რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ჯაბა ქარსელაძეს მუდმივი რეზიდენტობა და რატომ არიან უცხოეთში მუდმივად გაკვირვებული 27 წლის ქართველის სივით
უკვე მეოთხე წელია, მომღერალი ჯაბა ქარსელაძე ცოდნას უცხოეთში იმაღლებს. ამჟამად ის საქართველოშია ორიოდე კვირით, შემდეგ კი გეზს საფრანგეთისკენ აიღებს. გამგზავრებამდე, რა თქმა უნდა, მას შევხვდით და შევიტყვეთ იმ სასიამოვნო სიახლეების შესახებ, რაც მის კარიერას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებს, როგორც თავად აღნიშნა, თავს ყველაზე კარგად და კომფორტულად საქართველოში გრძნობს და როგორც გაირკვა, ცოდნას, რომელსაც წლების განმავლობაში უცხოეთში იღებს, აუცილებლად გამოიყენებს იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
– ზაფხულში ჩეხეთში წახვედი, მაგრამ საფრანგეთიდან ჩამოხვედი. როგორც გავიგე, სწავლას განაგრძობ. ამჯერად რა მოვლენები განვითარდა შენს ცხოვრებაში იმ პერიოდში, რაც საქართველოში არ ყოფილხარ?
– იმის საფუძველზე, რომ განათლება ევროპაში მაქვს მიღებული და შესაბამისი გამოცდილებაც მაქვს, არის პროგრამა, რომლითაც მოთხოვნებს აკმაყოფილებ და ლურჯი ბარათის მფლობელი ხდები. ეს კი ნიშნავს, რომ შეგიძლია, იმუშაო და შენი წვლილი შეიტანო იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელმაც ეს უფლება მოგანიჭა. ანუ, როგორც მაღალპროფესიონალი კადრი მოთხოვნადი ხარ. შრომა და ჩემი გამოცდილება დამიფასეს და დღეს უკვე ჩეხეთის მუდმივი რეზიდენტი ვარ. რეალურად ვცხოვრობ ჩეხეთში. თუმცა, ორწლინახევრის წლის წინ საფრანგეთში შევიტანე თხოვნა დაფინანსებაზე, რათა დოქტორანტურაში სწავლა გამეგრძელებინა კონკრეტულ უმაღლესში. რადგან ჯერ მხოლოდ 25 წლის ვიყავი, უარი მითხრეს, რადგან მათი აზრით, ასაკის გამო შესაბამისი გამოცდილება არ მექნებოდა. სიმართლე გითხრათ, გული არც დამწყვეტია, მე ჩემი ვცადე და სამართლიანი პასუხიც მივიღე მათგან. გავიდა დრო და მეილზე მათგან წერილი მივიღე, ერთი თავისუფალი ადგილი გვაქვს, 50-პროცენტიან დაფინანსებას გაძლევთ და ჩამობრძანდით, სწავლა ორ კვირაში იწყებაო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რა რთული იქნებოდა პარიზში თავის თავიდან დამკვიდრება. სასწრაფოდ ჩავედი პარიზში და მაშინვე ერთი კურიოზი შემემთხვა. პარიზში შანზელიზეზე ვცხოვრობდი და აღმოვაჩინე, რომ ბინაში გაზი ჩაჭრილი მქონდა. გათბობისთვის არ მჭიდებოდა, რადგან შემოდგომის თბილი ამინდები იყო, მაგრამ სამაგიეროდ, ორი კვირა არ მქონდა ცხელი წყალი. საბედნიეროდ, ჩემი სახლის წინ ერთ-ერთი ცნობილი ქსელის სატრენაჟორო დარბაზის ფილიალი იყო. ავიღე აბონემენტი და დღეში ორჯერ დავიწყე იქ სიარული. თან, ვვარჯიშობდი, თან ვბანაობდი. მერე დავლაგდი და სწავლაც დამეწყო. პირველ დღეს იქაც კურიოზი შემემთხვა. რომ მივედი, ყველას თანამშრომელი ვეგონე, ვერ წარმოიდგინეს, რომ ჩემი ასაკის ადამიანი ამ პროგრამით ისწავლიდა. ვიცოდი, რომ საშუალო ასაკი 37 წელი იყო, თუმცა სემინარზე რომ შევედი, გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანები დამხვდნენ. იქ ვინც სწავლობს, ყველას დიდი გამოცდილება აქვს და ძირითადად, ნახევარ განაკვეთზე სწავლობენ. ანუ, შეუძლიათ, წელიწადში სამჯერ ჩამოვიდნენ და სემინარი გაიარონ. თუმცა, დოქტორანტურის დამთავრებას ამის გამო, 5 წელი მაინც ანდომებენ. მე კი, მათგან განსხვავებით, გადავწყვიტე, 2 წელიწადში დავასრულო დოქტორანტურა და მერე უკვე დისერტაციაზე დავიწყო მუშაობა. მართლა ძალიან რთულია ამ ყველაფრის 2 წელიწადში გავლა, რადგან ძალიან ბევრი სამუშაოა. როგორც აღმოჩნდა, მე პირველი ქართველი ვარ, ვინც ამ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩააბარა. პირველ დღეს, პრეზენტაციის დროს, რომ ვთქვი, საქართველოდან ვარ-მეთქი, ამერიკიდან ვეგონე, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ კავკასიელი ვიყავი. რომ გაგეს 27 წლის ვიყავი, გაკვირვებული მიყურებდნენ. მერე ლექტორმა გვკითხა: ვის რატომ გვინდოდა იქ სწავლა. ძირითადად, ზოგს პოლიტიკაში უნდა წასვლა, ზოგს სტატუსის ამაღლება, ზოგს კი, საკუთარი ბიზნესის გასაკეთებლად.
– შენ რა უპასუხე?
– ვუპასუხე, რომ უპირველესად, მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. უკვე იმდენად ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, რომ გითხრათ, ამის დამთავრების მერე სამსახურში სტატუსს ავიმაღლებ-მეთქი, არა. იმაზე ხომ საერთოდ გაოგნდნენ, რომ ვუთხარი, ამჟამად უმუშევარი ვარ-მეთქი.
– ყველაზე უფროსი რამდენი წლისაა?
– ჯერჯერობით ყველაზე უფროსი, ვინც შემხვდა უნივერსიტეტში, 63 წლის არის, რომელიც მეორე დოქტორანტურას აკეთებს.
– შენ რა განხრით სწავლობ?
– ბიზნესის ადმინისტრირება.
– უმუშევარი ვარო, აღნიშნე, და სად გაქვს ამ ეტაპზე მუშაობის სურვილი?
– ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კომპანია „ორენჯში” ვიმუშაო, რომელიც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული საერთაშორისო მობილური კავშირია. ასევე, ძალიან მინდა, „დისნეი ლენდის” კორპორაციაში მუშაობა, სადაც ძალიან კარგი კორპორატიული კულტურაა და გაზრდის ძალიან კარგი საშუალებაა. მესამე, სადაც ვისურვებდი მუშაობას, ეს არის დიდი ფრანგული კომპანია, რომელსაც მთელს საფრანგეთში სასტუმროებიც აქვს, კაფეებიც და ასე შემდეგ. აი, ამ კომპანიებში თუ შეყავი თავი, მერე უკვე დიდი პერსპექტივა გაქვს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მე მაღალ ხელფასზე მეტად გამოცდილება მჭირდება. პირდაპირ მენეჯერის პოზიციაზე სერიოზულ კომპანიაში არავინ დაგსვამს. 3-თვიან გამოსაცდელ პერიოდს გაძლევენ და თუ გაამართლე, მერე უკვე მიიწევ წინ და წინ. ადრე ძალიან მინდოდა, ამერიკაში, მე-100 სართულზე მემუშავა და იქიდან მემართა კომპანია, მაგრამ ამერიკა იმდენად ვერ მივიღე, რომ ოცნება ოცნებად დარჩა. აი, საფრანგეთი სულ სხვა შემთხვევაა. იქ თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. თუმცა, არა ისე კარგად და კომფორტულად, როგორც საქართველოში, მაგრამ მაინც. მე ყველგან და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსვამ ხაზს, რომ ქართველი ვარ. ვცდილობ, ყველას დავანახვო, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქვეყანაა. ხშირად ვეპატიჟები უცხოელ მეგობრებს, მით უმეტეს, რომ მაქვს იმის საშუალება, სტუმრები მივიღო და გავუმასპინძლდე. მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხს საქართველო რეალური თვალით დავანახვო. ბევრს ჰქონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხს იტაცებენ, არეულობაა და ასე შემდეგ. რომ მეკითხებიან, საშიში არ არის, რომ ჩამოვიდეთო, მეცინება. ჩვენ რომ პატრული გვყავს, არც დაგესიზმრებათ. ისეთი გამართულია ეს სისტემა, რომ ყველა დაცულად გრძნობს თავს-მეთქი. პარიზში საერთოდ ვერ ვხედავ პოლიციელს, ჩუმად დადიან, ვინმემ თუ რამე დაარღვია, უცებ დაადებენ მანქანას თავზე ციმციმას.
– გარდა სწავლისა, როგორ ერთობი პარიზში მეგობრებთან ერთად?
– მართალია, გასართობად თითქმის დრო არ მრჩება, მაგრამ როცა კი მაქვს თავისუფალი დრო, მეგობრებთან ერთად ჩემი მანქანით ქალაქგარეთ გავდივართ.
– რამდენი წელია, რაც წასული ხარ საქართველოდან?
– რაც სტაბილურად წავედი – მეოთხე წელი სრულდება. წასული ვარ, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რა ხდება ჩემს ქვეყანაში. ყოველ საღამოს ვუყურებ ქართულ საინფორმაციო გამოშვებას და ვიგებ – რა ხდება საქართველოში. ისე კარგად, როგორც აქ ვარ, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვიქნები. ევროპამ ძალიან შემცვალა, ბევრი მასწავლა. რაღაცეები მომწონს მათი, რაღაცეები არა. ამიტომ, მათგან მხოლოდ კარგს ვიღებ, ისევე როგორც ჩვენს კარგს ვინარჩუნებ.
– ჯაბა, როცა შენს სწავლა-განათლებაზე საუბრობ, ზოგს ეჭვი ეპარება, რეალურად თუ ისწავლე ამდენი და ამდენი დიპლომი და სერტიფიკატი დააგროვე. მათ საყურადღებოდ, მოდი, გააკეთე რეზიუმე 27 წლის ასაკში სად მიიღე ამდენი ცოდნა და გამოცდილება.
– რაც მთავარია, ყველაფრის ორიგინალი მაქვს და ყველას შეუძლია, უპრობლემოდ გადაამოწმოს. გაგეცინებათ და როცა რომელიმე კომპანიაში, სივის ვაგზავნიდი, სულ ერთნაირი პასუხი მომდიოდა: თქვენი გამოცდილება აღემატება ჩვენს პოსტს. ამის მერე სივიდან ბევრი რამ ამოვიღე, სამაგიეროდ, როცა ინტერვიუზე, ანუ გასაუბრებაზე მიბარებენ, ყველაფერს ვყვები. სხვათა შორის, გაჭრა ამ ხერხმა. რაც შეეხება ჩემს სწავლას: 2003-2007 წლებში თბილისში დავამთავრე „კავკასიის ბიზნესსკოლა” (ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების განხრით); 2008 წელი - ISCID ბიზნესსკოლა საფრანგეთში (სამაგისტრო ხარისხი საერთაშორისო მენეჯმენტში); 2009 წელი – LSPR ლონდონის პიარსკოლა (პროფესიული დიპლომი საზოგადოებრივ ურთიერთობაში); 2009 წელი – IEDC / Bled School of Management საერთაშორისო ლექტორთა მენეჯმენტის აკადემია (პროფესიული დიპლომი სწავლების მეთოდიკასა და ფინანსური კურსების ორგანიზებაში); 2010 წელი – მონაკოს სამეფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო სიმდიდრის მართვის კურსი); 2011-2012 წლები – European Business School of Grenoble გრენობლის უმაღლესი ბიზნესის მართვის სკოლა (მაგისტრი ბიზნესის მართვაში); 2013 წელი – ISM Paris საერთაშორისო უმაღლესი მენეჯმენტის ბიზნესსკოლა პარიზში (მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი საერთაშორისო ბიზნესის მართვის საკითხებში).
საპატიო წევრობა: APM – პროექტების მართვის ასოციაცია ევროპაში (ინგლისი); IMTA – საერთაშორისო ლექტორთა ასოციაცია (სლოვენია); AAPM – ამერიკული აკადემიის პროექტის მენეჯმენტის მართვის მენეჯერის წოდება.
P.S. და ეს ყველაფერი არ არის...