რატომ გადაიხადა მიშა სულუხიამ 25 წლის იუბილე ირლანდიურ „საგიჟეთში” და ვინ დასდევს მას შვეიცარიაში ფოტოაპარატით
მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელ მამაკაცებს აქვთ კონტრტენორი, რადგან, ასეთი ხმა იშვიათობაა. ის, რომ ამ მამაკაცთა რიგებში ქართველი მომღერალი მიშა სულუხიაც ჩაეწერა, იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ის კლასიკურ ჟანრში, მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწევს. როგორც თავად მომღერალი ამბობს, მისთვის ცხოვრების ის ეტაპი დადგა, როცა მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და ამით საკუთარ კარიერაში საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგას. მიშა ახლა შვეიცარიაშია და იქ გადის მასტერკლასებს. თუ როგორ გაატარა მან „რომაული არდადეგები”, როგორ მოხვდა უცხოეთის პრესაში მისი შიშველი ფოტოები და რატომ არ ცდილობს პირადი ურთიერთობის დაკანონებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიშა სულუხია: უკვე სამი თვეა, რაც საქართველო დავტოვე და შვეიცარიაში ვარ. აქ სასწავლებლად წამოვედი. ქალაქ ბაზელში მასტერკლასებს გავდივარ მსოფლიოში სახელგანთქმულ აკადემიაში, სადაც ისწავლება ბაროკოსა და რენესანსის დროინდელი კლასიკური მუსიკის სპეციფიკა. აქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არიან მოწვეული გამოჩენილი პროფესორები. მე რიჩარდ ლევისის მოწვევით ჩამოვედი, რომელსაც არაერთი ოპერის ვარსკვლავი ჰყავს აღზრდილი. სულ ვამბობ, შვეიცარიამ კარგად მიმიღო და გამიღო კარი, რომ წინ წავიწიო და ჩემი ხმამაღალი სათქმელი სცენიდან მსოფლიოს მასშტაბით ვთქვა-მეთქი. ზოგადად, ეს ქვეყანა და, კერძოდ, ქალაქი ბაზელი, ბაროკოს მუსიკის ეპიცენტრია. იცით, როგორი მაგარი ქვეყანაა?! მოწესრიგებულობის პიკია და არანაირი პრობლემა არ არსებობს, გაწყვეტილ მავთულს და მონგრეულ კედელს ვერ ნახავთ ქუჩაში. ვხუმრობ ხოლმე, ასტრალში არიან გასულები-მეთქი (იცინის) და მეც ამ ასტრალში ავღმოჩნდი. ერთ დღეს, კონცერტის მერე, შვეიცარიის რადიოში მიმიწვიეს. რადიოს წამყვანმა ასე წარუდგინა ჩემი თავი მსმენელს: ახლა თქვენ წინაშეა გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე, წარმოშობით ქართველი მიშა სულუხია, ბარიტონის, ტენორისა და კონტრტენორის ხმის ტემბრის მქონე, მოკლედ, კაცის ხმით დაწყებული, ქალის ხმით დამთავრებული ადამიანიო. გამეცინა და ვუთხარი: ბატონო ჩემო, მეცოსოპრანო გამოგრჩათ-მეთქი. პირდაპირ ეთერში, ისეთი სიცილი აუტყდა წამყვანს, ნახევარი საათი ხითხითებდა (იცინის). რომში კი კონცერტში ვიყავი ჩასმული და, ბუკლეტებში, რომლებიც ყველა სტუმრის სკამზე იდო, ეწერა ყველა გამომსვლელის რეზიუმე. მოკლედ, შეშლიათ და მიშა სულუხიას გასწვრივ ეწერა „ბარიტონი”. ფურცელზე ელემენტარული შეცდომა გასაგებია, მაგრამ, იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთ რამეებს, როცა კონცერტს ესწრებიან. გამოვედი, ორმეტრიანი ბიჭი, ჰგონიათ, ბარიტონს ამოვუშვებ და უცებ, არ „ავკნავლდი”, მივუწვრილე და მივუწვრილე სოპრანო. უნდა გენახათ დარბაზის რეაქცია (იცინის). გაოგნებულები მიყურებდნენ – ეს რა მოხდაო.
– საახალწლო არდადეგები შვეიცარიში გაატარე?
– არა, შვეიცარიაში არა, საახალწლო არდადეგები, რომში გავატარე. მოკლედ, ცხენის წელს სიურპრიზი გავუკეთე საკუთარ თავს და საახალწლოდ „რომაული არდადეგები” მოვიწყვე (იცინის). იტალიაში ცნობილი აკადემიის სტუდენტიც გახლავართ. აქ საშობაოდ კონცერტები გაიმართა და მეც მივიღე მონაწილეობა სპეციალური სტუმრის სტატუსით. ქართული დიასპორისთვისაც მოეწყო კონცერტი, სადაც მეც ვიმღერე და ისეთი მშობლიური სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ნამდვილად რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. მარიკა კვალიაშვილის ორი სიმღერა შევასრულე და ნახევარი საათი აღარ გამიშვეს სცენიდან. ეს ჩემთვის დიდი პატივია და, ვფიქრობ, საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯიც ჩემს კარიერაში. რომიც საოცარი ქალაქია, ღია მუზეუმი, სადაც ყველაფერი ისტორიას უკავშირდება. უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა და ის ყველამ უნდა ნახოს.
– ვიცი, რომ შოპინგი ძალიან გიყვარს. ამ მხრივ თუ გაინებივრე თავი იტალიაში?
– შოპინგი ჩემი ჰობია (იცინის). არ მეგულება ადამიანი, რომ შოპინგი არ უყვარდეს, მაგრამ, გააჩნია, ფინანსები როგორ გაგწვდება. ამ ახალ წელს ჩემი თავის თოვლის ბაბუა მე ვიყავი და უამრავი მაღაზია მოვიარე მეგობრებთან ერთად. ზიზიები ვის არ უყვარს? თან, 3 იანვარს ჩემი დაბადების დღე იყო და რომში, ირლანდიურ ბარში აღვნიშნე, მეგობრების გარემოცვაში. არ მინდოდა გრაციოზული დაბადების დღე, უბრალოდ გიჟური მინდოდა და გამომივიდა. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და 25 წლის იუბილე „საგიჟეთში” გავატარე (იცინის).
– შვეიცარიის პრესის ფურცლებზე შენი შიშველი ფოტოები მოხვდა. ეს პიარია თუ, უბრალოდ, ნავარჯიშევი სხეულის დემონსტრირება მოახდინე?
– სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ამისთივს ბევრს ვვარჯიშობ: ფიტნესზე დავდივარ, ვცურავ და დღეში საშუალოდ ათ კილომეტერს დავრბივარ. მოკლედ, ერთ დღეს, ფიტნესის ცენტრში, აუზში უნდა ჩავხტე და გავცურო და, ვხედავ, რაღაც განათდა. მოვიხედე და რას ვხედავ – ფოტოებს მიღებენ. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრეს, ჟურნალისტები ვართ, შენზე მასალას ვამზადებთ და, გვინდოდა, ნახევრად შიშველისთვის ფოტო გადაგვეღოო. კი ვიფიქრე, მე რა ისეთი ცნობილი ფიგურა ვარ, პაპარაცებმა მდიონ ან რამე დაწერონ-მეთქი, მაგრამ, გავატარე. მერე გავარკვიე, რომ, თურმე, რადიოთი მოუსმენიათ ჩემი მინაცემების შესახებ, კომპიუტერში მოუქექავთ, რომ საქართველოში „ვარსკვლავების აკადემიაში” ვიღებდი მონაწილეობას. აქაური ყვითელი პრესის ჟურნალისტებს უფიქრიათ, ეს იგივეა, რაც მსოფლიოში ცნობილი პროექტი „იქს ფაქტორი”, მაგარი პოპულარული ტიპია საქართველოში და აქაც დავწერთო (იცინის). მკაცრი უარი ვუთხარი – არ მაქვს სურვილი, ჩემი შიშველი ფოტოები გავიდეს პრესაში, მე აქ აკადემიურ-კლასიკურ სფეროში ვცდი ძალებს და არ მსიამოვნებს ასეთი ფოტოები-მეთქი, მაგრამ, დამიჯერეს?! გავიხედე, რამდენიმე დღეში, იტალიაში, მირეკავს ძმაკაცი – ნახე, ეს „აკადემიური” მიშა როგორ გაგაშიშვლესო? (იცინის) ასე მოვხვდი, შვეიცარიის ჟურნალის პრესის ფურცლებზე შიშველ მდგომარეობაში. თუმცა, მთავარი აქცენტი ჟურნალისტს ტექსტში გამახვილებული ჰქონდა იმაზე, რომ მე ვარ ქართველი მომღერალი, შვეიცარიაში გავდივარ საოპერო მასტერკლასებს და, თან, ყოველდღიურად როგორ ვზრუნავ სხეულის გაჯანსაღებაზე. მოკლედ, აქაც ვერ ავცდი ყვითელ პრესას (იცინის).
– მიშა, პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის?
– არ მიყვარს ჩემი პირადი ამბების აფიშირება, თუმცა, გეტყვით, რომ მყავს მეგობარი გოგონა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს გოგონა ქართველია და ამ ურთიერთობის დაკანონებას არ ვფიქრობთ – ასეც კარგად ვგრძნობთ თავს.