კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეაქვს ირაკლი ალასანიას მეუღლეს ორი მინისტრის რაციონალურ ცხოვრებაში და რით არის ის შეპყრობილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკმაოდ  ხშირად ხვდება.  გახსნილი  და კომუნიკაბელური ხასიათის წყალობით,  ჩინოვნიკთა „სტანდარტულ”  მეორე ნახევრებს სრულებით არ ჰგავს. უფრო მეტიც,  არ ცნობს იმ „რაღაც” კლიშეებს, რასაც ორი მინისტრის ოჯახის წევრის სტატუსი უწესებს. თავად ამ მინისტრების დაგეგმილ და რაციონალურ ცხოვრებაში ბევრი პოზიტივი შეაქვს, რაც პროფესიით ხელოვნებათმცოდნესა და ფსიქოლოგს, არა მხოლოდ ახლობლებთან, მათთანაც კარგად გამოსდის, ვინც მის ცხოვრებაში სხვადასხვა სტატუსით ხვდება.       

 

ნათია ფანჯიკიძე:  მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ყველა ადამიანი მეცოდება, ვინც მუშაობს იმ პროფესიით, რომელიც არ უყვარს.  გარკვეული ასაკის შემდეგ, ადამიანისთვის სამსახური ხდება ცხოვრების უდიდესი ნაწილი. დასაქმებული ადამიანი მეტ დროს ატარებს სამსახურში, ვიდრე მეგობრებთან და სხვა ადგილებში.  აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ თუ შენი საქმე არ გიყვარს, შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გძულს.  მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ შეპყრობილი ვარ ჩემი პროფესიით (იცინის). ძალიან სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ვარ, ყველაფერში შემიძლია დავინახო აღტაცების საგანი და  უბრალო რამემაც კი მომგვაროს აღფრთოვანება.  ეს ჩემი ხასიათის თვისებაა. თუმცა, იმდენად ვცხოვრობ ჩემი საქმით,  ხშირად ვგრძნობ,  რომ ჩემი პროფესიის მიღმა, ბევრ რამეს, იქნება ეს სტუმრად წასვლა თუ სხვა,  სოციალური მდგომარეობის გამო ვაკეთებ. ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინ ვარ, როცა ვმუშაობ. 

– ცხოვრების ძალიან აქტიური რეჟიმი გექნებათ,  ორ ადგილზე მუშაობთ. 

–  ორ ადგილას მუშაობა ჩემთვის დიდი ფუფუნებაა. „მენტალვიტა” არის საერთაშორისო დონის კლასიკური  ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც არაჩვეულებრივი სპეციალისტები  ძალიან  მაღალი დონის ფსიქიატრები მუშაობენ.  ჩვენი ხელმძღვანელია  პროფესორი გოგი ნანეიშვილი. ამ ადამიანებთან პროფესიული ურთიერთობა  ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება  ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას”, ეს ცენტრი  ჩემი დაფუძნებულია სამი წლის წინ და შესაბამისად, აქაურობა ძალიან მიყვარს. კომპლექსური ფსიქოთერაპიის  მეთოდის განხორციელება, რომლითაც არის გამორჩეული „კამარა,” პაციენტებთან ურთიერთობის სხვა პროფესიულ სიამოვნებას მანიჭებს.  ჩვენთან აქცენტი კეთდება პაციენტების ფსიქორეაბილიტაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  რვა სხვადასხვა სახის თერაპიით, დაჩქარებული მეთოდით, საკმაოდ რთული დიაგნოზების პაციენტების მოვლა იოლი არ არის. ეს ცენტრი  არ არის საბჭოთა  ფსიქიატრიის პროდუქტი. ასეთი დასავლური ტიპის ცენტრი აქამდე არ არსებობდა. შესაბამისად აქ მიდგომები და დამოკიდებულებები აბსოლუტურად სხვაა, რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან მეძვირფასება. ბევრჯერ მეკითხებიან  ხოლმე: რთული არაა შენი საქმე? მე ვერ ვიმუშავებდი ამ სფეროშიო. ეს ძალიან მიკვირს. ალბათ, ძალიან ბევრი საქმეა ისეთი,  სადაც ვერ წარმომიდგენია მუშაობა და რაც ალბათ, უფრო რთულად მიმაჩნია, ვიდრე ჩემი საქმე, რომელიც,  რა თქმა უნდა, არ მთავრდება სამსახურში, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულ შემთხვევასთან მაქვს საქმე. ჩემს გონებაში მუდმივად ხდება ამა თუ იმ კონკრეტული მოცემულობის ანალიზი. რაღაც პერიოდი, შესაძლოა, სხვა რამეზე ვიყო გადართული, მაგრამ უცებ რაღაც აინთება, გადაატრიალებ ფირს და რაღაცას დაინახავ, უფრო სწორად, იმას რისი გააზრებაც იქ, სამსახურში  ვერ მოასწარი. 

– ოჯახში პროფესიულად მძიმე თემები გაქვთ: ჯარი და ფსიქიატრია. მეუღლე  როგორ ეკიდება თქვენს ასეთ აქტიურ ჩართვას პროფესიულად  მძიმე თემებში?  

– ძალიან ბუნებრივად, ისევე, როგორც მე ვხვდები მის მუდმივ ჩართულობას თავის საქმეში. ჩვენ ორივეს გვესმის, რომ მნიშვნელოვანია აკეთო შენი საქმე. ირაკლის ძალიან იშვიათად, შეიძლება  გაკვრით ვუთხრა რამე.  ჩვენი საქმეები საიდუმლოებებთან  არის დაკავშირებული. მისი სახელმწიფო საიდუმლოებებთან,  ჩემი – პირადულთან. შესაბამისად, ჩვენ არასდროს გვაქვს უფლება ბევრი რამ ვუთხრათ ერთმანეთს. ამასთან ერთად, ჩვენი რეჟიმის გამო, ერთმანეთთან ყოფნა ლამის ფუფუნებად გვექცა. ამიტომ, უფრო ერთმანეთზე ვსაუბრობთ, ვიდრე – საქმეზე.  

– ასე ლიმიტირებული გაქვთ დრო მეუღლესთან?

– ასე ვერ ვიტყოდი, ალბათ, საკმარისი. მთავარია, ღამე ხომ ერთად ვართ. რჩება დრო იმისთვის, რომ ერთმანეთი კიდეც გვენატრებოდეს და კიდეც ერთად ვიყოთ. 

–  ოჯახის ერთი წევრი, თქვენი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს. იოლად შეელიეთ მას ასე შორს?

– ნიკო უკვე 21 წლისაა, დიდი ბიჭია. იმის გამო, რომ შვილი ასე შორსაა, პასიური შფოთვა მუდმივად მაქვს, როგორც  დედას.  ფიქრი იმაზე, ნეტავ როგორაა, როგორ ართმევს თავს ცხოვრებას, არასდროს მტოვებს. მაგრამ, ძალიან კარგად მესმის, რომ თუ გინდა, შენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის მზად იყოს, მშობლებისგან დისტანცირება გარკვეულ ასაკში, სასარგებლო უფროა, ვიდრე – ცუდი. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, სრულწლოვანების ასაკამდე ბავშვი მშობლებისგან დისტანცირებული იყოს, მაგრამ, ვისურვებდი, რომ ყველა ქართველ მშობელს ჰქონდეს იმის საშუალება, შვილის  სრულწლოვანების დადგომიდან, ის ოდნავ გვერდით გაწიოს.  ჩემი შვილი ნამეტანი შორს, ოკეანის გაღმაა, მაგრამ ის თავად უძღვება საკუთარ თავს. სწავლობს დამოუკიდებლობას,  რაც უპირველესად, მისთვის არის მნიშვნელოვანი. ნიკო ნიუ-იორკში ცხოვრობს, ერთ პაწაწკუნტელა ოთახში. შესაბამისად, კანალიზაციის გახეთქილი მილის შეკეთებაც უწევს ხოლმე და თავისი ტანსაცმლის მოწესრიგებაც. ჩვენ ვერ ვახერხებთ ხშირად მასთან ჩასვლას, მაგრამ მე ახლახანს ვიყავი  და მივხვდი, რომ შეთვისებული აქვს მარტოხელა კაცის უხასიათობები (იცინის). მაგალითად, როცა მაგიდის გადაწმენდა შევთავაზე, მიპასუხა, რომ ეს მისი მაგიდაა და მას ასე მოსწონს. ძალიან მკაცრად დაიცვა თავისი სივრცე.

– თავდაცვის მინისტრი აქტიურადაა  ჩართული შვილების ცხოვრებაში?

– ვერ ვიტყოდი, რომ მე და ირაკლი, ისე ვართ ჩართული შვილების ცხოვრებაში, რომ  მათ ყოველ ფეხის ნაბიჯს ვუკონტროლებთ-მეთქი.  ჩვენ საკმარისად აქტიურად ვმონაწილეობთ შვილების ცხოვრებაში, რამდენადაც ეს საჭიროა. ზოგჯერ კი პასიურად, რადგან ეს მათი პიროვნული განვითარებისთვისაა საჭირო. ჩვენ ვზრუნავთ მათი აბსტრაქტული აზროვნების, ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც ბავშვი ისედაც ითვისებს ოჯახიდან, მშობლის პირადი მაგალითიდან. თუ ნაძირალა ხარ, არ უნდა გქონდეს იმედი, რომ შენი შვილი ანგელოზი გაიზრდება. მგონია, რომ ჩემი შვილები არიან კეთილები, ადამიანების მოყვარულები, აქვთ სწორი აზროვნება, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია.     

– გასულ წელს რამდენჯერმე მოექეცით საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პრეზიდენტის ინაუგურაციიის შემდეგ  თქვენზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ ვიდრე გიორგი მარგველაშვილზე.

–  ამოდენა მნიშვნელობის მოვლენა ხდებოდა და ძალიან მრცხვენია, რომ, როგორც აღმოჩნდა, მე ფეხსაცმელზე ვიყავი კონცენტრირებული.  ყველაზე უხერხული მომენტი ის იყო,  ჩემი ფეხსაცმლის ამბავი ისე აქტიურად რომ გაშუქდა, ლამის ინაუგურაციის მნიშვნელობა გადაფარა. ის, თუ როგორ გავაწკრიალე ის ადგილი, სადაც მტვერი დავინახე, რა თქმა უნდა, იყო  ძალიან კომიკური და ასეთ კადრს ყველა ქვეყნის ტელევიზია ინატრებდა. მე მაქვს ნანახი სურათი, სადაც ელიზაბეთ მეორეს ცხვირში თითი ბოლომდე აქვს შეყოფილი. ასევე, ნანახი მაქვს, როგორ ძვრება ფეხსაცმელი ჰილარი კლინტონს.  დევს ეს კადრები „იუთუბიზე.” ასეთ კადრებს ინატრებს ნებისმიერი ტელევიზია.  მერე  ბევრს ვიცინოდი, რომ მცოდნოდა, ასეთ კადრს ასე ოსტატურად დაიჭერდა კამერა, უფრო სასაცილო იქნებოდა ორი ირაკლის შუაში მჯდომი მათ ფეხსაცმელებზე გადავსულიყავი-მეთქი (იცინის).     

– ამის გამო მეუღლის საყვედური ხომ არ დაგიმსახურებიათ?

– არა, მე მგონი, ეს არ იყო  დიდი დანაშაული და ადამიანურ ფორმატში იჯდა. მე შეიძლება, აღმოვჩნდი ნაკლებად თავშეკავებული ადამიანი, მაგრამ, საერთოდ არ მჯერა იდეალური სამყაროსი და ყველაფერს ჯანსაღად ვუყურებ. როგორც სხვებს ვაპატიებ წვრილმანებს, ასევე ვაპატიებ საკუთარ თავსაც, დიდად ტრაგიკული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.  

–  მაღალჩინოსანთა მეორე ნახევრებისგან განსხვავებით, თავისუფალი ადამიანი ხართ. არ ზღუდავთ თავს სოციალურ ქსელში და ძალიან გახსნილი ურთიერთობა გაქვთ საზოგადოებასთან. მეუღლის რეგალია რაღაც კლიშეებს არ გიწესებთ?

 –  თქვენ მიერ ნახსენები „რაღაც კლიშე” ისეთი ირაციონალურია, სინამდვილეში რა არის არავინ იცის. მე არ მიმაჩნია, რომ რამე ნეგატიურს ვაკეთებ, ან კანონსაწინააღმდეგოს. ის, რომ ადამიანი ვარ, მაქვს გრძნობები, მეცინება ან მეტირება, ეს ძალიან ჩვეულებრივია.  ყველა ადამიანს თვითგამოხატვის რაღაც ფორმა გვაქვს. ზოგს ჰგონია, რომ სერიოზულობა სერიოზული სახის მიღებაა და იუმორი არასერიოზული შტრიხია. ეს ასე არაა. სინამდვილეში, მე ვარ  ძალიან სერიოზული დედა, ძალიან სერიოზული პროფესიონალი, ძალიან სერიოზული მეგობარი და ვერავინ იტყვის ფაქტს, როცა ზერელე ვიყავი საქმეში ან  ცხოვრებისეულ ღირებულებებში, ან მათთან დამოკიდებულებაში. ეს არ ყოფილა არასდროს. რაც შეეხება იმას, რომ  შესაძლოა, სხვა ადამიანებზე მეტს ვიღიმები,  ვისაც ეს ღიმილი აკრთობს, მისთვის ვიტყვი, ასეთია ჩემი გარეგნული სახე. მიხარია ბევრი რამ და ვერც მეუღლის სტატუსი შემიცვლის ამას და ვერც ვერაფერი. მე არ მიმაჩნია, რომ ბევრი რამ მქონდა ჩარჩოებში მოსაქცევი ირაკლის სტატუსის გამო.  ჩემი ცხოვრების სტილი რეალურად აუტისტურია. პრაქტიკულად, ჩემი ყოველდღიური მარშრუტი არის სახლი – სამსახური.  ვიძინებ ადრე, როგორც ამის საშუალებას ჩემი თინეიჯერი შვილი მაძლევს. ვუვლი  ჩემს ულამაზეს ყვავილებს. მომაქვს ყვავილი, ვზრდი ჭიქაში,  გადამაქვს ქოთნებში. ისინი იზიარებენ ჩემს განცდებს. მე ძალიან მიყვარს ფერები და ეს მაძლევს ყველა ფერს. მე არ მაქვს განსაკუთრებული აქტიური ცხოვრება. აღარც იმ ასაკში ვარ, დისკოთეკაზე რომ ეცეკვებათ და მოთოკვა სჭირდებათ. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, ჩარჩოდან ამომხტარი ვცხოვრობ-მეთქი. ჩემი თავისუფლება ვლინდება ბევრ ღიმილში, დადებით დამოკიდებულებაში ადამიანების მიმართ. რეალურად, სხვა არც არაფერია. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს ღიმილი  თავისუფალი წესის დეკლარაციად ეჩვენება.  

– ოჯახში ორი მინისტრი გყავთ, მათ არეალში ფსიქიატრი ხომ არ „იჩაგრებით“?

– იმის გამო, რომ  მეც არ ვარ მინისტრი? (იცინის). ის, რომ ოჯახის ორი წევრი – და და მეუღლე, მაღალ თანამდებობებზე მუშაობს,  გარკვეულწილად, წარმოშობს მძიმე განცდას, რადგან ორივეს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.  ჩემი თანაგრძნობა კი იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც ჩემმა ოჯახმა ბოლო ერთ წელიწადში აიღო.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც მათ ქმედებებთან არის დაკავშირებული ქვეყნის სასიკეთოდ. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა დამ მოაწერა ხელი პარაფირების ხელშეკრულებას იმის შემდეგ, რა მდგომარეობაშიც მას უწევდა მუშაობა. მას შვიდ ქვეყანაში არ ჰყავდა ელჩი, რადგან კოჰაბიტაცია ყველაზე  მძიმე  შედეგით ამ სამინისტროს შეეხო.  მე ვღელავ იმ პასუხისმგებლობის გამო, რაც აკისრია ირაკლის. მისი სამინისტრო ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი სამინისტროა, მისი მოვალეობები ძალიან ღრმაა, მნიშვნელოვანია იგივე მაპის ბედი. ამიტომაც, ირაკლის პასუხისმგებლობა  აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს. 

– რომელს უფრო მეტად  გულშემატკივრობთ?

– ეს იმას ჰგავს, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო (იცინის)? რომელიმეს რომ არ ვაწყენინო, გეტყვით, ორივეს ვგულშემატკივრობ ერთნაირად. დიპლომატის დას და დიპლომატის მეუღლეს ეგ როგორ შემეშლება? თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლის უფრო აღიქვამენ კონკურენტად პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ მასზე უფრო მეტი თავდასხმაა, ვიდრე ჩემს დაზე. მეც შემოვუძახებ ხოლმე ირაკლის: „მუმლი მუხასაო, ჩემო ირაკლი”! 

– ალბათ, ოჯახურ გარემოში მინისტრების პოლიტიკურ საუბრებს ხშირად ისმენთ.

– არა, ეს ნაკლებად ხდება.  ისინი მთავრობის სხდომაზე უფრო ხშირად  ნახულობენ ერთმანეთს, ვიდრე ოჯახურ გარემოცვაში.  მაია სამსახურის გარეთ ძალიან ქალურია თავისი ინტერესებით. ის  არაჩვეულებრივი კულინარია და თუ არ შეუქებ იმას, რაც მოამზადა, ძალიან გაანაწყენებ. ბოლო ერთი წელია, სახლში გერმანული ნაგაზი ჰყავთ, რომელიც მაიას ოჯახის მთავარი საზრუნავი გახდა. ასე რომ, ორი მინისტრის შეხვედრისას, ოჯახურ გარემოში იმდენი თემააა სასაუბრო – ძაღლი რიჩოთი დაწყებული სხვა საინტერესო თემით დამთავრებული, პოლიტიკამდე ვეღარ ჩავდივართ ხოლმე.  ბოლო დროს დას უფრო და უფრო იშვიათად ვნახულობ, რადგან მეტი მოგზაურობა უწევს. ხანდახან, რომ ვფიქრობ, რამდენი საათის გატარება უწევს ჰაერში, ეს რომ ვინმემ მომისაჯოს, არ ვიცი, რა დამემართებოდა.

 – ჰგავხართ დები ერთმანეთს?

–  ბევრი რამით კი, ბევრით – არა. მაია გერმანული დისციპლინირებული დამოკიდებულებით გამოირჩევა დროის მიმართ. ყოველი წუთი გათვლილი აქვს და სულ მიმტკიცებს, რომ როგორ შეიძლება, დაგვიანება წვეულებაზეც კი. მე დროის მიმართ უფრო  ფილოსოფიური დამოკიდებულება მაქვს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ვამბობ: დრო იმისთვისაა, რომ მასში ყველაფერი მოასწრო და არ აქვს მნიშვნელობა, თუ სადმე 10 წუთით დაგაგვიანდება.  ასეთ მიდგომას  დიპლომატი და და მეუღლე მაპატიებენ, რადგან მათ მკაცრად დალაგებულ რაციონალურ სამყაროში მე ირაციონალური და იუმორის ელემენტები შემაქვს. მათ მე ჩემი სიცოცხლისმოყვარული ხასიათით  ძალიან ვჭირდები (იცინის).  

–  ერთად დასვენებას და მოგზაურობას ახერხებთ?

– ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს. ყველგან ერთად რომ ვიაროთ, არ გამოგვივა. ერთადერთი ადგილი, სადაც ზაფხულობით  ყველა ერთად ვიკრიბებით, ჩვენი  სოფელია   ამბროლაურში.  ჩვენთან ერთად  ყოველთვის არის დედა.  ერთობლიობისა და პირველყოფილი თემური წყობილების ჯგროდ ყოფნის აურა,  ბევრი სტუმრითა და მხიარულებით, ძალიან დადებითი ემოციებით გვავსებს ყველას. ამ ზაფხულს  სამი დღით მაიაც შემოგვიერთდა. ირაკლი დღენახევარი  იყო ჩვენთან, მაგრამ ეს დათქმული ტრადიცია მაინც არ დავარღვიეთ.    

 

скачать dle 11.3