რომელი ინფექცია იწვევს უშვილობას და გართულებულ ორსულობას
რომელი ინფექცია იწვევს უშვილობას და გართულებულ ორსულობას
ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინფექციები, რომლებიც იმუნოდეფიციტს უკავშირდება. ორსულებში არსებული ბუნებრივი იმუნოდეფიციტის გამო, გახშირდა ჰერპეროინფექციები, ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, რაც ხშირად შეწყვეტილი ორსულობისა და პათოლოგიური ნაყოფის დაბადების მიზეზი ხდება.
ჰერპეროვირუსებიდან ყველაზე გავრცელებულ კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანში დაავადების გამომწვევი ხუთი ტიპის ვირუსი. პირველი და მეორე ტიპის ვირუსებს მარტივ ჰერპეროვირუსებს უწოდებენ, მესამე ტიპის ვირუსი ბავშვთა ცნობილ ინფექციას, ჩუტყვავილას იწვევს. ის, ზოგადად, მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი იმუნიტეტის ფონზე შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეოთხე ტიპის ჰერპეროვირუსი ცნობილია, როგორც ებშტაინ-ბარის ვირუსი. ის იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს. მეხუთე ტიპის ვირუსი – ციტომეგალოვირუსია, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა.
პირველი ტიპის ვირუსის დროს დაავადება ავადმყოფთა მხოლოდ ერთ მეოთხედში ვლინდება მწვავე კლინიკური ნიშნებით. ეს შესაძლოა, იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომი, პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება და ასე შემდეგ.
მეორე ტიპის ჰერპეროვირუსის გავრცელება კი სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობის პარალელურია და ის ამ გზით გადადის. ვირუსი ხან ავლენს თავს და ხან პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
როცა ორსულში ფიზიოლოგიურადაა დაქვეითებული იმუნიტეტი, დედის ორგანიზმში აქტიურდება ჰერპესინფექცია. ვირუსი შესაძლოა, პლაცენტის გავლითაც მოხვდეს ნაყოფის ორგანიზმში, გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაღუპვა, სიმახინჯეები. შეიძლება, ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ფილტვების ანთებით, ჰეპატიტით, თავის ტვინის ანთებითა და ასე შემდეგ.
ციტომეგალოვირუსი ორგანიზმში „ჩუმად” არის და მხოლოდ მწვავე იმუნოდეფიციტურ პირობებში იწყებს გამოვლენას. განსაკუთრებული კლინიკური ნიშნები არ აქვს და შესაძლოა, ნებისმიერი რთული ინფექციის სახით გამოვლინდეს.
იმის მიხედვით, თუ ორსულობის რა ეტაპზე გააქტიურდება ვირუსი და გაარღვევს პლაცენტის ბარიერს, შესაძლოა, განვითარდეს თვითნებური აბორტი, სხვადასხვა თანდაყოლილი სიმახინჯე. ციტომეგალოვირუსის სამკურნალო პრეპარატები ძალიან ტოქსიკურია და მათი დანიშვნა ახალშობილისთვის არ არის რეკომენდებული. სისხლის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრი.
ტოქსიკოპლაზმოზის ვირუსს ცხოველები ავრცელებენ. ინფექცია საგნებისა და პროდუქტების საშუალებით ვრცელდება. ინფექცია უმეტესად ჩუმ მდგომარეობაშია, გააქტიურების დროს კი დიდდება ლიმფური კვანძები, აღინიშნება ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, ქოლეცისტიტი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, უგუნებობა. ეს ინფექცია საშიშროებას უქმნის ორსულს. ტოქსიკოპლაზმის ერთხელ გადატანის შემდეგ, სუსტდება იმუნიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფორმით აღარ განვითარდება და ჩუმად მაინც იარსებებს ორგანიზმში.
ქლამიდიები მცირე ზომის მიკროორგანიზმებია, რომლებიც იწვევენ შარდ-სასქესო გზების ანთებით დაავადებას. უროგენიტალიური ქლამიდიოზი მეორად უშვილობას იწვევს. მისი მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ქლამიდიის გამომწვევი მიკრობი ადამიანის უჯრედებში ცხოვრობს და პრობლემა ხდება სამკურნალო საშუალებების მათში შეღწევა. სქესობრივი პარტნიორების მკურნალობა ერთდროულად უნდა მოხდეს. გარდა გამომწვევზე მოქმედი პრეპარატებისა, გამოიყენება ორგანოთა ფუნქციების აღსადგენი საშუალებები. იმუნიტეტის გამაძლიერებლებისა და სხვა იმუნური სისტემების გასამაგრებლად, კარგია იმუნომოდულატორები, მაგალითად, C და E ვიტამინები. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას. ორსულმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო მიკროელემენტი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტშია.
როგორ დავარეგულიროთ ორგანიზმში მომატებული ქოლესტერინის დონე
ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ცხიმები ახდენს. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონოუჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს, ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა.
უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ ყავის ხშირად სმას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.
ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.
რა იწვევს ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარებას
ნევროზი ბავშვებს გაცილებით ხშირად აწუხებთ, ვიდრე დიდებს. ჯანმრთელი ბავშვების შიშს ყოველთვის რეალური საფუძველი აქვს. წლამდე პატარა მაღალი ბგერებისა და დიდი საგნის მიახლოებაზე შფოთავს. ჩვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, როცა დედა ნერვიულობს, ბრაზობს ან რამეს განიცდის – ამ დროს პატარაც აგზნებულია. დაახლოებით 3 წლამდე ბავშვს ექიმისა და ზღაპრების ბოროტი გმირების ეშინია. 7 წლის ბავშვი კი უკვე საკუთარი სიკვდილისა და ახლობლების დაკარგვის შესაძლებლობას აცნობიერებს. სკოლის ასაკში შიშები მათ ახალ სოციალურ როლთან არის დაკავშირებული. ისინი ნერვიულობენ, რომ, შესაძლოა, ვერ გაამართლონ მშობლებისა და მასწავლებლების იმედები.
ყველა ზემოჩამოთვლილი შიში ნორმალურია და თითქმის ყველა ბავშვისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, უფროსებისგან ტაქტიკურ მიდგომას საჭიროებს. თუ პატარას სიბნელეში მარტო დატოვებთ, მას შეეშინდება და ვერ დაიძინებს. არ შეიძლება მისი ოთახში ჩაკეტვა დასჯის მიზნით. ამ დროს მას უფრო უმძაფრდება სიბნელისა და მარტო ყოფნის შიში, რასაც ემატება მშობლის განრისხების შიშიც და ეს უკვე ნევროზის დასაწყისია.
რაც არ უნდა უსაფუძვლო მოგეჩვენოთ თქვენი შვილის შიში, არ დასცინოთ მას. პირიქით, აგრძნობინეთ, რომ მის განცდაში არაფერია არანორმალური და მის ასაკში თქვენც გეშინოდათ. მშობლის მხრიდან უტაქტო მიდგომის შემთხვევაში, ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და განცდის მიზეზიც აქვს. თუ ამ განცდის მიზეზის გამოსავალს ვერ იპოვის, მას ფობია უყალიბდება. ფობია კი თავს მოხვეული შიშია. არსებობს კლაუსტროფობია, ანუ, დახურული სივრცის შიში; ასევე, სოციოფობია – ურთიერთობების შიში; ნოზოფობია – დაავადების შიში და ასე შემდეგ. შედეგად, ბავშვი საკუთარი თავისადმი რწმენას კარგავს, ჩაკეტილი ხდება და აგრესიას გამოხატავს.
ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარება, შეიძლება, მემკვიდრეობით ფაქტორს, ანუ, გენეტიკას უკავშირდებოდეს. პატარას ჯანმრთელობისთვის საჭიროა არა მხოლოდ მშობლის სწორი დამოკიდებულება მისადმი, არამედ, ურთიერთობების კონტროლი. ნევროზული შიში, როგორც წესი, ვეგეტაციური წესის მოშლილობით, ანუ, გახშირებული გულისცემით, სიცხით, შემცივნებით, უძილობით, მადის დაკარგვით გამოირჩევა. ამიტომ, ამ სიმპტომების პირველი გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბავშვს, მიიღეთ ექიმისგან კონსულტაცია, ფსიქოლოგისგან რეკომენდაციები და ზედმიწევნით შეასრულეთ.
მეტეომგრძნობიარე ადამიანმა საკვები სწორად უნდა შეარჩიოს
ატმოსფერული ცვლილებების დროს, თავს იჩენს თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად, ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.
უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები გულით დაავადებულთათვის, რადგან ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის რისკი, კერძოდ – ინსულტისა და ინფარქტის. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები.
მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიან ადამიანებს ეწყებათ შეტევები.
არსებობს ამ უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ: ყველა მეტეომგრძნობიარე ადამიანმა კრიტიკულ დღეებში, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდოს კონფლიქტებს; მეტი დრო დაჰყოს სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვას ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.
მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. გამორიცხეთ საკვები რაციონიდან შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.