კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატყუა ელცინმა შევარდნაძე და რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა მან

„– ბატონო პრეზიდენტო, ახლა სად მიდიხართ? 

– სახლში, – ვუპასუხე. 

– კი მაგრამ, მერე? 

– მერე, ცხოვრება გვიჩვენებს. 

პრესასთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ყველა ნაცნობი სახე იყო. ვკითხე – გრძნობთ, როგორ შეიცვალეთ ამ წლების განმავლობაში-მეთქი? და, ერთმა მიპასუხა – დიახ, თქვენც შეიცვალეთ, ბატონო პრეზიდენტოო. მადლობა გადავუხადე და მართლაც სახლში წავედი”.  

ედუარდ შევარდნაძე, ერთი ღარიბი ოჯახის შვილი, რვა კლასის წარჩინებით დამთავრების შემდეგ,  გურიიდან, სოფელ მამათიდან თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მიზანი ერთი ჰქონდა – ექიმი უნდა გამხდარიყო. სწორედ ამ დღიდან მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: ექიმი არ გახდა, სამაგიეროდ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში შევიდა. მე აღარაფერს ვიტყვი, ჯობია, ერთად გადავავლოთ თვალი მის წარსულს, რომელიც უაღრესად საინტერესო მომენტებით არის აღსავსე.       

„...პირველი კილოგრამი ჩაის ფოთოლი 5 წლისამ მოვკრიფე. მამაჩემი გვასწავლიდა ფუტკრის მოვლას, ამიტომ, თაფლიანი ფიჭის ცქერა დღესაც სიამოვნებას მგვრის. სწორედ აქ, ჩემს სოფელსა და ოჯახში მივეჩვიე გლეხკაცის შრომას; ყოველთვის ტოლივით შემეძლო, მესაუბრა მხვნელთან თუ მწყემსთან, მევენახესთან თუ  მეფუტკრესთან... და თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, აქამდე ვამაყობ იმით, რომ საკუთარი ხელით შემიძლია რაღაც-რაღაცეების კეთება... 1937 წელს, ჩემი სოფლიდან, ისევე, როგორც ახლომახლო სოფლებიდან, ადამიანების გაუჩინარება დაიწყო. ქრებოდნენ ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე ავტორიტეტული  ადამიანები. ერთ დღეს გაუჩინარდა მამაჩემიც – სოფელში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და პატივსაცემი პიროვნება, რომელმაც იმ დროისთვის მამათში საშუალო სკოლა გახსნა. დედაჩემი გულჩათხრობილი გახდა. კითხვებზე არ გვპასუხობდა; სახლს გარეთ, ჩემ ირგვლივ, გაუცხოების სიცივე ვიგრძენი. სხვათა შორის, ასეთივე გაუცხოება ვიგრძენი სულ ბოლო გადადგომის შემდეგაც, 2003 წელს. სკოლაში მანამდე ლიდერად მთვლიდნენ, ბიჭები სულ ჩემ ირგვლივ ტრიალებდნენ... რამდენიმე ხანში მამაჩემი დაბრუნდა... 1937 წელს რეპრესიები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქვეყანა გაუკაცრიელდა და 1938 წლის თებერვალ-მარტში ტერორის მანქანა ოდნავ შეაჩერეს. იმ დროს მე ეს არ ვიცოდი და მიხაროდა, რომ მამაჩემი „ხალხის მტერი” არ აღმოჩნდა, მაგრამ, უკვე მაშინ დავიწყე ფიქრი იმ მიზეზებზე, რომლებიც ოჯახებს ხლეჩდა... ჩემთვის განსაკუთრებით დამაჯერებელი არგუმენტი გახდა ომი – ფაშისტური გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დამონება სურდა. მე, სოფლის ფოსტალიონის ნებაყოფლობით დამხმარე, „უბედურების მაცნედ” ვიქეცი. მალე მწუხარებამ ჩვენს სახლსაც მოაკითხა: ჩემი უფროსი ძმა, აკაკი, რომელიც ჯარში ომის დაწყების წინ გაიწვიეს, ომის პირველივე დღეებში ბრესტის ციხესიმაგრის დაცვისას დაიღუპა. ჩემი მეორე ძმაც, იპოკრატეც გაიწვიეს ჯარში და ყოველდღე ველოდით ფრონტზე მის გაგზავნას... ომმა მეც გამომაწრთო, როგორც მილიონობით ჩემი თანატოლი...

მორგიდან – კომუნისტურ პარტიამდე    

…მამათში რვა კლასის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში შევედი. ეს ახლობლების დაჟინებული თხოვნით მოხდა – ყველას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. იმ დროს ეს მეც მინდოდა (იქნებ, ასეც ჯობდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი გვიანაა). მერე, მორგში რომ შემიყვანეს, კინაღამ ჭკუიდან გადავედი – არ მინდა თქვენი ექიმობა-მეთქი. იმ დროს თბილისში ჩემს დასთან დავბინავდი, ძველ სახლში, ფასანაურის ქუჩაზე, სარდაფის მსგავს, რვა კვადრატულ მეტრ ოთახში. დიდ ხალისს არ მანიჭებდა ასეთი ცხოვრება, მაგრამ, მაინც კარგად მახსენდება. თუ რომელიმე ჩემი ძმა ან ნათესავი ჩამოვიდოდა, მე მაგიდაზე უნდა გამეშალა ლოგინი და იქ დამეძინა. ასე ვიყავით მთელი ახალგაზრდობა. ჩემმა დამ ნამდვილი დედობა გამიწია. ტექნიკუმის დამთავრების დროს სერიოზულად დავეჭვდი ჩემი არჩევნის სისწორეში და როცა კომკავშირის რაიკომში დამიბარეს და ინსტრუქტორის ადგილი შემომთავაზეს, ულაპარაკოდ დავთანხმდი. მშობლებმა, ვიდრე პირში სული ედგათ, ეს არ მაპატიეს. კომუნისტურ პარტიაში 1948 წელს შევედი. მაშინ კომკავშირი და კომუნისტური პარტია პოლიტიკური თვითგამოვლენის ერთადერთი ასპარეზი იყო...  ცხოვრება მცდიდა. თავდაუზოგავად ვმუშაობდი. ღამის სამ საათამდე რაიკომში ვრჩებოდი, მერე კი მელოდა სიმყუდროვეს მოკლებული ღარიბული ოთახი, ხანმოკლე და მოუსვენარი ძილი და ისევ დილა, ახალი დღე, სავსე ახალი შეხვედრებით, საქმეებითა და იმედებით. ბევრი ცხოვრობდა ასე, მარტო მე არა, მაგრამ, გვწამდა, თუ თავს არ დავზოგავდით, უკეთ ვიცხოვრებდით. ასეთი შრომისა და მატერიალური გაჭირვების მიზეზითაც წლინახევრის შემდეგ ტუბერკულოზით დავავადდი. უცხოურ წამლებს თავისი წონა ოქრო უნდოდა. ოქრო არ იყო, მაგრამ, იყვნენ მეგობრები და იყო ჩვენი შესანიშნავი ბუნება... ღარიბული ყოფის კონტრასტი ბუნების დიდებულ სიმდიდრესთან იმდენად თვალშისაცემი გახლდათ,  არ შეიძლებოდა, ადამიანი არ დაფიქრებულიყო: „ყველაფერი, რაც გვაბადია, რატომ არის გამოუყენებელი? ჩვენ, ასეთი სიმდიდრის პატრონები, რატომ ვართ ასეთ ღატაკები?” საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რომ გავხდი და, თითქოს, ჩემი ნება-სურვილის შესაბამისად მოქმედების შანსი გამიჩნდა, დავუბრუნდი ფიქრს რესპუბლიკის ბუნებრივი სიმდიდრის, მისი შესანიშნავი საკურორტო ადგილების გამოყენების შესახებ. შევქმენით საგანგებო სამმართველო, დავიწყეთ სახსრების მოძიება. საქმე ძნელად მიიწევდა წინ... მაინც რაღაც მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მას ოქროს ფასი დაედება...

ვილა მთებში 

„ვილა მთებში” – ასე უწოდა ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ჩემს საცხოვრებელს თბილისში. დარჩეს ეს მის სინდისზე. 1992 წლის მარტიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა იმდენად გაზვიადებული ხასიათი შეიძინა, რომ ეს ჟურნალისტური ჰიპერბოლა სხვასთან შედარებით სრულიად უმანკოა. ჩემი ახალი თბილისური კერა გახდა სასტუმრო სახლი მთავრობის რეზიდენციაში... თელეთის ფერდობები ჩემი პირადი დაცვისათვის გამუდმებული სადარდებელი გახდა. სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი, შესანიშნავავ სამიზნეს წარმოადგენს იმ ნებისმიერი მსროლელისათვის, რომელიც თავისუფლად შეინიღბება ეკლიან ბუჩქებში... მცველები სულ უფრო დაბეჯითებით მოითხოვდნენ, კაბინეტი საძილე ოთახში ან სხვა შენობაში გადაგვეტანა, ან, საერთოდ დამეტოვებინა ეს სახლი... 1795 წლის სექტემბერში აქედან ახლოს, ქართველთა მეფის, ერეკლე მეორის ლაშქარი შეება ირანის შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის არმიას. ბრძოლა უთანასწორო იყო... ეს იყო დიდი მიზნისთვის თავშეწირვის მაგალითი. საქართველოს ისტორიაში ამგვარი მსხვერპლი არაერთხელ გაღებულა. მე კი ჩემს თანამებრძოლებს ვთავაზობდი, გვეცოცხლა დიდი მიზნისთვის – ერთად დაგვემარცხებინა გაჭირვება. იმ დღეებში ფიზიკურ მარტოობას ნამდვილად არ ვგრძნობდი... როცა ყოველდღიურად ვეცნობოდი სტუმრების სიებს, თითქმის ყოველთვის ვრწმუნდებოდი, რომ ვერც ერთ მათგანს შეხვედრაზე უარს ვერ ვეტყოდი. როგორ  ხმამაღლადაც არ უნდა ჟღერდეს ნათქვამი, ამ ადამიანების პირით საქართველო მელაპარაკებოდა. ესენი იყვნენ სხვადასხვა მიმართულების და შეხედულების მქონე პარტიებისა და მოძრაობების ლიდერები... ვაღიარებ, რომ ყოველივე ეს საგონებელში მაგდებდა: „მოვერევი კი ამ იმედებისა და მოლოდინის ტვირთს?” სხვები ღრმა ჭრილობას მაყენებდნენ და წყევლა-კრულვას მითვლიდნენ, ხოლო, ზოგნი, ვინც დიდი ხანია, ერთგულ და საიმედო მეგობრებად მიმაჩნდა, ჩემგან თავს შორს იჭერდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას საქართველოში დაბრუნების ის დღეები, უფრო ზუსტად, ხელახალი დაბადების, ჩემი განახლების დღეები და, თვალწინ მიდგას თანამემამულეთა სახეები, მათი უპირობო მოთხოვნა: „უნდა დაგვეხმარო, ვალდებული ხარ!”. ამ ადამიანებმა, დახმარებას და დაცვას რომ მთხოვდნენ, არც კი იცოდნენ, თავად მე როგორ მჭირდებოდა მათი მხარდაჭერა და დახმარება. მთის სოფელ ჭერემში ერთმა ქალმა წინასწარმეტყველიც მიწოდა და მე ბედნიერად ვიგრძენი თავი... 

ეს აპლოდისმენტები – შევარდნაძეს       

თბილისის უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი, კეთილმოსურნე მხარდამჭერ მზერებს შორის უნდობლობით სავსე, მტრული, დამცინავი გამომეტყველებით აღბეჭდილი სახეები; შეძახილები სტუდენტური ქანდარიდან: „როგორ გრძნობთ თავს ახალი მეგობრების – კანონიერი ქურდების გარემოცვაში?”; „თქვენ თქვით, რომ გაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა დამოუკიდებელი საქართველოს აშენებისთვის, ეს არ არის მართალი, თქვენ არა გაქვთ ჩვენი ხალხის სიყვარული!..” შემოტევა კარგად იყო ორგანიზებული, დარტყმებიც წელს ქვემოთ მოდიოდა და ესეც მოფიქრებული იყო. შეკითხვებზე პასუხის გაცემას რომ შევუდექი, ჩვეულებრისამებრ, საათი კათედრაზე დავდე. ხმა დამიდაბლდა და დარბაზიდან მაშინვე გაისმა წამოძახილი: „ილაპარაკეთ ისე, რომ ყველამ გაიგონოს!” არა უშავს, თანდათან გავთამამდები”, – ვუპასუხე მე. გაისმა სიცილი და აპლოდისმენტები. ოდნავ სიმსუბუქე ვიგრძენი. ლაპარაკი რომ დავამთავრე, ხელი საათისკენ წავიღე, მაგრამ, ვერ ვიპოვე – ან სახსოვრად „დაითრიეს”, ან გადაწყვიტეს, უსიამოვნება მოეყენებინათ (ორი დღის შემდეგ საათი დამიბრუნეს). ბევრი თვალი მიყურებდა დაკვირვებით და, ვაღიარებ, იმ დღეებში მართლაც საინტერესო ობიქეტი ვიყავი დაკვირვებისთვის...

დიდი დიქტატორი  

...ზვიად გამსახურდია წავიდა საქართველოდან, ედუარდ შევარდნაძე – დაბრუნდა. იმაზე, წინ გადადგმული ნაბიჯია ეს თუ არა, შეიძლება, დიდხანს ვიკამათოთ. ნათელია მხოლოდ ის, რომ ზვიად გამსახურდიას წასვლასთან ერთად საქართველოდან „ზვიადიზმი” არ წასულა, შევარდნაძის დაბრუნებასთან ერთად კი არ დაბრუნდა კომუნისტური წარსული. გასაგებია, რომ ეს ორი ფიგურა დარჩება ქართველი ხალხისთვის მიზიდულობის ორ „პოლუსად”. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, ვყოფილიყავი „პოლუსი”... სამწუხაროდ, ყველაფერი ასე უბრალოდ არ ხდებოდა. მე მაინც მარტო ვიყავი. 1992 წლის 10 მარტს, ჩემი ჩამოსვლიდან სამი დღის შემდეგ, სამხედრო საბჭომ მოიხსნა უფლებამოსილება... მათ უნდა შეექმნათ რაღაც წინასწარი პარლამენტის მსგავსი ორგანო, რომელიც არჩევნების გამართვამდე იკისრებდა ქვეყნის მართვის ფუნქციებს. ბუნებრივია, ლაპარაკი შეეხო ჩემს როლსა და უფლებამოსილებებს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერმა, თამრიკო ჩხეიძემ, თქვა: „ჩვენ ვიბრძოდით არა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, არამედ, მისი პრეტენზიების წინააღმდეგ – ყოფილიყო საქართველოს ბედის ერთადერთი განმგებელი...” რამდენიმე თვის შემდეგ, მკვეთრად, უსამართლოდ, საწყენად, თამრიკომ მაინც ამოთქვა იმ დღეს უთქმელი სიტყვები: „თუ შევარდნაძე მოინდომებს, შეიძლება, გახდეს დიქტატორი”. მინდოდა კი დიქტატორობა?! მაშინაც და შემდგომშიც, მე ვარწმუნებდი კოლეგებს: „არა, პატივცემულებო, მე არ მინდა დიქტატორობა და ვერც შევძლებ ამას...” და მაინც, მე, პრაქტიკულად, ერთხმად ამირჩიეს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ...

მატყუარა, მატყუარა     

1992 წლის 3 სექტემბრიდან იწყება საქართველოსთვის საბედისწერო მოვლენების განვითარება. ჩვენ ვენდეთ – მათ მოგვატყუეს, უფრო სწორად – მომატყუეს. საერთაშორისო ურთიერთობებში პატიოსანმა თამაშმა მიმაჩვია, რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, მით უფრო, თუ მას დიდი სახელმწიფოს პირველი პირი აწერს ხელს... ახლაც მიჭირს ვიფიქრო, რომ ელცინი ტყუოდა და მას არ უნდოდა ამ ომის მშვიდობიანად დამთავრება, მაგრამ, რაკიღა ის იყო მოლაპარაკებების ინიციატორი, რაკიღა მისი მოქალაქეები და მისი სამხედროები, მისი კარი ომობდა და, რაკიღა ის იყო მთავარსარდალი და ქვეყნის პირველი პირი, პასუხიმგებლობაც ამ მზაკვრობაზე მას ეკისრებოდა. ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, სად გაექცევი... რუსეთის პოლიტიკაში საუკუნეთა განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ყველა და ყველაფერი შეიცვალა გარშემო, რუსეთის პოლიტიკის სტილი კი, დამყარებული სიტყვის გატეხაზე, ხელშეკრულების დარღვევასა და მზაკვრობაზე – იგივე რჩება. დაკარგეს ყირიმი, ოდესა, სევასტოპოლი და შეეგუნენ, აი, საქართველოს კუთვნილი მიწისა და შავი ზღვის დაკარგვას კი ვერ ეგუებიან, რადგან, აქ მათი დასაყრდენია... სოხუმის დაცემის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა დასავლეთ საქართველოში. ექსპრეზიდენტის მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქი და ნავსადგური ფოთი... მეამბოხენი ცდილობდნენ, ჩვენთვის ბლოკადით გადაეკეტათ ჟანგბადი (სხვათა შორის, როცა ზვიადისტებმა ფოთი დაიკავეს, ისინი მარტონი არ ყოფილან. მათ შორის იყვნენ რუსები, ჩეჩნები, კაზაკები და სხვებიც, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა; დიდი რაზმი იყო). შექმნილი ვითარება მაიძულებდა კომპრომისზე წასვლას: საქართველო რუსეთის მიერ კონტროლირებად „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” წევრობას უნდა დათანხმებულიყო. ჩემი მეგობრები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პრეზიდენტებიც მირჩევდნენ თანამეგობრობაში შესვლას – აქ თუ იქნები, უფრო დაგეხმარებითო. სწორედ ამის გამო გავემგზავრე მოსკოვში... ელცინს ვუთხარი: 

– რაღაცით უნდა გვიშველოთ, ფაქტობრივად, საქართველო ბლოკადაშია. დაგვეხმარეთ, რომ ფოთი გავათავისუფლოთ და რკინიგზის უსაფრთხოება ერთად უზრუნველვყოთ... 

– მაჩვენეთ რუკა! 

გრაჩოვი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა, გადაშალა რუკა და ხელი დაადო: საქართველო წითელი ხაზით შუაზე იყო გაყოფილი, ხაზი გადიოდა წიფის გვირაბთან, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო ერთდება. 

– დრუგოვო ვიხოდა ნეტ, –  მითხრა, – პუსკაი ზვიად სიდიტ ვ ზაპადნოი გრუზიი, ა ტი – ვსტოლიცე. ჩტო ვი, ეტო სერიოზნო? – ვკითხე გაოცებულმა და აღშფოთებულმა. 

– ია სო ვსეი სერიოზნოსტიუ გოვორიუ, დრუგოვო ვიხოდა ია ნე ვიჟუ. 

– ეტო ნე პომოშჩ, – ვუთხარი. 

– ხოროში სოვეტ ტოჟე პომოშჩ,  – მიპასუხა უკმეხად. თავის შეკავება შეუძლებელი იყო – კარი გამოვიჯახუნე და აეროპორტისკენ გავეშურე. მაშინვე გამოვფრინდი მოსკოვიდან საქართველოში. მდგომარეობა ყოველ წუთს რთულდებოდა... ამ ვერაგული ომის შემდეგ, საქართველო იძულებული შეიქნა, დსთ-ში გაწევრიანებულიყო... აფხაზეთის ომი და მასში დამარცხება გამოწვეული იყო რუსეთის ორმაგი თამაშით!.. მახსოვს, დსთ-ის მეთაურთა ერთ-ერთი ბოლო სხდომა, რომელსაც ელცინიც ესწრებოდა. აფხაზეთის საკითხზე დისკუსია ჩემი გამოსვლით დაიწყო. ყველა მეთაურმა ელცინს კატეგორიულად მოსთხოვა პრობლემის მოგვარება. ახლაც მახსოვს, ელცინი წამოდგა და განაცხადა: „გაძლევთ პირობას, აფხაზეთის საკითხს უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ”. დავუჯერე, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე მომატყუა – 1992 წლის 3 სექტემბერს. ამჯერადაც შევცდი!” 

 

скачать dle 11.3