კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ლაშა-გიორგის ობოლი ვაჟი მამიდამ – მეფე რუსუდანმა

ძალიან უდროოდ რომ არ გარდაცვლილიყო, შესაძლოა, საქართველოს ბედი სხვაგვარად განვითარებულიყო, ის კარგი მეომარი გახლდათ და უცბად ახერხებდა ჯარის ორგანიზებას...

1222 წელს, ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მეფეთა მეფის ტახტი, ლაშას ანდერძისამებრ, მისმა დამ, რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანს, ანდერძის თანახმად, სამეფოდ უნდა აღეზარდა ლაშას ძე – დავითი და როცა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ტახტი მისთვის დაეთმო.

ლაშას დავითი ველისციხელი ქალისგან ჰყავდა, რომელიც ქმარს წაართვა და ცოლად უნდოდა მოეყვანა, მაგრამ ეკლესიამ არ მისცა მას ამის ნება. გიორგი-ლაშას ველისციხელი ქალი წაჰგვარეს და ქმარს დაუბრუნეს. ჩვილი დავითი უდედოდ იზრდებოდა მამიდის – რუსუდანის მეთვალყურეობით.

რუსუდან მეფეს ქალ-ვაჟი შეეძინა. მისი ასული თამარი 1236 წელს პოლიტიკური მოსაზრებით მიათხოვეს რუმის (იკონიის) სულთან ყიასედდინ ქეი ხოსროვ მეორეს.

ძის – დავითის გაჩენამ კი გადააწყვეტინა რუსუდანს, დავით ლაშას ძე თავიდან მოეშორებინა. მისთვის ტახტი არ დაეთმო და გვირგვინი საკუთარი ძისთვის გადაეცა.

ამ მიზნით რუსუდანმა ძმისწული დავითი იკონიაში გააგზავნა და წერილი მისწერა სიძეს – სულთან ყიასედდინს. წერილში სიდედრი ძმისშვილის მოკვლას სთხოვდა სულთანს და მის მეუღლე თამარს, რომელსაც გურჯი ხათუნს უწოდებდნენ. მათ შეეცოდათ დავითი და არ მოკლეს.

გურჯი ხათუნ თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთნოში. თამარს თან ახლდა ქრისტიანებისგან შემდგარი ამალა. ღიად ჰქონდა გამოჩენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქართული წესისამებრ ცხოვრობდა და ლოცულობდა.

რუსუდანმა ქუთათისში აფხაზეთის კათალიკოსს თანამეფედ აკურთხებინა თავისი ძე დავითი. ამ დროს ის მხოლოდ დასავლეთ საქართველოს – აფხაზეთს აკონტროლებდა. მან ვერ გაუწია წინააღმდეგობა ვერც ჯალალედინს და ვერც მონღოლებს. რუსუდანის ძის თანამეფედ გამოცხადებას ვერ დაესწრნენ (ალბათ, არც დაუდასტურებიათ) მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი და სრულიად საქართველოს დიდებულები. რუსუდანს ადარდებდა თავისი ძის არალეგიტიმურობა, ლაშას ანდერძის მნიშვნელობა, დიდებულების აზრი ამიტომ, არ მოიშალა ბოროტი საქმის კეთება. კვლავ არაერთხელ მისწერა სიძეს და ქალიშვილს დავით ლაშას ძის მოკვლის თხოვნა. ყიასედდინი და თამარი მისი უგულო ზრახვის აღსრულებას არ აპირებდნენ.

ტახტის შენარჩუნების მიზნით, რუსუდანი იძულებული იყო, მონღოლების ბატონობა ეღიარებინა. ის აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში გადმოვიდა მონღოლთა ნოინებთან. სამაგიეროდ, მონღოლებს მისი შვილი მეფედ უნდა დაემტკიცებინათ.

მონღოლმა ნოინებმა დავით რუსუდანის ძე ჩინგიზ ყაენის შვილიშვილთან, ბათო ყაენთან წარგზავნეს, რომელიც ფლობდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთსა და რუსეთს.

ბათო ყაენმა მონღოლეთის უმთავრესთან და ჩინგიზის მთავარ მემკვიდრესთან – მანგუ ყაენთან გააგზავნა ყარაყუმში.

რუსუდანი კვლავ ცდილობდა ძმისწულის მოშორებას. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი აღშფოთებას ვერ ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ მეფის კრიტიკა ეძნელება: „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს და არა თვალაბმა ვისთვისმე“. ამიტომ მემატიანე ასე აფასებს რუსუდან მეფის საქციელს: „ჰოი, გონება, მხეცთაუმძვინვარესი, ვაიმკვლელობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკვლელობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილისა და ძმასა ზედა დამავიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან“.

რა გააკეთა ასეთი რუსუდანმა? მემატიანის თქმით, მან მისწერა სიძეს: ჩემი ძმისწულის მოკვდინება ჩემს ასულს იმიტომ არ სურს, რომ მისი საყვარელიაო. თუ ეს მართალია... ასეთი საქციელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. გააფთრებული სულთანი ყიასედდინი წერილის წაკითხვისთანავე შეიჭრა მეუღლის, თამარ ხათუნის სამყოფელში, დაულეწა ხატები, სასტიკად სცემა, მოუკლა ქართველი მსახურები და მრავალი ტანჯვის შემდეგ ისლამი მიაღებინა. 

დავითი შეიპყრეს და მრავალჯერ აწამეს. ის თავს იმართლებდა. მისი თქმით, საქართველოს დამღუპველმა მამიდამ იმთავითვე გააძევა ის სამშობლოდან, რათა პასუხი არ ეგო არაფერზე და მას და მის ძეს ტახტი შეენარჩუნებინათ. 

სულთანი ოდნავ მოლბა, არ მოაკვლევინა დავითი. თუმცა, მისი ზღვაში ჩაგდება ბრძანა. მეზღვაურებმა შუა ზღვაში შეაცურეს დავითი დასახრჩობად. დავითმა სთხოვა მენავეებს, უკანასკნელი ლოცვის უფლება მიეცათ. ამოიღო უბიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და შესთხოვა: „ყოვლადწმიდაო დედაო, შენ ხარ ნუგეშისმცემელი სიობლისა ჩემისა და უსამართლო სიკვდილისა. აღარ მეღირსება სამარე და მიწა, შემჭამენ თევზები. მოწყალედ გევედრები, მიხსენ მე ცოდვილი ცოდვათაგან ჩემთა და ჯოჯოხეთისგან“.

მენავეებს შეებრალათ დავითი, ხატი არ წაართვეს, ერთი ფიცარი მისცეს და ისე გადააგდეს წყალში. ყრმა ბაგრატიონი ღვთისმშობელმა შეიწყალა – ის ფიცარს ჩაეჭიდა და არ ჩაიძირა. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპირთან მიახლოებული გონწასული დავით ლაშას ძე ერთმა ვაჭარმა დაინახა და გადაარჩინა. ვაჭარი შვილივით დაჰფოფინებდა თავს მეფის ძეს. ექვსი თვის შემდეგ ეს ამბავი გაცხადდა და ყიასედდინის ყურამდე მიაღწია. სულთანმა შეაპყრობინა დავითი, ვაჭარი და მეზღვაურები. მეზღვაურები მხოლოდ ვაჭრის ნათქვამმა გადაარჩინა, რომ დავითი ნაპირთან იპოვა. ყიასედდინის ბრძანებით, დავითი ახლა ღრმა ჯურღმულში ჩააგდეს. მემატიანის თქმით, ამ ჯურღმულში შხამიანი გველები ბუდობდნენ. მემატიანის გადმოცემით, გველებს შეუყვარდათ ლაშას ძე, ზოგი ყელზე ეხვეოდა, ზოგი – ფეხებზე, ზოგი უბეში უძვრებოდა, სხვები გვერდით უწვებოდნენ ალერსით. ერთხელ დავითი ძილში გადაბრუნდა, მხარით დააწვა ერთ გველს და ატკინა. გველმა სიმწრით უკბინა დავითს. ამის მნახველმა სხვა გველებმა დაკბინეს და მოკლეს ის გველი. შემდეგ ენით აულოკეს წყლული ყრმა ბაგრატიონს და განკურნეს... უფლისწულს ისევ თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. როგორც ისტორიკოსი წერს: იგი „დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა“.

დავითს მამისგან მიჩენილი ჰყავდა მსახური, სახელად სოსანა. სოსანამ მოთხარა ჯურღმულის თავი და იქიდან აწვდიდა წყალსა და პურს უფლისწულს. ხუთი წელი დაჰყო ლაშას ძემ ხაროში გველებთან.

შეიძლება, ეს ზღაპრული სიუჟეტია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ტახტის მემკვიდრე ტყვედ იყო სულთანთან და მაინც ცოცხალი გადარჩა.

1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა. უკანასკნელი წლები მან მწუხარებასა და გლოვაში გაატარა. არაფერი იცოდა თავისი ძის, დავითის შესახებ, რომელიც დიდი ხნით დაიტოვეს ურდოში. საქართველო უმეფოდ დარჩა. 

ქართველებს აწუხებდათ მონღოლთა ბატონობა, საჭირო იყო მეფე, წინამძღოლი. ამ დროს გაიგეს, რომ ლაშა-გიორგის ძე დავითი შეიძლება, ცოცხალი ყოფილიყო. ეს ამბავი, ალბათ, სოსანამ შემოუთვალა დიდებულებს. ასე იყო თუ ისე, მათ მონღოლებს იკონიის სულთნისგან მისი გამოხსნა მოსთხოვეს, რომლებმაც ამ დროისთვის უკვე დაამარცხეს ყიასედდინი. გურაგმოციქული – ელჩი, ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი რუმში გაემართნენ

სულთანს არ ეჯერა ლაშას ძე თუ ცოცხალი იქნებოდა. სოსანამ აუწყა მათ უფლისწულის ამბავი. ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გულამოსკვნით ატირდენენ, როცა იხილეს სიკვდილის პირას მყოფი, გაყინული, გაყვითლებული, უგრძელესი თმით მოსილი და ფრჩხილებგრძელი საქართველოს ტახტის მემკვიდრე.

მთელი საქართველო სიხარულით მიეგება ლაშას ძეს. მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ნოინებმა ოქროს ურდოში, ბათო ყაენთან გაგზავნეს. ბათომ ისიც ყარაყორუმს მიავლინა. ლაშას ძეს ურდოში რუსუდანის ძე დახვდა. ქართველ დიდებულთა შორის კამათი გაიმართა – ვის უფრო ეკუთვნოდა ტახტი. მონღოლთა ყაენმა ორივე დავითი დაამტკიცა საქართველოს მეფედ. ლაშას ძეს უწოდეს ულუ – უფროსი, რუსუდანის ძეს – ნარინი, ანუ უმცროსი.

 

скачать dle 11.3