟინერი გაათამამა და, საშუალება მიეცა, გულახდილად ესაუბრა. ჯუღაშვილმა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა – მას აინტერესებდა გერმანული, ინგლისური და ფრანგული ავიაციის მდგომარეობა და განვითარების დონე. მეცნიერი გაოცებული დარჩა ამ სფეროში ბელადის სიღრმისეული ცოდნით. როგორც თვითონ იხსენებს, სტალინს, როგორც ავიაციის სპეციალისტს, ისე ესაუბრებოდა.
– როგორ ფიქრობთ, – ჰკითხა მან, – რატომ აყენებენ ინგლისელები მათ ავიაგამანადგურებელ „სპიტ-ფაირზე” წვრილკალიბრიან ტყვიამფრქვევბს და არა ქვემეხებს?
– იმიტომ, რომ საავიაციო ქვემეხები არ აქვთ. – მეც ასე ვფიქრობ, – თქვა სტალინმა, – მაგრამ, ქვემეხის ქონა ცოტას ნიშნავს, საჭიროა, რომ ძრავიც შეესაბამებოდეს ქვემეხს. ასე არ არის?
– დიახ, ასეა.
– მათ სათანადო ძრავაც არ აქვთ, ხომ?
– დიახ, არ აქვთ.
– იცნობთ კონსტრუქტორ კლიმოვის ნაშრომს, საავიაციო ძრავასთან დაკავშირებით, რომელზეც შპიტალნის ოცმილიმეტრიანი საავიაციო ქვემეხის დაყენება შეიძლება?
– გამანადგურებლებზე არასდროს მიმუშავია, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა.
– იფიქრეთ ამის შესახებ.
ამ საუბრის შემდგომ სტალინმა იაკოვლევს ხელი მოჰკიდა და ხალხით სავსე დარბაზში შეიყვანა. მოულოდნელობისგან დაბნეულმა, ვერავინ იცნო, მაშინაც კი, როცა სტალინმა პრეზიდიუმში თავის გვერდით დაისვა. იაკოვლევმა მიმოიხედა და დაინახა, რომ სხდომა მიჰყავდა ვოროშილოვს, პირველ რიგში კი ისხდნენ: სახალხო კომისარი კაგანოვიჩი, სახელგანთქმული კონსტრუქტორი არხანგელსკი, ქარხნის დირექტორი ოკულოვი და მთავარი ინჟინერი კობზარევი; აგრეთვე, საავიაციო წარმოების ცნობილი მუშაკები და სამხედრო-საავიაციო ძალების სამმართველოს სამხედრო პირები. სიტყვით გამომსვლელი საუბრობდა საჰაერო ხომალდების საფრენი მახასიათებლების შემდგომი გაუმჯობესების პრობლემებზე, რაც სხვადასხვა ფრონტზე ბომბარდირებას უშლიდა ხელს. იაკოვლევი შეშინდა, სტალინს არ დაესვა შეკითხვები ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ სტალინმა ისევ იმ ოთახში შეიყვანა და ჰკითხა:
– რას იტყვით, მოჰკიდებთ ხელს ახალ გამანადგურებელს?
– ვიფიქრებ, ამხანაგო სტალინ!
– კარგი, როცა მოიფიქრებთ, არ მოგერიდოთ... გისურვებთ წარმატებებს. ველოდები თქვენს ზარს. ისე, როგორი უტვინოები არიან ინგლისელები, ქვემეხის ფასი არ იციან.
იმ დროისთვის მსგავსი სამხედრო მოდერნიზებული თვითმფრინავი შეიარაღებაში ჰქონდათ გერმანელებს – „მესერშმიტ 109“. როგორც ჩანს, ეს არ ასვენებდა სტალინს. საბჭოთა ავიაციის შექმნის გარიჟრაჟზე, ბელადი იმთავითვე ცდილობდა, გამოერიცხა მოსალოდნელი შეცდომები, კერძოდ, ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების ყალიბების არჩევასთან დაკავშირებით.
სპეცმივლინება
სტალინის უშუალო განკარგულებით, საბჭოთა დელეგაციამ მოიარა საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ორჯერ ფაშისტური გერმანიაც კი. სხვა სპეციალისტებთან ერთად, იყო ალექსანდრე სერგის ძე იაკოვლევიც. მივლინების მიზანი იყო, ამ ქვეყნებში სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების შესწავლა, რათა სამამულო ავიაციის ჩამორჩენა დაეძლიათ. ჯგუფში უშიშროების წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებსაც იქ, ადგილებზე, რეზიდენტურის წარმომადგენლები ხვდებოდნენ და საჭირო ინფორმაციებით ამარაგებდნენ. შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უკან დაბრუნებულ სპეციალისტებს სტალინმა საკონსტრუქტორო ბიუროების გასაიდუმლოება მოსთხოვა, რაზეც იაკოვლევი დათანხმდა და დაჰპირდა, რომ შეკრებდა კონსტრუქტორებს, ბელადის სახელით გაესაუბრებოდა და ახსნა-განმარტებებს ჩაუტარებდა საინჟინრო სამუშაოების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. წიგნში „ცხოვრების მიზანი“ იაკოვლევი ამ ეპიზოდს განსაკუთრებულ ადგილს უთმობს და წერს, რომ გაუკვირდა ბელადის რეაქცია, რომელმაც ნაწყენი ტონით (ოდნავ ხმასაც აუწია) უთხრა: „ბევრს უყვარს ჩემს ზურგსუკან დამალვა. ყველა წვრილმანზე ჩემს სახელს იმიტომ იყენებენ, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდათ. თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, სუფთა, საქმეც კარგად იცით. არ უნდა გეშინოდეთ საკუთარი სახელით მოქმედების – ამით ავტორიტეტსაც მოიპოვებთ და ხალხიც მეტ პატივს გცემთ, – დამშვიდობებისას კი დავალებაც მისცა: ამხანაგო იაკოვლევ! გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ახალი ტიპის თანამედროვე თვითმფრინავები რაც შეიძლება მალე შევიდეს ჩვენი სამხედრო ძალების შეიარაღებაში. ამ საკითხებზე მომმართეთ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს!“
ომის წლებში, – წერს იაკოვლევი, – ყველამ ავითვისეთ: რასაც უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტს, კანონია და მას ვერავინ შეცვლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტალინთან კამათი არ შეიძლებოდა, პირიქით, ის შესაშურ მოთმინების უნარს ფლობდა, ეთანხმებოდა გონივრულ აზრებს. მაგრამ, ეს მხოლოდ ამა თუ იმ საკითხის განხილვის სტადიაზე ხდებოდა. ხოლო, როცა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა, ცვლილებების შეტანა დაუშვებელი იყო. სტალინს არ უყვარდა, როცა თანამოსაუბრე თვალებში არ უყურებდა. თვითონ ხმადაბლა საუბრობდა, ტელეფონით ხომ – საერთოდ ჩუმად. ამიტომ, მთელი ყურადღების დაძაბვა იყო საჭირო. მითია ყველაფერი, რაც მის დაუნდობელ ხასიათს ეხება. აღნიშნულის გასაქარწყლებლად, კონსტრუქტორს „ცხოვრების მიზანში” ასეთი მაგალითიც მოჰყავს: ერთხელ ბელადმა თათბირზე ერთ-ერთი გენერალი გამოიძახა, რომელიც ფრონტიდან ახალი ჩამოსული იყო. სტალინთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონდა, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ დაღლილი და კარგად ნასვამიც იყო, მაინც მივიდა. ამის შესახებ, ბელადს მდივანმა მოახსენა, მაგრამ მან მიღებაზე უარი მაინც არ თქვა. წარმოუდგენელი იყო იქ მყოფთა გაოცება, როცა მთვრალი გენერალი იხილეს – ის ფეხზე ძლივს იდგა. ყველას სუნთქვა შეეკრა და საბრალო გენერალი შეეცოდათ. სტალინი მიუახლოვდა და ჰკითხა: ცუდად ხართ? – რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. წადით და დაისვენეთ, ხვალ გელოდებით! – უბრძანა გენერალს. მისი წასვლის შემდეგ კი თქვა, რომ დღეს გენერალმა წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის ორდენი მიიღო. მან არ იცოდა, რომ გამოვიძახებდი, ამიტომ არავითარი დანაშაული არ მიუძღვის იმაში, რომ მიღებული ჯილდო აღნიშნა.
ასეთი იყო ბელადი, – წერს იაკოვლევი, – ის ერთადერთ მომენტს ვერ იტანდა — როცა რეალურ მდგომარეობას ფარავდნენ ან უმალავდნენ და ამისთვის მას არაერთი თანამებრძოლი დაუსჯია. ლეგენდარული კონსტრუქტორი თავის წიგნს იმით ამთავრებს, რომ სტალინის სიკვდილმა მილიონობით ადამიანის გულისტკივილი გამოიწვია. ათასობით ადამიანი თავს ურტყამდა კრემლის კედელს და ტიროდა. საყოველთაო გლოვისას კი, მეცნიერი ქართველ სტუდენტებს შეუერთდა და მათთან ერთად გადაიტანა ტრაგედია.
P.S. 1934 წლიდან, იაკოვლევის ბიუროს თვითმფრინავები მრავალსერიულ წარმოებასა და ექსპლუატაციაშია. „იაკის“ რაოდენობამ 70 000-სს გადააჭარბა, მათ შორის გამანადგურებლების რაოდენობა ორ მესამედზე მეტი იყო, ზოგადად საფრენი აპარატების მოდიფიკაციამ კი 200-ს გადააჭარბა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათ მეორე მსოფლიო ომის დროს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა არმიის წარმატებაში. „იაკით“ 74 მსოფლიო რეკორდია დამყარებული. ეს თვითმფრინავებია: გამანადგურებლები: იაკ-1, 2, 3, 7, 9, 15, 17, 23, 25, 27, 28, 141; მოიერიშეები: იაკ- 38, იაკ-38 M; ბომბდამშენები: იაკ-2, 4 და 26.