ჭეშმარიტი სარწმუნოება
ბასილი დიდის გარდაცვალება
ერთი ებრაელი, სახელად იოსები, ისეთი დახელოვნებული ექიმი იყო, რომ ხუთი დღით ადრე წინასწარმეტყველებდა გარდაცვალების დღეს. ღმერთშემოსილი ბასილი სულით ჭვრეტდა, რომ იოსები ოდესმე აუცილებლად იწამებდა ღმერთს, ამიტომ უყვარდა იგი, ხშირად უხმობდა თავისთან, ურჩევდა, მონათლულიყო. მაგრამ, ებრაელი პასუხობდა, რომ, რომელ რწმენაშიც დაიბადა, იმითვე სურდა სიკვდილი. ამაზე ღვთის სათნო მოსაგრე მას ეუბნებოდა:
– დამერწმუნე, რომ არც მე და არც შენ არ მოვკვდებით, სანამ წყლითა და სულით არ იშვები. ამ მადლის გარეშე შეუძლებელია ცათა სასუფეველში შესვლა.
ბოლოს უფალთან მისი წარდგომის დრო დადგა. წმიდანი ავად გახდა და იოსები მოიხმო, თითქოსდა სამკურნალოდ და ჰკითხა მას:
– რას ფიქრობ ჩემზე?
ებრაელმა წმიდანს პულსი შეუმოწმა და მის მომვლელებს უთხრა:
– მოამზადეთ ყველაფერი, რაც დაკრძალვისთვისაა საჭირო, წმიდანი მალე მოკვდება.
– თვითონაც არ გესმის, რას ამბობ, – შეეწინააღმდეგა ბასილი დიდი, მაგრამ იოსები დარწმუნებით უმეორებდა:
– ეჰ, მეუფეო, მზის ჩასვლამდე გარდაიცვლები!
– რას იზამ, თუკი დილის ექვს საათამდე ცოცხალი დავრჩები? – ჰკითხა მას ბასილი დიდმა.
– დაე, მე თვითონ მოვკვდე, – უპასუხა იოსებმა.
– ცოდვას მოუკვდები, მაგრამ, ღმერთში გაცოცხლდები, – უთხრა წმიდანმა.
– და, ღვთის წინაშე ვამბობ, რომ შენს ნებას აღვასრულებ, – უპასუხა ებრაელმა.
წმიდა ბასილიმ იოსები გაუშვა და ღვთის წინაშე ილოცა, რათა მისი სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა ცოდვილის მოქცევამდე.
მეორე დილას წმიდანმა მასთან კაცი გაგზავნა. ექიმი ძალიან დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და არ დაიჯერა, რომ წმიდა ბასილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მაშინვე მასთან გაემართა. რა დიდი იყო მისი გაოცება, როცა ღვთის კაცი ცოცხალი იხილა! იოსები მას ფეხებში ჩაუვარდა და გულწრფელად წამოიძახა:
– ჭეშმარიტად დიდია ღმერთი ქრისტიანთა და არ არსებობს ღმერთი, თვინიერ მისსა! წმიდაო მამაო, ნუ გადადებ და მომნათლე!
– ახლავე ჩემი ხელით შევასრულებ ნათლობის წმიდა საიდუმლოს! – უპასუხა ქრისტეს მოსაგრემ. იგი, ყველას გასაოცრად, სარეცელიდან ადგა და ეკლესიაში წავიდა. აქ მან მთელი ხალხის წინაშე თვითონ მონათლა იოსები და მისი ოჯახი – აღასრულა ლიტურგია ახლად მოქცეულთათვის და ისინი ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. შემდეგ დამოძღვრა და ეკლესიაში ათ საათამდე დარჩა. ბოლოს მან მადლი შესწირა ღმერთს წყალობისთვის და სახალხოდ მიაბარა სული უფალს.