რაზეა მიბმული ეკა კვესიტაძე და რას ვერ შეელია ის წარსულიდან
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სატელევიზიო ტაიმაუტი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მისი ხმაურიანი გათავისუფლების შემდეგ ძველ და საყვარელ საქმეს, წერას დაუბრუნდა, რასაც წლები ვერ შეელია. ცხოვრების პასიურ რეჟიმში იმისთვისაც ბევრი დრო აქვს, რომ ბოლო პერიოდის საკუთარ სატელევიზიო იმიჯზე მეტი იფიქროს, ამბობს, საკუთარი თავი გვერდიდან „სხვანაირად” დაინახა, თუმცა არც ამ სკანდალურ იმიჯს ნანობს და არც იმას, 21 წლის ასაკში დამწყებმა ჟურნალისტმა ქვეყნის გავლენიან ლიტერატორთან ჭიდილში რომ მოიგო. როგორ გაჰყავს ეკა კვესიტაძეს ტაიმაუტი და რას უკავშირდება მისი მომავალი გეგმები ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
ეკა კვესიტაძე: მგონი, უკვე მეხუთე თვეა, რაც ჩემი სატელევიზიო ტაიმაუტი გრძელდება. ხანდახან ვხუმრობ კიდეც, რომ უმუშევრობა გამიტკბა. ცოტა უცნაური და გაორებული განცდა მაქვს. იყო პოლიტიკური ჟურნალისტი და მიგყავდეს პოლიტიკური თოქ-შოუ ძალიან აქტიურ პერიოდში, ეს საკმაოდ სტრესულია. ყველა გადაცემა დაკავშირებულია დიდ სტრესთან და რაღაც მომენტში, იმაზე ფიქრსაც კი იწყებ, რომ ეს სტრესი აღარაფრად აღარ გიღირს. ზოგჯერ სტრესი უფრო მეტია, ვიდრე – პროფესიული სიამოვნება. როცა, ამას ემატება ისიც, რომ ყველა გადაცემის შემდეგ იწყებ ფიქრს, შეიძლებოდა უკეთესად წაგეყვანა გადაცემა, უკეთესი შეკითხვები დაგესვა, ეს კიდევ უფრო სტრესულს ხდის სიტუაციას. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ძალიან დავიღალე, იმასაც ვფიქრობდი, რომ ტაიმაუტი ჩემთვის კარგი იქნებოდა. როცა ეს ტაიმაუტი ჩემგან დამოუკიდებლად დადგა, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, პოზიტიურადაც შემეხედა ამ მოცემულობისთვის. არის პერიოდი, როდესაც თვითონ ყველაზე მეტად გჭირდება, გვერდიდან შეხედო შენს თავს, მოვლენებს. მაგრამ, განსაკუთრებით მწავავე სიტუაციებში, როცა ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ვგრძნობ, რომ ხელები მეფხანება (იცინის). ჩემი სტატიები იბეჭდება „24 საათში”, დაინტერესებული მკითხველისთვის „ფეისბუქის” მეშვეობითაც „ვაშეარებ”. ეს, გარკვეულწილად, მივსებს იმას, რაც მაკლია. წერა ძალიან მიყვარს, მე ხომ თავიდან მწერალი ჟურნალისტი ვიყავი, მერე გადავედი სატელევიზიო ჟურნალისტიკაში. თუმცა, წერა დიდი ხნის განმავლობაში არ შემიწყვეტია. წერის პროცესში შენს შეხედულებებს, შენს ანალიზს უფრო მეტი გასაქანი აქვს. მაგრამ, წერა ვერ ცვლის იმას, რომ იჯდე პირდაპირ ეთერში და სვამდე შეკითხვებს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. არ მინდა, სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ მეჩვენება, რომ მწვავე შეკითხვებს ტელეეთერში აღარ სვამენ. თუმცა, ეს იმითაც შემიძლია ავხსნა, რომ მე მაინცდამაინც აღარ ვუყურებ ტელევიზორს. ესეც ჩემი დასვენების ერთგვარი ფორმაა. ინფორმაციის მიღების იმდენი საშუალება არსებობს, არ ვარ დამოკიდებული იმაზე, რომ მაინცდამაინც სამსაათიანი საინფორმაციო იწყება და უნდა ვუყურო.
– გვერდიდან საკუთარი თავის ყურების საშუალება მომეცაო, თქვით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის იმიჯი, რაც შეგექმნათ ტელესივრცეში ზედმეტად „ხმაურიანი” იყო?
– ერთადერთი, რასაც კრიტიკულად ვუყურებ, ჩემ მიერ გადაცემის წაყვანის მანერაა. შესაძლოა, ზედმეტად შემტევი და აგრესიული ვიყავი ჩემი ტონალობით, სახის გამომეტყველებით. მერე ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ ნაკლები ემოცია დამტყობოდა, უფრო მეტად გამეღიმა. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. მართალი გითხრათ, როცა ვბრაზდები, ასეთი ვარ ცხოვრებაშიც. თავისთვად, ასე ჩამოყალიბდა ჩემი სატელევიზიო იმიჯი. ჟურნალისტიკაში ვარ 1998 წლიდან. პოლიტიკა თავიდან სულ არ მაინტერესებდა, არც ვიყავი გარკვეული პოლიტიკაში. გერმანიიდან ჩამოსულმა დავიწყე მუშაობა, როგორც ლიტერატურის მიმომხილველმა. ლიტერატურა დღემდე ჩემი ყველაზე დიდი ვნებაა და ყველაზე დიდი სიყვარულით ლიტერატურაზე ვსაუბრობ. რატომღაც, ისე მოხდა, რომ ლიტერატურაზე წერიდან პოლიტიკაში ჩავერთე, იმიტომ რომ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა ხომ ყველაფერშია, მისგან თავისუფალი არც მაშინდელი ლიტერატურა იყო. ჩემი ხმაურიანი იმიჯის შექმნა ჩემი და თამაზ წივწივაძის დაპირისპირებას მოჰყვა. თუმცა, ამ ისტორიაში სასაცილო ის იყო, რომ წივწივაძე თვალით არ მენახა, ისევე როგორც მოხდა ახლა, თამაზ ტყემალაძე, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამომიშვა, მხოლოდ კორიდორში მყავდა თვალმოკრული (იცინის). ჩემზე საუბარი დაიწყო მაშინ, როცა 21 წლის გამოუცდელმა გოგომ დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. კარგად მახსოვს, როდესაც კობა ახალბედაშვილს, რომელიც „შვიდ დღეში” ჩემი რედაქტორი იყო და დიდ პატივს ვცემ დღემდე, ვუთხარი, რომ უნდა დამეწერა წერილი თამაზ წივწივაძეზე მან მიპასუხა: შენ პატარა ბავშვი ხარ, როგორ შეგიძლია წივწივაძეს შეერკინოო? მე დავწერე სტატია. კობა აღფრთოვანებული დარჩა ამ სტატიით და დაიბეჭდა, რასაც მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. იმ დროს თამაზ წივწივაძეს ამას ვერავინ გაუბედავდა. მისი იარაღი ოპონენტებთან იყო შანტაჟი. რაღაცას აუცილებლად გამოუჩხრეკდა ხოლმე იმას, ვინც მასზე სადმე რამეს წერდა. რა უნდა მოეჩხრიკა ჩემზე? 21 წლის გოგოს აბსოლუტურად სუფთა ფურცელი მქონდა ბიოგრაფიის სახით. წივწივაძე თავიდან საერთოდ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ვინ ვიყავი, რა მინდოდა (იცინის). მერე თქვეს: ეკა კვესიტაძე ნაირა გელაშვილის ფსევდონიმიაო. როცა აღმოაჩინეს, რომ ნამდვილად ვარსებობდი, ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი დაპირისპირება და მეც ბუნებრივია, ლიტერატურაზე კი აღარ ვწერდი, უკვე ვწერდი იმ პრობლემებზე, რაც მწერალთა კავშირს ჰქონდა.
– ამჯერად, წარსულისგან განსხვავებით, ძალიან ბევრჯერ „შეგახსენეს” შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მეუღლე, მეგობრები ყოფილი ხელისუფლებიდან.
– ითქვა მხოლოდ ის, რომ ჩემი მეუღლე შსს-ს მაღალჩინოსანი იყო. სხვა რამე გაგიგიათ? გაგიგიათ, რომ ჩემმა ქმარმა, რომელიც ცხრაწლიანი „რეჟიმის” პირობებში იყო მაღალჩინოსანი, რამე გააკეთა? გადაავლეთ თვალი ჩვენს ქონებრივ დეკლარაციებს, და მიხვდებით, რომ მის გამო მხოლოდ იმას თუ შემახსენებდნენ, მაღალჩინოსანი იყოო. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა არანაირად არ იყო დაკავშირებული ჩემი მეუღლის სტატუსთან. უფრო მეტსაც გეტყვით, სანამ შოთიკოს გავიცნობდი, იქამდეც ვიყავი ძალიან აქტიური და „ხმაურიანი”. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 2001 წელს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაზეთში. მერე ეროსი კიწმარიშვილმა ერთად გადაგვიყვანა „რუსთავი 2-ში”, სადაც შოთიკო ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი იყო და ეროსი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შოთიკომ პოლიტიკური წრეები ჩემგან გაიცნო. მას მე გავაცანი ზურა ადეიშვილი, რომელიც ორი თვის განმავლობაში არწმუნებდა შოთიკოს, რომ ხელისუფლებაში გადასულიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსად. იმ პერიოდში მე და შოთიკო უკვე ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ოფიციალური ცოლ-ქმრის სტატუსი არ გვქონდა. მაშინ მე „რუსთავი 2-ში” დავრჩი. როცა მეძახიან პროხელისუფლების ჟურნალისტს, მე იმ ხელისუფკლებასაც ვაკრიტიკებდი და 2004 წელს ისე გამომიშვეს „რუსთავი 2-დან” არაფერი მითხრეს. ბუღალტერ ნინელისგან გავიგე, რომ იქ აღარ ვმუშაობდი, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. მაშინ ყველაზე დიდი ტაიმაუტი მქონდა, ორი წელი დეპრესიაში ვიყავი. მაშინდელი ხელისუფლების პირობებში ჩემთვის ყველა ტელევიზიის კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
– ახლაც ასეა?
– ასე აღმოჩნდა. ან სად უნდა მეცადა? საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე, კარგად ჩანს, რა ხდება სატელევიზიო სივრცეში. ამას ემატება „მაესტროდან” პოლიტიკური თოქ-შოუების გაქრობა. თავის დროზე ასე თქვეს „რუსთავი 2-შიც,” ხალხს პოლიტიკა არ აინტერესებსო. თუმცა, სულ სხვა რამ იყო მაშინ რეალური მიზეზი. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მეცადა, იყო „რუსთავი 2,” მაგრამ იქიდან უარი მივიღე, რაზედაც პასუხიც ნინო შუბლაძეს აქვს.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ძველ მეგობრებთან ძველი სახელისუფლებო გუნდიდან?
– წლებია, არ მინახავს ზურა ადეიშვილი, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. აღარც სატელეფონო საუბრები გვაქვს და არც არაფერი. ბოლო წლებში მიშა სააკაშვილიც არ მელაპარაკებოდა, ჟურნალისტებთან მის არც ერთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ მიწვეული. ჩემს მეგობრებს ძალიან ეცინებოდათ ხოლმე, როცა ვამბობდი: ჩინოვნიკები არ მიყვარს-მეთქი და ჩინოვნიკი სახლში მეჯდა. ერთადერთი ჩინოვნიკი, ვინც მიყვარს, ჩემი ქმარია (იცინის).
– ორი უმუშევარი ერთ ჭერქვეშ ძნელი ასატანი იქნება. სადმე ხომ არ აპირებთ სამუშაოდ გადასვლას?
– სხვა ქვეყანაში? – არა, ამას ჯერ არც ერთი არ ვფიქრობთ. ახლა მე აღარ ვარ იმ ასაკში, სადმე დიდხანს ვიცხოვრო. როცა მიჩვეული ხარ აქტიურ სოციალურ როლს, რაც არ უნდა კომფორტულად იცხოვრო სხვაგან, გქონდეს დიდი შემოსავალი, მაინც ძნელია. ჩვენი სამომავლო გეგმები აქაურობასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, შოთიკოს უფრო უჭირს, ვიდრე მე, რადგან ის მუშაობის საოცარ რეჟიმს იყო მიჩვეული. მე მახსოვს, ერთხელ სპეციალურად ვთხოვე და ვნახეთ, რომ მის ტელეფონზე 300 ზარი იყო შემოსული. ჩვენ ერთად ხუთი დღე ძლივს ვახერხებდით სადმე გასვლას ქალაქიდან, ისიც მაშინ, როცა არაფერი ისეთი არ ხდებოდა. მე ახლა დღეებს ვატარებ კითხვაში, მუსიკის მოსმენასა და ფრანგულის სწავლაში. ფრანგული სხვა სამყაროს გიხსნის. ბევრ დროს ვუთმობ შვილებს, თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო, მათ ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი არც ჰქონიათ. რაც შვილები მყავს, მას მერე სულ ვცდილობდი, სახლში ვყოფილიუყავი. თორემ, სანამ ისინი გაჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში, სახლი სასტუმროსავით მქონდა. მერე სულ ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილებთან გატარებული დროის ფასად, არაფერი ღირდა. მე არ გამომდის ბავშვებთან თამაში, მაგრამ მათთან მუდმივ ურთიერთობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ახლა უკვე უმუშევრად ყოფნის გამო დეპრესიაც არ მაქვს, როგორც მაშინ მქონდა, როცა „რუსთავი 2-დან” წამოვედი. ახლა უკვე მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო გავიზარდე. არასდროს არ უნდა იყო მიბმული შენს პოზიციაზე. მიბმული უნდა იყო შენს სახელსა და გვარზე. არ უნდა დაგთრგუნოს არაფერმა, რადგან ყველაფერი დროებითია, როგორც წარმატრება, ასევე წარუმატებლობა. ამიტომაც ძალიან მსუბუქად ვუყურებ ამ ყველაფერს. ცხოვრებაში ყველაფერი დინამიკურია და იცვლება. მთავარია, შენს თავთან იყო კომფორტულად თუნდაც მარტოობის, წარუმატებლობის დროს. ნამდვილად არ ვკარგავ იმედს, რომ ეთერში დავბრუნდები. როდის? არ ვიცი. მაგრამ, ეს დროც მოვა.