წვრილი წელი - ყველა ქალის ოცნება
გამოკვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცების საკმაოდ სოლიდური ნაწილი (49 პროცენტი) ქალის გარეგნობის შეფასებისას უყურებს მას არა თვალებში ან მკერდზე, არამედ... წელზე. ანუ, მათი შეფასებით, ის ქალბატონები, რომლებსაც წვრილი წელი აქვთ, განსაკუთრებით სექსუალურები და ქალურები არიან. სხვათა შორის, წვრილი წელი საქართველოშიც ყოველთვის ქალის (და მამაკაცისაც) სილამაზის ერთ-ერთი ნიშანი იყო.
„ბეჭედივით“ წელი, ალბათ, ყველა ქალბატონის ოცნებაა, ამ ოცნების მისაღწევად კი ბევრი მათგანი უკან არაფერზე დაიხევს და გარკვეულ მსხვერპლზეც კი წავა, მაგრამ, დღევანდელ პირობებში არის უამრავი საშუალება, რომელთა წყალობითაც „ქვიშის საათის“ სილუეტი მხოლოდ ოცნებად არ დარჩება.
რა თქმა უნდა, ლიპოსაქცია ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად, მაგრამ, ამ ოპერაციის გაკეთება, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ღირს, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ, უმჯობესია, მიმართოთ მექანიკურ საშუალებებს, როგორებიცაა: სპეციალური ვარჯიშები ფიტნეს-კლუბში (ან სახლში), ჰულა-ჰუპი, ცურვა, ცივი შხაპი, კორსეტი, თვითმასაჟი, შეფუთვა (კომპრესი), მოწევისთვის თავის დანებება, ტანზე მჭიდროდ შემოტკეცილი თეთრეული და დიეტა. დაწვრილებით გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის ეფექტს.
ჰულა-ჰუპი ერთ-ერთი უძველესი და კარგად გამოცდილი ტრენაჟორია, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას (მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ). იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, შეიძინეთ ორი ჰულა-ჰუპი: ერთი – მძიმე, რომელსაც აქვს მასაჟორები (შლის ლიმფას) და მეორე – მსუბუქი, რომელიც ავარჯიშებს კუნთებს. რაც უფრო მსუბუქია რგოლი, მით უფრო ძნელია მისი დატრიალება და, შესაბამისად, სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, რაც უფრო დაგაახლოებთ შედეგთან. ყოველდღიური 30-წუთიანი ვარჯიში ჰულა-ჰუპით, თქვენი წელის გარშემოწერილობას თვეში 5-7 სანტიმეტრით შეამცირებს. ოღონდ, ისევე, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებისას, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ერთი საათი არანაირი საკვები (წყალიც კი) არ უნდა მიიღოთ.
ცივი შხაპი, თავისთავად, გარკვეული სტრესია ორგანიზმისთვის და მკვეთრად იზრდება ჰორმონ ნორადრენალინის გამოყოფა. ეს ჰორმონი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმების დაწვის დროის ხანგრძლივობას. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევებში, ნორადრენალინი ხელს უწყობს მადის დაქვეითებას. სხვათა შორის, დილით, უზმოზე დალეული ერთი-ორი ჭიქა ცივი წყალი აიძულებს ტვინს, უფრო აქტიურად გამოიმუშაოს ნორადრენალინი.
თუ ყოველდღიურად მიიღებთ ცივ შხაპს, თქვენი წელის გარშემოწერილობა დაახლოებით 5 სანტიმეტრით შემცირდება.
კლასიკური კორსეტის კონსტრუქცია შუა საუკუნეების შემდეგ არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მასალა. თქვენთვის საჭირო კორსეტი, სასურველია, შეკვეთით შეაკერინოთ (უმჯობესია მისი მოკლე ვარიანტი, რომელიც განიერი ქამრის ფუნქციას შეასრულებს). დაუშვებელია კორსეტის მოჭერა 7 სანტიმეტრზე მეტად; ასევე, მისი ტარება შეიძლება მხოლოდ 3 საათის ხანგრძლივობით.
თვითმასაჟი უნდა გაიკეთოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფმა. ამ შემთხვევაშიც, მასაჟამდე და მასაჟის შემდეგ 1 საათის განმავლობაში არაფერი არ უნდა მიირთვათ. მუცელი და წელი დაიმასაჟეთ ცერი და საჩვენებელი თითებით 15 წუთის განმავლობაში. ხელები სიმეტრიულად და სინქრონულად ამოძრავეთ ჭიპიდან თეძოების მიმართულებით. 15 წუთის შემდეგ, იმავე მიმართულებით გაიკეთეთ მასაჟი მსუბუქი ჩქმეტებით – ეს აუმჯობესებს კუნთებში სისხლის მიმოქცევას.
შეფუთვის ერთი კურსი მოიცავს 10-დან 20 პროცედურამდე. საუკეთესო აქტიური კომპონენტებია: ლამინარია, თაფლი და თეთრი თიხა. შეიძლება, ამ პროცედურის სახლში ჩატარებაც, მაგრამ, მაქსიმუმ, კვირაში ორჯერ, ჭამიდან 2 საათის შემდეგ და, იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ გინეკოლოგიური (ან სხვა სახის) პრობლემები. ერთი სეანსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
დიეტა არც ისე მკაცრია, თუმცა, აუცილებლად უნდა დაიცვათ ყველა მითითება, კერძოდ: კვების რაციონიდან მთლიანად გამორიცხეთ პური (საერთოდ, ცომეული) და შეავსეთ ის გამომცხვარი კარტოფილით (ყოველგვარი საკაზმის გარეშე). ასევე, შეზღუდეთ იმ ხილის რაოდენობა, რომელიც ჭარბად შეიცავს შაქარს (შაქარი ხომ საუკეთესო „საშენი მასალაა“ წელის გარშემო არსებული „ცხიმოვანი ბალიშისთვის“). კვირაში ორჯერ მოაწყვეთ განტვირთვის დღე (მხოლოდ წყალი; არავითარი ბოსტნეული და წვენები, ყავა და ჩაი). დაახლოებით თვე-ნახევარში კი თქვენი წელი 4-5 სანტიმეტრით დავიწროვდება.
წარმატებებს გისურვებთ!