რატომ არ უყვარს შეზღუდვები და აკრძალვები ანი მამულაშვილს და რა ურთიერთობის შემდეგ მიიღო მან დიდი გამოცდილება
17 წლის ანი მამულაშვილი ამჟამად აბიტურიენტია და მომავალში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას. ანი უკვე რამდენიმე წელია, სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ მოდელია.
ანი მამულაშვილი: ძალიან მომწონს „ბესტ მოდელში“ სიარული. ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სააგენტოში, კახი ხაბეიშვილთან, ყველა ძალიან კარგად შემხვდა; რაც მთავარია, სიარული უფრო მეტად დავხვეწე, გავიზარდე, ბევრ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, ცნობილი ადამიანებიც გავიცანი. თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, მერე კი ნელ-ნელა კომპლექსები მომეხსნა, უფრო თავისუფალი, თამამი გავხდი. ადამიანებთან ურთიერთობას გია ჯაჯანიძე გვასწავლის და ბევრ რამეში დაგვეხმარა გოგონებს. დამოუკიდებელიც გავხდი. ახლა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, თან, სკოლაშიც დავდივარ. გადარბენებზე ვარ, ზოგჯერ ვაგვიანებ, მაგრამ, ვცდილობ, არ გავაცდინო. კახი მიწყობს ხელს, რომ არ გავაცდინო მასწავლებელთან გაკვეთილები. პროგრამა ძალიან გაართულეს და, მინდა, ჩავაბარო, მიზანს მივაღწიო.
– რით ხარ დაკავებული, გარდა სწავლისა და მოდელობისა?
– ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ-სამჯერ მეგობრებთან ერთად ვარ – ისინი ძალიან მიყვარს, კარგი სამეგობრო წრე მაქვს. შარშან უფრო ვცდილობდი ბევრ ადგილზე წასვლას, წელს კი ვეღარ ვახერხებ, რადგან, დრო აღარ მრჩება. კლუბებში სიარული დიდად არ მიზიდავს, ლაუნჯი ბარები უფრო მომწონს.
– როგორი ხარ ხასიათით?
– რაც „ბესტ მოდელში“ დავიწყე სიარული, უფრო კომუნიკაბელური გავხდი, ადრე ჩაკეტილი ვიყავი. თუმცა, მეგობრებთან ძალიან თბილი, გახსნილი ადამიანი ვარ. ვინც იმსახურებს, იმასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, თუ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ, მეც ვცდილობ, არ დავეკონტაქტო. უზომოდ თბილი ადამიანი ვარ, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია სხვისთვის და, შესაბამისად, მათგანაც იმავეს მოვითხოვ. ისეთი ინტუიცია მაქვს, ადამიანს რომ შევხედავ, მაშინვე ვხვდები, რა უნდა. ზოგადად, არ მიყვარს კონფლიქტი, არასდროს არ ვჩხუბობ.
– ამ ბოლო დროს გოგონები ბიჭების გამოც ჩხუბობენ?
– არასდროს მიჩხუბია ბიჭების გამო და არც ვიჩხუბებ – არ მიღირს.
– როგორი ინტუიცია გაქვს ბიჭებთან დაკავშირებით?
– ორთან მქონდა ასეთი შემთხვევა. პირველი: მენეჯერს ვაწერინებდი ტელეფონის ნომერს. იქ ერთი ბიჭი იყო და, გავიფიქრე, ჩემი ნომერი არ ჩაიწეროს-მეთქი. განა იმიტომ, რომ ამით ჩემს გარეგნობას ვუსვამდი ხაზს, უბრალოდ, გავიფიქრე და, მართლაც, ჩაიწერა; მეორე: ანგარიშზე ფულს ვრიცხავდი და აშკარად ვგრძნობდი, ერთი ბიჭი როგორ მიყურებდა. მაშინაც ვიფიქრე, ნომერი არ ჩაიწეროს-მეთქი და, იმ დღესვე მომწერა, ოღონდ, ზრდილობიანად. ზოგადად, მიმაჩნია, რომ არ არის ნორმალური, როდესაც უცხო ადამიანს ემესიჯები. თუმცა, თუ ადამიანურად საუბრობს, არ არის ძველი ბიჭი, ნორმალური ადამიანია, შეიძლება, პასუხი გასცე. მაგრამ, ვცდილობ, ეს არ გავაკეთო.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– შავგვრემანი, სქელი წარბებით, დიდი ტუჩებით, უცხო გარეგნობის. არ მიყვარს ლამაზი ბიჭები, მირჩევნია, კარგი ტიპი იყოს. შეიძლება, გარეგნობით სულ არ იყოს კარგი, მაგრამ, ისე მომეწონოს, სხვას არც შევხედო. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ ლაპარაკობს, რას ამბობს. საერთოდ, არ მიჭირს ადამიანებთან, მათ შორის – ბიჭებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ, თუ მაინც ვერ გამოვნახავთ საერთო ენას, არ მომეწონება მისი საუბრის მანერა, მაშინვე დამეკარგება მის მიმართ ინტერესი. დახვეწილი შინაგანი ბუნება უნდა ჰქონდეს, ეს კი ქუჩაში დგომით არ მოდის. სამომავლო მიზნები უნდა ჰქონდეს და მოტივირებული უნდა იყოს. უნდა სწავლობდეს, მომავალზე ფიქრობდეს და არა სისულელეებზე. ცოტა ასაკით უფროსები მომწონს, რადგან, უფრო დამოუკიდებლები არიან. რამდენიმე უფროსსაც ვუყვარდი, მაგრამ, 12 წლით უფროსი მამაკაცისკენ გული არ მიმიწევს, 5-6 წლით უფროსი – შეიძლება. კიდევ, არ მომწონს მკაცრი ბიჭები. შეიძლება, რაღაც დოზით ქალს ბევრი არ გააბედვინოს, მაგრამ, არ უნდა შეზღუდოს. არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს ზღუდავენ, მით უმეტეს – ჩემნაირს, რადგან, ისეთი ვარ, თავისუფლად შემიძლია, გავუგო ადამიანს. მაგრამ, თუ მე არ მიგებენ, არც მე ვუგებ. საერთოდ, ყველაზე მეტად ყურადღებას ვაფასებ. რამდენჯერ ყოფილა, რომ ადამიანი არ მაინტერესებდა, მაგრამ, იმდენად ყურადღებიანი ყოფილა, რომ დავუინტერესებივარ. აკრძალვები არ მიყვარს, ადამიანი უნდა გენდობოდეს. არასდროს ვიცვამ ისე გამომწვევად, რომ ვინმემ შენიშვნა მომცეს, არ მენდოს, ამიკრძალოს. როცა რაღაც გიყვარს, გინდა, წარმატებას მიაღწიო, ხელი უნდა შეგიწყოს, გაგახალისოს. ეს თუ არ იქნება, მერე, მომავალში, ბევრ რამეში შეგზღუდავს, ეს კი ურთიერთობას გაამწვავებს და, საბოლოო ჯამში, დაიშლება. ამიტომ, ჯობია, თავიდანვე მიხვდე ყველაფერს. შეიძლება განიცადო, მაგრამ, უნდა დაამთავრო ყველაფერი. ეჭვიანი ბიჭებიც არ მომწონს, თან, უაზრობაზე რომ ეჭვიანობენ. მაგრამ, რაღაცნაირად რომ იციან ეჭვიანობა, ეს მსიამოვნებს – ესე იგი, შენზე ფიქრობს. მეც თუ მაქვს მიზეზი, ძალიან ეჭვიანი ვხდები, ისეთ რამეს ვეტყვი, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება. თუ ადამიანი შენთან არის, ბოლომდე შენთან უნდა იყოს. თუკი მე ვარ მასთან ბოლომდე, ისიც ბოლომდე უნდა იყოს ჩემთან.
– შეყვარებული გყოლია?
– ახლა არ მყავს, მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვფიქრობ, გრანტიც მინდა რომ ავიღო. როცა შეყვარებული ვიყავი, რაღაც შეზღუდვები მქონდა და ამის გამო მეგობრებს დიდად ვერ ვაქცევდი ყურადღებას. არადა, მსიამოვნებს, რომ ჩემს შეყვარებულს გავაცნო მეგობრები, ყველანი ერთად ვიყოთ ხოლმე. ოღონდ არ გვეჩხუბა და, ერთი პერიოდი თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არ ღირდა. ახლა ურთიერთობის მხრივ იმდენად გავიზარდე, რომ მიკვირს: 17 წლის ვარ და ისე ვაზროვნებ, თითქოს დიდი გამოცდილება მქონდეს. ისე, ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, გავიზარდე. მიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა, რადგან, მერე, ასაკში, იგივე შეცდომა დამემართებოდა და, ჯობდა, ახლა დამმართნოდა.