ახალმოწამე ფილუმენი
წმიდა ახალმოწამე არქიმანდრიტი ფილუმენი წმიდა მიწაზე თავისი ტაძრის საკურთხეველთან აწამეს 1979 წელს. მამა ფილუმენი მსახურობდა ნაბლუსში (სამარია) წმიდა იაკობის ჭასთან არსებულ ტაძარში.
არქიმანდრიტ ფილუმენის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ტაძარში იუდეველი ფანატიკოსები შეიჭრნენ და არქიმანდრიტ ფილუმენს ჯვრებისა და ხატების აღება მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ იაკობის ჭა იუდეველთა სიწმიდეა და ქრისტიანული სიმბოლიკა მათ ხელს უშლიდა ლოცვაში. მამა ფილუმენმა მტკიცე უარი განაცხადა და მშვიდად ახსნა, რომ იაკობის ჭა ქრისტიანთა სიწმიდეცაა და აქ საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელი ტაძარი დგას და ღვთისმასახურება აღესრულება. მომხვდურნი უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ, მკრეხელობდნენ, ქრისტიანებს ექადნებოდნენ. ბოლოს მამა ფილუმენს დაემუქრნენ და მოსთხოვეს, დაეტოვებინა იქაურობა. მამა ფილუმენი ყოველივეს მშვიდად იმსმენდა და ჯვარს სახავდა მათ.
ერთი კვირის შემდეგ 29 ნოემბერს (ძველი სტილით 16 ნოემბერი – წმიდა მოციქულ მათეს ხსენების დღე), თავსხმა წვიმაში იუდეველები კვლავ შეიჭრნენ მონასტერში.
არქიმანდრიტი ფილუმენი შემოსილი იყო და მწუხრის მსახურებისთვის ემზადებოდა. მკვლელებმა მას ცინიკურად შესთავაზეს უარეყო ქრისტე. მამა ფილუმენისგან პასუხად ცივი უარი მიიღეს. გამძვინვარებულებმა დაიწყეს მისი წამება: თავდაპირველად, მამა ფილუმენს მაკურთხებელი მარჯვენის სამი თითი ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს, სახე ნაჯახით ჯვრისებრ დაუჩეხეს (ზემოდან ქვემოთ და ყურიდან ყურამდე) და თვალები დასთხარეს. შემდეგ მამა ფილუმენის თავი ოთხ ნაწილად დაჩეხეს და დაფლეს. მტარვალები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ საშინელი წამებით და ტაძრის შეურაცხყოფას შეუდგნენ: შებილწეს ბარძიმ-ფეშხუმი, სხვა სიწმინდენი.
ამ საშინელი დანაშაულის გამო, ისრაელის ხელისუფალთ არც არავინ დაუკავებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ, თუმცა კი განაცხადეს, რომ გამოძიებას აწარმოებდნენ.
მკვლელობიდან 4 წლის თავზე, 1983 წლის 30 ნოემბერს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა დიოდოროსმა, მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნობასთან ერთად, არქიმანდრიტ ფილუმენის კანონიზაციის მიზნით, სამარხი გახსნა. მამა ფილუმენი მაცხოვრის საფლავის საძმო სასაფლაოზე, სიონის წმიდა მთაზე იყო დაკრძალული. იგი სამარხიდან ამოასვენეს და ფრთხილად შეხსნეს სუდარა. მამა ფილუმენის თავი სასწაულებრივად გამთელებულიყო და წმიდა ნაწილებს საამო სურნელი შესძენოდა – ნეშტი უხრწნელი აღმოჩნდა.
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, უნეტარესმა დიოდოროსმა, წმიდა სინოდთან ერთად, წმიდანად შერაცხა ახალმოწამე ფილუმენი. ამჟამად წმიდა ახალმოწამე ფილუმენის კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები ლუსკუმაში განისვენებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ფრესკასთან. თვითონ ფრესკას ნატყვიარის კვალი ემჩნევა. აქ ერთხელ შეიარაღებული ებრაელი ჯარისკაცები შემოსულან. ერთ-ერთ მათგანს „ცელქობით“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ფრესკისთვის უსროლია. ტყვია ღვთისმშობლის გამოსახულებას მოხვედრია, აუსხლეტავს და მსროლელის გული გაუგმირია. უსულოდ წაქცეული მეგობრის დანახვაზე სხვა ჯარისკაცები თავზარდაცემული მიმოფანტულან.