რა აუკრძალა საკუთარ თავს მარიამ გიორგობიანმა და რაში ჩადო თავისი დიდი რესურსი და ენთუზიაზმი
დიდი ხანი არ არის, რაც მომხიბლავი, ჭკვიანი მარიამ გიორგობიანი „მაესტროს“ ეთერში გამოჩნდა და პირველი დღეებიდან მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა. მარიამის ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა.
მარიამ გიორგობიანი: ვსწავლობდი მეექვსე, გერმანულ, საავტორო სკოლაში. ნინო რამიშვილი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. დავამთავრე, ავიღე მაგისტრის დიპლომი. მეორე კურსზე ვსწავლობდი, მუშაობა რომ დავიწყე ადვოკატის თანაშემწედ სამოქალაქო დარგში. 18 წლის გავთხოვდი, გავაჩინე გოგონა, ელენე, რომელიც ახლა 9 წლისაა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე კავკასიის სამართლის სკოლაში, მიმართულება – საერთაშორისო საჯარო სამართლი. მივიღე მაგისტრის კვალიფიკაცია. ანუ, ბოლომდე გავყევი, ყველა ეტაპი გავიარე: ერთი ბაკალავრის და ორი მაგისტრის დიპლომი მაქვს. კერძო ადვოკატურა არასდროს მაინტერესებდა – მკაცრი პროფესიაა ქალისთვის. დიდი დრო და რესურსი მიაქვს. ვფიქრობ, ცხოვრება ბევრად ლამაზია, ბევრად საინტერესო რაღაცეებია გასაკეთებელი, ვიდრე მხოლოდ საქმე და კარიერაა. „კავკასიის უნივერსიტეტი“ წარმატებით დავამთავრე და დამტოვეს ლექტორად. 22 წლიდან ვკითხულობდი ლექციებს: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით. ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა ეს კურსი.
– საინტერესოა, როგორ შეგხვდნენ პირველ ლექციაზე თითქმის შენი ასაკის სტუდენტები.
– მახსოვს, ძალიან ვღელავდი. წინა დღეს მოვემზადე, პრეზენტაცია გავაკეთე, მასალები ამოვბეჭდე, მომზადებული მივედი. კავკასიის უნივერსიტეტში, განსხვავებით სახელმწიფო უნივერსიტეტისა, საკმაოდ ახალგაზრდა ლექტორები მასწავლიდნენ და ძალიან მეგობრული გარემო იყო. ჩემსა და ჩემს ლექტორებს შორის მცირე ასაკობრივი სხვობა იყო. ამიტომ, ეს გამოცდილება დამეხმარა. რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ჯგუფი დამხვდა. ისინიც მიჩვეულები იყვნენ ახალგაზრდა ლექტორებს. ჩემი სტუდენტების უმეტესობა ძალიან წარმატებული გახდა, ხშირად მწერენ: შენი დამსახურებაა, რომ ამას მივაღწიეთო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის ვცდილობ, მათ ხედვის ფართო სპექტრი ჩამოვუყალიბო, რომ არ იყვნენ კონვენციური იურისტები და უფრო ფართო ხედვა ჰქონდეთ. ჰქონდეთ კრიტიკული ანალიზის, ინტერპრეტაციის უნარი, მსჯელობა და ცოდნა ალტერნატიული საშუალებების შესახებ. ამიტომაც, მათთან ძალიან ბევრ რამეზე ვმსჯელობდი, პოლიტიკის გარდა. ამ თემაზე საუბარი საკუთარი თავისთვის აკრძალული მაქვს – სტუდენტებთან არ უნდა დააფიქსირო შენი აზრი, რადგან მათ მიბაძვის ელემენტი უჩნდებათ. იციკლებიან შენს აზრზე – ჰგონიათ, რომ ეს კარგია. შეიძლება, კარგიც არის, სწორიც, მაგრამ უმჯობესია, საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდეთ. კავკასიის სამართლის სკოლაში ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. ასევე, ერთ-ერთ კომპანიაში კომერციული დირექტორიც ვიყავი.
– ეს კიდევ სულ სხვა სფეროა.
– მიყვარს გაყიდვები, მოლაპარაკებები. ამიტომაც, საკმაო წარმატება მქონდა ამ მიმართულებით. კომპანია „სარაჯიშვილშიც“ ვმუშაობდი იურისტად – საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და ეს პერიოდი განსაკუთრებულად მიყვარს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მუშაობა დავიწყე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაშინ იქმნებოდა სამართლის ფაკულტეტი, სამართლის პროგრამა ყალიბდებოდა. მთელი ეს პერიოდი ვმუშაობ ამ მიმართულებით, ამიტომაც, შვილივით მიყვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, სამართლის პროგრამა. ჩემი დიდი რესურსი, ენთუზიაზმი წავიდა ამაში, ამიტომაც ჩემთვის ახლა ეს სამსახურია ძალიან ძვირფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე ვხელმძღვანელობ საბაკალავრო პროგრამაზე საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებას და ასევე, სამაგისტრო პროგრამას. გარდა ამისა, ვსწავლობ სადოქტორო პროგრამაზე – საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევებზე. სადღაც შუა პერიოდში, ასევე, ვსწავლობდი სტრასბურგშიც რობერტ შუმანის უნივერსიტეტში – ადამიანის უფლებათა სამართალზე... პრინციპში, ეს არის ჩემი ბიოგრაფია.
– როდის აპირებ სადოქტოროს დაცვას?
– არ ვჩქარობ. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ მაინცდამიანც დოქტორის ხარისხი მქონდეს. სტატუსი ადამიანის ცხოვრებაში განმსაზღვრელად არ მიმაჩნია. მთავარია, შენ მიიღო ის, რაც გჭირდება. გექნება თუ არა სტატუსი, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
– ოჯახს ხელი არ შეუშლია შენი კარიერისთვის?
– არა და საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ ცხოვრებაში მიზანი გაქვს, ხელს ვერაფერი შეგიშლის. რა თქმა უნდა, დაბრკოლებები აუცილებლად შეგხვდება, მაგრამ ადამიანის სიძლიერე და ცხოვრების აზრიც ისაა, რომ ეს ეტაპები გაიარო. ნებისმიერი პრობლემა, ნეგატივი ისე უნდა დაშალო, იქიდან პოზიტივი გამოიტანო და მერე ამ პოზიტივზე მოახდინო კონცენტრირება. ცუდიც მთავრდება, კარგიც – ცხოვრებაში ყველაფერი პროპორციული და მონაცვლეობითია. თუ ცხოვრებაში განსაცდელი არ გაქვს, მერე ეჩვევი კეთილდღეობას და მინიმალური პრობლემაც კი შენთვის დამანგრეველი ხდება. ოჯახის მხრიდან იყო ხელშეწყობა. ელემენტარულად, ვიღაცამ ხომ უნდა დაიტოვოს ბავშვი, როცა ლექციაზე მიდიხარ. ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება – აიყვან ძიძას და დაუტოვებ. თუმცა, პირველ შვილზე ძიძა არ მყოლია, ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ ბავშვის გაზრდაში. მეორე შვილი – ანასტასია, რვა წლის შემდეგ გავაჩინე. როგორი გაიზრდება შვილი, ეს შენზეა დამოკიდებული. ზოგადად, წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ბავშვი ვინმეს გააზრდევინო. თუმცა, მირჩევნია, ბავშვი ძიძამ გაზარდოს, ვიდრე ბებიამ. ბებია უფრო მეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და უფრო ათამამებს, გარდა ამისა, არიგებს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად. ამიტომაც, შეიძლება, შვილი სულ არ გგავდეს შენ და დაემსგავოსს ბებიას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, მაგრამ მე მირჩევნია, ინდივიდი იყოს. თან, ჩემი შეხედულებები უფრო თანამედროვეა, ვიდრე ბებიასი. ამიტომ მირჩევნია, ცხოვრებაში მთავარი მიმართულებები მე მივცე. ასე რომ, მათ აღზრდას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. უფროსი უკვე დიდი და ძალიან კარგი გოგოა, სწორ ადამიანად ჩამოყალიბდა. მინდა, იცოდეს მეგობრობის ფასი, გაუფრთხილდეს სიყვარულს, მეგობრებს და უნდა იყოს ერთგული, თავმდაბალი.
– რას საქმიანობს შენი მეუღლე?
– იურისტია, თუმცა, ჩემზე უფროსია და ერთმანეთს უნივერსიტეტში არ შევხვედრივართ. 15 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი, 18 წლის ვხდებოდი, რომ დავქორწინდით. დიდი ხანია, იურისტად არ მუშაობს, ბიზნესმენია.
– როგორ აღმოჩნდი ჟურნალისტიკაში?
– ზოგადად, მიყვარს ცხოვრებაში სიახლეები, გამოწვევები. თუ ცხოვრება იმის საშუალებას გაძლევს, რომ განვითარდე, ამაზე უარი არ უნდა თქვა. ვფიქრობ, გარკვეულ ასაკამდე გაქვს იმის უფლება, ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, ბევრი მიმართულებით მოსინჯო თავი. თუმცა, არარეალური სურვილები არ მახასიათებს. რა სურვილებიც მქონდა, ზოგადად, ავიხდინე. მიმაჩნია, რომ ადამიანს შეუძლია, ყველაფერს მიაღწიოს, თუ არ დანებდება და სწორად წაიყვანს ცხოვრებას. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, მეგობარმა დამირეკა და მითხრა, „მაესტროში“ ეძებენ დილის გადაცემის წამყვანსო და წავედი ქასთინგზე, გავიარე და ასე აღმოვჩნდი წამყვანად. ძალიან კარგი, მეგობრული გუნდია და ზოგადად, ამ კუთხით მიმართლებს. მომწონს მუშაობის პროცესი, ოღონდ, თავიდან ძალიან ვინერვიულე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მქონია პირდაპირი ეთერი, ინტერვიუ, ოღონდ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის რანგში. ალბათ, იმიტომ რომ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაყურებლისა და იმ ხალხის წინაშე, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობს. მე კი პასუხისმგებლობის გრძნობა ზეაღმატებულ ხარისხში მაქვს.
– ცხოვრების რეჟიმიც შეგეცვალა.
– კი და ვამბობ ხოლმე – დრომაც მოიმატა ჩემთვის. მაგრამ ძალიან დამღლელია, რადგან იქიდან მეორე სამსახურში მივდივარ, საიდანაც საკმაოდ გვიან ვბრუნდები სახლში. ცოტა ხანს ვეთამაშები ბავშვებს, ვაძინებ და შემდეგ მეგობრებს ვნახულობ.
– როდის ნახულობ მეუღლეს?
– გარკვეულ პერიოდს ბავშვებთან ერთად ვატარებთ, ან მეგობრების სანახავად დავდივართ ერთად. გარდა ამისა, შუადღეს მე და ჩემი მეუღლე გავდივართ ლანჩზე. არის იმის საშუალება, დილით ერთად დავლიოთ ყავა. რასაც „შენსას“ დაარქმევ, შენს ცხოვრებაში შემოუშვებ, იმას გაფრთხილება, ყურადღება სჭირდება, თორემ დაკარგავ.