როგორ მოიპოვა პოპულარობა ევროპაში უგო ბაგრატიონმა
1985 წლის 14 თებერვალს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონს შეეძინა მეოთხე შვილი, რომელსაც დაარქვეს ბაგრატიონების დიდი წინაპრის – გუარამ ერისმთავრის სახელი – გურამი, ხოლო მეორე სახელად მამამ შეურჩია თავისი პაპის, იტალიელი გრაფის სახელი – უგო.
ბაგრატიონების ქართლის (მუხრანული) შტოს მეთაური ოჯახი იძულებით ემიგრაციაშიც არ არღვევდა ტრადიციას და ბავშვებს ჩვილობის ასაკში ნათლავდა.
გვარამ (გუარამ) ერისმთავარი ისტორიული პიროვნებაა, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთას“ მიხედვით, იგი ბაგრატიონია:
„ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი...
...მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან“...
575 წელს ქართლის დიდებულები შეიკრიბნენ და გუარამ ბაგრატიონი აირჩიეს ერისმთავრად. ამ დროს მეფობა ქართლში გაუქმებული იყო სპარსელების მიერ (ზოგი ვარაუდით, ერთ ნაწილში არ იყო გაუქმებული).
ქართლის ერისმთავრებს თუმცა მეფე არ ეწოდებოდათ, მაგრამ, ისინი მეფეთა ტახტზე ისხდნენ. წყაროებშიც ხელმწიფეებად, ხანდახან მეფეებად მოიხსენებიან. 888 წელს ადარნასე მეორემ, სუმბატ დავითის ძის მიხედვით, გვარამის შთამომავალმა, თავი ქართველთა მეფედ გამოაცხადა. დღევანდელი ბაგრატიონები არიან ამ ადარნასე მეფის შთამომავლები.
ბაგრატიონებს ჰქონდათ ტრადიცია – შვილებს ძირითადად ქრისტიანულ, ქართულ, ტრადიციულ სახელებს არქმევდნენ და ეს ტრადიცია დღემდე შეინარჩუნეს. განსაკუთრებით პოპულარული იყო სახელები: გიორგი, ბაგრატი, დავითი... სახელი გურამიც (გუარამიც) გვხვდება წყაროებში. გიორგი ბაგრატიონმა თავის შვილებს სწორედ ტრადიციულად შეურჩია სახელები: უფროს შვილს დაარქვა მარიამ ანტუანეტა – თავისი დედის, იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკუინის პატივსაცემად, რომელიც მასზე მშობიარობას გადაჰყვა. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ასული მონათლულია როგორც მარიამი; უფროს ვაჟს სათაყვანებელი მამის სახელი – ირაკლი უწოდა (ირაკლი მათ შტოში და, საერთოდ, ბაგრატიონებში გავრცელებული სახელია); მეორე ვაჟს – დავითი, უდიდესი ქართველი მეფისა და ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის სახელი, რომლის შთამომავლებადაც მიიჩნევენ თავს ბაგრატიონები; ნაბოლარა შვილს კი, როგორც ვთქვით, გურამი დაარქვეს, მეორე სახელი კი მარია ანტუანეტას მამის, გრაფ უგო პასკუინის პატივსაცემად უწოდეს.
გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი შვილებს ქართული სულისკვეთებით ზრდიდა: აცმევდა ჩოხას, ასმენინებდა ქართულ სიმღერებს; სახლში, რა თქმა უნდა, ჰქონდათ სამფეროვანი დროშა საქართველოსი...
გიორგი ბაგრატიონს სამი შვილი პირველ მეუღლესთან, მარია დე ლას მერსედეს დე ზორნოზა ი პომსე დე ლეონთან შეეძინა. შემდეგ იქორწინა ნურია ლოპეს ი ოლიარტზე, რომელთანაც შეეძინა გურამი (უგო). ბაგრატიონთა ქართლის შტოს მეთაური თავის შვილებს ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა, როგორც შეეფერება ქართულ ტრადიციებს.
უფლისწული უგო სწავლობდა ევროპის ბიზნესუნვერსიტეტში, მადრიდსა და ლონდონში... სამი წელი მუშაობდა სახელმწიფო პიარ-მენეჯერის თანამდებობაზე (ეს სააგენტო ემსახურება დომენიკის რესპუბლიკის, ფილიპინების, მალაიზიის, კუვეიტის, საუდის არაბეთის სამეფოს, ნიგერიის, ჩილეს, ბრაზილიის, ინდონეზიის მთავრობებს); თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან: The Daily Telegraf (დიდი ბრიტანეთი), Usa Todey (აშშ), The Times of London (დიდი ბრიტანეთი), El Pais (ესპანეთი), Finansial Times (მთავარი რედაქციის ოფისი ლონდონში, გამოდის 24 ქვეყანაში).
მასაც, მამასა და ძმასავით, იტაცებს სპორტული რბოლა; მანაც, მამასა და ძმასავით მოტოციკლეტით დაიწყო...
ვინც იცნობს უგოს, დაგვეთანხმება, რომ ის თავმდაბალი, უბრალო და ხალასი ახალგაზრდაა; გამარჯობასა და მოკითხვას ვერ დაასწრებს კაცი; არის გალანტური და აქვს დახვეწილი მანერები; ძალიან უყვარს ბავშვები და მათთანაც ადვილად ახერხებს საერთო ენის გამონახვას.
ევროპაში და მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია – მისით არაერთი გამოცემა დაინტერესდა. მშვიდი, დინჯი, მეგობრული და გულგახსნილია, დასამალი არაფერი აქვს. „მე ვარ გადაშლილი წიგნი“, – უთხრა ერთ-ერთ ჟურნალისტს სანტა დომინგოში, როცა მისი სურათი ჟურნალის გარეკანზე უნდა გამოექვეყნებინათ.
საერთოდ, უფლისწულები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულები არიან, და, არა მარტო მოქმედი სამეფო ოჯახების პრინცები, არამედ, რესპუბლიკური წყობის ქვეყნების ყოფილი დინასტიების წევრებიც – მათ ყოველ ნაბიჯს აკვირდება ხალხი და მედია.
ქართულს კარგად რომ ისწავლის, უგო არც ქართულ მედიას დასწყვეტს გულს, მანამდე კი თავს იკავებს... ესპანეთში დაიბადა, გაიზარდა და, ამიტომ, იცის ესპანური, ფრანგული, ინგლისური.
ახლა ქართულს სწავლობს თბილისში, ქართული ენის ცენტრში.
უყვარს მუსიკა და ლიტერატურა.
უფროს ძმას, უფლისწულ დავითს, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა ქართლის შტოს მეთაურობა ჩაიბარა, უგო საქართველოში ჩამოჰყვა და აქ აპირებს ცხოვრებას. სამშობლოში მამასთან ერთადაც ხშირად ჩამოდიოდა. როგორც ყველა ქართველს, თავის მოვალეობად სამშობლოს სამსახური მიაჩნია.
იგი მხარში უდგას დავით მუხრანბატონს ოჯახისა თუ დინასტიის საქმეებში; განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავის ძმისწულთან – უფლისწულ გიორგისთან.
მისი იდეალია დავით აღმაშენებელი. თვითონ დავით აღმაშენებლის 28-ე შთამომავალია, თავისი დიდი სეხნია წინაპრის, გუარამ ერისმთავრის კი – 50-ე შთამომავალი.