კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენნაირი პილინგი არსებობს და რომლის გაკეთებაა რეკომენდებული სახლის პირობებში?
პასუხი: არსებობს ოთხი სახის პილინგი: მექანიკური, ლაზერული, ქიმიური და ვაკუუმური.ეს ვარიანტები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ მათი შესრულების თვალსაზრისით, არამედ, კანზე ზემოქმედების ძალითაც. სახლის პირობებში რეკომენდებულია მხოლოდ მექანიკური პილინგი, რომელიც ტარდება სკრაბებით. სკრაბიც ორნაირი არსებობს: ნატურალური და ხელოვნური. ნატურალურს მიეკუთვნება: გარგარის დაფქული კურკა, ყავის ნალექი, მკვდარი ზღვის ტალახი, თხილის ან ნუშის დაფქული ნაჭუჭი და ასე შემდეგ; ხელოვნური სკრაბი კი, როგორც წესი, არის მრგვალი ფორმის მიკროსკოპიული პოლიეთილენის გრანულები.
რაც შეეხება პილინგის სახლის პირობებში გაკეთებას, მოერიდეთ თუნდაც ყველაზე მსუბუქ პილინგს, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, გამონაყარი ან ალერგია.
კითხვა: რას უნდა მივაქციო ყურადღება მაღაზიაში სკრაბის შეძენისას და რა სიხშირით შეიძლება პილინგის გაკეთება?
პასუხი: მაღაზიებში არსებობს სკრაბების უამრავი ვარიანტი. უმჯობესია, შეიძინოთ იმ ბრენდის სკრაბი, რომელი ბრენდის (სერიის) კოსმეტიკასაც მოიხმართ. გარდა ამისა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა ასაკისთვის და კანის რომელი ტიპისთვის არის ის განკუთვნილი.
ცხიმიანი ან შერეული ტიპის კანზე პილინგი უნდა გაიკეთოთ კვირაში ერთხელ, მშრალ კანზე კი – ორ-სამ კვირაში ერთხელ.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ პომადის ხშირი გამოყენება მავნებელია ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: პომადას გააჩნია. ამიტომ, მისი შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას. ზოგიერთი ტუჩის საცხი შეიცავს გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს: მინერალურ ცხიმებს, კრისტალურ პარაფინებსა და მიკროკრისტალურ ცვილს. ასეთი ტუჩის საცხის ხშირად გამოყენებისას ეს ნივთიერებები გროვდება თიკრმელებში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში, რაც, ცხადია, მავნებელია ჯანმრთელობისთვის.