როგორ უმკლავდებოდა სერიოზულ სირთულეებს მარიამ ჩაჩხიანი დათო ფორჩხიძის დახმარებით და გაყიდა თუ არა მან კონკურსში მოსაგებად სახლი
14 იანვარს „იმედის” ეთერში „ახალი ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდა – 18 წლის მარიამ ჩაჩხიანი. მარიამი დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი იყო და შესაბამისად, დათო უკვე მესამედ გახდა ამ პროექტის გამარჯვებული.
მარიამ ჩაჩხიანი: ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გავიაზრე, რა მოხდა, ემოციებში ვარ (ინტერვიუ ჩაწერილია 15 იანვარს – ავტორი). ერთი რამ ნამდვილად ვიცი: საოცარი გრძნობა დამეუფლა, ისეთი როგორიც თითქმის არც ერთ კონკურსში გამარჯვების დროს არ განმიცდია.
– როდესაც ასეთ კონკურსში მონაწილეობ, რა თქმა უნდა, გამარჯვების სურვილი, იმედი და ამბიციაც გაქვს.
– როცა ამ პროექტში შევედი, გამარჯვებაზე 5 პროცენტით ვფიქრობდი, ნაკლებად მქონდა იმედი. დათოს გუნდში ისეთი ძლიერი ბავშვები ვიყავით, ვერ გამოარჩევდი: ვინ ვის სჯობდა. გარდა ამისა, სხვა მწვრთნელების ბავშვებიც არანაკლებ ძლიერები იყვნენ. პირველ ლაივზე, როდესაც დათომ გადამარჩინა, მივხვდი, რომ მან ჩემში ის პოტენციალი დაინახა, რომელიც ფინალისტს გამოადგებოდა. სწორედ მაშინ დავფიქრდი ჩემს შესაძლებლობებზე და უფრო შემართებით ვიბრძოდი და ვიბრძოლებ კიდეც. ძალიან მინდოდა გამარჯვება. ეს წუთები დაუვიწყარია, თუმცა მძიმე მომენტებიც იყო. ამ დროს გამარჯვების ფაქტს აღარ განიხილავ, უფრო მეტს ფიქრობ: რომ არ გავიმარჯო, მერე რა იქნება, ხომ არ დავყრი ფარ-ხმალს – ანუ, ასეთ წვრილმანებზე იწყებ ფიქრს.
– რომ არ გაგემარჯვა, შეიძლებოდა, სიმღერაზე უარი გეთქვა?
– დარწმუნებული ვარ, სიცოცხლის ბოლომდე გავყვები სიმღერას. ბოლოს და ბოლოს, 3 წლიდან ვმღერი. ბავშვობიდან დღემდე ერთი პედაგოგი მყავს, ნანა ჟღერია, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მან მირჩია „ვოისში“ გამოსვლა. მეც დავუჯერე. 6 წლის ასაკში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის დიდ სცენაზე დავდექი. მქონდა ბევრი კონცერტი, ფესტივალებზე გამოვდიოდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც და იქიდან საკმაოდ კარგი ადგილები ჩამომქონდა. თუმცა, ასეთ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა და ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულუარებში, კონკურსანტებს შორის. შესაბამისად, ამ ყველაფრის დახმარებით, საკუთარი თავი გამოვცადე. მიხარია, რომ ჩემს მწვრთნელს იმედები გავუმართლე. მინდა აღვნიშნო, რომ თავიდან „ვოისში“ მე და ჩემმა მეგობარმა, ნინი გველესიანმა გავაგზავნეთ ჩვენი დუეტი. როდესაც ქასთინგზე მივედით, გვითხრეს: შარშან კი იყო დუეტი, მაგრამ გამარჯვების მეტი შანსი გექნებათ, თუ ცალ-ცალკე გამოხვალთო. არცერთს არ გვინდოდა მარტოს გამოსვლა, მაგრამ დაგვაძალეს, ცალ-ცალკე გავსულიყავით. ვეუბნებოდით: თუ დუეტს არ მიგვიღებთ, არც ერთი არ გამოვალთო. ბოლოს გადავწყვიტე, ნინისთვის დამეთმო, რადგან ის 20 წლისაა და უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მაგრამ ნინიმ უარი მითხრა, მასაც დუეტად უნდოდა გასვლა. საბოლოოდ, გვითხრეს: „იმედში“ ან ცალ-ცალკე გამოხვალთ, ან საერთოდ არაო. მოკლედ, დიდი დაძალებისა და ერთი ამბის შემდეგ, ორივე გამოვედით და დათოს გუნდში წავედით. ზოგ-ზოგიერთს ეგონა, ერთმანეთს დაგვაპირისპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღესაც ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ჩემი გუშინდელი გამარჯვება, სწორედ ჩემს უმაგრეს მეგობარს, ნინი გველესიანს ეძღვნება. მის მაგივრადაც ვიბრძოდი შოუში.
– რატომ წახვედი დათოსთან?
– დათოსთან მოხვედრა თავიდანვე მინდოდა. წინა შოუებს თვალს ვადევნებდი, ვაკვირდებოდი მის ყველა გადაწყვეტილებას: როგორ საზღვრავდა თითოეული კონკურსანტის სიძლიერეს, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ამან განაპირობა ჩემი დათოსთან წასვლა. თან, მასაც ისეთივე მუსიკალური ხედვა აქვს, როგორიც – მე, ის სტილი მოსწონს, რაც – მე. რაც პროექტი დაიწყო, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, სამუშაო პროცესი თავიდან ძალიან რთული იყო. ნელ-ნელა შევეჩივეთ ყველაფერს. დათოსთან მუშაობას კიდევ ის პლუსი აქვს, რომ არასდროს ზოგავს ენერგიას, დროს. ყველაფერი გვერდზე გადადო და ბოლომდე შეწირა თავი შოუს, რომ ყოფილიყო რეიტინგული, გამოსულიყო კარგი ნომრები.
– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე? ზოგადად, ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობა სერიოზული სტრესია...
– ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციებში, მანამდე არ მოვხვედრილვარ. თავიდან ვამბობდი: რა მინდოდა ამ პროექტში, რას მოვდიოდი... ხალხი ვერ ხედავს, მაგრამ სცენის მიღმა საკმაოდ ბევრი დაძაბულობა, სტრესია. მაყურებელი ყველაფერს უკვე შეფუთულს უყურებს, არ იციან, რა ხდება შიგნით. ძალიან ბევრი დაძაბულობა იყო, მაგრამ ვცდილობდით, არ შეგვემჩნია, გაგვეტარებინა. „ფეისბუქზეც“ ჩვენი მისამართით ცუდი რაღაცეები იწერებოდა, მაგრამ არ ვაქცევდით ყურადღებას. ამის შესახებ დათო რამდენიმესაათიან ლექციებს გვიკითხავდა, მიგვაჩვია და აღარ გვაინტერესებდა ცუდი გამოხმაურებები.
– შენი გამარჯვების შემდეგაც დაიწყეს სოციალურ ქსელებში უარყოფითი რაღაცეების დაწერა. ზოგი იმასაც წერდა, რომ შენ თითქოს ამ პროექტის მოსაგებად სახლი გაყიდე.
– არ არის მართალი. ჩემი საკუთარი სახლი არც გამაჩნია, რომ გამეყიდა. რომც მქონოდა არც ერთი პროექტის მოსაგებად არ ვიფიქრებდი სახლის გაყიდვას ან დაგირავებას. წერონ, რამდენიც უნდათ, მე არ მივაქცევ ყურადღებას, თუმცა ჯობია, არ დაწერონ ის, რაც არ არის მართალი.
– რას საქმიანობ მუსიკის გარდა?
– ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ. თუმცა დიდად არ მაინტერესებს – ბებიას უნდოდა დიპლომიანი შვილიშვილი და ამიტომ ჩავაბარე. სიმღერამ ისე ჩამითრია თავიდანვე, რომ სხვა პროფესია, უბრალოდ, არ მიზიდავს. დედისგან ხატვის ნიჭი გამომყვა, ძალიან მიყვარს. თუმცა, ისე კარგად არ გამომდის, რომ პროფესიონალურ ნამუშევართან მიახლოებული იყოს. მაგრამ, თავისუფალ დროს ჩემს ემოციებს ხატვაში ვაქსოვ.
– ავტომობილი გაჩუქეს. იცი ტარება, გაქვს მართვის მოწმობა?
– ავტომობილი მაჩუქეს და კიდევ ჰოლანდიაში „ვოისის“ ჩამწერ სტუდიაში უნდა ჩავწერო ერთი სიმღერა. მართვის მოწმობა არ მაქვს, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად ავიღებ, სტიმული მომეცა.
– რა გეგმები გაქვთ შენ და დათოს?
– ახლო მომავალში ვაპირებ ერთ-ერთ კონკურსზე წასვლას უცხოეთში. ოღონდ მე და ნინი გველესიანი წარვდგებით დუეტის სახით. იმედია, იქ მაინც მოგვცემენ ამის უფლებას, არ დაგვიწუნებენ.
– როგორ ცხოვრობდი პროექტამდე?
– ძალიან მეგობრული ვარ, თუმცა, პროექტიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდით მეგობრებთან ერთად ყოფნას. კლუბებში სიარული დიდად არ მიყვარს. ვინც მიყვარს როდესაც ჩემთან ერთად არიან, ძალიან კარგად ვატარებთ დროს. არ ვარ კონფლიქტური, არასდროს გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მე გამომეწვიოს უარყოფითი ემოციები. როცა ცუდი სიტუაციაა, ვცდილობ, გავანეიტრალო, რომ აღარ დაიძაბოს. რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ხოლმე. დამძაბველები ბევრნი იყვნენ კონკურსში და ჩემი ქცევებიდან გამომდინარე, „ზომბს“ მეძახდნენ. ზოგადად, ძალიან მხიარული ვარ, მიყვარს ხუმრობა, მაგრამ კონკურსში ბევრი რამისგან თავს ვიკავებდი. თუნდაც, როდესაც ჩემ მიმართ რაღაც ცუდი ხდებოდა, თავს ვიკავებდი, არ ვყვებოდი არავის და ამიტომაც მეძახდნენ „ზომბს“. კონკურსში ავიტანე ეს სახელი და კონკურსის გარეთ არა მგონია, ვინმემ მითხრას, „ზომბი“ ხარო.
– „კამიკაძეც“ შეგარქვეს.
– ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან, ისეთ ნაბიჯებს ვდგამდი კონკურსში, ისეთი არჩევანს ვაკეთებდი, რაც მათთვის მიუღებელი იყო. დათომ ისიც თქვა: ერთადერთი „კამიკაძე“ ხარ, რომელმაც საქმე ისე გააკეთა, პროექტი ცოცხალმა დატოვაო.
– ახლა მითხარი, შეყვარებული თუ გყავს, ან როგორი ბიჭები მოგწონს?
– ეს თემა ჯერ ჩემგან შორს არის. ჩემი ასაკის გოგონები ორკვირიან ურთიერთობაზე ამყარებენ იმედებს. არ ვიცი, ეს მათთვის გართობაა თუ უბრალოდ, დროის გატარება. ჩემთვის პირადად, შეყვარებული უნდა ნიშნავდეს თითქმის ყველაფერს. ჯერ ასეთი ადამიანი არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში და არც მინდა, რომ გამოჩნდეს, რადგან ამისთვის პატარა ვარ. ისე კი, უნდა იყოს ჩემი ხასიათის: ზოგჯერ ცანცარა, ხანდახან „კამიკაძე“. ისეთი ადამიანი, რომელიც გამიგებს, გვერდში დამიდგება. არ უნდა ამიკრძალოს ის, რაც მე მიყვარს. თუ ამიკრძალავს, ასეთ ადამიანს არც შევხედავ.