„ფორბსის” 2013 წლის დეკემბრის ყველაზე ტირაჟირებული მილიარდერები
ყოველთვიურად ჟურნალი „ფორბსი” აქვეყნებს მილიარდერებთან დაკავშირებულ თვის ყველაზე საინტერესო მოვლენებს ან გამონათქვამებს, რითაც ფორმირდება ჟურნალის საინფორმაციო ბადე. ამჯერად 2013 წლის ბოლო თვის, დეკემბრის ყველაზე საინტერესო მოვლენებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 58,5 მილიარდი დოლარი; ¹4 „ფორბსის” გლობალურ რეიტინგში
ბაფეტის კუთვნილმა კომპანიამ „ბერკშაირ ჰეტევეიმ” ნავთობ-კომპანია „ექსონმობილის” აქციათა 0,9 პროცენტი შეიძინა 3,45 მილიარდ ამერიკულ დოლარად. ანალიტიკოსების თქმით, ბაფეტის ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო, რადგან „ექსონმობილის” ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლის განმავლობაში „შევრონისა” და „კონოკოს” აქციებთან შედარებით, ნაკლებად იზრდებოდა. ცნობილია, რომ მილიარდერი მუდამ ცდილობს, ჩამოფასებული აქციები შეისყიდოს. საინტერესოა რომ, მას შემდეგ, რაც ბაფეტმა დაადასტურა „ექსონმობილის” აქციების ყიდვის ფაქტი, კომპანიის აქციათა ფასმა 1,5-ჯერ მოიმატა.
ჟაკლინ მარსი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 20,5 მილიარდი დოლარი; ¹36 „ფორბსის” გლობალურ რეიტინგში
74 წლის ჟაკლინ მარსი, საკონდიტრო კომპანია „მარს ინკორპორეიტედის” მფლობელი დამნაშავედ ცნეს საავტომობილო ავარიაში, რომლის შედეგად ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ჟაკლინმა დაარღვია მოძრაობის წესები, რის შედეგადაც, შეეჯახა მიკროავტობუსს. ერთ-ერთ მგზავრს 86 წლის ირენ ელისორს, ღვედი არ ჰქონდა შეკრული და ადგილზე გარდაიცვალა. მილიარდერს ერთწლიანი პატიმრობა ან 2 500 დოლარის ჯარიმის გადახდა ემუქრება.
მაიკლ ბლუმბერგი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 31 მილიარდი დოლარი; ¹13 „ფორბსის” გლობალურ რეიტინგში
ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ხანგრძლივი ვადით გახლდათ თანამდებობაზე და იმავდროულად პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, 2013 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა. გამოსათხოვარ ინტერვიუში „ფორბსთან” ბლუმბერგმა განაცხადა: „ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილებს: უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი სარკეში და არ განაღვლებდეთ ის, რასაც ამბობენ უცხოები”.
შელდონ ადელსონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 28,5 მილიარდი დოლარი; ¹15 „ფორბსის” გლობალურ რეიტინგში
სათამაშო მაგნატი, სამორინეების მფლობელი ლას-ვეგასში, მაკაოსა და სინგაპურში – შელდონ ადელსონი ომს უცხადებს ონლაინ აზარტულ თამაშებს. ამის შესახებ ადელსონმა „ვაშინგტონ პოსტთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან სტარტს აიღებს მასშტაბური კამპანია – „კოალიცია ინტერნეტ თამაშების წინააღმდეგ”. ადელსონის მთავარი არგუმენტია ის, რომ ონლაინ-კაზინოების მომსახურებით ღარიბი მოქალაქეები და ბავშვები სარგებლობენ.
კარლ აიკანი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 20,3 მილიარდი დოლარი; ¹26 „ფორბსის” გლობალურ რეიტინგში
ცნობილი ფინანსისტი და კორპორატიული რეიდერი კარლ აიკანი კვლავ აგრძელებს „ეფლის” აქციათა შესყიდვას. ბოლო პერიოდში ის კომპანიისგან ითხოვს აქციების გამოსყიდვის წესის დადგენას, საერთო ღირებულებით 150 მილიარდი დოლარი. ამჟამად აიკანი ფლობს 4,7 მილიონ ცალ „ეფლის” ფასიან ქაღალდს, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5 პროცენტია და ეს პროცენტი კი, აიკანს არ აძლევს უფლებას, რომ გახდეს გავლენიანი აქციონერი.