კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააკეთა „ივ სენ ლორანისთვის” საინტერესო პროექტი ლაკო ბუკიამ და როგორ აღმოაჩინა ფსიქოლოგთან სიარულის შემდეგ საკუთარ თავში ახალი თვისებები

ნიუ-იორკში განსხვავებული და აჩქარებული ცხოვრების შემდეგ, ლაკო ბუკია საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა. თუმცა, როგორც წესი, არც აქ გაჩერებულა უსაქმოდ, მაგრამ ცოტა ხნით დასვენება მაინც მოახერხა. ლაკო გაზაფხულზე „პარსონსში“ მაგისტრატურას ამთავრებს და სადიპლომო ნამუშევრისთვის ძალიან საინტერესო თემა აქვს შერჩეული, რომელსაც ის ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“ გაიტანს. 


ლაკო ბუკია: ჩემთვის ორი სხვადასხვა ცხოვრებაა: ერთი ამერიკაში და ერთი საქართველოში. თბილისში რომ ჩამოვდივარ, იქაური ცხოვრება მავიწყდება და ასეა ნიუ-იორკშიც. იმდენად განსხვავებულია ორივე ცხოვრების წესი, დრო... ისე შორია ამერიკა, რომ წარმოუდგენელია, ორივე ცხოვრებით იცხოვრო. ერთი კვირა მაინც მჭირდება, რომ დრო დავარეგულირო, აკლიმატიზაცია გავიარო. მიყვარს თბილისში, ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ყოფნა. ერთადერთი, რაც მაწუხებდა, ეს იყო ის, რომ აქ ბევრი საქმე მექნებოდა. მე კი ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ დავისვენებდი. თუმცა, შევათავსე დასვენება და მუშაობა ერთმანეთთან. 

– არ შემიძლია, არ აღვნიშნო შენი ახალი იმიჯი – არაჩვეულებრივად გამოიყურები, ძალიან გახდი და გიხდება. 

– ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი: ვცეკვავდი, ჩოგბურთზე დავდიოდი, თხილამურებით ვსრიალებდი და უცებ ეს ყველაფერი შევწყვიტე. თან, იმ დროს გარდატეხის ასაკში ვიყავი და შესაბამის ენერგიას რომ არ ვხარჯავდი, მაგრამ იგივე რაოდენობის საკვებს ვიღებდი, ეს ყველაფერი წონაზე აისახა. ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ თავიდანვე არასწორად დავიწყე ბრძოლა: შიმშილი, დიეტები და იმ ასაკში ეს ბავშვის ფსიქოლოგიისთვისაც ძალიან ცუდი და არასწორი იყო. შემდეგ უკვე ვალდებულების ამბავი გახდა: სხვებისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ შემეძლო გავმხდარიყავი. ახლა ჩემს თავში შეიცვალა რაღაც: ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ. როგორც კი საკუთარ ტვინში გადაწყვეტ, ფსიქოლოგიურად განეწყობი, რომ უნდა შეიცვალო, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. თუ ეს ყველაფერი შეგნებული არ გაქვს, არ მიუდგები, როგორც შენი ცხოვრების წესს, მაშინ არ აქვს აზრი. ადრეც ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რადგან წონაში არ ვიკლებდი, ეს არავის შეუმჩნევია. უბრალოდ, კვებას არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა ყველაფერში სიამოვნება ვიპოვე: საკუთარ თავს არაფერს ვაძალებ. მაგალითად, სარბენ ბილიკზე, რომ დავრბივარ, თან წიგნს ვკითხულობ. ისე გადის დრო, ვერაფერს ვიგებ. პლუს ამას, ვხტუნაობ სახტუნაოთი და ვაკეთებ პრესის ვარჯიშებს. 

– როცა კომპლიმენტებს იღებ, ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან კარგად გამოიყურები, ეს ხომ დიდი სტიმულია.

– ძალიან დიდი სტიმულია. ჩემი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ: როგორ გიხდება, რა კარგია – დიდ სტიმულს მაძლევდნენ, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. რაც უნდა გამჯდარი გქონდეს თავში, რომ უნდა გახდე, ეს უნდა გააკეთო, მაინც ამისთვის ნერვებია საჭირო. თან, როცა ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი, ენერგია გჭირდება, ამ ყველაფრის შეთავსება რთულია. აქამდე ეს არ გამომდიოდა, სულ კარიერას ვამჯობინებდი, მაგრამ ახლა შევძელი ორივეს შეთავსება. სხვათა შორის, რაც უფრო ბედნიერად და კარგად ვგრძნობ თავს, მით უფრო კარგად გამომდის საქმე. 

 – ახლა შენს საქმეებზე გადავიდეთ. მომიყევი, ამ მხრივ რა ხდება? 

– ამჟამად დიპლომზე ვმუშაობ, მაგისტრატურას ვამთავრებ. გარდა ამისა, დიდ კომპანიასთან, PPR-თან ერთად გავაკეთე პროექტი. ეს კომპანია მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის: „მაქქვინი“, „ივ სენ ლორანი“, „სტელა მაკარტნი“ და ასე შემდეგ. მე ვიმუშავე „ივ სენ ლორანისთვის,“ ანუ ლოტოტრონის პრინციპით უნდა ამოგვეღო ფურცელი, სადაც ბრენდის სახელი ეწერა და შემდეგ ამოღებულ ფურცელზე კი – სხვადასხვა გამონათქვამი, რომელზეც უნდა აგვეგო ჩვენი პროექტი. მე ამომივიდა ასეთი რამ: „როგორ აღიქვამენ ჩვილი ბავშვები ფიგურებს. როგორ არჩევენ ისინი დედას სხვებისგან“. თან, ჩემი რაღაც უნდა შემეთავსებინა. რატომღაც, მთელი ზაფხულის განმავლობაში ამოვიჩემე „ფანტანი”, რომელიც ლიკანში იყო – დიდი, მოზაიკებით გაკეთებული, მაგრამ არ ფუნქციონირებდა. მახსოვს, ბავშვობაში რომ ჩავდიოდი, მივდიოდი ამ „ფანტანთან”, დამტვრეულ მოზაიკებს ვიღებდი და ფერების მიხედვით ვაწყობდი. ჩემს ლექტორს ვუთხარი: მაინტერესებს მოზაიკის ხელოვნება, ამ პატარა დეტალებისგან ასეთი ფიგურები, როგორ იწყობა-მეთქი. მოკლედ, ნელ-ნელა ამით დავიწყე, ბიბლიოთეკებში ვიჯექი, ვეძებდი რაღაცეებს. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთმა ინგლისელმა ქალმა შექმნა მოზაიკის ტესტი, რომლის დახმარებითაც აუტისტ ბავშვებს ეკონტაქტებოდნენ, ფსიქოლოგიური ტესტია. მოკლედ, ეს ყველაფერი შევისწავლე და გავაკეთე პროექტი. საინტერესო გამოვიდა და ძალიან მოეწონათ. ამის მერე ერთკვირიანი ინტენსიური პროექტი გვქონდა, რომელიც უფრო საკუთარი თავის აღმოჩენა იყო. ამ ერთ კვირაში უფრო ღრმად შევისწავლე საკუთარი თავი: რა მაინტერესებს ყველაზე მეტად. მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებს ადამიანები, ხალხთან ურთიერთობა, ფსიქოლოგია. ამიტომაც, ჩემი დიპლომიც ამაზე გავაკეთე – ეს არის პროექტი ჩემს თავზე. ჩემთან ერთად მუშაობს ფსიქოლოგი, კვირაში სამჯერ გვაქვს სესია, ტესტის მიხედვით ვცდილობ, საკუთარი თავი უკეთ დავინახო. შემდეგ ამ ყველაფერს ავსახავ კოლექციაში, რომელიც ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“ იქნება წარმოდგენილი. ლონდონში უკვე ბევრჯერ ვაჩვენე კოლექცია, ამიტომ მინდოდა, რაღაც ახალი მეჩვენებინა. შესაბამისად, ავიღე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა: ფსიქოლოგია, ადამიანებთან ურთიერთობა, მოზაიკა, ოღონდ, ამ შემთხვევაში ბავშვებზე არ ვაკეთებ ტესტს, არამედ საკუთარ თავზე, რომელიც გადმოვა ფოტოზე, ანუ პრინტზე. თავიდან, ფსიქოლოგთან ურთიერთობა რომ დავიწყე, სერიოზული დეპრესია მქონდა. თან, გამაფრთხილა – აქ იტირებ, ცუდ ხასიათზე იქნები, იცინებ, უფრო ემოციური სიზმრები დაგესიზმრება, მაგრამ ეს პროცესია და აუცილებელიაო. მართლაც, პირველი რამდენიმე მისვლა ჩემთვის ტრაგედია იყო. თუნდაც იმას, რომ საკუთარ თავში აღმოაჩენ უარყოფით თვისებებს, მიხვდები რისი გეშინია, გააანალიზებ შენს მშობლებთან, ბიჭებთან ურთიერთობას, – ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა გადალახო. ამ ერთ თვეში გავიზარდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. 

– ასეთი კოლექციის ჩვენება, სადაც შენი ის ემოციებიც იქნება გამოტანილი, რომელსაც საკუთარ თავს უმალავდი, საკმაოდ დიდი რისკია. 

– დიდი რისკია. მაგრამ, ჩემთვის მთავარია, ხალხმა ყველა ჩემი პროექტი ისე გაიგოს, როგორც თავად მივუდექი მას. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ჩემს თავზე, ასე დავარქვი: „ვინ ხარ შენ“ – ყველამ უნდა იპოვოს საკუთარი თავი, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვუმალავთ, თუნდაც საკუთარ თავს. ფოტოში ჩემი ბევრი პორტრეტია, ამიტომ არ მინდა, ყველას ეგონოს, რომ განდიდების მანია დამემართა. ჩემი ლექტორი მეუბნებოდა: ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენ  ასეთ პროექტს გააკეთებდი – შენს ფოტოს დაბეჭდავდიო. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. რა თქმა უნდა, კოლექციაში არ იქნება ისე, რომ შეხედავ და მხოლოდ სახეს დაინახავ, აბსტრაქცია და „სიმბოლიკები“ იქნება ბევრი. მაისშია გამოფენა, ხოლო სექტემბერში – ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქი”. ჩემი ლექტორიც კარგად შეხვდა ამ წამოწყებას, დაინტერესდა. ეს ჩემთვისაც ექსპერიმენტი იყო, არ ვიცოდი, როგორი გამოვიდოდა. შეიძლება, ფსიქოლოგთან იარო და ვერაფერი აღმოაჩინო. მაგრამ, მეც ბოლომდე დავიხარჯე, ვუთხარი: ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებ-მეთქი. ნელ-ნელა გავიხსენი. ძალიან კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა, არ მაძლევს იმედებს – მაძლევს უფლებას, რომ თავად ვიპოვო ჩემი შეცდომა და გამოვასწორო.

– რა აღმოაჩინე ფსიქოლოგთან ურთიერთობისას შენს თავში ყველაზე მნიშვნელოვანი – ის, რაზეც შეგიძლია საჯაროდ ისაუბრო. 

– ჩემი ყველაზე დიდი შიში და ის, თუ რისგან მაქვს – საქართველოში გამიჩნდა კარის შიში. სულ მესიზმრებოდა: კარი... ქურდები უნდა შემომივარდნენ. მესიზმრებოდა ძველი სახლი, სადაც ბავშვობა გავატარე, კარის იქით იყვნენ ქურდები და ვერ შემოდიოდნენ. დაზუსტებით ვერ მითხრა, მაგრამ როგორც ამიხსნა: ბავშვი რეაქციებს იმახსოვრებს. როცა ამ ასაკში ვიყავი, მაშინ ბევრი ქურდობა იყო. დედამ სახლში რკინის კარი დააყენა. მახსოვს პროცესი – როგორ ამოწმებდნენ კარს, სანდო იყო თუ არა, თუ იკეტებოდა. იმ ასაკში ბავშვმა ძნელია განსაჯოს, ეს რატომ ხდება, ამიტომ ემოციებს იმახსოვრებს. მოკლედ, ძალიან საინტერესო გამოვიდა ყველაფერი, საკუთარ თავში ვიპოვე ბევრი პასუხი. რაც მთავარია, მიხარია, რომ ახალი ლაკო ბუკია იბადება, რომელიც ჯერჯერობით ამერიკაში დარჩნენას აპირებს: ჩემი ბრენდისთვის იქ ყოფნა აუცილებელია. 

 

скачать dle 11.3